გამოჩენილი ადამიანები

აზმაიფარაშვილი ზურაბ ალექსის ძე

აზმაიფარაშვილი შალვა ილიას ძე

ამილახვარი გივი ანდუყაფარის ძე

ამილახვარი ივანე გივის ძე

ამილახვარი ნინო ქრისტეფორეს (ქაიხოსროს) ასული

ამილახვარი ნინო (ანა)

ანდრონიკაშვილი ოთარ კონსტანტინეს ძე

 ანდრონიკაშვილი ოთარ კონსტანტინეს ძე – დაიბადა 1914 წლის 18 აგვისტოს კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში. კინორეჟისორი, მხატვარი, სცენარისტი. ქართული მულტიპლიკაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი 1963 წლიდან. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (პროფესორ დ. კაკაბაძის კლასი, 1941 წ.), რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (1947 წ.). მუშაობდა რეჟისორად ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში 1946-1949 წწ. შემდეგ გორის გ. ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში. 1951 წლიდან კინოში მეორე რეჟისორად. 1959 წლიდან კი  სიცოცხლის ბოლომდე იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მულტგაერთიანების დამდგმელი რეჟისორი. გადაღებული აქვს ფილმები: „ვეფხვი და ვირი“ (1959), „ქოთნების დღეობა“ (1963), „სათაგური“ (1965), „ოქრო“ (1966), „სევდიანი რომანი“ (1967), „ასე იბადებიან ვარსკვლავები“ (1968), „სამაია“ (1971), „სტუმარი“ (1975), „არაჩვეულებრივი ნადირობა“ (1981), „მგელი და კრავი“ (1981 – სცენარის ავტორი). მონაწილეობს ფილმში „ქვიშანი დარჩებიან“ (1976).

1979 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.

გარდაიცვალა 1983 წლის 25 აპრილს.

წყარო: ჟურნალი „ახალი ფილმები“ – 1972 წლის N7. სტატიის N32. ავტორი გ. დოლიძე.

ასლამაზაშვილი სურენ არტემის ძე

ბარნაბიშვილი გურამ იოსების ძე

 ბარნაბიშვილი გურამ იოსების ძე – დაიბადა 1935 წლის 19 დეკემბერს ქ. თბილისში. მხატვარ-გრიმიორი. საქართველოს სსრ კულტურის დამსახურებული მუშაკი. 1957 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ გრიმიორად და მხატვარ-გრიმიორად შემდეგ ფილმებზე: „საბუდარელი ჭაბუკი“ (1957), „მამლუქი“ (1958), „ფატიმა“ (1958), „ყვავილი თოვლზე“ (1959), „ჩქარი მატარებელი“ (1960), „გლახის ნაამბობი“ (1961), „თეთრი ქარავანი“ (1963), „გენერალი და ზიზილები“ (1963), „ხევისბერი გოჩა“ (1964), „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი!“ (1965), „უყაიმო თამაში“ (1966), „ცისკრის ზარები“ (1967), „ჯვარცმული კუნძული“ (1968), „დიდოსტატის მარჯვენა“ (1969), „წუთისოფელი“ (1971), „ნერგები“ (1972), „ციმბირელი პაპა“ (1973), „პასტორალი“ (1975), „დათა თუთაშხია“ (1976), „სათადარიგო ბორბალი“ (1978), „გამოაღეთ ფანჯრები“ (1981), „იცოცხლე, გენაცვალე!“ (1981), „უძინართა მზე“ (1992).

წყარო: ჟურნალი „ახალი ფილმები“ – 1975 წლის N11. სტატიის N75-ა. ავტორი ა. გვენცაძე.

ბარნაბიშვილი იოსებ გიორგის ძე

 ბარნაბიშვილი იოსებ გიორგის ძე – დაიბადა 1912 წლის 2 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ბარნაბიანთკარში. თეატრისა და კინოს მხატვარ-გრიმიორი. საქართველოს სსრ კულტურის დამსახურებული მუშაკი. დაჯილდოებულია საპატიო სიგელით (1954). 1928-1935 წლებში გრიმიორად მუშაობდა რესპუბლიკის თეატრებში: თბილისის სახალხო სახლში (1928-1931), ქუთაისის სახელმწიფო თეატრში (1931-1932), ველისციხის სახალხო თეატრში (1932-1934) და თბილისის კულტურის სახლში (1934-1935). 1935 წლიდან მხატვარ-გრიმიორად მუშაობდა „სახკინმრეწვში“ შემდეგ ფილმებზე: „არსენა“ (1937), „ქალიშვილი გაღმიდან“ (1941), „ქაჯანა“ (1941), „დიდი გზა“ (1947), „ცისკარა“ (1955), „ჩვენი ეზო“ (1956), „საბუდარელი ჭაბუკი“ (1957), „მანანა“ (1958), „განაჩენი“ (1959), „კეთილი ადამიანები“ (1961), „თეთრი ქარავანი“ (1963), „ცისკრის ზარები“ (1967), „დიდი მწვანე ველი“ (1968), „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1969), „დიდოსტატის მარჯვენა“ (1969), „დიდი ხნის წინათ“ (კინონოველა „მეზობლები“ – 1971), „დათა თუთაშხია“ (1976) და სხვა.

წყარო: ჟურნალი „ახალი ფილმები“ – 1975 წლის N4. სტატიის N75-ა. ავტორი ა. გვენცაძე.

ბახტაძე გივი ილიას ძე

ბოჭორიძე ივანე

ბოჭორიძე ირაკლი ნუგზარის ძე

ბუკია თინა შალვას ასული

ბუკია თინა შალვას ასული – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი. ლაბორატორიული მედიცინის  ერთ-ერთი  წამყვანი სპეციალისტი და სულისჩამდგმელი საქართველოში.

   დაიბადა 1938 წლის 16 ოქტომბერს ქ. თბილისში. მისი ქალიშვილობის გვარი აზმაიფარაშვილია და ის გახლავთ ცნობილი დირიჟორის შალვა აზმაიფარაშვილის შვილი, რომლებიც წარმოშობით კასპის რაიონის სოფელ მეტეხიდან არიან.

   1956 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქ. თბილისის 58-ე საშუალო სკოლა. 1956-1962 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში სამკურნალო საქმის სპეციალობაზე.

შრომითი საქმიანობა:

1962 – 1979 წწ. – თბილისის აკად. კ.ერისთავის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტი.
1962 – 1972 წწ. – უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი,
1972 – 1979 წწ. – უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი.
1979 – 2006 წწ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია. კლინიკო-ლაბორატორიული დიაგნოსტიკის კათედრა.
1979 – 1986 წწ. – კათედრის დოცენტი,
1986 – 2006 წწ. – კათედრის გამგე.
2002 წლიდან – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დარგობრივი სალიცენზიო საგამოცდო კომისიის და სააპელაციო კომისიის თავმჯდომარე სპეციალობაში „ლაბორატორიული მედიცინა“.
2003 წლიდან – სარეზიდენტო პროგრამის „ლაბორატორიული მედიცინა“ პროგრამის დირექტორი.
2001 წ. – მიღებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „ლაბორატორიული საქმე“ № 009084, სერია ა 63.
2004 წლიდან – თსსუ აკად. ს. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ლაბორატორიული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
2006 წ. – არჩეულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ლაბორატორიული მედიცინის მიმართულების სრულ პროფესორად.
2006 წ. – დანიშნულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლაბორატორიული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელად.
2008 წ. – დანიშნულია შპს „ავერსის კლინიკის“ ლაბორატორიული სამსახურის კონსულტანტად.
2009 წ. – არჩეულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ლაბორატორიული მედიცინის მიმართულების სრულ პროფესორად (4 წლის ვადით).

2010 წლიდან – შპს ქართულ-ავსტრიული კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, რომელიც მისსავე სახელს ატარებს.

სამეცნიერო მოღვაწეობა:

1970 წ. – მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (სპეციალობა: ჰემატოლოგია და სისხლის გადასხმა 14.00.29). დისერტაციის თემა – „თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის სტრუქტურულ–ჰისტოქიმიური ცვლილებები ექსპერიმენტული ლეიკოზის დროს“.
2002 წ. – მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (სპეციალობა: ჰემატოლოგია და სისხლის გადასხმა 14.00.29). დისერტაციის თემა – „ჰემატოლოგიური მაჩვენებლები მამაკაცებში უროგენიტალურიქლამიდიოზის მიმდინარეობის პროგნოზირებაში“.
– მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 საკანდიდატო დისერტაცია.
– დასტამბული აქვს 86 სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 3 მეთოდური რეკომენდაცია.
– სამეცნიერო კონფერენციებზე მოხსენებულია შრომები: თბილისში (1971, 1972, 1974, 1975, 1981, 1982, 1991, 2001), იაპონიაში, კიოტოში (1972), კიევში (1973), უფაში (1973), ტაშკენტში (1976), ქუთაისში(1977), მოსკოვში (1978, 1990), ტალინში (1985), საფრანგეთში, კანში (2002), ფლორენციაში (2008).

