სახალხო დღესასწაული „გურამიშვილობა“. სოფელი ლამისყანა. 1980 წ.
1980 წლის 12 ოქტომბერს სოფელ ლამისყანაში გაიმართა სახალხო დღესასწაული „გურამიშვილობა“, რომელიც მიეძღვნა დავით გურამიშვილის დაბადების 275-ე წლისთავს. დიდი პოეტის იუბილე აღინიშნა როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში და მოსკოვში.
ლამისყანაში მოწყობილ ღონისძიებაში ჩართული იყვნენ კასპის რაიონის უმეტესი სასოფლო საბჭოები, რომელთაც წარმოდგენილი ჰქონდათ სოფლისათვის დამახასიათებელი და ტიპიური პავილიონები.
ზეიმი, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო, დღის 2 საათზე დაიწყო. ლამისყანას ესტუმრნენ საქართველოს კპ ცკ-ის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს კპ ცკ-ის პირველი მდივნები გურამ ენუქიძე და ჯუმბერ პატიაშვილი, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ჩერქეზია, სომხეთის სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რემა სვეტლოვა, სსრ კავშირის კულტურის მინისტრის მოადგილე ვასილ კუხარსკი. ზეიმის დაგვირგვინება იყო საბჭოთა კავშირის რესპუბლიკათა მწერლების ჩამოსვლა სურამიდან, სადაც გაიმართა ლესია უკრაინკას ხსოვნისადმი მიძღვნილი მიტინგი. სტუმართა შორის იყვნენ პოეტი-აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე გრიგოლ აბაშიძე, მწერალთა კავშირის მდივნები ჯანსუღ ჩარკვიანი და გიორგი ციციშვილი, მწერლები ე. მაღრაძე, ე. კვიტაიშვილი, ტ. ჭანტურია, გ. გეგეჭკორი, თ. წივწივაძე, ფ. ხალვაში, ი. ორჯონიკიძე, უკრაინის მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე პავლე ზაგრებელნი, უკრაინელი პოეტები ვიტალი კოროტიჩი და მ. შევჩენკო, რუსი მ. მაქსიმოვი, აზერბაიჯანელი ნარიმან ჰასან-ზადე, აფხაზი მუშნი ლასურია და სხვ.
სახელდახელო მიტინგი, რომელიც გურამიშვილის წყაროსთან გაიმართა, გადაიქცა ხალხთა ძმობისა და პოეზიის დიდ დღესასწაულად. სახალხო ზეიმში მონაწილეობას ღებულობდნენ კასპის რაიონისა და თბილისის მხატვრული კოლექტივები.
ფოტოების მოწოდებისათვის მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნელი ბუდაღაშვილს.
სტატიები:
„გურამიშვილობა ლამისყანაში“, თ. მესხი. გაზეთი „განთიადი“, კასპი, 1980 წლის 23 ოქტომბერი. #126 (4866). გვ. 4.
„გურამიშვილობა“. გაზეთი „კომუნისტი“, 1980 წლის 14 ოქტომბერი, სამშაბათი. #236 (17879). გვ. 2.

























