არქეოლოგიური ძეგლები

კასპის აკლდამები

კასპის გორა

კასპის გორა – არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ქ. კასპის ცენტრში, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება მშრალი უსახელო ხევები, სამხრეთით დამრეცად ეშვება მტკვრისპირა ვაკისკენ. გორაზე ამჟამად დგას სკოლის შენობა. კასპის გორა მიეკუთვნება განმხოლოებულ გორათა კატეგორიას. მისი თხემი სწორი და ფართოდ გაშლილია (ფართ. 1 ჰა). თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინის და გვიანდელი ფეოდალური ხანით. კულტურული ფენების ერთი ნაწილი ჩამორეცხილი და განადგურებულია. კასპის გორაზე აღმოჩენილი რიყის ქვით და ფიქალის ლოდებით ნაგები კედელი (სისქე 0,55-0,85 მ) გორის ზღუდეს უნდა წარმოადგენდეს. მიკვლეულია ფიქალ-თიხის იატაკის ფრაგმენტი (4X4 მ). ზღუდესთან და იატაკზე აღმოჩნდა კერა და უხეში მარცვლოვანი თიხისაგან დამზადებული ჭურჭლის ნამტვრევები, რომელთა შორის აღსანიშნავია მოზრდილი ბრტყელბაკოიანი ქვევრის პირ-ყელი, ქოთნის, ქილისა და დერგის ნატეხები. აქვეა მოყავისფროდ გამომწვარი, ყელჩაღარული, პირგაშლილი, ბირთვისებურმუცლიანი და ბრტყელძირიანი კოჭობი. იატაკის ქვეშ, ფეოდალური ხანის კერამიკულ ნაწარმში აღმოჩნდა გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ჩარხზე დამზადებული წვრილმარცვლოვანი თიხის მურა-მონაცრისფრო ჭურჭლის ფრაგმენტები.

წყარო: „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა“. მე-5 ტომი. თბილისი. 131 გვ. 1990 წ. 

კასპის სამაროვანი

კასპის სამაროვანი – არქეოლოგიური ძეგლი. აღმოსავლეთით ესაზღვრება მდინარე ლეხურა, დასავლეთით – ქ. კასპის რკინიგზის სადგური, ჩრდილოეთით – კასპის რაიონული საბჭოს (დღევანდელი საკრებულოს) ეზო, სამხრეთით – რკინიგზის ხაზი. მიეკუთვნება გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელ რკინის ხანას, ძველი წელთაღრიცხვის XIV-XIII საუკუნეებს.

კასპის სამაროვანი 1962-1963 წლებში გათხარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის კასპის რაზმმა (ხელმძღვანელი ა. კალანდაძე, რაზმის უფროსი მ. ბარამიძე). ძეგლი ცუდად არის დაცული. გათხრილი ქვაყუთები ძირითადად ორი ტიპისაა: ქვაყრილიანი და მიწაყრილიანი; სწორკუთხა 1,5X1 მ) ან ოვალური ფორმის ორმოსამარხები უმეტესად გადახურულია ხის ძელებით და მიწით ან ქვით არის მოზვინული. დადასტურდა რომ, ორი ორმოსამარხი თიხაფიქალის ქვებით იყო გადახურული. სამარხები ძირითადად ინდივიდუალურია. გვხვდება წყვილადიც. ჩონჩხი ასვენია ხელფეხმოხრილი, მარჯვენა გვერდზე მამაკაცები, მარცხენა გვერდზე – ქალები. როგორც გამონაკლისი, გვხვდება ქალების მარჯვენა გვერდზე ან გაშოტილად დაკრძალვის შემთხვევაც. მიცვალებული უმეტესად დამხრობილია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. ზოგიერთ სამარხში ჩატანებულია წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ნაწილები. გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ადრინდელი ეტაპის (ძვ. წ. XIV-XIII საუკუნეების დასაწყისი) სამარხებში აღმოჩნდა უმთავრესად ჩარხზე დამზადებული კერამიკა (დერგები, ქოთნები, ქილები, ლანგრები, სასმისები და სხვა., აგრეთვე პირმოყრილი ჭურჭელი და წვრილი კონცენტრული ღარებით ძირშემკული ქოთნები), იარაღ-საჭურველი (ბრინჯაოს ფოთლისებური ყუნწიანი ან უყუნწო სატევრები, მასრაგახსნილი ჭედური ხელშუბისპირები), სამკაული (თავხვია, სადა ან გრეხილტანიანი მრგვალგანივკვეთიანი ოთხი კოპით შემკული მრგვალთავა საკინძები, სარდიონის ნაპობი მძივები და სხვა).