საზოგადოებრივი საქმიანობა:

1998 წლიდან – არჩეულია „ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის“ თავმჯდომარედ.
1986-2005 წწ. – საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის დიდი საბჭოს (სამეცნიერო–პედაგოგიური) წევრი.
1993-1998 წწ. – საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პროფკომიტეტის თავმჯდომარე.
1998-1999 წწ. – ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო აკადემიის თერაპიული ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე.
2000-2003 წწ. – დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის საფაკულტეტშორისო საბჭოს წევრი.
2004-2005 წწ. – საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის საფაკულტეტო საბჭოს წევრი.
2004-2005 წწ. – საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის მედიკო–ბიოლოგიური ფაკულტეტის ექსპერტთა სამეცნიერო საბჭოს წევრი.
2001–2005 წწ. – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლაბორატორიული დარგის მართვის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
2004 წლიდან – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ლაბორატორიულ მედიცინაში.
2006-2007 წწ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლო-ბითი საბჭოს წევრი.
2007 წლიდან – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.

   არის საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის თავმჯდომარე.

გაბაშვილი ეკატერინე რევაზის ასული

გაბაშვილი რევაზ ალექსანდრეს ძე

რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი – პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

   დაიბადა 1882 წლის 6 ნოემბერს ქ. თბილისში. ის ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ეკატერინე გაბაშვილის უფროსი შვილი იყო. 1902 წელს მან დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია. შემდეგი სამი წელი ბელგიაში, ლიეჟის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდა. 1905 წელს სწავლა მიატოვა, სამშობლოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში. იყო სოციალ-ფედერალისტი. მონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციაში, საქართველოს განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ამავე წლებში თანამშრომლობდა ქართველ სოციალისტ-ფედერალისტებთან. 1906 წელს წავიდა ემიგრაციაში.

   რ. გაბაშვილი დაქორწინებული იყო მარიამ ცისკარიშვილზე, რომელთან ერთადაც პეტერბურგში მიემგზავრება საცხოვრებლად. 1907 წელს მან სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე (ქიმიის განყოფილება). ბელგიაში სწავლის პერიოდი ჩაუთვალეს და მეორე კურსზე დასვეს, მეუღლე კი საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ცოლ-ქმარი გულმოდგინედ სწავლობდა, შვილიც შეეძინათ და რომ არა შემთხვევითობა, რევაზ გაბაშვილი ალბათ პოლიტიკას აღარ დაუბრუნდებოდა.

   1910 წელს პეტერბურგში ლევ ტოლსტოის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სტუდენტთა გამოსვლები დაიწყო. უნივერსიტეტში თავის საქმეზე მისული რევაზ გაბაშვილი პოლიციის ალყაში მოჰყვა. მის ახსნა-განმარტებებს ყური არავინ ათხოვა, დააპატიმრეს, სამი თვით ციხეში ჩასვეს და უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალეს.

   1911 წელს საქართველოში დაბრუნდა. დაიწყო აქტიური საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეობა. საფუძველი ჩაუყარა კოოპერაციულ მოძრაობას. შეიძინა და ქართველ გლეხებს უსასყიდლოდ გადასცა 52 ათასი დესეტინა მიწა.

   1912 წელს გაბაშვილმა სხვებთან ერთად დააარსა და ხელმძღვანელობდა ყოველკვირეულ ჟურნალ „კლდე“-ს. 1915 წელს ჟურნალის დახურვის შემდეგ, თანამშრომლობდა გაზეთ „საქართველოში“.

   1914–1918 წლებში, I მსოფლიო ომის დროს გამოდიოდა გორის მაზრაში ტირიფონის ველზე სამხედრო პოლიგონის მოწყობის წინააღმდეგ.

   1917 წლის 19-23 ნოემბერს მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში, სადაც არჩეულ იქნა ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს საბჭომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ამავე დღეს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი, რ. გაბაშვილი გახდა პარლამენტის წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ქვოტით.

   1921 წელს ემიგრაციაში წავიდა, მეუღლე და სამი შვილი (ციალა, ალექსანდრე, გურამი) კი სამშობლოში დატოვა. ოთხ წელიწადს სტამბოლში ცხოვრობდა და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა. იცოდა ათამდე ენა – თურქული, სპარსული, ფრანგული, ინგლისური, ესპანური… სტამბოლიდან საფრანგეთში ჩავიდა და პარიზში დასახლდა. პოლიტიკური შრომების გარდა, ისტორია-არქეოლოგიასა და ეთნოგრაფიაში მუშაობდა. ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ საქმიანობას.

   1950-1960 წლებში რევაზ გაბაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა მიუნხენში, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამომავალ ჟურნალებში: „Кавказ“, „Объединенный Кавказ“, „Свободный Кавказ“, ასევე ამერიკელ ქართველთა გაზეთში – „ქართული აზრი“. 1967 წელს პარიზში ფრანგულად გამოსცა „L’apport de la race caucasienne dans la civilisation mondiale“ („კავკასიური რასის წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში“). თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. ამავე დროს მუშაობდა ლიტერატურათმცოდნეობაში.

   1959 წელს მიუნხენში გამოქვეყნდა მისი გახმაურებული მემუარები – „რაც მახსოვს“. წიგნმა ქართული ემიგრანტული, განსაკუთრებით კი სოციალ-დემოკრატიული წრეების აღშფოთება გამოიწვია.

   რევაზ გაბაშვილი 1969 წლის 14 მარტს, პარიზში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია ბანიოს სასაფლაოზე, ემიგრაციაში ცხოვრების თანამგზავრისა და მეუღლის ელისაბედ (ლიზა) ყიფიანის (1892-1963) გვერდით.

წყაროები:

დაბრუნება : მრავალტომეული / გურამ შარაძის საერთო რედ.. – თბ. : მეცნიერება, 1991. მე-3 ტომში, გვ. 24-248 მოცემულია რევაზ გაბაშვილის მოგონებები.

ვითა სიზმარი ღამისა : რევაზ გაბაშვილის ცხოვრების ქრონიკა / როსტომ ჩხეიძე; [რედ. რუსუდან ნიშნიანიძე]; ალექსანდრე ორბელიანის საზ-ბა. – თბ. : ჩვენი მწერლობა, 2013. – 536 გვ.

გეგეჭკორი გივი ნიკოლოზის ძე

გეჯაძე შალვა იოსების ძე

 გეჯაძე შალვა იოსების ძე – დაიბადა 1913 წლის 22 მარტს კასპის რაიონის სოფელ მეტეხში, მუშის ოჯახში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ცეკავშირის სამრეწველო-ეკონომიკურ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1932 წელს. 1936 წელს ჩაირიცხა თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს ამავე თეატრში მსახიობად. 1941 წლიდან იგი ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობია.

   შ. გეჯაძემ არაერთი პასუხსაგები როლი შეასრულა თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სპექტაკლებში „ურიელ აკოსტა“, „კოლმეურნის ქორწინება“, „მზის დაბნელება საქართველოში“ და სხვა. მის მიერ შექმნილი ყოველი მხატვრული სახე გამოირჩევა მაღალი კულტურითა და პროფესიონალიზმით. იგი ერთნაირი ოსტატობით ასრულებდა როგორც დიდ, ისე პატარა როლს და მაყურებელს ღრმად წარმოუდგენდა გმირის ფსიქოლოგიას, მის ხასიათს. ვისაც შ. გეჯაძე სცენაზე უნახავს, არ შეიძლება დაავიწყდეს მისი უბრალოება, სისადავე, მაღალი ოსტატობით განსახიერებული მხატვრული სახეები: შაჰ-აბასი ერისთავის „სამშობლოში“, ვურმი შილერის „ვერაგობა და სიყვარულში“, მეწისქვილე გ. შატბერაშვილის „რკინის პერანგში“, მეზღვაური მიტია გ. მდივანის „პარტიზანებში“, საქუა ცაგარელის კომედიაში „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, როსტომი მ. მრევლიშვილის „ბარათაშვილში“, მზაკვარი ომიდეი ჰიუგოს „ანჟელოში“, საიათნოვა ლ. გოთუას „მეფე ერეკლეში“, ბურდღუ კ. ბუაჩიძის „მკაცრ ქალიშვილებში“ და სხვა.
შ. გეჯაძემ წარმატებით ითამაშა კინოფილმებში „ფეოლა“, „უდიპლომო სასიძო“, „ღიმილის ბიჭები“ (1969 წ, რეჟ: რეზო ჩხეიძე, ბაბუა), „ჯარისკაცის მამა“, „პიერი მილიციის თანამშრომელი“ და სხვა. შ. გეჯაძეს 1961 წელს გადაუხადეს ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობის 25 წლისთავი. ნიჭიერ მსახიობს 1946 წელს მიენიჭა აჭარის ასსრ, ხოლო 1961 წელს საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის საპატიო წოდება. შ. გეჯაძე ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 1979 წლის ნოემბერში გარდაიცვალა.

