არქეოლოგიური ძეგლები

   კასპის მუნიციპალიტეტი მდიდარია არქეოლოგიური ძეგლებით. ამ ტერიტორიაზე მრავლად არის ნაქალაქარები, ნასოფლარები, ნასახლარები. არქეოლოგიური ძეგლებიდან გამოირჩევა გრაკლიანი გორა, ციხიაგორა, ხოვლეგორა, სადაც გვხვდება სხვადასხვა პერიოდის ფენები და არტეფაქტები. მოპოვებული მასალა ძირითადად დაცულია საქართველოს ს. ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში, კასპისა და გორის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში. 

  ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური ძეგლების შესახებ.

აღაიანის ველი

აღაიანის ველი — ისტორიული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში. 1625 წლის გაზაფხულზე, შაჰ-აბას l-ის ბრძანებით, კახელების გასანადგურებლად მოსული სპარსთა ლაშქარი ყანჩიხა-ხანის სარდლობით, აღაიანის ველზე დაბანაკდა. განზრახვის განსახორციელებლად, ყანჩიხა-ხანმა კახელთა დიდი ჯარი დაიბარა იმერეთში სალაშქროდ. შემოტყუებულ კახელებს შეპირდნენ, მოძმე იმერლების წინააღმდეგ საბრძოლველად არ წაგიყვანთ, იარაღი ჩაგვაბარეთ, საჩუქრები მიიღეთ და შინ დაბრუნდითო. კახელები „საჩუქრების“ მისაღებად, მოშორებით მდგარ კარავში უნდა შესულიყვნენ. აქ მათ სიკვდილი ელოდათ. კახელებმა შეიტყვეს ყიზილბაშების განზრახვა, მოახტნენ ცხენებს და კახეთისაკენ ხმლით გაიკაფეს გზა. აღაიანის ველზე რამდენიმე ასეული კახელი გაწყდა.

წყარო: აფრასიძე გ.,  საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ. გვ. 136.

აღაიანის ნამოსახლარი l — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის ზემოთ, თხოთის მთის ჩრდილო ფერდობზე, თბილისი-გორის გზის მარცხენა მხარეს. გორის ზედაპირზე და კულტურულ ფენაში იპოვება ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი თიხი ჭურჭლის ნატეხები.

წყარო: გვეტაძე ჯ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 138. 

აღაიანის ნამოსახლარი ll — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, თბილისი-გორის გზის მარცხენა მხარეს, გზიდან 100 მეტრზე, აღაიანის ახალ სასაფლაოსთან. გორის ზედაპირზე იპოვება ძვ. წ. l ათასწლეულის, გვიანდელი ანტიკური ხანისთვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭლის ნატეხები.

წყარო: გვეტაძე ჯ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 138

აღაიანის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის აღმოსავლეთით, ღვინის ქარხნიდან 0,5 კილომეტრზე, თბილისი-გორის გზის მარცხენა მხარეს. ფართობი 3 ჰექტარი. თარიღდება ძვ. წ. Xl საუკუნით, გვიანდელი ბრინჯაოდან რკინის ხანაზე გარდამავალი პერიოდით. მოპოვებული მასალის ნაწილი (ბრინჯაოს ბრტყელი ცული, შუბისპირი, ირმის ქანდაკება, მილები, საკინძები) დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ნაწილი (ბრინჯაოს მახვილი, რგოლი, ბალთა და კერამიკა) კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

წყარო: ბარამიძე მ, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 138.

აღაიანის სამაროვანი და ნაქალაქარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის ჩრდილო-დასავლეთით, ე. წ. რიყიანების ველზე. თარიღდება გვიანდლი ელინისტური, გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანით. სამაროვანი პირველად 1975 წელს გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ნასტაკისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ა. ბოხოჩაძე). სამარხთა უმეტესი ნაწილი გაითხარა 1977-1978 წლებში. გამოვლენილია თიხის სარკოფაგი, ორმოსამარხები (19) და ქვევრსამარხი (2).

სამაროვანი

თიხის სარკოფაგი აღმოჩნდა მიწის ზედაპირიდან 0,6 მეტრ სიღრმეზე. გამოვლენილი ინვენტარის მიხედვით, იგი თარიღდება ძვ. წ. I საუკუნის II ნახევრით. წაგრძელებული სწორკუთხა ფორმის (1,4×0,46 მეტრი) სარკოფაგი ზემოთკენ თანდათან ფართოვდება. კედლების სისქე 0,25 მეტრია. კუთხეები დანითაა ჩათლილი. სახურავი ბრტყელია, ოდნავ ამოზნექილი. დამზადებულია მსხვილმარცვლოვანი მოვარდისფროდ გამომწვარი თიხისაგან. მიცვალებული ესვენა მარჯვენა გვერდზე, ძლიერ ხელფეხმოხრილი. პირში ედო ოქროს მონეტა — ლიზიმაქეს სტატერის ტიპის მონეტის მინაბაძი. ხელში ეჭირა პართიის მეფის ოროდ II-ის ვერცხლის დრაქმა (ძვ. წ. 58-57; 38-37). გულზე ედო ვერცხლის თასი, მარჯვენა ხელის მაჯაზე ეკეთა ვერცხლის ბოლოებგადახვეული სამაჯური, რომლის მოძრავად დამაგრებულ თვალბუდეს მინის ინტალიო ამკობდა. ფეხებთან ედგა წითლად ანგობირებული თიხის ხელადა. სამარხში აღმოჩნდა კიდევ ოთხი ვერცხლის მონეტა: სინათრუკის დრაქმა (ძვ. წ. 77-70 წლები) და რომის რესპუბლიკის დენარები (ძვ. წ. 87, 60 და 29 წლები). ორმოსამარხები სამაროვანზე უმრავლესობას შეადგენს. აქ მოპოვებული დიდძალი მასალის მიხედვით, თარიღდება ძვ. წ. l საუკუნის შუა ხანითა და ახ. წ. l საუკუნის დასასრულით. ორმოსამარხებს წაგრძელებული ფორმა აქვთ, ყველა მიწაყრილიანია და დამხრობილია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ. მიცვალებულები დაკრძალულია მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, ძლიერ ხელფეხმოხრილი. აქ აღმოჩნდა მაღალმხატვრული ადგილობრივი კერამიკა: წითლად და შავად გამომწვარი, წითლად ანგობირებული, წითლად მოხატული ხელადები, ჯამები და კოჭობები, ოქროსა და ვერცხლის სამკაულები (სამაჯურები, ბეჭდები, საყურე რგოლები და საკიდები), ვერცხლის ჭურჭელი (თასები და კოვზები), ვერცხლისავე მოთვალული ღილები და სხვა; ბრინჯაოს ნაწარმი — ჭურჭელი (იტალიური სურა და ჩამჩა) და სამკაულები (ბეჭდები, საკიდები, ზარაკები აბზინდები და სხვა); მრავალფეროვანი რკინის ნაწარმი (სამფეხა შანდალი, რომაული ცალუღელა სასწორი, სხვადასხვა ფორმის დანები, წალდი და სხვა). შედარებით იშვიათი იყო მინის ჭურჭელი (ხუთიდან ოთხი სირიის სახელოსნოების პროდუქცია). გლიპტიკა წარმოდგენილი იყო მინისა და სარდიონის გემებით (ყველა ინტალიო). ჭარბობდა ღვთაებათა (ჰერმესი, ათენა, ისიდა და სერაპისი) გამოსახულებები. შედარებით იშვიათი იყო ადამიანის, ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებები. სამაროვანზე გამოვლინდა დიდძალი ნუმიზმატიკური მასალა, ოქროსა და ვერცხლის 120-მდე მონეტა: რომის, პართიის, პონტოს, კაპადოკიისა და სომხეთის ვერცხლის მონეტები, კოლხეთისა და იბერიის ოქროს მონეტები (ლიზიმაქესა და ალექსანდრე მაკედონელის სტატერის ტიპის მონეტების მინაბაძები) მრავალფეროვნებით გამოირჩევა სხვადასხვა მასალიდან დამზადებული ადგილობრივი თუ იმპორტული მძივები და საკიდები. ქვევრსამარხი აღმოჩნდა მიწიდან 1,3 მეტრ სიღრმეზე. თარიღდება ახ. წ. l საუკუნით. სადაზედაპირიანი, მოვარდისფროდგამომწვარი ქვევრი დამზადებულია მცირემინარევებიანი თიხისაგან. მას განიერი ცილინდრული ყელი, კვერცხისებრი ტანი და ვიწრო, ბრტყელი ძირი აქვს. ქვევრი ჩადგმული იყო თითქმის ჰორიზონტალურად. მიცვალებული ესვენა მარჯვენა გვერდზე, ძლიერ ხელფეხმოხრილი. სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს ყურძნის მტევნის გამოსახულება-საკიდი და ბრინჯაოს თხელი ფირფიტისგან დამზადებული ცილინდრული მძივი.

ნაქალაქარი

ნაქალაქარი მდებარეობს სამაროვნის აღმოსავლეთით, სამასიოდე მეტრზე. ჯერჯერობით გათხრილი ნაწილი თარიღდება გვიანდელი ელინისტური და გვიანდელი ანტიკური ხანით (ძვ. წ. I და ახ. წ. IV საუკუნეები). რიყიანების ველის ზედა ფენა (სისქე 0,6-0,7 მეტრი) მრავალჯერაა გადახნული და ამიტომ არეულია. მის ქვეშ არსებულ კულტურულ ფენაში იპოვება კრამიტის, ბათქაშის, თიხის ჭურჭლისა და წყალგაყვანილობის თიხის მილის ფრაგმენტები. 1,3 მეტრ სიღრმეზე აღმოჩნდა ერთი პირი რიყის ქვით მოგებული საძირკვლის ნაწილი, რომელზეც 0,1-0,15 მეტრზე შემორჩენილი იყო ალიზის აგურის ნაშთები. ინტენსიური მშენებლობის კვალი შეიმჩნეოდა საკმაოდ მოზრდილ ნაკვეთზე, ამიტომ გასათხრელმა ტერიტორიამ 7000 კვადრატულ მეტრს მიაღწია. სხვადასხვა სიღრმეზე გამოვლინდა კრამიტყრილები, რომლის აკრეფის შემდეგ დაფიქსირდა ანტიკური ხანის ხუთი სამშენებლო დონე. ანტიკური ხანის ნაგებობათა საძირკვლები ერთი პირი რიყის ქვისაა. მათზე ალიზის აგურით ამოყვანილია კედლები, რომლებიც კარგად ყოფილა შელესილი და შეღებილი, ზოგჯერ — მოხატულიც. გათხრებისას აღმოჩნდა მუქი წითელი საღებავით შესრულებული მოხატულობის რამდენიმე ათეული ფრაგმენტი. ყველა ნაგებობა გადახურული იყო წითლად შეღებილი კრამიტით (უმრავლესობას ეტყობა კუთხეების ჩათლა-ჩასწორების კვალი, ხშირია ხელოსანთა ნიშნებიც). დიდი რაოდენობით იყო აგურები (0,29×0,29×0,04 მეტრი) და ნახევარაგურები (0,29×0,14×0,04 მეტრი), თიხის მილების, კალორიფერების და აბანოს მოსაპირკეთებელი ფილების ნატეხები. ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილი კერამიკა, გამონაკლისის გარეშე, დამზადებულია კარგად განლექილი თიხისაგან და გამომწვარია თანაბრად. აქ დიდი რაოდენობით იპოვება სარკმლის მინისა და მინის ჭურჭლის ნატეხები, რკინის ლურსმნები. მეორე სამშენებლო ფენის სვეტებიანი სათავსოს იატაკზე აღმოჩნდა ვერცხლის რკალშეზნექილი სამაჯურის ფრაგმენტები და ავგუსტუსის დენარი (ძვ. წ. 2-ახ. წ. 4 წლები). ნაქალაქარზე გამოვლენილი მასალის მრავალფეროვნება, ნაგებობათა არქიტექტურა, დიდძალი იმპორტული თუ ადგილობრივი მაღალმხატვრული ნაწარმი, დიდი რაოდენობის მონეტები მიგვანიშნებს, რომ ქალაქის ეს უბანი ძირითადად ვაჭარ-ხელოსანთა ფენით უნდა ყოფილიყო დასახლებული.

წყარო: მირიანაშვილი ნ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 138-139. 

აღაიანის სამარხი — გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამარხი, რომელიც აღმოჩნდა მიწის სამუშაოების დროს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის ტერიტორიაზე 1961 წელს. სამუშაოების დროს სამარხი დაზიანდა, მის მიმდებარედ აკრეფილი მასალა შეისწავლა მალხაზ ბარამიძემ და ძვ.წ. XII ს. II ნახევრით დაათარიღა. აღაიანის კომპლექსში შედის მოშავო-მონაცრისფროდ გამომწვარი თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს ნივთები, მათ შორის, ბოლომომრგვალებული მახვილი. კოლექციის ნაწილი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ნაწილი კი — კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა: მალხაზ ბარამიძე. შიდა ქართლის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, მსკა, VI, თბილისი, 1974 წ.

ახალქალაქის განძი — ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო მეოთხედის ბრინჯაოს ნივთების განძი (11 ცენტრალურ-ამიერკავკასიური და 4 კოლხური ცული, ასიოდე კგ ბრინჯაოს ზოდები). აღმოჩნდა 1908 წელს სოფ. ახალქალაქში (კასპის რაიონი). როგორც ჩანს, ლითონის მდნობელის განძი უნდა იყოს და ამ მხარეში მელითონეთა სახელოსნოს არსებობის მაჩვენებლად შეიძლება მივიჩნიოთ. ახალქალაქის განძი მნიშვნელოვანია აგრეთვე კოლხური ცულების გავრცელებისა და კოლხური და აღმოსავლური ქართული ბრინჯაოს კულტურების ურთიერთობის შესწავლის თვალსაზრისით.

ლიტერატურა: ქორიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977 წ. გვ. 97.

ახალშენის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის სახნავ მიწებში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნაგებობაზე გამოვლინდა წითლად გამომწვარი უხეშკეციანი ჭურჭლის ნამტვრევები. რამდენიმე ქვევრის ნამტვრევს გარედან შემორჩენილი აქვს კირის ნალესობის კვალი, რაც მოწმობს, რომ ქვევრები ჩაკირული ყოფილა. ნაგებობის ტერიტორია ამჟამად იხვნება.

წყარო: კვიტაიშვილი რ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 142. 

ახალციხის განძი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის სამხრეთ-დასავლეთით, 0,5 კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ადრინდელი ხანით, ძვ. წ. XlV-ძვ.წ. Xlll საუკუნეებით. არქეოლოგიური განძი აღმოჩნდა სამაროვანზე. განძს შეადგენს ბრინჯაოს ნივთები: სხვადასხვა ზომის 4 ფოთლისებური სატევარი, მასრაგახსნილი ხელშუბისპირი, წვერისკენ სიმეტრიულად შევიწროებული ბოთლისებური ფორმის საკინძი. არქეოლოგიური განძი ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

წყარო: ბარამიძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 142. 

ახალციხის ნამოსახლარი და ციხე — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლაციხის შუაში, ამოზიდულ გორაზე, სამხრეთიდან ესაზღვრება ახალციხის ხევი.

ნამოსახლარზე დადასტურდა ადრინდელი ბრინჯაოს, გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანის კულტურული ფენები.

ნამოსახლარზე დგას ციხე (38,4X23,3 მეტრზე), რომელიც თარიღდება XVIII საუკუნის შუა წლებით. ნაგებია ნატეხი ქვით. ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით მხარე ოდნავ მორკალულია. შესასვლელი დასავლეთ კედელშია. გალავანში ჩართულია ხუთი ცილინდრული კოშკი: ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთ კუთხეებში, დასავლეთ კედლის შუა ნაწილში და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში.

ყველაზე დიდია დასავლეთ კოშკი, ყველაზე პატარა — სამხრეთ-დასავლეთისაა. არქიტექტურულ-კონსტრუქციაში გადაწყვეტის კოშკები მსგავსია. სართულები ძირითადად საბრძოლო დანიშნულებისაა, მაგრამ, ჩანს, საცხოვრებლადაც იყენებდნენ. შესასვლელი ყველა კოშკს ეზოდან აქვს. სართულიანობის დადგენა ძნელია, რადგან ზედა ნაწილები ჩამონგრეულია. ბუხარი ყველა სართულზე კარის მოპირდაპირე კედელშია დატანებული. გალავნისა და კოშკების კედლები ჩართულია ცალმაგი და ორმაგი სათოფურები. საბრძოლო ბილიკი ციხის მხოლოდ სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებს გასდევს.

