გიორგი შატბერაშვილის იუბილე. 21.04.1985 წ.


   ქართველმა საზოგადოებრიობამ დიდი ზეიმით აღნიშნა მწერალ გიორგი შატბერაშვილის დაბადებიდან 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე. საიუბილეო დღეებში განსაკუთრებული ზეიმი და მღელვარება იყო მის მშობლიურ კავთისხევსა და კასპის რაიონში. მისი დაბადების დღის აღსანიშნავად 21 აპრილს, კასპის ცემენტ-შიფერის კომბინატის კულტურის სახლში შეიკრიბნენ ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები, უამრავი სტუმარი ეწვია დედაქალაქიდან გიორგი შატბერაშვილის მშობლიურ რაიონს. საზეიმოდ მორთულ კულტურის სახლში თავი მოიყარეს აგრეთვე რაიონის მშრომელებმა, მუშებმა, კოლმეურნეებმა, ინტელიგენციის წარმომადგენლებმა, მოსწავლეებმა და ახალგაზრდებმა, ლიტერატურისა და პოეზიის თაყვანისმცემლებმა, მწერლის ახლობლებმა და ნათესავებმა.
   საიუბილეო შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს კომპარტიის კასპის რაიკომის პირველმა მდივანმა ჯონდო ჯავახიშვილმა. საინტერესო მოგონებებითა და სიტყვებით გამოვიდნენ პოეტი, სოციალისტური შრომის გმირი გრიგოლ აბაშიძე, გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქტორი ვახტანგ ჭელიძე, მწერლები ალექსი გომიაშვილი და გურამ დოჩანაშვილი.
   საინტერესო მოგონებით გამოვიდა და საკუთარი ლექსი უძღვნა გიორგი შატბერაშვილს პოეტმა, რუსთაველის პრემიის ლაურეატმა ჯანსუღ ჩარკვიანმა. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ მწერლები, რუსთაველის პრემიის ლაურეატები რევაზ ჯაფარიძე და რევაზ ინანიშვილი, სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მწერალი სარგის ცაიშვილი, პოეტი გივი გეგეჭკორი.
   საიუბილეო შეხვედრა კიდევ უფრო გაალამაზა და სადღესასწაულო ელფერი შესძინა კულტურის სახლში გამართულმა კონცერტმა, რომელშიც მონაწილეობდნენ რაიონის მოსწავლე-ახალგაზრდობა, კავთისხეველი მოცეკვავეები და მომღერლები, ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები, თბილისიდან მოსული სტუმრები.
შემდეგ საზეიმო შეხვედრის მონაწილე ქართველმა მწერლებმა და ჩამოსულმა სტუმრებმა, რაიონის პიონერ-მოსწავლეებმა, ცოცხალი ყვავილებით შეამკეს გიორგი შატბერაშვილის ძეგლი კავთისხევში, რომელიც კავთისხეველმა მოქანდაკემ ჯემალ თუშურაშვილმა გამოაქანდაკა. მათ თაყვანი სცეს დიდებული მწერლის მარადიულ ხსოვნას. შემდეგ კი სტუმრები და შეხვედრის მონაწილენი გიორგი შატბერაშვილის მშობლიურ სოფელს თვალადს ესტუმრნენ. მათ დაათვალიერეს შატბერაშვილების ძველი სახლი და ეზო-მიდამო, გაიხსენეს მწერლის სიცოცხლეში თვალადში გატარებული დღეები.

   ფოტოების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ყოფილი დირექტორის, მწერლის გიორგი ხორგუაშვილის ოჯახს.