იხილეთ ბმული „შალვა გეჯაძე“.

გოგიბედაშვილი ვახტანგ გრიგოლის ძე

გოგოლაძე თენგიზ გიორგის ძე

გოცირიძე ბესიკ ჯემალის ძე

გუნაშვილი ვახტანგ ბესარიონის ძე

დავითაშვილი კობა

 დავითაშვილი კობა – პოლიტიკური მოღვაწე. დაიბადა 1971 წლის 31 ივლისს ქ. თბილისში. 1988 წელს დაამთავრა 166-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, საიდანაც შემდეგ გადავიდა საერთაშორისო სამართლის და ურთიერთობის ფაკულტეტზე, რომელიც 1993 წელს წარჩინებით დაამთავრა; ამავდროულად დაამთავრა უნივერსიტეტის მეორადი ფაკულტეტიც, სპეციალობით „ბიზნესის ორგანიზაცია და მენეჯმენტი“.

   მისი შემდგომი შრომითი ბიოგრაფია ასე გამოიყურება:

07/1992-11/1992 წელს იყო საქართველოს ცსკ-ის იურიდიული განყოფილების იურისტი.

11/1992-07/1993 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის საკონსტიტუციო აქტების მომზადების სამსახურის სახელმწიფო მრჩეველი.

07/1993-10/1993- იბრძოდა აფხაზეთში, იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირველი საარტილერიო პოლკის მე-2 დივიზიონის მართვის ოცეულის მეთაური (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. სოფ. ახალი კინდღი).

10/1993-03/1994 წლებში იყო საქართველოს კონტროლის პალატის იურიდიული სამმართველოს იურისტი.

03/1994-01/1996 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი.

08/1995-11/1995 მუშაობდა საქართველოს ცსკ-ის იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილედ.

01/1996-03/1996 მუშაობდა პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის კანონპროექტთა სამართლებრივი ექსპერტიზისა და ვიზირების განყოფილების უფროსად.

03/1996-10/1996 მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აპარატის უფროსად.

10/1996-10/1997 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტ-კონსულტანტი.

03/1997-06/1999 წლებში მუშაობდა შპს „გარანტ-აუდიტის“ დირექტორად.

05/1998-11/1999 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი და თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის მუდმივი კომისიის თავმჯდომარე.

12/1999 – 12/2001 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი;

12/1999-03/2001 პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის პირველი მოადგილე

1999-2016 წლებში იყო საქართველოს V, VI, VII და VIII მოწვევის პარლამენტის წევრი.

20.11.1999-22.04.2004 წწ. – საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (პარტიული სიით);

22.04.2004-07.09.2006 წწ. – საარჩევნო ბლოკი: ბლოკი „სააკაშვილი – ნაციონალური მოძრაობა“ (გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი); საკუთარი განცხადების საფუძველზე ვადამდე შეუწყდა დეპუტატის უფლებამოსილება, ვინაიდან 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში აპირებდა მონაწილეობის მიღებას.

07.06.2008-20.06.2008 – საარჩევნო ბლოკი: „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“, პარტიული სიით. დეპუტატის მანდატზე თავის თანამოაზრეებთან ერთად უარი განაცხადა.

21.10.2012-18.11.2016 – საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ (პარტიული სიით).

პარლამენტში იყო შემდეგი კომიტეტების წევრი:

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – კომიტეტის წევრი (27-12-2013 – 18-11-2016)

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი – კომიტეტის წევრი (07-08-2013 – 31-10-2013)

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – კომიტეტის წევრი (07-08-2013 – 15-12-2013)

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (22-10-2012 – 26-08-2013)

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი – კომიტეტის წევრი (22-10-2012 – 26-08-2013)

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი – კომიტეტის წევრი (07-11-2005 – 07-09-2006)

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი – კომიტეტის წევრი (28-04-2004 – 24-09-2004)

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი – კომიტეტის წევრი (28-04-2004 – 31-10-2005)

იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტი – კომიტეტის წევრი (07-12-1999 – 20-03-2002)

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – კომიტეტის წევრი (07-12-1999 – 22-04-2004)

ასევე იყო შემდეგი კომისიების წევრი:

საქართველოს პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ – კომისიის წევრი (04-07-2002 – 22-04-2004)

ძველი თბილისის ისტორიულ უბნებში შენობა-ნაგებობების რესტავრაციისა და ახალი მშენებლობების კანონიერების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე – კომისიის წევრი (14-03-2001 – 22-04-2004)

საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებულ კრიტიკულ (მამხილებელ) მასალებზე რეაგირების დროებითი საპარლამენტო კომისია – კომისიის წევრი (10-11-2000 – 22-04-2004)

საფინანსო-საბიუჯეტო კრიზის მიზეზების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია – კომისიის წევრი (01-06-2000 – 22-04-2004)

ეროვნული თანხმობის დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე – კომისიის წევრი (30-05-2000 – 22-04-2004)

საპარლამენტო ჯგუფის წევრი:

ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი – მეგობრობის ჯგუფის წევრი (30-11-2014 – 18-11-2016)

ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფი – მეგობრობის ჯგუფის წევრი (30-11-2014 – 18-11-2016)

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი – მეგობრობის ჯგუფის წევრი (06-03-2013 – 18-11-2016)

ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი – მეგობრობის ჯგუფის წევრი (06-03-2013 – 18-11-2016)

უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი – მეგობრობის ჯგუფის წევრი (06-03-2013 – 18-11-2016)

ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი – მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი (06-03-2013 – 30-11-2014)

ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფი – მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი (06-03-2013 – 30-11-2014)

ესპანეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი – მეგობრობის ჯგუფის წევრი (11-11-2005 – 07-09-2006)

ესტონეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი – მეგობრობის ჯგუფის წევრი (11-11-2005 – 07-09-2006)

საპარლამენტო დელეგაციის წევრი:

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი ესპანეთის, პორტუგალიის საპარლამენტო დელეგაცია – საპარლამენტო დელეგაციის წევრი (30-06-2000 – 22-04-2004)

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი თურქეთის საპარლამენტო დელეგაცია – საპარლამენტო დელეგაციის წევრი (30-06-2000 – 22-04-2004)

ასევე:

საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ – ინტერფრაქციული ჯგუფის წევრი (27-01-2000 – 22-04-2004)

საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის აპარატი – კომიტეტის აპარატის უფროსი (18-03-1996 – 23-10-1996)

კანონპროექტთა სამართლებრივი ექსპერტიზისა და ვიზირების განყოფილება – განყოფილების გამგე (22-01-1996 – 18-03-1996)

ფრაქცია „რესპუბლიკელების“ აპარატი – წამყვანი სპეციალისტი (17-03-1994 – 12-01-1996)

2006 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე. 2006 წლის ნოემბერში დატოვა კონსერვატიული პარტიის რიგები, მას შემდეგ რაც იმავე წლის ოქტომბერში ქართულმა ტელევიზიებმა გაავრცელეს მისი მაკომპრომეტირებელი ვიდეო-მასალა. 2007 წლის ივლისიდან არის „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე.

2010-2012 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი.

2013 წლის 27 ოქტომბერს როგორც „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარემ კენჭი იყარა პრეზიდენტის არჩევნებში.

ჰყავს მეუღლე ინგა ბიწაძე და 5 შვილი.