ციხის ტერიტორიაზე სასაფლაოზე, ზოგიერთ საფლავის ქვაზე შემორჩენილია გუთნეულის, ურმის, მწყემსის და სხვა გამოსახულებები.

წყარო: ზაქარაია პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. 

ბრილისი — არქეოლოგიური ძეგლი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მთიულთუბანში. კავთისხევ-ნოსტეს გზის მარჯვენა მხარეს. თარიღდება ქვის ხანით. ზედაპირზე იპოვება კაჟის იარაღები და წარმოების ნაშთები.

წყარო: ხუბუტია გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 179.

გამდლისწყაროს სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გამდლისწყაროს დასავლეთით 0,5 კილომეტრზრ, ტორტლას ხევის მარცხენა ფერდზე, ადგილ ხოდაბუნებში. მიეკუთვნება ძვ. წ. I ათასწლულის დასაწყისში საუკუნეზე აღმოჩნდა ბრინჯაოს ნივთები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნივთი, რომელზეც გამოსახულია ფარეხი, მწყემსები და ძაღლები.

წყარო: გვეტაძე ჯ. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 143

გარიყულის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაში, გარიყულას ხევის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. აღმოჩნდა რამდენიმე ქვაყუთი, დიდრონი, უხეშად ნათალი ფილაქვებით შედგენილი ინდივიდუალური სამარხები. მიცვალებულები დაკრძალულია უინვენტაროდ, გაშოტილი, თავით დასავლეთისკენ.

წყარო: ბერაძე ე. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 145.

გველდესი — არქიტექტურული ძეგლი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეს სამხრეთით, 3 კილომეტრზე. თარიღდება ფეოდალური ხანით. ნასოფლარზე კარგად შეიმჩნევა ნასახლართა კვალი, კედლების ნაშთები. იპოვება კერამიკული ნაწარმის ფრაგმენტები. ნასოფლარზე მდებარეობს გველდესის ნათლისმცემლის ეკლესია.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 180. 

გომისჯვრის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გომისჯვარში, თარიღდება ფეოდალური ხანით. შემორჩენილია რამდენიმე ნასახლარი ბუდე, მიწაში ვერტიკალურად ჩადგმულია რამდენიმე დიდი ზომის ქვევრი. იპოვება გვიანდელ ფეოდალურ ხანისთვის დამახასიათებელი, მოწითალოდ გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები. ნასოფლარის აღმოსავლეთით განაპირას ჩანს ფილაქვებით ნაგები, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ დამხობილი რამდენიმე ქვაყუთი. ნასოფლარზე თავდაპირველად ყოფილა კოშკი, ერთმანეთისგან ათიოდე მეტრით დაშორებული დარბაზული ეკლესია (დღეისთვის მხოლოდ ორია შემორჩენილი), სასახლე (ნანგრევებიღაა) და თაღით გადახურული აუზიანი წყარო. ერთ-ერთი (იოანე მახარობლის) ეკლესიის წარწერის თანახმად აქ ლევან ბატონიშვილის (XVII საუკუნე) რეზიდენცია იყო.

წყარო: კვიტაიშვილი რ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 149. 

გორაკის ნამოსახლარი ნიშის გორაწითელბატონების ნიშიმელიების გორა — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიცპალიტეტში, მდინარე ლეხურის ხეობაში, სოფლებისა გორაკისა და ქვემო ჭალის საზღვარზე, მიეკუთვნება ბრინჯაოს ხანას. ნამოსახლარი ამოზიდული ტიპის, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ წაგრძელებული გორა (სიმაღლე 20 მეტრი, თხემის ფართობი 30×25 მეტრზე). აქ დადასტურდა ადრინდელი ბრინჯაოს (შავზედაპირიანი და ვარდისფერსარჩულიანი, შავბრიალა, წაბლისფერი და რელიეფური ორნამენტით შემკული ჭურჭლის ნატეხები), გვიანდელ ბრინჯაოს და ადრინდელ რკინის ხანის (შავად და ნაცრისფრად გამომწვარი თიხის ქუსლიანი ბაკოგადმოკეცილი ჯამები და ქოთნები, მოწაბლისფროდ გამომწვარი ორყურა დერგები) და სხვა კულტურული ფენები.

წყარო: ცქიტიშვილი გ. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 149. 

გორაკის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტში, სოფლების გორაკისა და ქვემო ჭალის მიჯნაზე, შაქრო ფოლადაშვილის ეზოსთან. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანით. სამაროვანზე დადასტურდა ორი ორმოსამარხის ნაშთი. სამარხის ინვენტარიდან აღსანიშნავია ბრინჯაოს მხსვილი მავთულის თავებგახსნილი სამაჯურები, საკანჭურები, ნასიპი ზოლებით შემკული შავი თიხის ჯამი და სხვა. მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

წყარო: გვეტაძე ჯ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 149. 

გოსტიბეს ნასოფლარი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაკაში. მდინარე გოსტიბესწყლის მარჯვენა ნაპირზე, ნასოფლარზე შეიმჩნევა ნასახლარი ბუდეები, იქვე დგას ოთხკუთხა კოშკი და ეკლესია.

ნასოფლარის ტერიტორიაზე იპოვება უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

სამაროვანი მრავალფენიანია. ზოგადად თარიღდება ძვ. წ. XI და ახ. წ. III საუკუნით. დადასტურდა სამი ქრონოლოგიური ჯგუფის სამარხები: პირველ მიეკუთვნება შემთხვევით აღმოჩენილი ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხი, რომელშიც აღმოჩნდა ბრინჯაოს ხელშუბის პირი, ბრინჯაოს სატევარო და ორი თიხის ჯამი. სამარხი თარიღდრბა ძვ. წ. XI-VII საუკუნეებით. მეორე ჯგუფში ერთადერთი სამარხია (გაითხარა 1948 წელს, ხელმძღვანელი ტ. ჩიბუნაშვილი). სამარხი დამხრობილი იყო აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. ინვენტარიდან აღსანიშნავია: გველისთავებიანი ბრინჯაოს სამაჯური, ბრინჯაოს საწვივე რგოლებში, ვერცხლის სასაფეთქლე რგოლი, შავი თიხის ჯამი და დოქი. სამარხი თარიღდება ძვ. წ. VI-V საუკუნეებით. მესამე ქრონოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება 1982 წელს შემთხვევით აღმოჩენილი სამარხი. მასში სხვა ნივთებთან ერთად აღმოჩნდა ვერცხლის ფეხიანი თასი, რომელზეც ხაზებით გამოყვანილია ოთხი თხა, ხოლო წერტილებით — რვა ყურძნის მტევანი, აგრეთვე ბრინჯაოს ჭვირული ბალთა, ბრინჯაოს ზარაკი და მძივები თარიღდება II-III საუკუნეებით.

წყარო: გვეტაძე ჯ., კვიტაიშვილი რ. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 150-151.

გოსტიბის სამაროვნები — ძვ. წ. I ათასწლეულის ორი სამაროვანი კასპის რაიონში, მდინარე თეძმის მარჯვენა შენაკადის გოსტიბესწყლის ხეობაში. შესწავლილია 1948 წელს (ტ. ჩუბინაშვილი).

I სამაროვანზე აღმოჩნდა ქვაყრილით დაფარული ორმოსმარხები, რომლებშიც მიცვალებულები კიდურებმოკეცილნი ესვენენ. სამარხებში აღმოჩენილია რუხად და შავად გამომწვარი თიხის ჭურჭელი (დოქები, ქოთნები, კოჭბები, ჯამები), ბრინჯაოს იარაღი (მასრაგახსნილი შუბისპირი, მთლიანად სხმული, ე. წ. კახური ტიპის სატევარი და კოლხური ცული), რაც მოწმობს, რომ კოლხური კულტურისათვის დამახასიათებელი მასალა შიდა ქართლის სამხრეთ რაიონებშიც იყო გავრცელებული. სამაროვანი ძვ. წ. X-VIII საუკუნეების თარიღდება და შეესაბამება სამთავროს სამაროვნის II ფენის ორმოსამარხებს, II სამაროვანზე (I-იდან 1,5 კმ) აღმოჩნდა ადრინდელი ანტიკური ხანის დამახასიათებელი მოკლე ქვაყუთები, რომლებშიც იყო შავად გამომწვარი თიხისაგან დამზადებული გეომეტრიული სახეეებით შემკული ხელადა და ჯამი, ვერცხლის რგოლი, ბრინჯაოს სამაჯური, ბეჭედი, საწვივე რგოლები, საკინძი და ღილები. ლითონის ნივთები ტიპობრივია ძვ. წ. VI-IV საუკუნეებისათვის, კერამიკა კი გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანის ტრადიციებს აგრძელებს მაშინ, როცა ამავე პერიოდში ქვემო ქართლის სამაროვნებზე (ბეშთაშენი) ახალი ტიპის წითლად გამომწვარი კერამიკაა გავრცელებული.

ლიტერატურა: 

  • გაგოშიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 235.
  • გაგოშიძე ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 125.
  • ჩუბინიშვილი ტ., გოსტიბეს ხეობის არქეოლოგიური ძეგლები, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1950, 16 B;

გრაკლიანი გორა — არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდ. ლეხურის მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე, უშუალოდ თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილთან. 2015 წლის 19 მარტს, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

აღმოჩნდა 2008 წელს გზატკეცილის გაფართოებასთან დაკავშირებით ჩატარებული გადარჩენითი არქეოლოგიური გათხრების დროს.

არქეოლოგიური ძეგლი წარმოადგენს მრავალფენოვან ნამოსახლარს და სამაროვანს. აღმოჩენილი მასალა მიეკუთვნება სხვადასხვა პერიოდს პალეოლითიდან ძვ.წ. II-I საუკუნეებამდე, როდესაც გრაკლიან გორაზე ადამიანის აქტივობა უნდა დასრულებულიყო.

2015 წელს გრაკლიანი გორას ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 2015 წელს გორაზე ძვ. წ. VII საუკუნის ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა გამოვლინდა. დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2 700 წლის ისტორიას ცხადყოფს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ, რომელიც გრაკლიანის გორაზე აწარმოებს გათხრებს, წარწერის თარიღის დაზუსტების მიზნით ნიმუშები მაიამის (აშშ) ბეტა ლაბორატორიაში გააგზავნა. მაიამის ლაბორატორიის მიერ დადგენილი თარიღი არის ძვ. წ. XI-X საუკუნეები.

ლიტერატურა

  • მაისურაძე ე.„გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი წარწერა“ // ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, გორი: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2019, № 2, გვ. 16-43.
  • კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები ცენტრალურ ამიერკავკასიაში : (გრაკლიანი გორა), ვახტანგ ლიჩელი // Academia / აპ. ქუთათელაძის სახ. თბ. სახ-ფო სამხატვრო აკადემია, თბ., 2010 ISSN 1512-0899, N1, გვ. 25-38

გრაკლის ყორღანული ველი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკალში, აშურიანის ველის დასავლეთ ბოლოში, მდინარე მტკვრის მარცხენა ტერასაზე. თარიღდება შუა ბრინჯაოდან, გვიანდელ ბრინჯაოზე გარდამავლი ხანით. 1965 წელს, გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ზ. შატბერდაშვილი). გაითხარა რამდენიმე სხვადასხვა ზომის (დიამეტრი 10-20 მეტრი) ყორღანი. ზოგ მათგანს ირგვლივ ნატეხი ქვა აქვს შემოწყობილი. პირველი ყორღანი მდებარეობს სოფლის მიდამოებში. თარიღდება ძვ. წ. ll ათასწლეულის l ნახევრით. წარმოადგენს დაბალ, კონუსის მოყვანილობის რიყის ქვის ყრილს, რომლის დასაკრძალავი ორმოს (2,1×1,9×2 მეტრი) იატაკი ორ საფეხურადაა მოწყობილი. სამარხში აღმოჩნდა სხვადასხვა ზომისა და ფორმის, ძირითადად სადა, შავად გამომწვარი გაპრიალებული თიხის ჭურჭელი (23 ცალი). ზოგ შავ ჭურჭელს აგურისფერი სარჩული აქვს. გამოირჩევა სამი ორნამენტიანი ჭურჭელი შემკული კოპებით, სავარცხლისკბილისებრი ნაჭდევითა და ნაპრიალები სახეებით. აღმოღნდა აგრეთვე ჯიხვის მთლიანი ჩონჩხი, რომელსაც თავთან ედო ობსიდიანის მოზრდილი მოზრდილი უფორმო ანატკეცი — შესაწირავი საქონლის დასაკლავი რიტუალური „დანა“ (ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში). მეორე, მესამე და მეოთხე ყორღანი დაბალი კონუსის ფორმის ქვაყრილებია, რომლებსაც ირგვლივ (დიამეტრი 10-15 მეტრი) ცალპირად შემოწყობილი აქვთ ნატეხი ქვები. სამარხი ორმოები ოთხი ტიპისაა. სამარხებში აღმოჩნდა ე. წ. ბაიბურთის ტიპის მსგავსი კერამიკული მასალა (ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში).

წყარო: შატბერაშვილი ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 152.

გუდალეთის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთში, თაგვიანთ უბანში. თარიღდება ფეოდალური ხანით. სამაროვანზე დადასტურდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ დამხრობილი ქვაყუთები.

წყარო: კვიტაიშვილი რ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 154.

დიონისეს ქანდაკება – მონუმენტური ხელოვნების ძეგლი, ვერცხლით ინკრუსტირებული ბრინჯაოს ქანდაკება (სიმაღლე 0,2 მ). შემთხვევით აღმოჩენილია 1982 წელს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროს აღმოსავლეთით. ქანდაკება ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ქანდაკება განეკუთვნება ძვ. წ. III-II საუკუნეებს.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ.  გვ. 173.

დოესის ყორღანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში, გრაკლის რკინიგზის სადგურიდან 2 კილომეტრზე, სოფელ ხოვლესკენ მიმავალი საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, მისგან ორასიოდე მეტრზე, სოფლის სახნავ მიწებში. თარიღდება ადრინდელი ბრინჯაოს გვიანდელი საფეხურით. სამარხი 1974 წელს გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის, გორისა და კასპის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი გ. ცქიტიშვილი). ყორღანი (სიმაღლე 2 მეტრი; დიამეტრი 30 მეტრი) წარმოადგენს მიწაყრილიან სამარხს, რომელსაც შემოვლებული აქვს უსისტემოდ ჩაყრილი რიყის ქვის „ჯავშანი“. ყორღანის ცენტრში ნატეხი ქვით ნაგები აკლდამაა, რომელშიც ესვენა ჩონჩხი, მარცხენა გვერდზე, ხელფეხმოხრილი, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ დამხრობილი. მიცვალებულს თავთან ედო ორყურა შავზედაპირიანი ბადია. მოპოვებული მასალა დაცულია კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

წყარო: ირემაშვილი შ., შატბერაშვილი ზ. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. 

ერთაწმინდის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდის ჩრდილოეთით, 1 კილომეტრზე, გორაზე, ახალციხის ხევის მარცხენა მხარეს. გორა გეომორფოლოგიურად ამოზიდული ტიპისაა. ნამოსახლარზე დადასტურდა ორი კულტურული ფენა — ადრინდელი რკინის ხანისა და ანტიკური ხანის.

წყარო: ცქიტიშვილი გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 156

ერთაწმინდის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდის სამხრეთით, სამიოდე კილომეტრზე, ადგილ გავაზურში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარზე ზედაპირულად იკრიფება წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, შემორჩენილია რამდენიმე ნასახლარი ბუდე, თიხის ხსნარითა და რიყის ქვით ნაგებ შენობათა საძირკვლები. აქვეა ნატეხი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესიის ნანგრევები, რომლის აღმოსავლეთ ფასადზე, კედლის წყობაში კარგად გათლილი ქვიშაქვების რამდენიმე კვადრია ჩართული.

წყარო: კვიტაიშვილი რ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. 

ზემო რენეს ნამოსახლარი გორა — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სამხრეთით, 2 კილომეტრზე, მთის თხემზე. ნამოსახლარ გორაზე დადასტურებულია ადრინდელი რკინის, გვიანდელი, ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის ფენები. ზედაპირზე იპოვება შავად და ნაცრისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

წყარო: ცქიტიშვილი გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 158.