საკუთრივ გვიანდელი ბრინჯაოს ხანა (ძვ. წ. XIII-XII სს.) ხასიათდება კერამიკული ფორმების სიმრავლით და დახვეწილობით: იარაღიდან აღსანიშნავია „კახური“ სატევარი, რელიეფურსალტეებიანი შუბისპირი და სხვა. მომდევნო, ბრინჯაოდან რკინისაზე გარდამავალი ხანის (ძვ. წ. XI-X სს.) სამარხებში აღმოჩნდა: ბრინჯაოს მთლიანსხმული მახვილები, ორნამენტით შემკული, ყალიბში ჩამოსხმული შუბისპირები, მრგვალგანივკვეთიანი, მრგვალთავიანი საკინძები. გვხვდება რკინის პატარა ნივთებიც (დანისპირი, რგოლი, აბზინდა), ხოლო კერამიკული ნაწარმიდან – ლითონის ჭურჭლის მიბაძვით დამზადებული სასმისები და მილიანი მოზრდილი ბადიები. ადრინდელი რკინის ხანის (ძვ. წ. IX-VII სს.) სამარხებში აღმოჩნდა : რკინის მასრაგახსნილი შუბისპირები, ოვალური და გრძელი სწორკუთხაყუნწიანი სატევრები, მოხრილი დანები; ბრინჯაოს გრძელყუნწიანი ორფრთიანი ისრისპირები, ბოთლისებურთავიანი, წვერისაკენ სიმეტრიულად შევიწროებული და სხვაგვარი საკინძები. მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

წყარო: „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა“. მე-5 ტომი. თბილისი. 131 გვ. 1990 წ. 