დავლიანიძე ჯემალ კონსტანტინეს ძე

ელისაბედაშვილი გიორგი ივანეს ძე

ერთაწმინდელი (ბატკუაშვილი) სეზმან ალექსის ძე

ერისთავი რაფიელ დავითის ძე

ეფრემ II (ერისკაცობაში სიდამონიძე გრიგოლ შიოს ძე)

ზაალიშვილი ზაზა თენგიზის ძე

ზაალიშვილი თენგიზ დიმიტრის ძე

ზაალიშვილი მიხეილ ყარამანის ძე

ზაალიშვილი მიხეილ ყარამანის ძე – ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა 1865 წლის 10 სექტემბერს ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთში აზნაურის ოჯახში. დედა მარინე ჯავახიშვილი იმ დროისათვის მეტად განათლებული ქალი ყოფილა და სოფლის მოსახლეობას „კარაბადინის“ მიხედვით წამლობდა. პირველდაწყებითი განათლება მიხეილმა ოჯახში მიიღო, 10 წლისა ჩამოიყვანეს და უშვილო მამიდას ნატალია კარგარეთელს მიაბარეს. 1885 წელს მან დაამთავრა ბაქოს რეალური სასწავლებელი, დაბრუნდა თბილისში და სწავლა განაგრძო ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტში (ანუ როგორც მაშინ ეძახდნენ საოსტატო ინსტიტუტში), რომელიც 1887 წელს ოქროს მედალზე დაასრულა და საქალაქო სასწავლებლის მასწავლებლის წოდება მიენიჭა. სამასწავლებლო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1888 წელს სწავლის გასაგრძელებლად პოლონეთში გაემგზავრა და ნოვო-ალექსანდრიის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის ინსტიტუტში ჩააბარა, რომელიც 1891 წელს დაამთავრა. მისი დასრულების შემდეგ კი დაინიშნა წინამძღვრიანთკარის სასოფლო სამეურნეო სკოლის გამგედ.

   მიხეილ ზაალიშვილი მიღწეულით არ კმაყოფილდებოდა და მუდამ ახლის ძიებაში იყო. სწორედ ამ მიზნით იგი სასწავლებლად მოსკოვში გაემგზავრა და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩააბარა, რომელიც 1897 წელს დაამთავრა და მიიღო პირველი თანრიგის აგრონომის წოდება.

   მიხეილი კავკასიის სტიპენდიანტი იყო და 6 წელი ოლქის ფარგლებში უნდა ემსახურა. მოსკოვში სწავლის დამთავრების შემდეგ იგი სასწავლო ოლქმა 1897 წელს ერევნის საოსტატო სემინარიის დამრიგებლად დანიშნა, სადაც იგი საბუნებისმეტყველო საგნებსა და გეოგრაფიას ასწავლიდა. პარალელურად მიხეილი შეთავსებით ასწავლიდა ბუნებისმეტყველებასა და ფიზიკას ერევნის ქალთა გიმნაზიაში. ერევანში მუშაობის პერიოდში მიხეილი დიდ აგრონომიულ დახმარებას  უწევდა სომხეთის სოფლებს. სემინარიის ტერიტორიაზე მან გააშენა ხილის ბაღი. ამავე დროს იყო სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ერევნის განყოფილების მდივანი. საქართველოში 1902 წელს დაბრუნდა.

  1902 წლიდან 1918 წლამდე მიხეილ ზაალიშვილი გორის ამიერკავკასიის საოსტატო სასწავლებლის სემინარიის დამრიგებლად მუშაობდა, ასწავლიდა აგრეთვე გორის ქალთა პროგიმნაზიაში. 1907 წლიდან ის დაინიშნა გორის ვაჟთა პროგიმნაზიის ინსპექტორად. ეს სასწავლებელი მიხეილ ზაალიშვილის ინიციატივითა და თავდადების წყალობით 1912 წლიდან გიმნაზიად გადაკეთდა, სადაც ის დირექტორად დანიშნეს. მისი მეუღლე, მარიამ ნიკოლოზის ასული პანოვა, გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორი და ექიმი იყო.

  1914-1915 წლებში მ. ზაალიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილების წევრი იყო.

    1918 წელს მ. ზაალიშვილი თბილისის მეოთხე გიმნაზიის დირექტორად დანიშნეს.

  მიხეილ ზაალიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში საგანმანათლებლო და პედაგოგიური საქმიანობის განვითარებაში. ის იყო პირველი ქართული საბუნებისმეტყველო სახელმძღვანელოების ავტორი. სამწერლო ასპარეზზე ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში,  ნოვო-ალექსანდრიაში სწავლის დროს გამოვიდა. იგი სისტემატურად თანამშრომლობდა ჟურნალ „მეურნეში“. ის სერიოზულად მუშაობდა ქართულ ტერმინოლოგიაზე. მისი წერილები: „ქართული ტერმინების შესახებ“ და „რუსულ-ქართული ლექსიკონი“ 1896 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „მეურნეში“. ამავე დროს იგი აქტიური წევრი იყო „ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობისა“, რომელმაც გარკვეული როლი ითამაშა ქართული საზოგადოების ცხოვრებაში. რამდენიმე წლის განმავლობაში მიხეილი მუშაობდა წინამძღვრიანთკარის სკოლის ზედამხედველად, შემდეგ კი ჩრდილო კავკასიაში, სტავროპოლის ოთხკლასიანი სასწავლებლის მასწავლებლად და ამ პერიოდში იქ მოსახლე სექტანტებზე შრომაც დაწერა: „Менониты и их колонии на Кавказе“.

    მიხეილ ზაალიშვილი იყო წმინდა სტანისლავისა და წმინდა ანას ორდენების კავალერი.

    გარდაიცვალა 1920 წლის 10 სექტემბერს ქ. თბილისში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. 

ბიბლიოგრაფია

  • საზოგადო ზოოტეხნია ანუ საქონლის მოვლამოშენება(ავტორი). – თბილისი, გაზ., “მეურნეს” რედაქციის გამოცემა, 1890. – 82 გვ.
  • საზოგადო მიწათმოქმედება(ავტორი). თხზულება. თბილისი, “მეურნის” რედაქციის გამოცემა, 1891 (გრ. ჩარკვიანის სტ.).- 68 გვ.
  • მეფუტკრეობამოშენება და მოვლა ფუტკრისა (ავტორი). – ტფილისი, изданiе имп. Кавказск. общества сельскаго хозяйства, 1897 (მ. შარაძის და ამხანაგობის სტ.). – 74 გვ.
  • მოკლე სახელმძღვანელო ბუნებისმეტყველებისა (ავტორი)/ შედგენილი გორის ვაჟების გიმნაზიის დირექტორის მ. ზაალიშვილის მიერ. – მე-2 გამოც.. – ქუთაისი.  ნაწ. 1: არაორგანიული ბუნება: ჰაერი, წყალი და დედამიწა. – ქუთაისი, თ. მთავრიშვილისა ამხანაგობის წიგნის მაღაზიის გამოცემა, 1917 (ქართველთა შორის წ.-კ. გამავრც. საზოგადოების ქუთ. განყ. სტ.). – 124, II გვ.
  • მოკლე სახელმძღვანელო ბუნებისმეტყველებისა (ავტორი) // ნაწ. 2: ბოტანიკა. – ქუთაისი, თ. მთავრიშვილის და ამხ. წიგნის მაღაზიის გამოცემა, 1918 (ი. მ. ხელაძის სტ.).  – 198, Xგვ.
  • ბუნებისმეტყველების მოკლე სახელმძღვანელო: ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია / შედგენილი გორის ვაჟების გიმნაზიის დირექტორის მ. ყ. ზაალიშვილის მიერ. – ქუთაისი : თ. ა. მთავრიშვილის და ამხ. წიგნის მაღაზიის გამოცემა, 1918 (ი. მ. ხელაძის სტ.). – 62, IIგვ.
  • მოკლე სახელმძღვანელო ბუნებისმეტყველებისა (ავტორი) // ნაწ. 4: ზოოლოგია (სწავლა ცხოველებზე). – ქუთაისი, თ. მთავრიშვილის და ამხ. წიგნის მაღაზიის გამოცემა, 1918 (ი. მ. ხელაძის სტ.). – 162, II, IIIგვ.
  • არითმეტიკის სახელმძღვანელო: კურსი პირველი, მეორე და მესამე კლასისა უმაღლესდაწყებითი და საშუალო სასწავლებელთათვის /შედგენილი ტფილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის დირექტორის მ. ყ. ზაალიშვილის მიერ. – ქუთაისი : მ. მთავრიშვილის ამხანაგობის გამოცემა, 1919 (ნ. ფერაძის და ამხანაგობის სტ.). – 167 გვ.
  • ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია: მოკლე სახელმძღვ. ბუნებისმეტყველებისა / შედგ. თბილ. ვაჟთა მე-4 გიმნაზიის დირექტორის მ.ყ. ზაალიშვილის მიერ. – მე-2 შევს. და შესწ. გამოც.. – ქუთაისი : თ.ა. მთავრიშვილის ამხ. გამოც., 1919 (ნ. ფერაძის და ამხ. სტ.). – 100 გვ. : ილ., 1 ჩართ. ფურც. სქემით.
  • პირველდაწყებითი გეოგრაფია: სამშობლოსი და სხვა ქვეყნების მოკლე აღწერითი კურსი მოსამზადებელი და პირველი კლასისა, უმაღლეს-დაწყებითი და საშუალო სასწავლებელთათვის /შედგენილი ტფილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის დირექტორის მ. ზაალიშვილის მიერ. – ქუთაისი : თ. ა. მთავრიშვილის გამოცემა, 1919 (ი. მ. ხელაძის სტ.). – III, 147, IIგვ. : [1] ჩართ. ფურც. რუკა.
  • მოკლე სახელმძღვანელო ბუნებისმეტყველებისა: ორგანოვანი ბუნება / შედგენილი ტფილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის დირექტორის მ. ზაალიშვილის მიერ. – მეორე გადათვალიერებული გამოცემა. – ქუთაისი : ტ. მთავრიშვილის და ამხანაგობის გამოცემა, 1920 (ნ. ფერაძის და ამხანაგობის სტ.). – 132 გვ.