ზემო რენეს ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სამხრეთით, 700-800 მეტრზე, ტერასაზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარზე ზედაპირულად იპოვება წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის (დერგი, დოქი, ჯამი და სხვა) ფრაგმენტები. მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

წყარო: ირემაშვილი შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 158

ზემო რენეს სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს დასავლეთით, უსახელო მშრალი ხევის ნაპირას, მსხვილფეხა საქონლის ფერმის ტერიტორიაზე. თარიღდება ძვ. წ. Xlll-Xll საუკუნეებით. სამაროვანი 1974-1975 წლებში, გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის, კასპის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი გ. ცქიტიშვილი). გაითხარა 8 სამარხი. ყველა ინჰუმაციურია. თიხნარ ნიადაგში, 1,2-1,4 მეტრ სიღრმეზე გათხრილია გეგმით სწორკუთხა, წაგრძელებული, ხის ძელებით ან ტოტებით გადახურული ორმოსამარხები (1,2×0,8; 1,3×0,9 მეტრი). სამარხები დამხრობილია სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ ან სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ. მიცვალებულები დაკრძალულია ხელფეხმოხრილი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით ჩრდილოეთის ან ჩრდილო-დასავლეთისკენ. მოპოვებული მასალიდან აღსანიშნავია სამზარეულოს და სამეურნეო დანიშნულების შავად ან ნაცრისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭელი (დოქი, ფიალა, ჯამი, კოჭობი, დერგი, სადღვებელი და სხვა), რომელიც შემკულია ამოღარული ირიბი ნაჭდევი და ნაპრიალები ხაზებით, ტალღური და თევზიფხური სახეებით, რელიეფური სარტყლებით, ცხოველის თავის სტილიზებული გამოსახულებით. სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს იარაღი და სამკაული: კახური ტიპის სატევარი, ფოთლისებური და ალისებური სატევრისპირები, მასრაგახსნილი ხელშუბისპირები, ცენტრალური ამიერკავკასიის ტიპის ცულები და სხვა; სატეხი, ბრტყელი ცული და ნამგალი; სასაფეთქლე ხვიები, საკინძები, სამაჯურები, მინისა და პასტის მძივები და სხვა; ცხენის აღკაზმულობა: ლაგმები, საყბეურები და სხვა. სამაროვანზე აღმოჩნდა აგრეთვე ინსიგნიები: ბრინჯაოს კოპებით მოჭედილი ირმის რქის ძირის კვერთხი, ბრინჯაოს გრავირებული ცული ბრინჯაოსავე ტარითა და ყუაზე ძაღლის სკულპტურული გამოსახულებით. ცულის პირი და ტარი მორთულია მრავალფეროვანი ორნამენტით, რაც ცულის სარიტუალო-რელიგიურ დანიშნულებაზე მეტყველებს, ხოლო ტარის პროპორციების მიხედვით, იგი საბრძოლო იარაღიც უნდა იყოს. მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

წყარო: ირემაშვილი შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 158.

ზემო ხანდაკის საწარმო — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანით. აქ აღმოჩნდა ბრინჯაოს ფოთლისებრი ვიწროქუდიანი სატევრის პირები, ფართომხრიანი მოზრდილი თოხი და ბრინჯაოს ზოდი (3 კილოგრამი), რაც ადასტურებს აქ მეტალურგიული საწარმოს არსებობას.

წყარო: ბარამიძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 161. 

თავკავთის ნიში — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, მდებარეობს ნასოფლარ პარატისის აღმოსავლეთით, 100 მეტრის მანძილზე. ნიში ქვაში ჩასმული ქვაჯვარია, რომლის მხოლოდ ქვედა ნაწილია შემორჩენილი. ქვის მარცხენა ქვედა კუთხეში გამოსახულია შარავანდედიანი მამაკაცი. მარჯვენა კუთხე დაფარულია გრეხილი ორნამენტით. ჯვრის მარჯვენა მკლავი მოტეხილია და იქვე გდია ნიშთან. მასზე მხედრული წარწერაა: „რუსთაველი სტეფანე“.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 172. 

თელათგორის ნაქალაქარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელათგორის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით, ახალქალაქ-წინარეხის გზის გასაყართან. კომპლექსი შედგება ნამოსახლარი გორის, ნაქალაქარისა და სამაროვნისგან. ნამოსახლარი გორა ამოზიდული ტიპისაა. ადგილობრივი მოსახლეობა მას „საფუზრების გორას“ უწოდებს. ნამოსახლარზე ზედაპირულად იპოვება გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინისა და ანტიკური ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები. ნაქალაქარი ნამოსახლარს ეკვრის სამხრეთიდან (ფართობი დაახლოებით 15 ჰექტარი). ნაქალაქარზე დასტურდება ორი კულტურული ფენა (ძვ. წ. lll-ll და ახ. წ. l-lll საუკუნეები). ორივე ფენაში გამოვლინდა სახლების ნაშთები, რომლებსაც იატაკი თიხატკეპნილი ჰქონიათ, ხოლო სახურავი კრამიტისა. ნასახლარებთან, ქვედა ფენაში, დიდი რაოდენობით იპოვეს წითლად მოხატული ქვევრები, ასევე წითლად შეღებილ-მოხატული ჭურჭელი. ნაქალაქარზე უხვადაა წითლად შეღებილი, ბრტყელი და ღარისებრი კრამიტები და ანტიკური ხანისთვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭლის ნატეხები. ჭურჭლის მოხატულობაში ჭარბობს გეომეტრიული სახეები, სიუჟეტური ნახატი. ზედა ფენაში ძირითადად სადაზედაპირიანი ჭურჭელია. ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლინდა l-lll საუკუნეების, კერამიკული წარმოების ნაშთი. გვიანდელ ანტიკურ ხანაში, ქალაქის ტერიტორია მცირდება. ძვ. წ. lll-ll საუკუნეების ნასახლარებში გამოვლინდა l-lll საუკუნეების სამაროვანი. აქვე, ელინისტური ხანის სახლების ნაშთების ქვეშ, აღმოჩნდა გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ერთი ორმოსამარხი. მიცვალებული ესვენა მოკუნტული, მარცხენა გვერდზე, თავით დასავლეთისკენ. ინვენტარიდან აღსანიშნავია ფოთლისებრი სატევრისპირი. აქვე იყო ადრინდელი რკინის ხანის კიდევ ერთი ორმოსამარხი. დამარხვის წესი აქაც ანალოგიურია. ინვენტარიდან აღსანიშნავია კონუსურთავიანი საკინძები. l-lll საუკუნეების სამაროვანზე ერთდროულად ერთმანეთის გვერდით გვხვდება ორმოსამარხი, კრამიტსამარხი და ქვევრსამარხი. ყველა ტიპის სამარხებში დამარხვის წესი ერთგვარია, მიცვალებული ასვენია ხელფეხმოხრილი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით სამხრეთისკენ ან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. ინვენტარიც იდენტურია — წვრილი სუფრის ჭურჭელი და ბრინჯაოსა და რკინის სამკაულები. კრამიტსამარხში აღმოჩნდა ავგუსტუსისა და გოზარზის ვერცხლის მონეტები.

წყარო: კვიტაიშვილი რ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 162. 

თელათგორის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელათგორის ბოლოს, სამხრეთ-აღმოსავლეთით, თრიალეთის ქედის ჩრდილო განშტოებაზე. თარიღდება ადრინდელი რკინის ხანით. ადგილი ძალზე დახრამულია, ხშირია მეწყერიც, რომლის დროსაც ვლინდება ცალკეული ნივთები. სამარხში აღმოჩნდა თიხის ჯამი, ბრინჯაოს ორი ბოთლისებურთავიანი საკინძი, ბეჭედი და თიხის 4 ხელადა. მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

წყარო: ბარამიძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 162. 

თხოთის მთის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის სამხრეთით, თხოთის მთის დაბლა კალთებზე, თბილისი-გორის გზის მარცხენა მხარეს, ტერასებზე. თარიღდება lV-V საუკუნეებით. 1975 წელს, გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ნასტაკისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ა. ბოხოჩაძე). გამოვლინდა 25 სამარხი. სამარხები ოთხი ტიპისაა: თიხის სარკოფაგები, აგურით ნაგები და მუხის ძელით გადახურული სამარხები, კატაკომბური სამარხები და ორმოსამარხები.

თიხის სარკოფაგები დამზადებულია მსხვილმარცვლოვანი თიხისგან, გამომწვარია მოწითალოდ, არათანაბრად. მათ წაგრძელებული ოვალის ფორმა აქვთ (სიგრძე 1,5-2,1 მეტრი, სიგანე 0,6-0,7 მეტრი, კედლის სიმაღლე 0,32-0,4 მეტრი, სისქე 0,01-0,02 მეტრი), ახურავთ თიხისავე ბრტყელი სახურავი, რომლის გადმოკეცილი ნაპირები კარგად ჯდება სარკოფაგის კედლის წიბოზე. ძირზე დატანებული აქვთ 8-10 ნახვრეტი. სარკოფაგებს დგამდნენ ორმოში, ხოლო ზევიდან გარდიგარდმო აფარებდნენ ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილ მუხის 6-8 ძელს (სიგრძე საშუალოდ 1,3-1,4 მეტრი; დიამეტრი 0,3-0,4 მეტრი), რომლებსაც რიყის მოზრდილი ქვებით ამაგრებდნენ.

აგურით ნაგები და მუხის ძელით გადახურული სამარხი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა. სამარხის გრძივი კედლები შეგდენილი იყო სამი, ხოლო განივი კედლები თითო კვადრატული აგურით (0,29×0,29×0,4 მეტრი), სახურავად გამოყენებული იყო ხის ძელი (სიგრძე 1,4 მეტრი, სიგანე 0,3 მეტრი).

კატაკომბური სამარხებისთვის მიწა ამოღებულია 1,2-1,5 მეტრ სიღრმეზე. მის ჩრდილო კედელში სამარხის ძირთან გამოთხრილია დამატებითი ორმო, რომელშიც შესვენებულია მიცვალებული. ამ ორმოზე აფარებულია თავბოლოშექცევით ცერად დაყენებული 3-6 ბრტყელი კრამიტი, ხოლო პირველი ორმო ამოვსებულია მიწით. მიცვალებულს მიწა არ აყრია.

გათხრილი სამარხების დიდ უმრავლესობას ორმოსამარხები შეადგენენ. დასაკრძალავი ორმოები უმეტეს შემთხვევაში ოვალური ფორმისაა (სიგრძე 1,2-1,8 მეტრი). ორმოსამარხები სამი სახისაა – მუხის ძელებით გადახურული, ქვის ფილებით გადახურული და მიწაყრილიანი სამარხები. გამოვლენილი ყველა სამარხი დამხრობილია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ. მიცვალებულები ასვენია სხვადასხვა პოზაში. დაკრძალვის გაბატონებული წესის დადგენა თუნდაც ერთი პერიოდის, IV ან V საუკუნეების სამარხების მიხედვით ვერ მოხერხდა. სამარხების დიდ უმრავლესობაში დადასტურებულია მიცვალებულის ზურგზე, გაშოტილი დაკრძალვა, ზოგ შემთხვევაში მიცვალებულებს ფეხები მუხლებში აქვთ მოხრილი, ზოგჯერ ხელები გულ-მკერდზე ან მუცელზე უწყვიათ, ხშირად გაჭიმული აქვთ ტანის გასწვრივ და ხელის მტევნები მენჯის ქვეშა აქვთ ამოდებული და ასე შემდეგ. დაკრძალვის ერთიანი წესი შეინიშნება კატაკომბურ სამარხებში, სადაც მიცვალებულები ძირითადად ზურგზე გაშოტილი წვანან, ფეხები მუხლებში აქვთ მოხრილი, ხოლო ხელები ტანის გასწვრივ უწყვიათ. რამდენიმე წყვილად სამარხებში ერთი მიცვალებული დაკრძალულია წარმართული, ხოლო მეორე – ქრისტიანული წესით. დაკრძალვის წესისა და სამარხეული ინვენტარის მიხედვით გამოიყოფა ორი ქრონოლოგიური ჯგუფი: IV საუკუნისა, რომელიც შეიცავს მდიდრულ ინვენტარს — ოქროს საიუველირო ნაწარმსა და მონეტებს; ასევე, V საუკუნისა, რომელიც შედარებით ღარიბულია ინვენტარით ან სრულიად არ შეიცავს სამარხეულ ინვენტარს.

წყარო: მირიანაშვილი ნ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 137. 

იდლეთის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლეთის ჩრდილოეთით ერთ კილომეტრზე, მდინარე კავთურას მარჯვენა სანაპიროზე, ადგილობრივი აკლდამის ველზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

წყარო: გვეტაძე ჯ.,  საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 166.

იორამის გორა — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის ჩრდილო დასავლეთით 1,5 კილომეტრზე, ქასრაანთ ხევის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანით. ნამოსახლარზე იპოვება თიხის ჭურჭლის ნატეხები.

წყარო: გვეტაძე ჯ.,  საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 169.

კავთისხევის აკლდამა — აკლდამა საქართველოში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის მონასელიანთ უბანში, მდინარე კავთურის მარჯვენა ნაპირზე, თამარ დედოფლის გორაზე. თარიღდება XVI-XVIII საუკუნეებით. აღმოაჩინეს 1963 წელს მიწის სამუშაოების დროს.

   აკლდამა შედგება კლდის ქვითა და ბრტყელი აგურით ნაგები საკნისა და დრომოსისაგან. დრომოსი საკანს უკავშირდება აღმოსავლეთიდან ისრულ-თაღიანი შესასვლელითა და ოთხსაფეხურიანი კიბით. საკნის (2,85 X 2,27 მ, სიმაღლე 3 მ) კუთხეებში 1,4 მ სიმაღლეზე აგურით გადაყვანილია ისრული ტრომპები; აქედან იწყება აგურის წრიულგუმბათოვანი, სფერული გადახურვა. გუმბათს ზემოდან ადევს ფილაქვები, შემდეგ ქვის გროვა და მიწაყრილი. საკნისა და დრომოსის კედლები დუღებზეა ამოყვანილი. კედლებიც და იატაკიც კირითაა შელესილი. საკნის სამხრეთ და დასავლეთ კედლების ზედა ნაწილებში დაყოლებულია შიგნით დაქანებული თიხის მილები. მათი გარე ნაწილი დახშულია. მილების დანიშნულება გაურკვეველია. აკლდამაში არეულად ეყარა ადამიანის ძვლები, რაც იმას ადასტურებს, რომ იგი ადრევე გაუძარცვიათ. აკლდამის არქიტექტურაში შეინიშნება XVI-XVIII საუკუნეების ქართლ-კახეთის უმრავლეს ნაგებობებისათვის დამახასიათებელი ტიპური ნიშნები.

ლიტერატურა:

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.
  • ჯორბენაძე ბ., აკლდამა სოფ. კავთურაში, ძეგლის მეგობარი, 1970, გვ. 68-71

კავთისხევის მეორე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის რკინიგზის სადგურიდან მიმავალი საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, მდინარე მტკვრიდან 2 კილომეტრზე, ადგილ მუყაშაანთ ვენახებში. თარიღდება გვიანდელი და ადრინდელი რკინის ხანით. ბორცვის ზედა ნაწილი გადარეცხილია. ზედაპირზე იპოვება სხვადასხვა ჭურჭლის ორნამენტიანი ფრაგმენტები.

წყარო: ირემაშვილი შ.,  საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 169.

კავთისხევის მეორე ნასახლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის ჩრდილოეთით, მდინარე შავწყალას მარჯვენა ნაპირზე, ადგილობრივ ჭიმაანთ ვენახებიდან მდინარე კავთურამდე. თარიღდება ძვ.წ. III საუკუნითა და ახ.წ. V-VIII საუკუნეებით. გამოვლინდა მოხატული პირყელიანი და ბრტყელი პიტბაკოიანი რელიეფურსარტყლიანი ქვევრი.

წყარო: გვეტაძე ჯ.,  საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 171.

კავთისხევის მეორე სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის სამხრეთ ნაწილში, ამაღლებულ ადგილას. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანით. სამაროვანში აღმოჩნდა ბრინჯაოს ე. წ. წინააზიური მახვილი, აღმოსავლეთ ამიერკავკასიური ცული და სატეხი. მოპოვებული მასალა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 172.