კასპი - ნამოსახლარები და ნასოფლარები

ნაქალაქარი კასპი და სამაროვანი

აშურიანის ველი

აღაიანი - თხოთის მთის სამაროვანი

აღაიანი - ნამოსახლარები, სამაროვანი და ნაქალაქარი

აღაიანის მინდორი

ახალშენი (ქვემო ჭალის თემი) - ნასოფლარი

ახალციხის განძი

ახალციხე - ნასოფლარები ზედაჯვარი და ორბეთი

გამდლისწყარო - სამაროვანი

გარიყულა - სამაროვანი

გომისჯვარი - ნასოფლარი

გორაკა - ნამოსახლარი, სამაროვანი

გოსტიბე

კაბერი - ნასოფლარი და სამაროვანი

გრაკალი - ყორღანული ველი

გუდალეთი - ნასოფლარი ვარჯაანი

დოესი - ყორღანი

ერთაწმინდა - ნასოფლარი, ნამოსახლარი

ზემო რენე - ნამოსახლარი, ნასოფლარი, სამაროვანი

თეზი - ნამოსახლარი

თელათგორი - ნაქალაქარი, სამაროვანი, გორა

იგოეთი - ნაქალაქიანთ ხევი, სამაროვანი

იგოეთი - გრაკლიანი გორა

იდლეთი - სამაროვანი

კავთისხევი - აკლდამა, ნამოსახლარი, ნასახლარი, ნაციხარი, სამაროვნები

კავთისხევი - ნამოსახლარი ციხიაგორა

კოდისწყარო - ნამოსახლარი, სამაროვანი

ლავრისხევი - ნამოსახლარი

ლამისყანა - ნამოსახლარი, ნასოფლარი

მეტეხი - ნამოსახლარი, სამაროვანი, ყორღანები

ნიგოზა - ნამოსახლარი, ნასოფლარი, სამაროვანი

ნოსტე - ნასოფლარები, ნასახლარები

ოკამი - ნამოსახლარი

საკორინთლო - სამაროვანი

სასირეთი - ნამოსახლარი გორა

სასირეთის განძი

ქვემო რენე - ნამოსახლარი

ქვემო ჭალა- ნასოფლარი, სამაროვანი

ქვემო ხანდაკი - ნასოფლარი, ყორღანები

ჩაჩუბეთი - ნასოფლარი

ჩობალაური - ნამოსახლარი ნადარბაზევი

ცხავერი - ნასოფლარი, სამაროვანი

ცხირეთი - ნამოსახლარი, ნასოფლარი

წინარეხი - ნასოფლარი

ჩაჩუბეთი - ნასოფლარი

ხოვლე - ნამოსახლარი, საკულტო ნაგებობა

ხოვლეგორა

ხოვლეგორა – არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ ხოვლის ჩრდილო-დასავლეთით, 2,5 კმ-ზე, სანიორე ქედის ბოლოში, ხეხმელას მარცხენა ნაპირზე.
ხოვლეგორა 1954-1961 წლებში გათხარა ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ნ. ბერძენიშვილი). გაითხარა ნამოსახლარი, კერამიკოსთა სახელოსნო უბანი და სამაროვანი.
(ა) ნამოსახლარზე გაითხარა რვა სტრატიგრაფიული ჰორიზონტი (I-VIII ზემოდან ქვემოთ.  VIII-VII ჰორიზონტები თარიღდება ძვ. წ.  XV-XIV სს; VI – დაახლ. ძვ. წ.    XIII ს;  V – ძვ. წ.   XII-X სს;   IV – ძვ. წ. IX-VII სს;  III – ძვ. წ. VI ს;   II – ძვ. წ. V ს;  I  – ძვ. წ.  IV საუკუნით. გორაზე უწყვეტი ცხოვრება ყოფილა და ნამოსახლარი ფენები ერთმანეთის გაგრძელებასა და განვითარებას წარმოადგენს. თავდაპირველად მოსახლეობა სანიორე ქედის ბოლოში, განმხოლოებულ გორის თხემზე დასახლებულა და სამოსახლოსათვის ირგვლივ თხრილი და კედელი შემოუვლია. ძვ. წ.  XV- VII საუკუნეების (VIII-IV ჰორიზონტი) საცხოვრებელი სახლები ძირითადად სწორკუთხაა, ერთოთახიანი, აქვს ქვითა და ტალახით ნაგები საფუძველი, იატაკი თიხატკეპნილია, კედლები – ძელური, ორივე მხარეს შელესილია თიხით. უკანა კედლის მარცხენა კუთხეში ღუმელია, მარჯვენაში – თიხის ნაძერწი ვერძის თავებით შემკული საკურთხეველი. ტიხრები წნულისაა, ორივე მხარეს თიხით შელესილი. სახურავი, სავარაუდოა, ბანური იყო, გადახურვა კედლის ხის სვეტებს (შემორჩენილია ნაშთები) ეყრდნობოდა, შუაზე გადებული იყო თავხე. საცხოვრებელ სახლებში აღმოჩნდა ნამგლის კაჟის ჩასართები, საწყაო „კოდები“ (მარცვლეულის შესანახი ორმოები), მარცვლეული, მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველთა ძვლები, რაც იმას მოწმობს, რომ იმდროინდელი ხოვლეგორელები მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობას მისდევდნენ. აღმოჩნდა აგრეთვე სამეთუნეო ჩარხზე დამზადებული შავად და ლეგად, ზოგჯერ წაბლისფრად გამომწვარი სხვადასხვა გეომეტრიული სახეებით შემკული ჭურჭელი: ქილები, დერგები, დოქები, ქოთნები, ქვაბქოთნები, ტოლჩები, ჯამლანგრები და ქვევრის ნატეხებიც. ძვ. წ. XII-X საუკუნეების ხოვლეგორას ჩრდილოეთით სოფელი გაჩნდა. ამ დროის საცხოვრებელ სახლებში ერთი ნახევარი ბოსლადაა გამოყენებული, სადაც მოწყობილია ზღვე თავისი სანერწყულით. ძვ. წ. IX-VII სს.  (IV ჰორიზონტი) ხოვლეგორელებს ერთი საერთო ბოსელი ჰქონიათ, რომელიც მიშენებულია გორის გამომყოფ კედელზე. ბოსლის იატაკი მოფილაქნებულია და ზღვეს (სიგ. 2 მ.) წუნწუხის სადინარი გასდევს. ბაგა ხის ძელებითაა მოწყობილი. ამავე პერიოდში ნამოსახლარზე ერთი საერთო სალოცავიც შეუქმნიათ – ქვით ნაგები მასიური სვეტი (სიმ. 2 მ). ამ ჰორიზონტში აღმოჩნდა ოთხი ორფიცრიანი კევრი. IV ჰორიზონტში, როგორც გორაზე, ისე სოფელში, რომელიც ახლა უკვე სამხრეთიდან ეკვრის გორას, ჩნდება წითლად გამომწვარი კერამიკა. ძვ. წ. VI საუკუნის (III ჰორიზონტი) გორა საკმაოდ გასცდენია ბუნებრივ ფარგლებს. მისთვის ღრმა თხრილთან ერთად ქვის დიდი გალავანი შემოუვლიათ. გაზრდილა სოფლის საზღვრებიც და მოსახლეობის რაოდენობა. ახლა გორაზე და სოფელშიც სახლები შენდება ნატეხი ქვითა და ტალახით ნაგებ საფუძველზე ტკეპნილი თიხით ან ალიზით. გორაზე სახლები რამდენიმე ოთახისაგან შედგება. დარჩა ძველებური ღუმელი ოთახის კუთხეში, ღუმელთან ახლოს ქვის მაგიდაა, კედლის გასწვრივ სკამი, ერთ-ერთ ოთახში კედლებზე და იატაკზე აღმოჩნდა ჭილოფი. გაჩნდა ახალი ტიპის საკურთხეველი – შუა ოთახში თიხის ან ქვის ოთხკუთხა ან მრგვალი ბაქნები (სიმ. 0,2 მ), რაზედაც ცეცხლის კვალი ჩანს. საქონელი ისევ საცხოვრებელში ჰყავთ. გორაზე საქონლის სადგომი არ შეიმჩნევა. გორაზეც და სოფელშიც შავლეგად გამომწვარი ჭურჭელი ინარჩუნებს ძველ ფორმებს და ორნამენტაციას. ჩნდება წითლად გამომწვარი ჭურჭლის ახალი ფორმები (ქვევრები, დერგები, გრძელტანიანი ქილები, მილიანი და სამტუჩა დოქები და სხვა.). ჭურჭელი შეღებილია წითელი საღებავით (წერნაქით). ნამოსახლარზე აღმოჩნდა აგრეთვე ქვის სამეურნეო იარაღი (ხელსაფქვავები, სანაყები, საბეგვლები, ნამგლის კაჟის ჩასართები, სადგისები, ქალის პატარა ქანდაკება). რკინისა (დანისპირის ფრაგმენტები, „ასტამი“) და ძვლის (ყუნწიანი ისრისპირები, სადგისები) ნივთებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია გამომწვარი თიხის სამეთუნეო მორგვი (III ჰორიზონტი).
ხოვლეგორის ნამოსახლარი შედის აღმოსავლეთ ამიერკავკასიის კულტურის წრეში. იგი მთელი რიგი ნიშნებით ენათესავება მომიჯნავე მხარეების ლოკალურ კულტურულ წრეებს (ქვემო ქართლი, თრიალეთი, შიდა ქართლი, სამთავრო) მაგრამ მნიშვნელოვნადაც განსხვავდება მათგან, რაც მიუთითებს აქ არქეოლოგიური მიკრორაიონის არსებობაზე.
(ბ) სახელოსნო უბანი მდებარეობს ნამოსახლარის სამხრეთით 0,5 კმ-ზე. შესწავლილია სამი პერიოდის (ძვ. წ. IX-VIII,  სს;  VII-VI დაV-IV საუკუნეები) სახელოსნოები. ყოველ სახელოსნო უბანზე აღმოჩნდა ქურა, ხელოსნის სამუშაო ქვის მაგიდა, თიხის შესანახი (გასაფუებელი) ორმოები, წყლის შესანახი დერგები და ხელოსნის საცხოვრებელი სახლი. აქ გამოვლენილი ქურები ერთმანეთთან გენეტიკურად არიან დაკავშირებული, მაგრამ განსხვავდებიან კონსტრუქციულად.
(გ) სამაროვანი მდებარეობს ნამოსახლარის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 0,5 კილომეტრზე, ადგილ დუბეში. თარიღდება ძვ. წ. XIV-VI საუკუნეებით. სამარხებში მიცვალებულები ჯგუფ-ჯგუფად არიან დაკრძალული. ინვენტარი ერთფეროვანია. განსხვავებულია ძვ. წ. VII-VI საუკუნეების სამარხები, რომლებიც სოციალური დიფერენციაციის მაჩვენებელ მასალას შეიცავენ. მოპოვებული მასალის ნაწილი დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ძირითადი ნაწილი კი – კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფილიალში, ხოვლეს ივ. ჯავახიშვილის სახ. სახლ-მუზეუმში.

სტატია: გ. ცქიტიშვილი
ბიბლიოგრაფია: „ხოვლეს ნამოსახლარის არქეოლოგიური მასალა“. დ. მუსხელიშვილი. თბილისი. 1978 წ.
წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, . 5, გვ. 223-225, თბ., 1990 .