გურამიშვილის სახელობის წყაროს გახსნა სოფელ ლამისყანაში. 1975 წ.

   ქართველი ხალხის ისტორიის ძნელბედობამ და ქარტეხილებმა ერთმანეთს დაუკავშირა გამოჩენილი მწერლის დავით გურამიშვილისა და ქართლის ერთი პატარა სოფლის, ლამისყანის სახელები. 

   აქ, ამ ლამაზ სოფელში, წყაროს წყალს დაწაფებული პოეტი ლეკებმა გაიტაცეს და ასე იქცა წყარო მისი ბედუკუღმართი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად. 

   მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ქართველი ხალხის და თვით ლამისყანის ცხოვრებაში. ჟამთა სვლამ დაკარგა წყაროს ნაკვალევიც.

   1946 წელს ლამისყანას ესტუმრა ქართველ მწერალთა ერთი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ალიო მირცხულავა, კარლო კალაძე, გიორგი ნატროშვილი, ალექსანდრე გომიაშვილი, გიორგი შატბერაშვილი, ერემია ქარელიშვილი, შალვა შაველაშვილი და ადგილობრივი მკვიდრების ნიკა ქენქაძისა და არჩილ ღუდუშაურის მეგზურობით აღმოაჩინეს წყარო იმ ადგილას, საიდანაც გაიტაცეს დავით გურამიშვილი. 

   მწერალმა ლევან გოთუამ სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მოინახულა გურამიშვილის წყარო და არ დააკლო მცდელობა, რომ ამ ადგილას გაკეთებულიყო მემორიალი.

   საქართველოს მწერალთა კავშირმა, გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციამ, კასპის რაიონის ხელმძღვანელობამ, ლამისყანის სასოფლო საბჭოს აღმასკომისა და ოკამის საბჭოთა მეურნეობის თავკაცებმა ყველაფერი გააკეთეს, ლამისყანაში, გურამიშვილის წყაროს მემორიალისათვის. მისი კეთილმოწყობის პროექტი დაამუშავა არქიტექტორმა ვაჟა ორბელაძემ

   1975 წლის 27 აპრილს სოფელ ლამისყანაში გურამიშვილის წყაროსთან თავი მოიყარეს ლამისყანელებმა, ახლო-მახლო სოფლების მშრომელებმა, სტუმრებმა, ლიტერატურისა და ხელოვნების მუშაკებმა, შეკრებილთ შესავალი სიტყვით მიმართა საქართველოს კომპარტიის კასპის რაიკომის პირველმა მდივანმა ლევან ისაკაძემ, დავით გურამიშვილის უჩვეულო ცხოვრებასა და უკვდავ პოეზიაზე ისაუბრეს საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, სოციალისტურმა შრომის გმირმა გრიგოლ აბაშიძემ, ლამისყანის საექიმო ამბულატორიის გამგემ, სოციალისტურმა შრომის გმირმა მარგარიტა კაკაბაძე-ღუდუშაურმა, ოკამის საბჭოთა მეურნეობის მუშამ და სოფელ ლამისყანის მკვიდრმა თამაზ გიგაურმა, საქართველოს მწერალთა კავშირის პირველმა მდივანმა თენგიზ ბუაჩიძემ, პოეტებმა კარლო კალაძემ და ალექსანდრე გომიაშვილმა, მწერალმა გიორგი ხორგუაშვილმა,  პროფესორმა სარგის ცაიშვილმა, პოეტებმა იოსებ ნონეშვილმა, ჯანსუღ ჩარკვიანმა, ალექსანდრე შანიძემ, შალვა შაველაშვილმა, ჯემალ ინჯიამ, ლამისყანის საშუალო სკოლის მოსწავლემ თინა კობაურმა.

   ლამისყანის საშუალო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებელ ვენერა ახვლედიანის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს დ. გურამიშვილის ლექსებზე აგებული მონტაჟი. გაისმა იავნანას ტკბილი მელოდია. პიონერებმა და მოსწავლეებმა ყვავილების თაიგულებით შეამკეს მემორიალი, რომლის გახსნა დაემთხვა დ. გურამიშვილის დაბადების 270  წლისთავს.

   საზეიმო ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი ნოდარ დუმბაძე, გ. საჯაია, მწერლები: ოთარ ჩხეიძე, გივი კარბელაშვილი, ვასო ბაიაძე, გ. ზედგენიძე; პოეტები: ალექსანდრე ტაბატაძე, გ. კლდიაშვილი, გაზეთ „სახალხო განათლების“ რედაქტორი ნიკო შველიძე, პროფესორი დავით მუსხელიშვილი, ხელოვნებათმცოდნე გულნარა ჯაფარიძე.

   გრიგოლ აბაშიძემ გაჭრა წითელი ბაფთა, სტუმრებმა  თიხის ჯამფიალებით გაუსინჯეს ჭაშნიკი წყაროს. 

  ამ საზეიმო შეკრებაზე გადაწყდა – დაწესდეს გურამიშვილის ხსოვნის დღეობა – გურამიშვილობა, რომელიც 1976 წლიდან 1992 წლამდე თითქმის უწყვეტად იმართებოდა. 

      აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით რამდენიმე სტატია გამოქვეყნდა პრესაში:

  • „გურამიშვილობა ლამისყანაში“. ნორა ედიშერაშვილი. გაზეთი „განთიადი“, კასპი. 1975 წლის 5 მაისი.
  • „დიდი პოეტის წყარო“. გიორგი ხორგუაშვილი. გაზეთი „სახალხო განათლება“, 1975 წლის 16 მაისი, N40 (2717).
  • „დავითის წყაროს თავგადასავალი“. ავტორი გიორგი ხორგუაშვილი. გაზ. „კომუნისტი“, 1975 წლის 18 სექტემბერი, N219 (16345), გვ. 4.