კავთისხევის მესამე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის საავტომობილო გზის მარჯვრნა მხარეს, მდინარე მტკვრიდან 2,7 კილომეტრზე, ადგილობრივ მუნისწყაროზე. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინის ხანით. ნამოსახლარი (ფართობი 2 ჰექტარი) იპოვება ნაცრისფერზედაპირიანი, შავად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, უმეტესობა ორნამენტიანია.

წყარო: ირემაშვილი შ.,  საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 166.

კავთისხევის მესამე ნასახლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის დასავლეთით, ოთხი კილომეტრის მანძილზე, ადგილ მლაშეების დასავლეთით, 500 მეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ზედაპირულად იპოვება კერამიკა.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 166.

კავთისხევის მესამე სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, მდებარეობს ჩოჩეთის უბნის განაპირას, ჩრდილოეთით, ადგილ ქასრაანთ მიწებში. თარიღდება ძვ. წ. VI-IV საუკუნეებით.

სამაროვანი 1972-1977 წლებში გათხარა ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კასპის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. გაითხარა ორმოსამარხები, რომელთა ნაწილი გადახურული იყო ფიქალი ქვით. ორმოსამარხებში ძირითადად თითო მიცვალებული იყო დაკრძალული მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, ხელფეხმოხრილი. სამარხებში აღმოჩნდა აგრეთვე სუფრისა და სამზარეულოს თიხის ჭურჭელი, ლითონის იარაღი, სამკაული, ზოგიერთში – ქსოვილისა და ტყავის ნაშთი. ორ სამარხში მიცვალებული ესვენა მათ ქვეშ მდებარე სამარხების გადამხურავ ფილაქვაზე, სრულიად უინვენტაროდ. მოპოვებული მასალა ინახება კასპის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაზე.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 172.

კავთისხევის ნასახლარი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, ცემენტის კარიერის დასავლეთით, ოთხი კილომეტრის მანძილზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, წყალსაქაჩთან. ნასახლარზე გამოვლინდა ქვევრები და რელიეფურსარტყლიანი ყელწიბოიანი დოქები. სამაროვანი მდებარეობს ნასახლარის დასავლეთით, 50 მეტრის მანძილზე, ხევს გაღმა. ორივე თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 172.

კავთისხევის ნასახლარი და სამაროვნები — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, ცემენტის კარიერის ტერიტორიაზე, მესამე ქვის სატეხის აღმოსავლეთით, თარიღდება V-VIII საუკუნეებით.

ნასახლარზე აღმოჩნდა ქვევრები და სხვა ინვენტარი. ნასახლარიდან თხრილით გამოყოფილია მისივე თანადროული სამაროვანი, რომელიც წარმოდგენილია ქვაყუთებით. იქვე, მესამე ქვის სატეხის ჩრდილოეთით, II-III საუკუნეებით დათარიღებული მეორე სამაროვანია, სადაც დასტურდება ქვევრსამარხები. მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 172.

კავთისხევის ნაციხარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, ციხისუბანში. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ციხე ეკუთვნოდა თარხნიშვილებს. შემორჩენილია საძირკვლის ნაშთები.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 172.

კავთისხევის პირველი ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის ადგილობრივ ყორულში, მდინარე კავთურის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება ანტიკური ხანით. ნამოსახლარი გორის ზედაპირზე, იპოვება ანტიკური ხანისთვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

წყარო: ირემაშვილი შ.,  საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 169.

კავთისხევის პირველი ნასახლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის ჩრდილოეთით, მდინარე შავწყალას მარჯვენა მხარეს, ადგილობრივ ოქრომიწებში. თარიღდება ძვ.წ. III და ახ.წ. V-VIII საუკუნეებით. კულტურული ფენები შეიცავს ელინისტური ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის კერამიკას.

წყარო: გვეტაძე ჯ.,  საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 171.

კავთისხევის პირველი სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, მდინარე კავთურის მარჯვენა ნაპირზე, ხვედრულიანთ უბნის აღმოსავლეთით, კაციაშვილების ეზოს ახლოს. თარიღდება ძვ. წ. XIII-XII საუკუნეებით. მიწის სამუშაოების დროს აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი. დაკრძალვის წესი გაურკვეველია. მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 172.

კასპის აკლდამები — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის ქალაქ კასპში, დასავლეთით 1 კილომეტრზე, მტკვრის ხეობაში. წარმოადგენს 10-15 მეტრი სიმაღლის კირქვის კონცხებში გამოკვეთილ ძლიერ დაზიანებულ გამოქვაბულთა ცალკეულ ჯგუფს. შემორჩენილია თითქმის სრულად 4 აკლდამა, 3 კლდის ერთ მასივშია გამოკვეთილი, 1 აღმოსავლეთით ორასიოდე მეტრზეა. აკლდამები მიწის ზედაპირიდან 3-5 მეტრითაა შემაღლებული, გამოკვეთილია ლითონის ოთხწახნაგა იარაღით, საკმაოდ სუფთად. მათი სტრუქტურა ძირითადად ტიპურია.

პირველი აკლდამის და მეორე აკლდამის სამხრეთ კამარები გეგმით კუთხემომრგვალებულ კვადრატს უახლოვდება, ჭერი შეისრული კამარისებრია. ორივე სათავსის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში მიცვალებულის დასასვენებელი ნიში-თაროები. კამერების წინ ღია კარიბჭეა, რომლებშიც გაჭრილია კარი. ასეთივე კარიბჭე აქვს მესამე აკლდამას. ამ აკლდამაში ნიში თაროები არ არის. მეოთხე აკლდამას კარიბჭე არ აქვს.

აკლდამაში ნიში-თაროების დამხრობა ნებისმიერია, რაც დამარხვის არაქრისტიანულ წესზე მიგვანიშნებს. მსგავსი აკლდამები საქართველოში ჯერ არარის მიკვლეული. აკლდამები სტრუქტურუით ოდნავ განსხვავდება აქემენიდური, პართული და სასანური ხანის ირანული აკლდამებისგან. შეისრული ჭერი და კვეთის ტექნიკა საერთოს პოულობს გვიანდელი ანტიკური, აგრეთვე ადრინდელი ფეოდალური ხანის ქართული კლდის ხუროთმოძღვრების ტრადიციებიდან. პარალელული მასალისა და ისტორიული ფაქტების გათვალისწინებით აკლდამები თარიღდება გვიანდელი ანტიკური ხანით ან IV-VI საუკუნით.

წყარო: ნ. ბახტაძე. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 130.

კასპის გორა — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის ქალაქ კასპში, ქალაქის ცენტრში, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება მშრალი უსახელო ხევები, გორაზე ამჟამად დგას სკოლის შენობა. კასპის გორა მიეკუთვნება განმხოლოებულ გორათა კატეგორიას. მისი თხემი სწორი და ფართოდ გაშლილია. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინის და გვიანდელი ფეოდალური ხანით. კულტულური ფენების ერთი ნაწილი ჩამორეცხილი და განადგურებულია. მიკვლეულია ფიქალ-თიხის იატაკის ფრაგმენტები. ზღუდესთან და იატაკზე აღმოჩნდა კერა და უხეში მარცვლოვანი თიხისგან დამზადებული ჭურჭლის ნამტვრევები, რომელთა შორის აღსანიშნავია მოზრდილი ბრტყელბაკოიანი ქვევრის პირ-ყელი, ქოთნის, ქილისა და დერგის ნატეხები. იატაკის ქვეშ, ფეოდალური ხანის კერამისი ნაწარმში აღმოჩნდა გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ჩარხზე დამზადებული წვრილმარცლოვანი თიხის მურა-მონაცრისფრო ჭურჭლის ფრაგმენტები.

წყარო: მ. ბარამიძე. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტომი 5, თბ. 1990 წ. გვ. 131.

კასპის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპში. კასპის რკინიგზის სადგურსა და მდინარე ლეხურას შორის. მიეკუთვნება გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანას (ძვ. წ. XIV—VIII სს.).

1962—1963 წლებში მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიიციის კასპის რაზმმა (ხელმძღვანელი ა. კალანდაძე, რაზმის უფროსი მ. ბარამიძე) გათხარა ქვაყრილიანი და მიწაყრილიანი ორმოსამარხები და 1 კენოტაფი. სამარხი ორმო სწორკუთხა ან ოვალურია და ხის ძელებით ან ფიქალითაა გადახურული. სამარხები ძირითადად თითო მიცვალებულისთვისაა განკუთვნილი. მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ კიდურებმოხრილი, მარჯვნივ (მამაკაცები) ან მარცხნივ (ქალები) გვერდზე, იშვიათად — გაშოტილი. ყოველ მიცვალებულს ჩატანებული ჰქონდა 1-იდან 16-მდე თიხის ჭურჭელი (უმთავრესად მორგვზე დამზადებული შავი, ლეგა ან მონაცრისფრო ხელადები, დოქები, ტოლჩები, სასმისები, ბადია-ლანგრები, დერგები, ქილები, ქოთნები, სადღვებლები და სხვა); იარაღი (ბრინჯაოს ფოთლისებური, გრძელყუნწიანი სამკუთხა ფორმის სატევრები, მოკლე მახვილი, მასრაგახსნილი და მთლიან-მასრიანი შუბისპირები და ხელშუბისპირები, ისრისპირები, რკინის სატევრები და შუბისპირები); სამკაული (საკინძები, სამაჯურები, საკანჭურები, ამულატები, ნემს-მახათბი, მაშა-ჩქიფები, სარდიონის, პასტის, კაურის და ქარვის ნაირგვარი მძივები და სხვა). მსგავსი მასალა აღმოჩენილია აღმოსავლეთ საქართველოს (სამთავრო, ნარეკვავი, აღაიანი, მეტეხი, კავთისხევი, ხოვლე, თბილისი და სხვა) სინქრონულ ძეგლებში.

მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

წყარო: გვეტაძე ჯ., მირიანაშვილი ნ. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტომი 5, თბ. 1990 წ. გვ. 131.

კასპის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპში. კასპის რკინიგზის სადგურსა და მდინარე ლეხურას შორის. მიეკუთვნება გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანას (ძვ. წ. XIV—VIII სს.).

1962—1963 წლებში მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიიციის კასპის რაზმმა (ხელმძღვანელი ა. კალანდაძე, რაზმის უფროსი მ. ბარამიძე) გათხარა ქვაყრილიანი და მიწაყრილიანი ორმოსამარხები და 1 კენოტაფი. სამარხი ორმო სწორკუთხა ან ოვალურია და ხის ძელებით ან ფიქალითაა გადახურული. სამარხები ძირითადად თითო მიცვალებულისთვისაა განკუთვნილი. მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ კიდურებმოხრილი, მარჯვნივ (მამაკაცები) ან მარცხნივ (ქალები) გვერდზე, იშვიათად — გაშოტილი. ყოველ მიცვალებულს ჩატანებული ჰქონდა 1-იდან 16-მდე თიხის ჭურჭელი (უმთავრესად მორგვზე დამზადებული შავი, ლეგა ან მონაცრისფრო ხელადები, დოქები, ტოლჩები, სასმისები, ბადია-ლანგრები, დერგები, ქილები, ქოთნები, სადღვებლები და სხვა); იარაღი (ბრინჯაოს ფოთლისებური, გრძელყუნწიანი სამკუთხა ფორმის სატევრები, მოკლე მახვილი, მასრაგახსნილი და მთლიან-მასრიანი შუბისპირები და ხელშუბისპირები, ისრისპირები, რკინის სატევრები და შუბისპირები); სამკაული (საკინძები, სამაჯურები, საკანჭურები, ამულატები, ნემს-მახათბი, მაშა-ჩქიფები, სარდიონის, პასტის, კაურის და ქარვის ნაირგვარი მძივები და სხვა). მსგავსი მასალა აღმოჩენილია აღმოსავლეთ საქართველოს (სამთავრო, ნარეკვავი, აღაიანი, მეტეხი, კავთისხევი, ხოვლე, თბილისი და სხვა) სინქრონულ ძეგლებში.

მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

წყარო: გვეტაძე ჯ., მირიანაშვილი ნ. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტომი 5, თბ. 1990 წ. გვ. 131.

ნაქალაქარი კასპი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის ქალაქ კასპში, დასავლეთით, ქალაქის ცენტრიდან 2 კილომეტრზე. დასავლეთით ესაზღვრება კოწახურას ხევი, სამხრეთით კასპი-მეტეხის საავტომობილო გზა, ჩრდილოეთით ძლევის ქედისა და საზღვარა გორას კლდოვანი ფერდობები, აღმოსავლეთით ავტოსამეურნეო კანტორის სავარგულები. ფართობი 60 ჰექტარია. ნაქალაქარის ტერიტორიაზე გათხრებსა და არქეოლოგიურ კვლევას ატარებს, არქეოლოგიური კვლევის ცენტრი (ხელმძღვანელი გ. ცქიტიშვილი).

განათხარი უბანი თარიღდება IV-V საუკუნით. გაითხარა ქალაქის ერთი ნაწილი, სწორხაზოვანი ქუჩა და მის ორივე მხარეს განლაგებული ნაგებობები. ქუჩა უსწორმასწორო ქვის ფილებითაა მოგებული. მის დასავლეთ მხარეს გაიწმინდა 6 სათავსი, აღმოსავლეთისაზე 4. შენობები ნაგებია ნატეხი ქვითა და ტალახით. ერთ-ერთ სათავსში აღმოჩნდა ორ რიგად ჩადგმული 6 დიდი ზომის ქვევრი, რომლებსაც ქვისაგან გამოთლილი სარქველები ეხურათ. სახლები გადახურული ყოფილა როგორც კრამიტით, ისე ბანურად. გაუთხრელ უბნებზე უხვად იპოვება კრამიტის და ჭურჭლის ნატეხები, დანგრეული კედლების ქვები, დამწვარი ნაცროვანი ფენები და ასეშემდეგ. საცდელი თხრილებით დაიფარა თითქმის მთელი ნაქალაქარი და ყველაგნ გამოვლინდა შენობათა ნანგრევები. განათხარ ფართობზე იპოვება სამტუჩა ყელწიბოიანი დოქები, ორყურა ჭურჭელი, ქოთნები, ბრტყელი და ღარისებრი, წითლად შეღებლი კრამიტი და სხვა.

ნაქალაქარის სამხრეთ ნაწილში, კოწახურას ხევის აღმოსავლეთით 800 მეტრზე, კასპი-მეტეხის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, გზიდან 50 მეტრის დაშორებით მდებარეობს სამაროვანი, რომელიც თარიღდება III-IV საუკუნით. სამაროვანზე გაითხარა 11 ქვაყუთი. ქვაყუთის გრძივი კედლები ამოყვანილია უხეშად დამუშავებული ორ-ორი ქვით. ყველა ქვაყუთი საოჯახოა. თითოეულში ორიდან ოთხამდე მიცვალებულია დაკრძალული ქრისტიანული წესით. ინვენტარიდან აღსანიშნავია ბრინჯაოს ანთიმონნარევი სარკე, ოქროსა და გიშრის მძივები. სამარხთა მეორე ჯგუფი მცირე ზომის ქვაყუთებისგან შედგება. მათი ყოველი გვერდი თითო ქვით არის აგებული. ქვებზე ამოყვანილია ნარიმანდები. სამარხში აღმოჩნდა მხოლოდ მავთულის საყურეები და გიშრის მძივები.

წყარო: გვეტაძე ჯ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტომი 5, თბ. 1990 წ. გვ. 134.

ნაქალაქარი კასპი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის ქალაქ კასპში, დასავლეთით, ქალაქის ცენტრიდან 2 კილომეტრზე. დასავლეთით ესაზღვრება კოწახურას ხევი, სამხრეთით კასპი-მეტეხის საავტომობილო გზა, ჩრდილოეთით ძლევის ქედისა და საზღვარა გორას კლდოვანი ფერდობები, აღმოსავლეთით ავტოსამეურნეო კანტორის სავარგულები. ფართობი 60 ჰექტარია. ნაქალაქარის ტერიტორიაზე გათხრებსა და არქეოლოგიურ კვლევას ატარებს, არქეოლოგიური კვლევის ცენტრი (ხელმძღვანელი გ. ცქიტიშვილი).