 წყაროები:

 ქართველი აგრონომები. თენგიზ ჩხეიძე. – თბილისი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1962

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 4, გვ. 468, თბ. 1979 წელი.

„მამულიშვილთა სავანე“, ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, თბ. 1994

http://nateba.websail.net/biographies/196-zaalishvili

ზაქარაშვილი თემურ

თარხნიშვილი გიორგი იორამის ძე

  რუსეთის არმიის არტილერიის სახელოვან და მამაც მეთაურთა შორის საპატიო ადგილი უჭირავს გიორგი იორამის ძე თარხნიშვილს. ოფიციალურ წყაროებში იგი თარხან-მოურავის სახელითაა ცნობილი.

   გიორგი თარხნიშვილი დაიბადა 1841 წლის 23 ოქტომბერს გორის მაზრის სოფ. ახალქალაქში.

   მისი მამა, იორამი, მცირეოდენი მამულის პატრონი იყო და დიდგვაროვანთა შორის სიმდიდრით არ გამოირჩეოდა. გიორგის გარდა მას კიდევ ორი ვაჟიშვილი – ზაალი, გრიგოლი და ოთხი ქალიშვილი ჰყავდა.

   როგორც ცნობილია, იმ დროს მეტად პოპულარული იყო თავადაზნაურთა შვილების სამხედრო სასწავლებელში აღზრდა. ასევე მოიქცა იორამ თარხნიშვილი და უფროსი ვაჟიშვილი – 7 წლის გიორგი მოსკოვის კადეტთა კორპუსში განაწესა. საუკეთესო განათლებისა და აღზრდის მიღების შემდეგ 1860 წ. პრაპორშჩიკის ჩინით იგი მშობლიურ საქართველოს დაუბრუნდა. ახალგაზრდა, განათლებული არტილერისტი კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში იწყებს სამსახურს, სამი წლის შემდეგ პოდპორუჩიკობას ღებულობს, ხოლო ერთი წლის შემდეგ ამავე ნაწილის შტაბ-კვარტირმაისტერის თანამდებობაზე ნიშნავენ.

   1865 წლიდან იგი ხშირად იცვლის სამსახურს, თანამდებობებს. 1868 წ. თერგის საცხენოსნო არტილერიაში შტაბს-კაპიტნის წოდებას ანიჭებენ, ხოლო 1872 წლის 6 ნოემბრის ბრძანებით, სამსახურეობრივი მოვალეობის წარჩინებით შესრულებისათვის, წმინდა სტანისლავისა და წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენებით დააჯილდოვეს.

   1877-1878 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის მოახლოებასთან დაკავშირებით გიორგი თარხნიშვილი მიავლინეს ამიერკავკასია-თურქეთის საზღვარზე სამოქმედოდ შედგენილი კორპუსის შემადგენლობაში, კერძოდ, უშუალოდ ამ კორპუსის მეთაურის გენერალ-ლეიტენანტ მ. ლორის-მელიქოვის განკარგულებაში, რომელთანაც იგი ჯერ პირადი ადიუტანტის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო ომის წინა დღეებში დაინიშნა მასთანვე საგანგებო დავალებათა შესრულების ობერ-ოფიცრის თანამდებობაზე. ომის დაწყებიდან ოთხი თვეც არ გასულიყო, საბრძოლო დავალებათა საუკეთესო შესრულებისათვის მან პოდპოლკოვნიკობა დაიმსახურა.

   მთელ პერიოდში გ. თარხნიშვილი მთავარი კორპუსის ბრძოლის ასპარეზის სხვადასხვა თანამდებობაზე გვევლინება და აქტიურად მონაწილეობს საბრძოლო ოპერაციებში. მოლამუსის თუ აზადხევის საარტილერიო შერკინება, არტაანის საარტილერიო დაბომბვა, გელიავერდის იერიში, არტაანისა და ყარსის აღება, ზივინისა და ავლიარ-ალაჯის ოპერაცია, არზრუმის ბლოკადა და სხვა მრავალი ბრძოლა თუ ოპერაცია უშუალოდ მის სახელთანაა დაკავშირებული; იგი ყველა ამ ბრძოლის მონაწილეა და ყველგან განირჩეოდა გმირობითა და მამაცობით.

   აღსანიშნავია, რომ ომის დროს, როგორც განათლებულ ოფიცერს, მხოლოდ მას ავალებენ სხვადასხვა სახის დავალებათა შესრულებას. მაგალითად, ყარსის ბლოკადის დროს საგანგებო საიდუმლო დავალებითა და წერილით იგი გაგზავნეს ყარსის კომენდანტთან მოსალაპარაკებლად; ანალოგიურ მისიას ასრულებდა 1878 წლის 22 იანვარს არზრუმთან, ხოლო საბრძოლო მოქმედების შეწყვეტის შემდეგ მონაწილეობს სადემარკაციო ხაზის დამდგენელ კომისიაში, შემდეგ კი გენერალ-მაიორ დუხოვსკოისა და პოლკოვნიკ ტოლსტოისთან ერთად იგი შედიოდა იმ კომისიაში, რომელმაც სან-სტეფანოს საზავო მოლაპარაკების შედეგად ქ. არზრუმი ჩაიბარა. არზრუმში მას უშუალო კავშირი ჰქონდა რუსეთის ყოფილ გენერალ, იმჟამად ანატოლიის შტაბის უფროს მუსა ფაშა კუნდუხოვთან, მათ შორის ერთგვარი ნათესაური კავშირიც იყო (თარხნიშვილი სიძე იყო გვარდიის პოლკოვნიკ ვლას-ესენოვის, ეს უკანასკნელი კი მუსა ფაშა კუნდუხოვის ბიძაშვილი იყო). მათი დაახლოების შემდეგ მრავალი სადავო საკითხი შედარებით იოლად გადაიჭრა რუსეთის სასარგებლოდ.

   საბრძოლო თუ სხვა სახის დავალებათა საუკეთესოდ შესრულებისათვის გ. თარხნიშვილის გულ-მკერდს დაემატა წმინდა სტანისლავის მეორე ხარისხის ბაბთიანი, წმინდა ვლადიმერის მეოთხე ხარისხის ბაბთიანი და წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენები.

  ომის შემდეგ გ. თარხნიშვილი მონაწილეობს რუსეთ-თურქეთის იმ სასაზღვრო ხაზის დამდგენელ კომისიაში, რომელიც ბერლინის კონგრესმა განსაზღვრა.

   როგორც ცნობილია, ბერლინის კონგრესის დადგენილებით ახალი საზღვარი რელიეფისა და სხვა ბუნებრივი პირობების გათვალისწინების გარეშე უბრალო სწორი ხაზის გავლებით გადაწყდა, ამიტომ 1879-1881 წლებში საზღვრის დამდგენელ კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც გ. თარხნიშვილი შედიოდა, უდიდესი მუშაობის ჩატარება მოუხდა და საქმე წარმატებით დაგვირგვინდა.

   XIX საუკუნის 80-იანი წლების დამდეგიდან გიორგი თარხნიშვილი განაწესეს კავკასიის არმიის მთავარსარდლის განკარგულებაში, რომლის დავალებითაც მუშაობდა სამარის, სარატოვისა და ასტრახანის გუბერნიების გენერალ-გუბერნატორებთან, ხოლო შემდეგ განაგებს რუსეთის არმიის გენერალური შტაბის სამობილიზაციო განყოფილებას.

   1890 წელს გიორგი თარხნიშვილს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. ამავე წელს ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა სამხედრო სამსახური დაეტოვებინა და თადარიგში  გასულიყო. წლიურად მას 3416 მანეთი პენსია დაენიშნა. მიუხედავად შერყეული ჯანმრთელობისა, ღვაწლმოსილი გენერალი ენერგიულად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ქართული საადგილმამულო ბანკის დირექტორის (1890-1894 წწ.) თანამდებობაზე. ამ დროს ბანკის დანიშნულებისა და საქმიანობის თაობაზე მწვავე კამათი მიმდინარეობდა ილია ჭავჭავაძესა და ივანე მაჩაბელს შორის. გ. თარხნიშვილი როდი ყოფილა ამ კამათის გულგრილი მაყურებელი.