განათხარი უბანი თარიღდება IV-V საუკუნით. გაითხარა ქალაქის ერთი ნაწილი, სწორხაზოვანი ქუჩა და მის ორივე მხარეს განლაგებული ნაგებობები. ქუჩა უსწორმასწორო ქვის ფილებითაა მოგებული. მის დასავლეთ მხარეს გაიწმინდა 6 სათავსი, აღმოსავლეთისაზე 4. შენობები ნაგებია ნატეხი ქვითა და ტალახით. ერთ-ერთ სათავსში აღმოჩნდა ორ რიგად ჩადგმული 6 დიდი ზომის ქვევრი, რომლებსაც ქვისაგან გამოთლილი სარქველები ეხურათ. სახლები გადახურული ყოფილა როგორც კრამიტით, ისე ბანურად. გაუთხრელ უბნებზე უხვად იპოვება კრამიტის და ჭურჭლის ნატეხები, დანგრეული კედლების ქვები, დამწვარი ნაცროვანი ფენები და ასეშემდეგ. საცდელი თხრილებით დაიფარა თითქმის მთელი ნაქალაქარი და ყველაგნ გამოვლინდა შენობათა ნანგრევები. განათხარ ფართობზე იპოვება სამტუჩა ყელწიბოიანი დოქები, ორყურა ჭურჭელი, ქოთნები, ბრტყელი და ღარისებრი, წითლად შეღებლი კრამიტი და სხვა.

ნაქალაქარის სამხრეთ ნაწილში, კოწახურას ხევის აღმოსავლეთით 800 მეტრზე, კასპი-მეტეხის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, გზიდან 50 მეტრის დაშორებით მდებარეობს სამაროვანი, რომელიც თარიღდება III-IV საუკუნით. სამაროვანზე გაითხარა 11 ქვაყუთი. ქვაყუთის გრძივი კედლები ამოყვანილია უხეშად დამუშავებული ორ-ორი ქვით. ყველა ქვაყუთი საოჯახოა. თითოეულში ორიდან ოთხამდე მიცვალებულია დაკრძალული ქრისტიანული წესით. ინვენტარიდან აღსანიშნავია ბრინჯაოს ანთიმონნარევი სარკე, ოქროსა და გიშრის მძივები. სამარხთა მეორე ჯგუფი მცირე ზომის ქვაყუთებისგან შედგება. მათი ყოველი გვერდი თითო ქვით არის აგებული. ქვებზე ამოყვანილია ნარიმანდები. სამარხში აღმოჩნდა მხოლოდ მავთულის საყურეები და გიშრის მძივები.

წყარო: გვეტაძე ჯ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტომი 5, თბ. 1990 წ. გვ. 134.

კასპის პირველი ნასახლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის ქალაქ კასპში, ქალაქის დასავლეთით, 3 კილომეტრზე, მდებარეობს მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მთავარანგელოზის ეკლესიის მახლობლად, თარიღდება ადრინდელი და გვიანდელი ფეოდალური ხანით. შეიმჩნევა ნასახლართა ბუდეების ორ ფენად: ზედა ფენას მიეკუთვენბა მრგვალი თონეები, მოჭიქული კერამიკა, ხოლო ქვედა ფენას ოდნავ პირგადაშლილი პირბაკობტყელი ქოთნები და ქვაბ-ქოთნები.

წყარო: გვეტაძე ჯ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტომი 5, თბ. 1990 წ. გვ. 133-134.

კასპის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპში. კასპის რკინიგზის სადგურსა და მდინარე ლეხურას შორის. მიეკუთვნება გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანას (ძვ. წ. XIV—VIII სს.).

  1962-1963 წლებში მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის კასპის რაზმმა (ხელმძღვანელი ა. კალანდაძე, რაზმის უფროსი მ. ბარამიძე) გათხარა ქვაყრილიანი და მიწაყრილიანი ორმოსამარხები და 1 კენოტაფი. სამარხი ორმო სწორკუთხა ან ოვალურია და ხის ძელებით ან ფიქალითაა გადახურული. სამარხები ძირითადად თითო მიცვალებულისთვისაა განკუთვნილი. მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ კიდურებმოხრილი, მარჯვნივ (მამაკაცები) ან მარცხნივ (ქალები) გვერდზე, იშვიათად — გაშოტილი. ყოველ მიცვალებულს ჩატანებული ჰქონდა 1-იდან 16-მდე თიხის ჭურჭელი (უმთავრესად მორგვზე დამზადებული შავი, ლეგა ან მონაცრისფრო ხელადები, დოქები, ტოლჩები, სასმისები, ბადია-ლანგრები, დერგები, ქილები, ქოთნები, სადღვებლები და სხვა); იარაღი (ბრინჯაოს ფოთლისებური, გრძელყუნწიანი სამკუთხა ფორმის სატევრები, მოკლე მახვილი, მასრაგახსნილი და მთლიან-მასრიანი შუბისპირები და ხელშუბისპირები, ისრისპირები, რკინის სატევრები და შუბისპირები); სამკაული (საკინძები, სამაჯურები, საკანჭურები, ამულატები, ნემს-მახათბი, მაშა-ჩქიფები, სარდიონის, პასტის, კაურის და ქარვის ნაირგვარი მძივები და სხვა). მსგავსი მასალა აღმოჩენილია აღმოსავლეთ საქართველოს (სამთავრო, ნარეკვავი, აღაიანი, მეტეხი, კავთისხევი, ხოვლე, თბილისი და სხვა) სინქრონულ ძეგლებში.

   მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

   ლიტერატურა:

  • გვეტაძე ჯ., მირიანაშვილი ნ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 131.
  • ბარამიძე მ., კასპის სამაროვანი, „მასალები საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიისათვის“, 1965, ტ. 4;

კატაულა — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის შატბერაანთ ეკლესიის ნანგრევების აღმოსავლეთით, ხევის ფერდობზე. თარიღდება ქვის ხანით. იპოვება მცირერიცხოვანი კაჟის მასალა.

წყარო: ხუბუტია გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 168.

კოდისწყაროს ნამოსახლარი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროში, სოფელ კაპრაშიანის განაპირას, ადგილ ხრიოკებში, დაქანებულ ფერდობზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ნამოსახლარს კვეთს ნიაღვრებისგან წარმოქმნილი პატარა ხრამი, რომლის ნაპირების ჭრილში ჩანს ნაცროვან-ნახშიროვანი მძლავრი კულტურული ფენა, რომელშიც იპოვება წითლად გამომწვარი კერამიკის ფრაგმენტები.

სამაროვანი მდებარეობს ნამოსახლარის ჩრდილოეთით, 50 მეტრის მანძილზე. ხრამის ნაპირების ჭრილში ჩანს სანახევროდ გაშიშვლებული და დანგრეული თიხის სარკოფაგები. გაითხარა ერთი სარკოფაგი, რომელშიც მიცვალებული დაკრძალული იყო ქრისტიანული წესით, უინვენტაროდ.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 173.

კორუმტყე — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეს ჩრდილოეთით, ოთხი კილომეტრის მანძილზე, ლაჯიანხევის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება ქვის ხანით. იპოვება კაჟის იარაღისა და წარმოების ნაშთები.

წყარო: ხუბუტაია გ.,  საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 183.

კუდუხაანის კომპლექსი — არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მიდამოებში, კუდუხაანის ჩრდილო-დასავლეთით ორასიოდე მეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასახლარზე გაირჩევა სასახლის, ციხე-კოშკისა და ეკლესიის ნაშთები.

სასახლე

სასახლის ნანგრევების გარშემო, ასიოდე მეტრზე შემორჩენილია ქვით ნაგები სახლების კედლების კონტურები. სასახლეს გარს ერტყა გალავანი, რომლის კედლების კვალიღაა შემორჩენილი.

ციხე-კოშკი

სასახლესთან ახლოს იდგა ციხე-კოშკი, რომლის ზედა ნაწილი გარღვეულია, ამიტომ მას „ორკაპა ციხეს“ ეძახდნენ. კოშკში ერთადერთი შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, მიწიდან 2 მეტრზე. პირველი სართულის ჩრდილოეთ კედელში ნიშია, მეორე სართულის კედლებში – ბუხარი, სამი ნიში და ერთი სარკმელი; მესამე სართულის ორ შემორჩენილ კედელში ნიში და სარკმელია კოშკს სათოფურები არა აქვს, რაც მოწმობს რომ იგი XVI საუკუნემდე უნდა იყოს აგებული.

ეკლესია

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია შირიმიც, შესასვლელი სამხრეთიდანაა. სამხრეთ კედელში ორი სარკმელია, აღმოსავლეთ კედელში – ერთი. კამარა, რომელიც პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა, ჩაქცეულია. შემორჩენილია ქვის კანკელის ფრაგმენტი. კედლებზე ჩანს მოხატულობის კვალი.

ეკლესიას სამხრეთით აგურის კამაროვანი მინაშენი ჰქონია შემორჩენილია დასავლეთ მონაკვეთი. ეკლესიის სამხრეთით მდებარე ნაგებობების სარდაფი წარმოადგენს სამარხ კამერას, რომლის სამხრეთ კედელში ჩატანებული ორნამენტიანი ქვა სტელის ფრაგმენტი უნდა იყოს.

წყარო: ზაქარაია პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 206-207.

ლავრისხევის მეორე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლავრისხევის სამხრეთით, ორი კილომეტრის მანძილზე, ლავრისკენ მიმავალი გზის ორივე მხარეს. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. შემორჩენილია ნამოსახლართა საძირკვლები. სახლები ნაგები ყოფილა ნატეხი ქვით და გადახურული ღარისებრი და ბრტყელი კრამიტებით. ზედაპირულად იპოვება თიხის წითლად გამომწვარი თხელკედლიანი ჭურჭლის ნატეხები.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 174.

ლავრისხევის პირველი ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლავრისხევის ჩრდილოეთით, მინდორში. თარიღდება ანტიკური ხანით. ნამოსახლარზე ზედაპირულად იპოვება როგორც ადრინდელი, ისე გვიანდელი ანტიკური ხანის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, წითლად შეღებილი ბრტყელი ღარიანი კრამიტის ნატეხები. მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 174.

ლამისყანის ნამოსახლარი გორა — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში, სოფელ თეზისაკენ მიმავალი გზის მარცხნივ, სასაფლაოზე. თაღიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის შუახანებით. გორის ფერდობებზე იპოვება თიხის ჭურჭლის ნამტვრევები.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 174.

ლამისყანის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის მდებარეობს სოფელ ლამისყანის მიწებში, იქ, სადაც იგოეთის გზას სარწყავი არხი ჭრის. ზედაპირულად აკრეფილი მასალის მიხედვით ნასოფლარი თარიღდება განვითარებული ფეოდალიზმის ხანით.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 174.

მელითონეთა განძი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, აღმოჩენილი იქნა კავთისხევის ცემენტის კარიერისაკენ გადასასვლელი გზის მოპირდაპირე მხარეს 100 მეტრზე, ადგილობრივი ლოდების მიწებში. თარიღდება ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულით. თიხის ჭურჭელში აღმოჩნდა ბრინჯაოს ნივთები: აღმოსავლეთ ქართული ცული (2 ცალი), თოხი, ხის სახოკი, სპილენძის ზოდები (40 კილოგრამი). მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

წყარო: გვეტაძე ჯ.,  საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 169.

მეტეხის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის რკინიგზის სადგურის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 200-300 მეტრზე, აგურის ქარხნის ნომერ პირველი თიხის კარიერის ტერიტორიაზე. თარიღდება ადრინდელი ბრინჯაოს ხანით.

ნამოსახლარზე შემორჩენილია კარგად მოსწორებული 0,05 მეტრი სისქის მოპრიალებული თიხატკეპნილი იატაკი, თიხის ბათქაშის ზედაპირზე აღმოჩენილი წნულის ანაბეჭდები მოწმობს, რომ ნაგებობას კედლები მოწნული და შელესილი ჰქონია. იატაკის ცენტრში იყო ძირგახვრეტილი მრგვალი უშვერილო კერა, ასეთი კერა შედარებით იშვიათად გვხვდება ამავე ხანის სხვა ძეგლებში. იატაკზე და კერაზე აღმოჩნდა სამყურა მოზრდილი ჭურჭელი, სწორპირიანი და მრგვალმუცლიანი, ყურიანი ქოთანი, რელიეფური ორნამენტით შემკული მოზრდილი დერგის, კვერცხისებრი ქილისა და სხვა ჭურჭლის ნამტვრევები. მასალა დაცულია კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

წყარო: ბერაძე ე.,  საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 179.

მეტეხის ნამოსახლარი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში. კასპი-მეტეხის საავტომობილო გზის გასწვრივ, გზიდან 0,8 კილომეტრზე კოწახურის ხევის მარჯვენა ნაპირზე, ხევიდან 0,6 კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს-ადრინდელი რკინის ხანით. ნამოსახლარზე ზედაპირულად მოიპოვება შავი და რუხი თიხის ჭურჭლის ნატეხები. ნამოსახლარის აღმოსავლეთით 0,15 კილომეტრზე სამაროვანია. აქ დადასტურებულია ორმოსამარხები. ნამოსახლარის ჩრდილოეთით 0,1 კილომეტრზე ორი ქვაყრილიანი ყორღანია.

წყარო: კვიტაიშვილი რ.,  საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 179.

მეტეხის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, გუგულაანთ უბანში, საშუალო სკოლასთან. თარიღდება ძვ. წ. XIII-XII საუკუნეებით. დაინგრა მიწის სამუშაოების დროს. მასში აღმოჩნდა თიხის სამი ჭურჭელი, ბრინჯაოს ორი ცული, მასრაგახსნილი შუბისპირი, ბრინჯაოს ფოთლისებრი სატევარი და ბრინჯაოს სატეხის მასრა. ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. ამავე სოფელში ნაპოვნი ბრინჯაოს ფოთლისებრი სატევრისპირი, ბრინჯაოს მასრაგახნილი შუბისპირი და ბრინჯაოს საკინძი ინახება გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

წყარო: ირემაშვილი შ.,  საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 179.

მეტეხის ყორღანები — არქეოლოგიური ძეგლი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, აგურის ქარხნის ტერიტორიაზე. თარიღდება ძვ. წ. XV-XIV საუკუნეებით.

   1958-1959 წლებში ყორღანი გათხარა მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. სამარხზე ეყარა რიყის ქვების გროვა, რომელიც ნაპირისკენ დაბლდებოდა. აღმოსავლეთით ყორღანს ჰქონდა საკმაოდ დახრილი დრომოსი. ყორღანის ცენტრში აღმოჩნდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ დამხრობილი ოთხკუთხა ფორმის სამარხი ორმო. სამარხში აღმოჩნდა 24 თიხის ჭურჭელი, ჭურჭლის ტუფის სარქველი ბრინჯაოს ყუნწიანი და სამანჭვლიანი ბრტყელი სატევარი, მასრაგახსნილი შუბისპირი, საკინძი სარდიონის მრგვალი თავით, ოქროს ღრუ და სარდიონის ოვალური მძივები. სამარხის სამხრეთ-აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეებში ეწყო მსხვილფეხა რქოსანის თავ-ფეხისა და ნეკნების ძვლები, ცენტრალურ ნაწილში კი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ძვლები. მიწის სამუშაოების დროს დაზიანდა გვერდით მდებარე ყორღანი. მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ყორღანები წარმოადგენენ დაბალი კონუსის ფორმის რიყის ქვის ყრილებს. ზოგ მათგანს ირგვლივ ცალ პირ წრედ შემოწყობილი აქვს ნატეხი ქვა. ყორღანების ერთ ნაწილს ოთხკუთხა დასაკრძალავი კამერა აქვს, დანარჩენები კატაკომბური ტიპისაა. ყორღანებში აღმოჩნდა კერამიკული ნაწარმი, ტუფის სარქველები, ბრინჯაოს იარაღ-სამკაული, ოქროს და ნახევრად ძვირფასი ქვისა და პასტის მძივები. ოთხი ყორღანი ძლიერ დაზიანებულია. მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 179.

მუხაურის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეს აღმოსავლეთით, 1 კმ-ზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარზე გამოვლინდა კვალი, წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები. რამდენიმე ადგილას შემორჩენილია რიყის ქვით ნაგები შენობათა საძირკვლის ნაშთები. გადმოცემის თანახმად ეს ადგილი ურწყავი ყოფილა და ამიტომ მოსახლეობა აქედან კახეთში გადასახლებულა.