  1894 წ. გ. თარხნიშვილი ოჯახით თავის მამულში (გორის მაზრის სოფ. ახალქალაქში) დაბინავდა. აქ მან მნიშვნელოვნად გააფართოვა მამული და სამეურნეო ცხოვრებაშიც თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია. ამავე დროს, იგი ენერგიულად მუშაობდა გორის მაზრის მომრიგებელი შუამავლის თანამდებობაზეც. აქ მან დიდი სიყვარული დაიმსახურა, მაგრამ, სამაგიეროდ, მაზრის ხელისუფლება გაანაწყენა. გუბერნატორმა შეიწყნარა მაზრის უფროსის საჩივარი და გ. თარხნიშვილი მომრიგებლის თანამდებობიდან გადააყენა. რა თქმა უნდა, მას აზრად არ მოსვლია „გლეხთა ამხედრება მემამულეთა წინააღმდეგ“, მაგრამ სამართალს არ ამრუდებდა, რასაც მექრთამე ადგილობრივმა ბიუროკრატიამ ასეთი დემაგოგიური კვალიფიკაცია მისცა. 1911 წლის 20 ივლისს გ. თარხნიშვილი თავის სოფელში გარდაიცვალა. სახელოვანი გიორგი სააკაძის შორეული შთამომავალი და ღირსეული სეხნია დაკრძალულია ერთაწმინდის გალავანში.

წყარო: „ჩვენი სახელოვანი სამხედრო წინაპრები“ – შამშე მეგრელიძე, 1979 . გვ. 193-196.

თარხნიშვილი ეკატერინე გრიგოლის ასული

თარხნიშვილი ელენე იოსების ასული

თარხნიშვილი თამარ არჩილის ასული

თარხნიშვილი ივანე რამაზის ძე

თარხნიშვილი მარიამ (მარო) ესტატეს ასული

თვაური გიორგი ივანეს ძე

თოიძე ირაკლი მოსეს ძე

თოიძე მოსე ივანეს ძე

თუშურაშვილი ჯემალ სერგოს ძე

ინასარიძე გიორგი ზაქარიას ძე

იშჩენკო ივანე მიტროფანეს ძე

კავსაძე ალექსანდრე (სანდრო) გრიგოლის ძე

კავსაძე ვლადიმერ (ლადო) ლონგინოზის ძე

კავსაძე მიხეილ ლონგინოზის ძე

კაკაბაძე-ღუდუშაური მარგალიტა პავლეს ასული

კანდელაკი ნანა არჩილის ასული

კარბელაშვილი ანდრე

კარბელაშვილი ანდრია გრიგოლის ძე

კარბელაშვილი გივი ლუარსაბის ძე

კარბელაშვილი გიორგი ანდრიას ძე

კარბელაშვილი ვასილ (სტეფანე) გრიგოლის ძე

კარბელაშვილი ლუარსაბ ანდრიას ძე

კარბელაშვილი პეტრე გრიგოლის ძე

კარბელაშვილი პოლიევქტოს გრიგოლის ძე

კარბელაშვილი ფილიმონ გრიგოლის ძე

კარგარეთელი ია (ილია) გიორგის ძე

კაციაშვილი ნიკოლოზ (კოლა) აღდგომელას ძე

კელაპტრიშვილი ომარ მიხეილის ძე

კოტეტიშვილი ვახტანგ ილიას ძე

კოტეტიშვილი ვახუშტი

ლაფერაშვილი თამაზ

ლაშქარაშვილი მიხეილ გიორგის ძე

მიხეილ (მიშა) გიორგის ძე ლაშქარაშვილი დაიბადა 1884 წლის 2 მაისს, გორის მაზრის სოფელ ქვემო ხანდაკში (დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტი), გლეხის ოჯახში. 1902–1903 წლებში იგი მუშაობდა იარალოვის ქარხნის მუშად, შემდეგ გადავიდა რკინიგზის მთავარი სახელოსნოს სადურგლო საამქროში. პოლიტიკაში ახალგაზრდობიდანვე ჩაება. მონაწილეობდა პირველი მარქსისტული ჯგუფის ჩამოყალიბებაში, 1903–1905 წლების მოვლენების დროს იყო სახალხო გვარდიის საველე სასამართლოს თავმჯდომარე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი. თუმცა იგი მალე ჩაწვდა მარქსისტული იდეოლოგიის სიყალბეს და საერთოდ ჩამოშორდა მათ. აი, რას წერს თავის მოგონებებში: „ამნაირათ, ყველა ის პირი, ვინც კი მარქსისტებისთვის თვალში მოსაწონი არ იყო, ხდებოდა ტერორისტების მსხვერპლი, მათ მიერ ჩადენილი მუხანათური საქმეების მოწმე მე თვითონ ვიყავი ქარხანაში მუშაობის დროს. მთელი მარქსისტული მოძრაობა ამაზედ იყო დაყრდნობილი და მამულიშვილების უმანკო და უდანაშაულო სისხლის დაღვრით მოიკაფავდნენ გზას ხელისუფლებისაკენ“.

დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში, 1919 წელს, მიხეილ ლაშქარაშვილი გვარდიის შტაბის მიერ დაინიშნა რწმუნებულად ახალქალაქის რაიონში ანარქიის წინააღმდეგ საბრძოლველად. წესრიგის დამყარების შემდეგ ხალხის თხოვნით იქვე დარჩა კომისრად. ყველა დავალება პირნათლად შეასრულა, ბოლო მოუღო ყაჩაღობას. ამიტომ 1920 წელს კვლავ დაინიშნა იგივე თანამდებობაზე, ამჯერად გორის მაზრაში. ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებაში“ დაბეჭდილ მისდამი მიძღვნილ წერილში აღნიშნულია, – „დიაღ ლაშქარაშვილი მემარცხენეს და მემარჯვენეს ერთნაირად უმორჩილებდა კანონს, ყველასაგან – თავადის, ვაჭრის თუ პარტიულისგან – ერთნაირად მოითხოვდა კანონიერების დაცვას და ასე გამოდიოდა რესპუბლიკის ჭეშმარიტი დამცველი“.

მიხეილ ლაშქარაშვილი ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა, წყნარად ცხოვრობდა მამისეულ სახლ–კარში და სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. 1921 წლის 29 აპრილს გორის მაზრის პოლიტბიუროში შევიდა განცხადება, რომელიც იუწყებოდა, რომ სოფელ ახალქალაქში იმყოფება მენშევიკური მთავრობის ჯალათი, სამხედრო–საველე სასამართლოს თავმჯდომარე 1919 წელს, კომუნისტების დამხვრეტი მიხეილ ლაშქარაშვილი. რა თქმა უნდა, სადამსჯელო ღონისძიებამაც არ დააყოვნა. მიხეილის დასაკავებლად ღამით მივიდნენ, მაგრამ ოპერაცია ისე უთავბოლოდ იყო დაგეგმილი, რომ უაზრო სროლისას ბრმა ტყვიამ შეიწირა მიხეილ ლაშქარაშვილის დედა. თავად მან გაქცევა მოახერხა, გარშემო თანამოაზრეები შემოიკრიბა და ქართველი პატრიოტების პარტიზანულ მოძრაობას შეუერთდა. უკვე 1922 წლის ზაფხულში ხევსურეთის აჯანყების დროს მიხეილი საკმაოდ დიდ პარტიზანულ რაზმს ხელმძღვანელობდა. აჯანყებულების დამარცხებამ იმედები გაუცრუა, შეიარაღებულ აჯანყებაზე ფიქრსაც კი თავი დაანება და მეუღლესთან ერთად ოსმალეთში გადასვლას გეგმავდა, როცა 1924 წლის გაზაფხულზე ქაქუცა ჩოლოყაშვილისგან შეტყობინება მიიღო.

პარტიზანული რაზმები გაერთიანდნენ და აჯანყების მოლოდინში მანგლისიდან სამი კილომეტრის მოშორებით, სოფელ ბოტისის ტყეში იმალებოდნენ.  აჯანყებისთვის მზადებას მეთაურობდა სამხედრო ცენტრი, რომელიც 1922 წლის მარტში ჩამოყალიბდა გენერალ კოტე აფხაზის ხელმძღვანელობით. ცენტრმა კახეთში ანტისაბჭოთა პარტიზანული რაზმების მეთაურობა ქაქუცა ჩოლოყაშვილს დაავალა, ხოლო ქართლში – მიხეილ ლაშქარაშვილს.

1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილი გადარჩენილ შეფიცულებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში, მოგვიანებით მათ მიშა ლაშქარაშვილიც შეუერთდა. ემიგრაციაში იგი იყო საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის პარიზის კომიტეტის ჟურნალ „ახალი ივერიის“ (1927–1939) ავტორ–თანამშრომელი. დაწერილი აქვს მოგონებები, სადაც დაწვრილებით აღწერს მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, 1904–1905 წლების რევოლუციით დაწყებული 1924 წლის აჯანყებით დამთავრებული (გამოქვეყნებულია 1991 წლის გაზეთ „რესპუბლიკაში“).

მიხეილ ლაშქარაშვილი გარდაიცვალა 1952 წელს. იგი მეუღლესთან, ელენე ჩივაძესთან ერთად დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

წყარო:

1.https://ka.wikipedia.org/wikiმიხეილ_ლაშქარაშვილი

2.კერესელიძე, ლია. მიხეილ ლაშქარაშვილიშეფიცულთაგან ერთერთი და სამშობლოსათვისთავგადადებული // საარქივო მოამბე=The archival bulletin / საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველო. – თბ., 2009. – იანვარი. – N4. – გვ.4-11.

3. მეთვალყურე. მიხეილ ლაშქარაშვილი : (გვარდიის შტაბის რწმუნებული, გორის მაზრაში ანარქიის ჩასაქრობად დანიშნული) // თეატრი და ცხოვრება. – 1920. – N9. – გვ.13.

4. http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000288/

მაზმიშვილი გივი

მაზნიაშვილი გიორგი ივანეს ძე

მაისურაძე ელიზბარ ლუკას ძე

მაკალათია სერგი

მამასახლისი სანდრო

მამასახლისოვი ვაგან ივანეს ძე

მამულაშვილი გენადი

მამულაშვილი გოჩა

მანძულაშვილი ვარდენ დავითის ძე

მარიდაშვილი სოფიო ანდრიას ასული

მენაბდიშვილი ელგუჯა

მენაბდიშვილი პაპუნა ზაქარიას ძე

მენთეშაშვილი ირაკლი ტიმოთეს ძე

მერაბიშვილი ელგუჯა ალექსანდრეს ძე

მესხიშვილი ივლიტა იაკინთეს ასული

მუსხელაძე ლერი

ნავროზაშვილი დავით სიმონის ძე

ნავროზაშვილი ჯემალ ლევანის ძე

ნათაძე გრიგოლ იასონის ძე

ნათაძე გრიგოლ იასონის ძე – ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი და პოლიტიკოსი. მსოფლიო მედიევესტიკის პირველი წარმომადგენელი საქართველოში.

   დაიბადა 1878 წლის 16 იანვარს (ძველი სტილით) ტფილისის გუბერნიის, გორის მაზრის სოფელ კასპში, ტფილისის მოქალაქის – „ხალხოსანი“ იასონ ივანეს ძე ნათაძის ოჯახში. ეროვნებით ქართველი. სწავლობდა ტფილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, საიდანაც 1892 წელს გადავიდა ვაჟთა მეორე გიმნაზიაში.

   1898 წელს შევიდა კიევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე; სწავლის დროს სტუდენტურ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო 1901 და 1902 წლებში ორჯერ გარიცხეს უნივერსიტეტიდან.

  1902 წელს, სწავლა განაგრძო ჟენევის უნივერსიტეტში, თუმცა ერთი კურსის დასრულების შემდეგ, უსახსრობის გამო სწავლა მიატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. აძლევდა კერძო გაკვეთილებს, თანამშრომლობდა პრესაში; იყენებდა ფსევდონიმს – „გან-ბარიძე“. იყო რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში; პოლიტიკური საბაბით იყო დაპატიმრებული 1905 წელს; ციხიდან გაათავისუფლეს ამნისტიით 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის გამოცემის შემდეგ.

  1907 წელს ექსტერნად დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი.

   ამავე წლიდან მუშაობდა პედაგოგად ტფილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში; მცირე ხნის შემდეგ, როგორც „პოლიტიკურად არასაიმედო“ პირს არ მისცეს მასწავლებლობის საშუალება ტფილისში და გადავიდა ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში. პარალელურად კითხულობდა ლექციებს „სახალხო უნივერსიტეტში“, იყო ქუთაისის დრამატიული წრის გამგეობის წევრი.

 1912 წელს დაბრუნდა ტფილისში, სადაც აგრძელებდა ლექციების კითხვას „სახალხო უნივერსიტეტში“.

  იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი (1914-), ამავე საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობის წევრი (1917-).

   1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.

 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს, რომელიც ასევე ხელისმოწერით დაადასტურა 1919 წლის 12 მარტს დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაზე.

  1918 წლიდან იყო საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი. მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტროში უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარ გამგედ.

  1919 წლიდან კითხულობდა ისტორიის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით. იყო სარედაქციო კომისიის მდივანი, განათლების, სამანდატო, სარედაქციო და საფინანსო კომისიების წევრი. არჩეული იყო დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად.

 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას.

 1922 წლიდან 1926 წლამდე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტის დოცენტი. 1924 წლის 8 ივნისს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1926 წლის 15 დეკემბერს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად, მუშაობდა მსოფლიო ისტორიის და პედაგოგიურ ფაკულტეტებზე.1926-1950 წლებში იყო ჯერ ისტორიის კათედრის გამგე, შემდეგ შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის გამგე.

 1935 წელს მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, 1941 წელს – მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის სტატუსი, 1947 წელს კი – პროფესორის სამეცნიერო ხარისხი.

  შემდგომ წლებში, სხვადასხვა დროს მუშაობდა ამიერკავკასიის და საქართველოს  კომუნისტურ უნივერსიტეტში, პედაგოგიურ ინსტიტუტში, ცენტრალურ არქივში, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის თბილისის ფილიალში; იყო საქართველოს სსრ  მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

   გ. ნათაძე 50-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და მრავალი სტატიის ავტორი გახლავთ. გამოცემული აქვს წიგნები: „პირველყოფილი კულტურა“ (1920 წ.), „უძველეს საბერძნეთის ეკონომიური მდგომარეობა როგორც კილონის აჯანყების საფუძველი“ (1924 წ. სადოქტორო დისერტაცია შედგენილი სხვადასხვა გამოცემებიდან ამოკრეფილ წერილებისაგან), „საზოგადოებათმცოდნეობის მეთოდოლოგიისა და მეთოდიკის საკითხები“ (1931 წ.), „დასავლეთ ევროპის ფეოდალიზმის ისტორია“ (1933 წ. – სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისათვის).

   გ. ნათაძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა თბილისში, 1951 წლის 24 მაისს. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

წყაროები: ალ. ნამორაძე, პროფესორი გრიგოლ იასონის ძე ნათაძე (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბილისი 1959.

„საქართველოს დამფუძნებელი კრება. 1919“ (გამომცემელი „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, 2017 წ.)

ნათაძე ლევან იასონის ძე

ოთარაშვილი ვაჟა გიორგის ძე

ონოფრიშვილი დავით

ონოფრიშვილი ირაკლი ივანეს ძე

პარკაძე გრიგოლ (გუცა) ვენედიქტეს ძე

პარკაძე დავით დავითის ძე

პარკაძე ვახტანგ დავითის ძე

ჟიჟილაშვილი შალვა ნიკოლოზის ძე

სააკაძე გიორგი სიაუშის ძე

საჩალელი ვლადიმერ დიმიტრის ძე

საჩალელი ვლადიმერ დიმიტრის ძე  – მსახიობი, დაიბადა 1915 წლის 8 თებერვალს  კიროვაბადში. მამა დიმიტრი საჩალელი რკინიგზელი გახლდათ და აგრეთვე რკინიგზის თეატრში მსახიობად მოღვაწეობდა, ხოლო დედა მარიამ (მაიკო) ყარანაშვილი, დიასახლისი იყო.

   საშუალო განათლება თბილისში, შრომის მე-5 სკოლაში მიიღო, რომელიც 1937 წელს დაამთავრა. იმავე წელს ვ. საჩალელი სასწავლებლად თბილისის კინოსტუდიასთან არსებულ 4-წლიან კინო სკოლაში მოეწყო, რომელიც 1941 წელს დაამთავრა, რის შემდეგაც კინომსახიობად ჩაირიცხა. იმავე წელს გაიწვიეს დიდ სამამულო ომში. 1942 წელს მიღებული ჭრილობის გამო სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

   1943 წელს სტაჟიორად მიიღეს თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრში, სადაც 1948 წლამდე მოღვაწეობდა. ამავე წელს დაინიშნა კასპის კულტურის სახლისა და კინოთეატრის დირექტორად, სადაც დადგა: ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“, ავქ. ცაგარელის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, დ. ერისთავის „სამშობლო“.

   1950 წელს მიიწვიეს მსახიობად სტალინირის (ცხინვალი) თეატრში. ხოლო 1951-53 წლებში მსახიობობასთან ერთად ამავე თეატრის დირექტორის თანამდებობაზე მოღვაწეობდა.