წყარო: ზაქარაია პ.,  საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 181.

მღებრისუბანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეს აღმოსავლეთით, 1,5 კილომეტრის მანძილზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარი იხვნება, ამიტომ ნასახლართა კვალი ცუდადაა შემორჩენილი. უხვად იპოვება თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. ნასოფლარის აღმოსავლეთ ნაწილში იდგა გვიანდელი ფეოდალური ხანის ღებისუბნის ეკლესია, რომელიც ნაგები იყო რიყის და და ნატეხი ქვით. ეკლესია დანგრეულია.

წყარო: კვიტაიშვილი რ.,  საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 181.

ნადარბაზევი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩობალაურის მახლობლად, თბილის-გორის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, ნადარბაზევის ტბის აღმოსავლეთით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. აქ ჯერ კიდევ ცხოვრობს რამდენიმე ოჯახი.

წყარო: გვეტაძე ჯ.,  საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 210.

ნამგალა გორახვავია გორა — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის ქალაქ კასპში, კოწახურის ხევის დასავლეთით, 700-800 მეტრზე. ორივე ნასახლარი თარიღდება ადრინდელი რკინის ხანით. ზედაპირულად იპოვება შავორნამენტიანი კერამიკის ფრაგმენტები.

წყარო: გვეტაძე ჯ.,  საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 133.

ნაქალაქიანთ ხევი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთში, იგოეთ-ლამისყანის გზიდან 1 კილომეტრზე, ხელმარცხნივ. თარიღდება გვიანდელი ანტიკური ხანით. თხრილში იკრიფება კერამიკა.

წყარო: გვეტაძე ჯ.,  საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 164.

ნამოსახლარი ნაცარგორა — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის ქალაქ კასპში, სოფელი კავთისხევისაკენ მიმავალი გზის პირას. თარიღდება ადრინდელი რკინის ხანით. ფენები განადგურებულია. ფერდობებზე იპოვება შავად და ნაცრისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები. ამჟამად ნამოსახლარზე დგას კასპის ცემენტ-შიფერის კომბინატის საბავშვო ბაგა.

წყარო: ბარამიძე მ., გვეტაძე ჯ.,  საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. გვ. 133.

ნიაბის საცხოვრებელი სახლი — ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ნასოფლარის განაპირას, წმინდა გიორგის ეკლესიისაკენ მიმავალი გზის პირას არის აღმართული. ნაგებობა ნაშენია ქვით, გადახურულია კრამიტის ოთხფერდა სახურავით. პირველ სართულზე სამეურნეო სადგომები იყო განთავსებული, მეორეზე – საცხოვრებელი. მთავარი ფასადის მთლიან მეორე სართულს ხის აივანი იკავებს, რომელიც დღეისათვის ძლიერ არის დაზიანებული. აივანი სახლის ერთიან გადახურვაშია მოქცეული, რომელიც ხის სვეტებს ეყრდნობა. ხის მოაჯირი ჭვირული ელემენტებით იყო გაფორმებული, შემორჩენილია სულ მცირე ფრაგმენტები. აივნის ცალი კიდე ქვის კედლით არის შემოსაზღვრული, ანალოგიური დეტალი უნდა ყოფილიყო მის მეორე მხარესაც.

მეორე სართულზე მოხვედრა ფასადის მარჯვენა ნაწილში, აივნის მიმყოლი კიბით არის შესაძლებელი. თავდაპირველი მარში ახალი კიბითა და მოაჯირით არის შეცვლილი. აივანს ორი დამოუკიდებელი ოთახი უკავშირდება, რომელთა მართკუთხა მოყვანილობის ღიობებიც სიმეტრიულად არის გაჭრილი, ცენტრში მოქცეულია კარი, მის ორსავ მხარეს კი თითო ფანჯარა. ცალ-ცალი დამატებითი სარკმელია გვერდით კედლებში. პირველი სართულის ფასადი შესასვლელებითა და ერთი ფანჯრით არის დანაწევრებული. აღწერილი საცხოვრებელი სახლი, მასალისა და აგებულების მიხედვით, ქართლის ტრადიციული სახლის ტიპურ ნიმუშს წარმოადგენს. ნასოფლარის ტერიტორიაზე ის ერთადერთი შემორჩენილი საცხოვრებელი სახლია, სწორედ ამიტომ, მისი შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ნიგოზის მეორე სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას დასავლეთით, 2 კილომეტრზე ადგილ დაჭრილებში. მიეკუთვნება გვიანდელ ბრინჯაოს და ადრინდელ რკინის ხანას. აღმოჩნდა შემთხვევით, მიწის სამუშაოების დროს. სამაროვანიდან ადამიანის ძვლებთან ერთად გუთანმა ამოყარა ნაცრისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ.  გვ. 180.

ნიგოზის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზის სამხრეთით, 2 კილომეტრზე ნიგოზას ხევში, გორაზე. თარიღდება ადრინდელი რკინის ხანით.

ნამოსახლარზე იპოვება თიხის ჭურჭლის შავად, ნაცრისფრად და მოწითალოდ გამომწვარი დერგები, რომლებსაც შემოვლებული აქვთ რელიეფური ტალღისებური სარტყელი, შავად და ნაცრისფრად გამომწვარი, პირგადაშლილი ქოთნები. ნაცრისფრად გამომწვარი ფართოყელიანი დოქები და ტალღისებური ორნამენტიანი პირგადაშლილი ჯამები, წნულისანაბეჭდიანი ბათქაშისა და ხელსაფქვავის ნამტვრევები. ნაკრძალზე ეკლესიის ნანგრევებია.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ.  გვ. 180. 

ნიგოზის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზის სამხრეთით 2 კილომეტრზე, აშურიანისა და ტირიფონის ველის გამყოფი ქედის ჩრდილო კალთაზე. ნასოფლარზე შემორჩენილი საფლავის ქვების მიხედვით იგი დასახლებული ყოფილა XX საუკუნის 20-იან წლებამდე.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გ. 180.

ნიგოზის პირველი სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზის სამხრეთით 2.5 კილომეტრზე ადგილ ცემჯენაზე, სამაროვანი ორფეროვანია. ზედა ფენა განეკუთვნება ადრინდელ ფეოდალურ ხანას, ქვედა — გვაინდელ ბრინჯაოსა და ადრინდელ რკინის ხანას. პირველი ფენა მდებარეობს მიწის ზედაპირიდან 0,1-0,15 მეტრ სიღრმეზე. აქ აღმოჩნდა ქვის ფილები და წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. მეორე ფენა მიწის ზედაპირიდან 0,25-0,35 მეტრ სიღრმეზე, უშუალოდ პირველი ფენის ქვეშ. აქ გამოვლინდა კარგად განლექილი წვრილმარცვლოვანი ქვიშანარევი თიხის ცომისგან სამეთუნეო მბრუნავ ჩარხზე დამზადებული ნაცრისფრად გამომწვარი ჭურჭლის ფრაგმენტები.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ.  გვ. 180.

ოკამის ნამოსახლარი გორა — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის დასავლეთით, ახალ სასაფლაოზე. თარიღდება ადრინდელი რკინის ხანით. ზედაპირულად იპოვება ძირითადად შავად და ნაცრისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები.

წყარო: ცქიტიშვილი გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 183. 

ოძისი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეს სამხრეთით, მეფრინველეობის ფერმიდან 800 მ-ზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

   სოფელი გაშენებული ყოფილა ტერასაზე. მრავალ ადგილას ჩანს რიყის ქვით კირის ხსნარზე ნაგებ შენობათა საძირკვლის ნაშთები. უხვად იპოვება თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები (მ. შ. შავად გამომწვარიც). ნასახლარის ნაწილი იხვნება, რის გამოც ზიანდება კულტურული ფენები. ერთ-ერთი ფენის ჭრილში ჩანს ქვაყრილი, სავარაუდოა, ბრინჯაოს ხანის სამაროვანი. ლეკების შემოსევების დროს მოსახლეობა აქედან აყრილა და გადასახლებულა ქსნის ხეობაში.

 

   წყარო: ზაქარაია პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ.  გვ. 183. 

პარატისი — ნასოფლარი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში. მდებარეობს სოფლიდან ექვსი კილომეტრის მანძილზე, მდინარე კავთურის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

   ნასოფლარზე აღმოჩნდა ნასახლარები და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

 

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 172. 

მაკალათია ს., კავთურას ხეობა, თბ. 1960 წ. 

სააკაძეთა ნასახლარი — არქეოლოგიური და ისტორიული მონუმენტური ხელოვნების ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეს განაპირას, ფერდობზე. დასავლეთით ჩამოუდის მდინარე ნოსტურა, აღმოსავლეთით ეკვრის მშრალი ხევი. თარიღდება XV-XVIII საუკუნეებით.

   1965-1967 წლებში სააკაძეთა ნასახლარი გათხარა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა პარმენ ზაქარაია. გათხრამდე ნასახლარზე ჩანდა კოშკი, გალავნის ნაშთები და რამდენიმე ნაგებობის კვალი. გათხრებით გამოვლინდა სასახლის, საცხოვრებელი სახლების, აბანოსა და საჯინიბოს ნაშთები. აბანო და რამდენიმე ნაგებობა კონსერვაციის მიზნით კვლავ მიწით დაფარეს. 1969-1971 წლებში ნასახლარზე სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ჩაატარა სპეციალურმა სემეცნიერო-სარესტავრაციო საწარმო სახელოსნომ.

    აღწერა

 სააკაძეთა ნასახლარის ტერიტორიაზე შემორჩენილია: გალავანი, კოშკი, სასახლე, საცხოვრებელი სახლი, აბანო, საჯინიბო, სამებისა და ღვთისმშობლის ეკლესიები.

    გალავანი

   გალავანი ფერდობს წრიულად ჰქონია შემოვლებული. ნაგებია ნატეხი ქვით. გალავნის შიგნით რამდენიმე ნაგებობა მდგარა.

    კოშკი

  მთავარი ნაგებობა ექვსსართულიანი კოშკია, რომელიც ზემოთ ოდნავ ვიწროვდება. ნაგებია ნატეხი ქვით. ძალზე დაზიანებულია. ხანძარს გაუნადგურებია ხის სართულშორისი გადახურვები. კოშკში შესასვლელი მეორე სართულზეა. ამავე სართულზე, კარის გარდა, სამ კედელში თითო სარკმელია. პირველი სართული ყრუ ყოფილა, ბოლო, მეექვსე სართული კი მაღალკედლებიან ბანს წარმოადგენდა. მას ოთხივე მხარეს სალოდეები ჰქონია. სათოფურები ყველა სართულზეა, მესამე სართულზე ყველაზე მეტია. აქ სამ კედელში ორ-ორი სათოფურია, ხოლო მეოთხეში – სამი. მეხუთე სართულის კედლებში კომბინირებული სარკმლებია.

    სასახლე

 სასახლე დიდი ზომის ნაგებობაა, ნაშენია ნატეხი ქვით. იგი ორსართულიანი ყოფილა. სანახევროდ დანგრეულია, განსაკუთრებით ზემო სართული. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. ქვედა სართულის კედლებში სამი ღრმა ნიშია. კარის წინ ტალანია, რომლის გვერდებზე თითო მცირე ზომის სათავსია. აღმოსავლეთით მდებარე დამხმარე სათავსი უნდა იყოს. ჩრდილოეთ სათავსში ბუხარია.

    საცხოვრებელი სახლი

   სასახლესა და კოშკს შორის იდგა საცხოვრებელი სახლი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა. ერთი მხარე ორსართულიანი იყო, მეორე კი — ერთსართულიანი. ორსართულიანს სამხრეთით აივნები ჰქონდა, შიგნით კი ბუხრები და სამეურნეო დანიშნულების ნიშები.

    აბანო

  კოშკის სამხრეთით, სამხრეთ-დასავლეთით და აღმოსავლეთით რამდენიმე ნაგებობის ნაშთია დარჩენილი. თითოეული მათგანი არაერთხელ გადაუკეთებიათ. ეტყობათ ხანძრის კვალიც. მათგან საინტერესოა აბანო, რომელიც ნასახლარის აღმოსავლეთ კიდეში მდებარეობს, შედგება ერთი მოზრდილი სათავსისა და სააბაზანოსაგან. ორივეში თითო ბუხარია. გვიანდელი ფეოდალური ხანის სხვა აბანოებისგან განსხვავებით, ეს აბანო პატარა და მარტივია.

    საჯინიბო

  გალავნის გარეთ, ჩრდილო-დასავლეთით საჯინიბოა. მისი კედლები ნაწილობრივაა შემორჩენილი. კარი ჩრდილოეთ მხარესაა.

    ეკლესიები

   სამებისა და ღვთისმშობლის ეკლესიები მდინარე ნოსტურას მარცხენა ნაპირზე დგანან. სავარაუდოა, რომ ისინი სააკაძეთა საგვარეულოს კარის ეკლესიები იყო.

    სამების ეკლესია

  სამების ეკლესია თარიღდება XVI-XVII საუკუნეების მიჯნით. იგი რამდენჯერმე გადაუკეთებიათ. თავდაპირველი ეკლესიიდან შემორჩენილია სამხრეთ კედელი, რომელიც აღდგენის დროს ახალ ნაგებობაში ჩაურთავთ. ახალი ნაწილები ნაგებია ულაზათოდ. აფსიდის მარჯვენა მხარე ძალიან გამოწეულია. ჩრდილოეთ კედლის ორი ნაწილი ცუდად ებმის ერთმანეთს. დარბაზის კამარა სხვადასხვა დონეზეა.

  ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი ორი აქვს – სამხრეთით და დასავლეთით. დასავლეთ კარი ამოქოლილია. ღრმა აფსიდის ღერძზე სარკმელია. აფსიდის ცენტრში სატრაპეზო ქვა დგას. აღმოსავლეთით, დასავლეთითა და სამხრეთით თითო სარკმელია.

  ეკლესიაში სამხრეთი კედლის შუა მონაკვეთზე და ტრაპეზის ქვებზე შემორჩენილია XVII საუკუნის II ნახევრის მოხატულობის ნაშთი. დანარჩენი ნაწილი დაფარულია გვიანდელი შელესილობის ფენით. სამხრეთი კედლის ზედა რეგისტრში უცნობი წმინდანის მარტვილობის ორი სცენის ფრაგმენტებია. ქვედა რეგისტრი დაყოფილია სწორკუთხა მონაკვეთებად, რომლებშიც ჩახატულია წმინდანთა დიდი ზომის ფიგურები, რომელთა შორის ერთ-ერთი წმინდა საბაა. სატრაპეზო ქვის წინა პირი მორთულია მცენარეული ორნამენტით ყვავილი. მოხატულობა უპირატესად შესრულებულია მოწითალო-ყავისფერი, ყვითელი, მუქი ლურჯი და თეთრი საღებავებით. ეკლესიას ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ჰქონია მინაშენები. ჩრდილოეთი მინაშენი აფსიდიანი სამლოცველო იყო. სამხრეთი მინაშენის ცენტრში ორთაღიანი ღია კარიბჭეა.

  ღვთისმშობლის ეკლესია

  ღვთისმშობლის ეკლესია თარიღდება XVII საუკუნის II ნახევრით. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, გრძივი კედლები. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ღრმა და განიერი აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის გვერდებზე თითო შეისრულთაღიანი მოზრდილი ნიშია. დარბაზი გადახურული ყოფილა ცილინდრული კამარით. თითო სარკმელია აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში.

 

  წყარო: დევდარიანი ფ., ზაქარაია პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 181-183. 

საკორინთლოს სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში, ჭალის მხარეს. თარიღდება გვიანდელი ანტიკური ხანით. სამარხები წარმოადგენა თიხის სარკოფაგებს. ნაპოვნია ოქროს ბეჭდები, მძივები და ჭურჭლის ფრაგმენტები.

წყარო: გვეტაძე ჯ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 191. 

სასირეთის ნამოსახლარი გორაჭოტია გორა — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში, საშუალო სკოლის დასავლეთით, 100 მეტრზე. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანით. გორის სამხრეთი ფერდობი გაუჭრიათ სკოლის სასროლეთისთვის. ჭრილში ჩანს რამდენიმე კულტურული ფენა. გორაზე და ჭრილში უხვად იპოვება თიხის ჭურჭლის ნატეხები. არქეოლოგიური გათხრები დაიწყო 1984 წელს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კასპის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.

  წყარო: ცქიტიშვილი გ.,  საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 198.  

ქვემო რენეს ნამოსახლარი გორა — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო რენეს სამხრეთით, ორ კილომეტრზე, სახნავ მიწებში. დასახლებული ყოფილა ადრინდელი რკინის ხანაში. ნამოსახლარ გორაზე იპოვება გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის ჭურჭლის ნატეხები, შემორჩენილია სამების ეკლესიის ნანგრევები.

წყარო: გვეტაძე ჯ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 202. 

ქვემო ჭალის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სხვილოს ციხის მიდამოებში. თარიღდება გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანით. სამაროვანზე დადასტურებულია ქვაყუთები.

წყარო: გვეტაძე ჯ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 207.

ქვემო ხანდაკის ნასოფლარი და ეკლესია — არქეოლოგიური, არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის სამხრეთით, ქედზე, მდინარე კავთურის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარზე აღმოჩნდა ნასახლართა ნაშთები. აქვე დგას რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია (3,5×2 მეტრი). ძლიერ დაზიანებულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აფსიდი ნახევარწრიულია. აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო სარკმელია. აფსიდის კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა.

წყარო: კვიტაიშვილი რ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 209. 

ქვემო ხანდაკის ყორღანები — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკში, ადგილ ოხერახევის მიდამოებში. თარიღი დაუდგენელია. რამდენიმე ჰექტარ ფართობზე გამოვლინდა ერთმანეთისგან სხვადასხვა მანძილით დაშორებული ქვაყრილიანი ყორღანული სამარხები. ყრილის დიამეტრი 10-25 მეტრია.

წყარო: შატბერაშვილი ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ.  გვ. 209. 

ქვემო ხანდაკის ყორღანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ ოხერახევის მიდამოებში. დაუთარიღებელია. ყორღანი წარმოადგენს 1-1,5 მეტრი სიმაღლის კონუსურ ქვაყრილს (დიამეტრი 20 მეტრამდე).

 

   წყარო: შატბერაშვილი ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 209. 

ქვემო ხანდაკის ყორღანული სამარხი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის აღმოსავლეთით, 2 კილომეტრზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ ოხერახევის მიდამოებში. თარიღდება ადრინდელი ბრინჯაოს და ელინისტური ხანით. ძეგლი 1974 წელს გათხარა კასპის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. ყორღანის დიამეტრი 35 მეტრია, სიმაღლე 2 მეტრი. სამარხი ორმო (3×3 მეტრი, სიღრმე მიწის ახლანდელი ზედაპირიდან — 2,7 მეტრი) ამოთხრილია უშუალოდ ქვაყრილის შუა ნაწილის ქვეშ. ორმოს დასავლეთ ნაწილში, თავით აღმოსავლეთისკენ დაკრძალული იყო ერთი ხელფეხმოხრილი მიცვალებული, რომელსაც თავთან ედგა წითლად გამომწვარი მაღალყელიანი სამყურა დერგი. სამარხი ორმო გადახურული ყოფილა ხის მჭიდროდ მიჯრილი ძელებით, რომელზეც რიყის ქვები ეყარა. ორმოს ფსკერიდან 0,8 მეტრზე ქვაყრილში აღმოჩნდა შავზედაპირიანი, გრავირებული ორნამენტით შემკული თიხის ჭურჭელი და რელიეფური სარტყლით შემკული, წითლად გამომწვარი ელინისტური ხანის ქვევრის ნამტვრევი, ხოლო უშუალოდ სამარხი ორმოს თავზე, მის ჩრდილო კედელთან — ბრინჯაოს ხანის ორი ყუნწიანი სატევარი (ერთ-ერთ სატევარს ყუნწის ზედა ნაწილში აქვს სასამანჭვლე ნახვრეტი), ელინისტური ხანის პროფილირებული შავპრიალა ჯამის ფრაგმენტები და სხვა. ადრინდელი ბრინჯაოს ხანისა და ელინისტური ხანის მასალის ერთ დონეზე არსებობა მოწმობს, რომ ყორღანი გაძარცვული უნდა იყოს. ყორღანის ქვაყრილის ცენტრალურ ნაწილში, მიწის ახლანდელი ზედაპირიდან 0,4 მეტრ სიღრმეზე ესვენა გულხელდაკრეფილი გაშოტილი მიცვალებული (ელინისტური ხანისა), თავით აღმოსავლეთისკენ. მიცვალებულს ჩატანებული ჰქონდა ბრინჯაოს ხუთი დუგმა. სამარხში აღმოჩნდა აგრეთვე ამავე ხანის წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები. ამ სამარხის დასავლეთით გამოვლინდა კიდევ ერთი უინვენტარო სამარხი. იგი ძლიერ დაზიანებულია და მისი თარიღის დადგენა ვერ ხერხდება. მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

წყარო: ირემაშვილი შ., შატბერაშვილიი ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 209. 

ყუმბარების დამამზადებელი სახელოსნო — ისტორიული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტში, ნასოფლარ რკონის ტერიტორიაზე, ნამოსახლარ თეკნარაზე, ტყეში. დანგრეულია: შემორჩენილია კედლები 1-1,5 მეტრის სიმაღლეზე. 1905 წელს იანვარ-ოქტომბრის რევოლუციური მოძრაობის აღმავლობის პერიოდში, გორის მაზრის ბოლშევიკური ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მასების აქტიური შეიარაღებული გამოსვლების უზრუნველსაყოფად აქ არალეგალურად მოქმედებდა სახელოსნო, სადაც ამზადებდნენ ყუმბარებს. სახელოსნოში ექვსი კაცი მუშაობდა.

წყარო: კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 190. 

ჩაჩუბეთის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჩუბეთის ჩრდილოეთ ნაწილში, საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარზე ნატეხი ქვით ნაგები ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესიის ნანგრევებია. ეკლესიას ჩუქურთმებით შემკული ქვის კანკელი ჰქონია. ჩანს მინაშენების კვალიც.

წყარო: ბერაძე ე., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 209 .

ციხიაგორა — ნამოსახლარი მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს 500 მეტრზე, ჩოჩეთის უბნის ჩრდილოეთით, განაპირას, მდინარეების კავთურისა და შავიწყლისს შესართავთან. ძეგლის შესწავლა მიმდინარეობდა კასპის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 1971-1992 წლებში. გამოვლენილია ოთხი კულტურული ფენა – ადრე ბრინჯაოს, შუა ბრინჯაოს, გვიანდელი ბრინჯაოსა და ანტიკური ხანისა. გათხრები დაიწყო 1971 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კასპის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი გ. ცქიტიშვილი). კომპლექსი შედგება საკუთრივ ნამოსახლარის, მის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ნასოფლარ-ნადაბურისა და სამაროვნისაგან.

ნამოსახლარი

ნამოსახლარი გორის სიმაღლე 12 მეტრია, თხემის ფართობი 0,5 ჰა. პირველმოსახლეობა აქ დასახლებულა ადრინდელ ბრინჯაოს ადრინდელ ეტაპზე (ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლო საუკუნე). დასახლებას უარსებია ძვ. წ. III ათასწლეულის პირველ ნახევრამდე. ფენის სისქე 0,75 მ აღწევს. შემორჩენილია თიხით ნალესი წნული ს ა ც ხ ო ვ რ ე ბ ე ლ ი – ერთოთახიანი ოთხკუთხა, მრავალკუთხეებიანი, ორივე მხარეს თიხით შელესილი ნაგებობა, რომელიც დამხრობილია ფასადით სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. შენობის ცენტრში იატაკში ოთხშვერილიანი თიხის კერაა. უკანა კედლის გასწვრივ გამართულია დაბალი და განიერი თარო, რომელზეც განლაგებულია ერთმანეთისგან თითქმის თანაბარი მანძილით დაცილებული, თიხით მოლესილი ნაცარგროვები. თაროზე ჯგუფ-ჯგუფად ელაგა თიხის ჭურჭელი. ამავე ფენაში დადასტურდა მრავალი სამეურნეო ორმო.

ადრინდელი ბრინჯაოს ხანის შემდეგ გორაზე კარგა ხნით წყდება ცხოვრება. მისი ხელახლა ათვისება დაახლოებით ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო საუკუნეებში ხდება. ამ ხანას მიეკუთვნება რიყის ქვით ტალახზე ნაგები სახლების ფრაგმენტები. ეს ფენა რამდენიმე სამშენებლო ჰორიზონტს შეიცავს. აქედან მოყოლებული ძველი და ახალი წელთაღრიცხვითა მიჯნამდე ციხიაგორაზე ცხოვრება არ შეწყვეტილა, ოღონდ იცვლება გორის არსი. დაახლოებით ძვ. წ. VI საუკუნეში მოსახლეობა ბარში ჩადის და გორის აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით დაბად სახლდება. ამიერიდან გორა დაბის სალოცავი ხატია. ძვ. წ. VI-V საუკუნეების სამშენებლო ჰორიზონტში შერჩენილია დიდი, როგორც ჩანს, საზეიმო შენობის საძირკვლის ნაშთები. შენობა განადგურებულია მომდევნო ხანის მოზრდილი კომპლექსის მშენებლობისას. ყველაზე კარგად სწორედ ეს კომპლექსია შემორჩენილი. იგი თარიღდება ძვ. წ. IV-III საუკუნეებით. კომპლექსში შედის ტაძარი, სათავსი, ბეღელი, მარანი, წისქვილი, სათონე და საცხოვრებელი შენობები. შემოზღუდულია ალიზის ნაგები გალავნით (კედლის სისქე 2 მეტრამდეა), რომელიც გორის თხემის კიდეს გასდევს. გალავნის კედლები შემაგრებულია კონტრფორსებით და მობათქაშებულია შიდა მხრიდან. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში დგას ოთხკუთხა, ასევე ალიზით ნაგები კოშკი; ასეთივე კოშკი დგას ჩრდილოეთ კედლის შუა წელთან.

კომპლექსი 

ტაძარი

კომპლექსის მთავარი კომპონენტია საკუთარი გალავნით შემოზღუდული ტაძარი. ტაძარი და მისი გალავნის კედლები ნაგებია ნატეხი ქვითა და ალიზის მშრალი წყობით. კედლებში განივი ძელების სისტემაა არმატურად დატანებული. კედლების სიგანე 1,5 მეტრს აღწევს. კვადრატული ალიზის ზოდები 0,42-0,45 მეტრს შორის მერყეობს, სისქე კი 0,08-0,1 მეტრია. ტაძრის ეზოში დგას ქვით ნაგები, კვადრატული ორი მეტრი სიმაღლის საკურთხეველი. აქვე ეზოს სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მოწყობილია ქვითა და თიხით ნაგები მოედანი – სამსხვერპლო (3,5 X 3,5 მ). საკურთხეველზე აღმოჩნდა რკინის დანა და ცხვრის დამწვარი ძვლები. ტაძრის ეზოში შესასვლელი კარი გაჭრილია გალავნის დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებში. თვითონ ტაძარს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებში ფართო სარკმლებია. სარკმლებისა და კარის ჭრილები ისეა განლაგებული, რომ მზის ამოსვლიდან მის ჩასვლამდე სხივი ყოველთვის ხვდებოდა ტაძარში. ტაძრის ნანგრევებში აღმოჩნდა სვეტის მსგავსი თიხის საკურთხევლის ნატეხი და თიხისავე დისკოები ზედ ჯვრების რელიეფური გამოსახულებით. აქვე აღმოჩნდა სხვადასხვა ზომისა და ფორმის დამღიანი თიხის ბათქაშის ნატეხები. ანაბეჭდებზე ნაირნაირი გამოსახულებები შეიმჩნევა.

სათავსი

ტაძრის მთავარ დარბაზს ჩრდილოეთიდან აკრავს გრძელი (18 X 4,5 მ) სათავსი, რომელსაც შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. სათავსი ორსართულიანი ყოფილა. პირველი სართული ქვითაა ნაგები. სართულშუა გადახურვის კოჭების ნაშთები ქვის კედელზე დევს (კოჭებს შორის მანძილი 0,85-0,9 მეტრია). მეორე სართულის კედლები ნაგებია ალიზით. ამ სათავსში აღმოჩნდა თეთრი კირქვისაგან გამოთლილი აქემენიდური სტილის კაპიტელი – ორი, ერთმანეთთან ზურგშექცეული ნახევარხარი.

ბეღელი

ტაძრის გალავნის აღმოსავლეთ კედელზე მიდგმულია ალიზით ნაგები შენობა – ბ ე ღ ე ლ ი, რომელიც რვა სათავსისაგან შედგება. მათგან ოთხი ერთი ზომისაა (2 X 2 მ). აქ იატაკზე დამწვარი მარცვლეული ეყარა. სხვა ოთახებში მეტწილად დიდი ზომის თავდახურული სამეურნეო ჭურჭელი აღმოჩნდა. ტაძარიც და ბეღელიც გადახურული ყოფილა წითლად შეღებილი ორგვარი (ბრტყელი და ღარისებრი) კრამიტით. ზოგიერთ მათგანზე, გამოწვამდე, თითით ბერძნული ასო-ნიშნებია დატანილი, რომლებსაც რიცხვითი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეთ და აღნიშნავენ ოსტატის მიერ დამზადებული კრამიტის რაოდენობას.

მარანი

მარანი (შიდა ზომები 22 X 7,5 მ) მდებარეობს ტაძრის დასავლეთით, მიშენებულია გალავანზე, ნაგებია ალიზით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. შენობის გრძივ ღერძზე ქვის ბალიშზე დამყარებული ხის ოთხი სვეტი მდგარა. ოთხ-ოთხი სვეტი გრძივი კედლების გასწვრივაც ყოფილა. გადახურვა ბანური იყო. მარანში მიწაში ხუთ რიგად, წითელი საღებავით ნაირგვარად მოხატული 48 სხვადასხვა ზომის ქვევრია ჩადგმული. სათავსის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ძელებით ნაგები საწნახელი დგას. მის წინ მიწაში ჩადგმულია თიხის მოხატული თაღარი. საწნახელში აღმოჩნდა საფერავის ჯიშის ყურძნის წიპწები. სათავსის ჩრდილოეთ კედელზე მიდგმულია თიხის ორი საკურთხეველი. ერთში თხის დამწვარი რქებია, მეორეში – სამი საცეცხლური. სამხრეთ კედელზე, საგოდრე ბაქანთან მიდგმულ საკურთხეველს ჯვრის რელიეფიანი თიხის დისკო აქვს.

წისქვილი

წისქვილი მარანს აკრავს დასავლეთიდან. იგი გალავანზეა მიდგმული და ალიზითაა ნაგები. სათავსის სამი კედლის გასწვრივ ალიზითვე ნაგები მერხია, რომელზეც დალაგებულია 30-მდე ხელსაფქვავი. წინა მხარეს, იატაკზე, ალიზისავე მთლიანი საფქვილეა. წისქვილს დასავლეთით აკრავს ერთი საცხოვრებელი ოთახი, სადაც აღმოჩნდა პურის საცხობი ღუმელი, ორი ხელსაფქვავი თავისი საფქვილეთი და დაბალი სამსხვერპლო-საკურთხეველი. ეს ოთახი წისქვილის მცველი მოგვის საცხოვრებელი უნდა იყოს.

სათონე

წისქვილთან ახლოს აღმოჩნდა კრამიტით გადახურული ერთი ნაგებობა, სადაც დადასტურდა ერთმანეთის გვერდით მდგარი ოთხი თონე.

საცხოვრებელი შენობები

ტაძრის გალავნის დასავლეთით აღმოჩენილია ალიზით ნაგები და თიხით შელესილი საცხოვრებელი სამოთახიანი შენობა, რომელსაც შესასვლელი აღმოსავლეთიდან, ტაძრის მხრიდან აქვს. პირველ ოთახში, მარჯვენა მხარეს პურის საცხობი ღუმელია, ხოლო შუაში – ორი ხელსაფქვავი თავისი საფქვილეთი. არც წისქვილში, არც საცხოვრებელ შენობაში კრამიტის ნატეხები არ არის. ჩანს, მათ ბანური გადახურვა ჰქონდათ. ყველა მათგანში, კედლების გასწვრივ დადასტურდა ხის სვეტები, რომლებსაც სახურავის კოჭები ეყრდნობოდა. ოთახების უმეტესობაში იატაკი თიხატკეპნილია. ტაძრის ეზოს, თვით ტაძარს და მის ჩრდილოეთით გრძელ სათავსს ხის იატაკი აქვთ. განათხარში მრავლად მოიპოვებოდა როგორც სამეურნეო, ისე თიხის ჭურჭლის ნატეხები. მოპოვებული მასალები ძვ. წ. IV-III საუკუნეებს განეკუთვნება. ამ თარიღის სისწორეს სარწმუნოს ხდის გათხრების დროს აქემენიდური სვეტის თავის აღმოჩენაც. მასში აშკარად შეიმჩნევა ელინისტური სკულპტურის ელემენტები. ბევრი დეტალი მოწმობს, რომ ეს კომპლექსი მზის ღვთაების, ცეცხლის ტაძრისაა.