   ვლადიმერ საჩალელი ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როდესაც სცენაზე პირველად თბილისის რკინიგზელთა კლუბთან არსებულ დრამწრის წარმოდგენში მიიღო მონაწილეობა.  ითვლებოდა წამყვან მსახიობად. იგი ასრულებდა სხვადასხვა სახასიათო როლებს. შესრულებული აქვს 30-მდე როლი, მათ შორის: ლევან ხიმშიაშვილი დ. ერისთავის „სამშობლო“, ხადილა ალ. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“ (გადმოკეთებული ალ. შანშიაშვილის მიერ), პლატონ სამანიშვილი „სამანიშვილის დედინაცვალი“ (გადმოკეთებული ჭ. გელეიშვილის მიერ), შუქრი ჯაფაროღლუ ი. მოსეშვილის „ჩაძირული ქვები“, მირანგულა გრ. ჩიტაიშვილის „მირანგულა“, ნეზნამოვი ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“, ვეტროვი ა. კორნეიჩუკის „ძახველის ჭალა“, ამხანაგი საშა ს. ჩეგლოვის „გამოქცევა“, გიორგი გიგაური ი. მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“, ავთანდილ რატიანი ვ. პატარაიას „სანაპიროზე“, გედეონ მოსიძე ვ. პატარაიას „უჩა უჩარდია“, სან მანი ცხაი-დიან-ჩუს „38 პარალელის სამხრეთით“, ნაპოლეონა კ. ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“, დურმიშხანი ს. მთვარაძის „სურამის ციხე“, ზაქრო სანაკოევის „ვარდო“, გიორგი ნ. არეშიძის „მოულოდნელი შეხვედრა“ და სხვა.

  კინოფილმებში შექმნილი აქვს შემდეგი როლები: ინჟინერი ლეონტიევი კ/ფილმში „ორთაბრძოლა“, ექსპედიციის უფროსი „ოქროს ბილიკი“.

   დაჯილდოებული იყო მედლით: „გერმანიაზე გამარჯვებისთვის დიდ სამამულო ომში 1941-45 წწ“, „მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში 1941-45 წწ.“

   1959 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება.

   ვლადიმერ საჩალელი გარდაიცვალა 1986 წლის 1 ივნისს. მისივე თხოვნით დაკრძალულია კასპის რაიონის სოფელ ქვემოჭალის სასაფლაოზე.

ტატანაშვილი ესტატე ზაქარიას ძე

ფარულავა გრივერ

ფეტვიაშვილი ვახტანგ

ფეტვიაშვილი რუსუდან ვახტანგის ასული

ქებაძე ბესარიონ დავითის ძე

 ქებაძე ბესარიონ დავითის ძე – დაიბადა 1922 წელს კასპის რაიონის სოფელ კავთისხევში. გრიმიორი. დაჯილდოებულია მედლებით: „გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, „კავკასიის დაცვისათვის“, „ლენინგრადის დაცვისათვის“. კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მუშაობას იწყებს 1955 წლიდან. მაშინ არც უფიქრია თუ კინო ასეთ დიდ ადგილს დაიკავებდა მის ცხოვრებაში. აღარ უძებნია სხვა გზები. 30 წელი შეალია მხატვარ-გრიმიორის რთულსა და მნიშვნელოვან საქმიანობას. პირველად მოწაფედ მიიღეს საგრიმო ხელოვნების დიდოსტატებმა: ზაალ ურიგაშვილმა, სტიოპა ხადურმა, გრიშა მხეიძემ; შეაყვარეს გრიმიორის ხელოვნება. მოკლე ხანში მხატვარ-გრიმიორის კვალიფიკაცია მიიღო. აქვე გამოვლინდა მისი ხელწერა და სტილის თავისებურება, რამაც განსაზღვრა მისი შემოქმედების ორიგინალობა. მხატვარ-გრიმიორად იმუშავა 40-მდე ფილმზე: „ორი ოჯახი“ (1958), „ნინო (1959)“, „ამბავი ერთი ქალიშვილისა“ (1960), „ენგურის ნაპირებზე“ (1961), „ალავერდობა“ (1962), „ვინ შეკაზმავს ცხენს“ (1963), „ხევსურული ბალადა“ (1965), „მიხა“ (1965), „მაცი ხვიტია“ (1966), „ვედრება“ (1968), „ტარიელ გოლუა“ (1968), „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1969), „წყალდიდობა“ (1970), „დიდი ხნის წინათ“ (კინონოველა „ეპისკოპოსი ნადირობაზე“ (1971), „მხიარული რომანი“ (1972), „თეთრი ქვები“ (1972), „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“ (1975), „ცვლა მოდის“  და სხვა.

    გარდაიცვალა 1990 წლის ოქტომბერში.

წყარო: ჟურნალი „ახალი ფილმები“ – 1975 წლის N11. სტატიის N1062-ა. ავტორი ა. გვენცაძე.

ქეშელაშვილი ომარ გრიგოლის ძე

ქსოვრელი გრიგოლ მაკარის ძე

ყურაშვილი გუჯარ ამირანის ძე

შარიფაშვილი ტარიელ ვალერიანის ძე

შარმანაშვილი თენგიზ

შატაიძე ნუგზარ ვახტანგის ძე

შატბერაშვილი გიორგი ივანეს ძე

ჩადუნელი ელგუჯა

ჩადუნელი იორამ გაბრიელის ძე

ჩაჩანიძე გაბრიელ ზაქარიას ძე

ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე

ცხვედაძე ნიკო ზებედეს ძე

ხაინდრავა იოსებ (სოსო)

ხეჩუაშვილი გიგო

ხინთიბიძე აკაკი გიორგის ძე

ხინთიბიძე ელგუჯა გიორგის ძე

ხმალაძე ილია გიორგის ძე

ხორგუაშვილი გიორგი გაბრიელის ძე

ხრამელაშვილი ეგნატე მამუკას (მაკარი) ძე

ხრამელაშვილი ეგნატე მამუკას (მაკარი) ძე – დაიბადა 1866 წლის 27 იანვარს გორის მაზრის სოფელ ეზატში. 1887 წელს დაამთავრა ტფილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი. იმავე წელს დაიწყო პედაგოგად მუშაობა სოფელ წინამძღვრიანთკარში სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, სადაც მოღვაწეობდა 1889 წლამდე; 1889 წელს დაინიშნა თბილისში ავლაბრის საქალაქო სკოლის მასწავლებლად. 1903 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად მოსკოვის უმაღლეს კომერციულ ინსტიტუტში შევიდა, რომლის კურსი დაამთავრა 1909 წელს და საქართველოში დაბრუნდა სამუშაოდ; 1909 წელს დაინიშნა თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის მასწავლებლად. მან პირველად გამოსცა „სახალხო გაზეთი“; სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ პრესაში; თავის ნაშრომებში ეხებოდა მაშინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ საჭირბოროტო საკითხს; განსაკუთრებით დიდი დამსახურება მიუძღვის ქართველი საზოგადოების წინაშე მის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოებით არითმეტიკაში. მისი არითმეტიკის სახელმძღვანელოები შედარებით ორიგინალურად იყო შედგენილი და რამდენადმე აადვილებდა ამ საგნის სწავლებას ქართულ პირველდაწყებით სკოლებში.
1910-1912 წლებში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
გარდაიცვალა 1912 წლის 17 აგვისტოს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ბიბლიოგრაფია:

არითმეტიკის ამოცანათა და რიცხვთა მაგალითების კრებული : (მოქმედებათა შესწავლის მეთოდით) (ავტორი) // ნაწ. 2.. – ტფილისი, ქ.შ.წ.-კ.გ. საზ-ბის გამოც. N164, 1919. – 142, II გვ.

არითმეტიკის ამოცანათა და რიცხვთა მაგალითების კრებული : (მოქმედებათა შესწავლის მეთოდით) (ავტორი) // ნაწილი I.. – ტფილისი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამოცემა, 1914. – 112გვ.

არითმეტიკის სახელმძღვანელო : ამოცანებით და რიცხვითი მაგალითებით (ავტორი). – ტფილისი, წიგ. მაღაზია „ცოდნას“ გამოც. N 47, 1909. – 198, [2]გვ.

წყარო: http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00006051/

ხუციშვილი ილია ივანეს ძე

ჭელიძე მერი ივანეს ასული

ჭიჭინაძე ტარიელ ევგენის ძე

ჯაბაური გიორგი

ჯავახიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე

ჯავახიშვილი ივანე ალექსანდრეს ძე

ჯავახიშვილი იოსებ ვასილის ძე

ჯავრიშვილი გიორგი ვახტანგის ძე

ჯავრიშვილი დავით ლავრენტის ძე

ჯავრიშვილი ვახტანგ

ჯავრიშვილი რუსუდან დიმიტრის ძე

ჯამბაკურ-ორბელიანი მარიამ (მაშო) ვახტანგის ასული