ნამოსახლარი ხანძარს გაუნადგურებია ძვ. წ. III საუკუნის შუა ხანებში. მის ნანგრევებზე განახლებულა გაცილებით მცირე მასშტაბის ცხოვრება. დასტურდება ორი სამშენებლო ჰორიზონტი. შემორჩენილია მცირე შენობების ფრაგმენტები და სამეურნეო ქვევრები, რომელთა შორის ზოგი მოხატულია წითელი საღებავით. ეს ჰორიზონტები თარიღდება ძვ. წ. III-II საუკუნეებით. მათ თავზე ფრაგმენტულად არის წარმოდგენილი მესამე ჰორიზონტი, რომელიც თარიღდება ძვ. წ. I საუკუნით. ალაგ-ალაგ გვხვდება თითო-ოროლა ორმოსამარხი, რომლებიც უშუალოდ ნანგრევებშია ჩადგმული და თარიღდება ძვ. წ. II-I საუკუნეებით.

ნასოფლარ-ნადაბური

გორას აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აკრავს საკმაოდ დიდი ნასოფლარი-ნასოფლარ-ნადაბური (ფართობი დაახლოებით 3 ჰა). გამოვლინდა სამი ფენა: ძვ. წ. VI-IV, III-II და I საუკუნეების. ფენები ღრმად არ არის განლაგებული მიწის ზედაპირიდან, ამიტომ ცუდადაა დაცული. ყველა ფენიდან მხოლოდ ნასახლართა მცირე ნაშთებია შემორჩენილი. შედარებით კარგადაა შენახული ძვ. წ. III საუკუნით დათარიღებული ერთი ბანურსახურავიანი სახლი. იგი ორ ოთახიანია, ნაგებია რიყის ქვით თიხის ხსნარზე და ალიზით. დიდი ოთახის მარჯვენა კუთხეში ჩვეულებრივი პურის საცხობი ღუმელია. უკანა კედელზე, შუა ადგილას მიდგმულია დაბალი საკურთხეველი-სამსხვერპლო. ოთახის მარჯვენა კედელთან ოთხკუთხა კერაა გამართული. მეორე ოთახი ბევრად პატარაა და სამეურნეო დანიშნულებისაა. აქ აღმოჩნდა დიდი ზომის სამეურნეო ჭურჭელი და რკინის ნამგალი.

სამაროვანი

სამაროვანი მოიცავს ორ უბანს: საყარაულო სერს და დაჭრილებს.

საყარაულო სერი

საყარაულო სერი მდებარეობს ნასოფლარის ჩრდილოეთით. თარიღდება ძვ. წ. XIII-ახ. წ. IV საუკუნეებით. აქ გაითხარა ძვ. წ. XIII–ახ. წ. I საუკუნის ორმოსამარხები, რომაული ხანის ქვევრსამარხები და ძვ. წ. I-ახ. წ IV საუკუნეების ქვაყუთები. ყველა პერიოდის ორმოსამარხებში მიცვალებული ესვენა მოკუნტული, მარცხენა ან მარჯვენა გვერდზე, ქვევრსამარხებში – მოკუნტული; ქვაყუთებში – გვერდზე მოხრილი ან გულადმა გაშოტილი. ძვ. წ. XIII-XI საუკუნეების ორმოსამარხებისათვის დამახასიათებელია თიხის ჭურჭლის სიმრავლე და სამკაული (საკინძეები და სხვ.). მომდევნო ხანის (ძვ. წ. IX-VII სს.) ორმოსამარხებში დამატებით ჩნდება საბრძოლო იარაღი. ძვ. წ III–ახ. წ. I საუკუნეების ორმოსამარხებში აღმოჩენილი ინვენტარი არ არის მრავალფეროვანი. თიხის ჭურჭლიდან აღსანიშნავია შავად და ვარდისფრად გამომწვარი დოქები, ხელადები, ფიალები, ჯამები, კოჭობები და ჭინჭილები; სამკაულთაგან – ბრინჯაოს, რკინის, ვერცხლისა და ოქროს საყურე რგოლები, აბზინდები და სამაჯურები, ბრინჯაოს ზარაკები და სხვადასხვა მასალისა და ფორმის მძივები.

განსაკუთრებით გამოირჩევა ერთი მდიდრულინვენტარიანი ორმოსამარხი (ძვ. წ III ს. დასაწყისი). ჩონჩხი ცუდად იყო დაცული, მაგრამ შეიმჩნეოდა, რომ მიცვალებული ესვენა მარცხრნა გვერდზე, მოკუნტული, თავით აღმოსავლეთისკენ. მას ჩატანებული ჰქონდა ოქროს, კუწუბოებიანი დიდი ფირფიტა – დისკო შუაში მინანქრის პატარა დისკოთი, რომლის გარშემო ჯამივით ამოზიდულია სხივების კონა. დისკო წრიულად შემკულია სტილიზებული მცენარეული ორნამენტითა და ვარდულებით, სამარხში აღმოჩნდა აგრეთვე მცირე ზომის ვარდულები, პატარა კილიტები და მძივები, საკიდიანი რგოლური საყურეები, მდარე ხარისხის ვერცხლის თასი და ჩამჩა, ბრინჯაოს ზარაკები, ცხვრის პატარა საკიდი ქანდაკება, ზურგჩაზნექილი სამაჯურები, სერდოლიკის, მინის, გიშრისა და პასტის მძივები, გიშრის, მძივი, რომელზედაც გამოსახულია ზურგშექცეული ორი ნახევარხარი, საბეჭდავები, ორი დოქი და მაღალქუსლიანი წითლად შეღებილი ჯამი. დისკოზე და ვარდულებზე მზეა გამოსახული. ამ სამარხში სავარაუდოა დაკრძალული იყო ციხიაგორის მზის ტაძრის ერთ-ერთი მოგვი.

ქვევრსამარხები ჰორიზონტალურადაა ჩაფლული მიწაში და ხშირად პირზე აფარებული აქვთ კრამიტი, ქვა ან თიხის ჭურჭლის ნატეხი. სამარხები თარიღდება ძვ. წ. I-ახ. წ. I საუკუნეებით. ინვენტარს პატარა ზომის სუფრის ჭურჭელი და სამკაული შეადგენს ქვაყუთები სხვა ტიპის სამარხებთან შედარებით ცოტაა. თარიღდება ახ. წ. I-IV საუკუნეებით. მათ ასაგებად გამოყენებულია ფილაქვები. გვერდები მეტწილად მთლიანი ქვისაა, სახურავი შედგენილია ორი ან სამი ქვისგან. ქვაყუთებში ესვენა ერთი ან ორი მიცვალებული. ინვენტარი ღარიბულია – თითო თიხის ჭურჭელი და მცირე სამკაული ან ტანსაცმლის საკინძი.

დაჭრილები

დაჭრილები მდებარეობს საყარაულო სერის ჩრდილოეთით, მისგან 150-იოდე მეტრზე. თარიღდება ძვ. წ. IV-III საუკუნეებით აქ მხოლოდ ქვევრსამარხებია. სამაროვანზე დადასტურდა ნახმარ ქვევრებში დაკრძალვის არა ერთი ფაქტი. ხშირ შემთხვევაში სამარხი ქვევრები წითელი საღებავითაა მოხატული. გათხრილი სამარხები თითქმის სრულიად იდენტურია, რაც დამარხულთა ერთგვაროვან სოციალურ მდგომარეობაზე მიუთითებს. სამარხი ქვევრები ჰორიზონტალურადაა ჩაფლული მიწაში, პირით აღმოსავლეთისკენ. ინვენტარი ძირითადად სუფრის ჭურჭელი და სამკაულია. ჭარბობს დოქები, როგორც სადა ზედაპირიანი, ისე მოხატული, ჯამები ასევე სადა და შეღებილ-გაპრიალებული ზედაპირით. სამკაულთაგან გვხვდება ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს საყურე რგოლები, ბრინჯაოსა და რკინის სამაჯურები, ვერცხლისა და რკინის ბეჭდები, საკინძები, ილარი და ნაირნაირი მძივები. მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და ექსპედიციის ბაზაზე, სოფელ კავთისხევში.

ლიტერატურა: 

  • ცქიტიშვილი გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 169-171.
  • ცქიტიშვილი გ., ციხიაგორას სატაძრო კომპლექსი, თბ. 2003
  • ცქიტიშვილი გ., კავთისხევის „ციხიაგორა“, ძეგლის მეგობარი, 1977, № 46.
  • ხაზარაძე ნ., ცქიტიშვილი გ., ციხიაგორას კრამიტი, კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული, ტ. 6, თბ. 1980 წ.

ცხავერის მეორე ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავერიდან ორასიოდე მეტრზე, ადგილ სამებაზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარზე გამოვლინდა შენობათა საძირკვლის ნაშთები, რამდენიმეიარუსიანი ხელოვნური ტერასები. ზედაპირულად იპოვება წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები. ნასოფლარზე შემორჩენილია სამების დარბაზული ეკლესიის ნანგრევები.

წყარო: ბერაძე ე., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 210.

ცხავერის მესამე ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავერის სამხრეთით, კაჩაანთ უბანში, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარზე იპოვება წითლად გამომწვარი, უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, გამოვლენილია რამდენიმე ხელოვნური ტერასა.

წყარო: ბერაძე ე., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 210.

ცხავერის პირველი ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავერის ჩრდილო ნაწილში, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. გამოვლინდა რამდენიმეიარუსიანი ხელოვნური ტერასა. ზედაპირულად აიკრიფა წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები. ნასოფლარზე შემორჩენილია XlX საუკუნის წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესიის ნანგრევები.

წყარო: ბერაძე ე., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 210. 

ცხავერის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავერიდან 1 კილომეტრზე, ადგილ გადმოსაყართან. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. სამაროვანზე გამოვლინდა რამდენიმე ქვაყუთის ნაშთი – ფილაქვებით შედგენილი სამარხები რომლებშიც მიცვალებულები დაკრძალულია უინვენტაროდ, გაშოტილი, თავით დასავლეთისკენ. ზოგ ქვაყუთში ორი მიცვალებული ესვენა, ზოგში ორზე მეტი (საოჯახო სამარხები). სამაროვანი ნიაღვრებს დაუზიანებია.

წყარო: ბერაძე ე., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 210. 

წითლობი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეს ჩრდილო-აღმოსავლეთით, ერთი კილომეტრის მანძილზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ზედაპირულად იპოვება წითლად გამომწვარი უხეშკეციანი ჭურჭლისა და რამდენიმე დიდი ზომის ქვევრის ნამტვრევები.

წყარო: კვიტაიშვილი რ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 181. 

წინარეხის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში, შუა უბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარზე გამოვლინდა ეკლესიის საძირკველი, ნასახლართა ნაშთები და სამარხი ქვაყუთები. ნაეკლესიარზე ამჟამად სოფლის მაღაზია დგას.

წყარო: კვიტაიშვილი რ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 218. 

წინარეხის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში, ხვედრელიანთ უბნისაკენ მიმავალი გზის პირას. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. სამაროვანზე გამოვლინდა სამარხი ქვაყუთები.

წყარო: კვიტაიშვილი რ.,  საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 218.

ხოვლეგორა — გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის არქეოლოგიური ძეგლი, სოფელ ხოვლეს (კასპის მუნიციპალიტეტი) ჩრდილო-დასავლეთით 2,5 კილომეტრზე. გათხრები მიმდინარეობდა 1954-1961 წლებში (ნ. ბერძენიშვილი, გ. ცქიტიშვილი, დ. მუსხელიშვილი, ტ. ჩუბინიშვილი, დ. ხახუტაიშვილი). გამოვლინდა ნამოსახლარის 8 სტრატიგრაფიული ჰორიზონტი.

  • VIII-VII ჰორიზონტები — ძვ. წ. XV-XIV საუკუნეები;
  • VI ჰორიზონტი — ძვ. წ. XIII საუკუნე;
  • V ჰორიზონტი — ძვ. წ. XII-X საუკუნეები;
  • IV ჰორიზონტი — ძვ. წ. IX-VII საუკუნეები;
  • III ჰორიზონტი — ძვ. წ. VI საუკუნე;
  • II ჰორიზონტი — ძვ. წ. V საუკუნე;
  • I ჰორიზონტი — ძვ. წ. IV საუკუნე.

ძველ ხოვლეგორელთა (VIII-IV ჰორიზონტები) საცხოვრებელი სახლები ძელურია. საძირკველი ნაგებია ნატეხი ქვით ტალახის ხსნარზე, ხოლო კედლები ორივე მხრიდან ბათქაშითაა შელესილი. იატაკი თიხატკეპნილია. ძირითადად ერთოთახიანია. როგორც წესი, შესასვლელის მარცხენა უკანა კუთხეში პურის საცხობი ღუმელია მოწყობილი. მარჯვენა კუთხეში საკურთხეველია, რომელიც უმეტეს შემთხვევაში თიხის ვერძის თავის ქანდაკებითაა შემკული. ამ დროს ხოვლეგორას თხრილი ჰქონდა შემოვლებული. ძვ. წ. VI საუკუნეში დასახლება გასცდა ბუნებრივი გორის ფარგლებს და თხრილთან ერთად მას უკვე ქვის განიერი გალავანი შემოავლეს. ამ დროს დასახლება დადასტურებულია გალავნის შიგნით გორის ფუძესთან. რამდენიმეოთახიანი სახლები 1 მეტრ სიმაღლეზე ნაგებია ქვით ტალახის ხსნარზე, შემდეგ კედლები ტკეპნილი თიხით ან ალიზითაა ამოყვანილი. ამ დროს გორის თხემზე გაჩნდა ერთი საერთო სალოცავი – ქვით ნაგები, გეგმით კვადრატული მაღალი საკურთხეველი. ძვ. წ. IX-VII საუკუნეებში (IV ჰორიზონტი) ხოვლეგრის მოსახლეობას გაუჩნდა საერთო ბოსელი. ხოვლეგორის ყველა პერიოდის სახლები ბანურგადახურვიანია და გორის ფერდობებზე ტერასულად განლაგებული იყო.

ხოვლეგორის კომპლექსში შედის გორის გარშემო განლაგებული ნასოფლარი, სადაც მოსახლეობა ძვ. წ. XII-X საუკუნეებში გაჩნდა და ძვ. წ. IV საუკუნემდე იარსება. ერთოთახიანი, ბანურგადახურვიანი სახლები ტალახის ხსნარზე ქვითაა ნაგები. ზოგი ნახევრად მიწურულია. სახლები სიგრძივ ღერძზე ორადაა გაყოფილი. ერთი ნაწილი ბოსლად იყო გამოყენებული. ყველა სახლში, საცხოვრებელი ნაწილის კუთხეში, პურის საცხობი ღუმელია მოწყობილი, მოპირდაპირე მხარეს საკურთხეველია. ძვ. წ. VI-V საუკუნეებიდან ამის ნაცვლად გაჩნდა ახალი ელემენტი – შუაცეცხლი. ხოვლეგორის ნასახლარებზე მოპოვებული მასალის უდიდესი ნაწილი კერამიკაა: შავად და ლეგად გამომწვარი ჭურჭელი (VIII–IV ჰორიზონტი), წითლად გამომწვარი ჭურჭელი (IV ჰორიზონტის დასასრულიდან). ნაკლები რაოდენობითაა ქვის სამეურნეო იარაღი, უფრო ნაკლები – ლითონისა და ძვლის იარაღ-სამკაული.

ცალკე აღსანიშნავია უნიკალური აღმოჩენები: 2 კევრი (IV ჰორიზონტი) და გამომწვარი თიხის სამეთუნეო ჩარხი (III ჰორიზონტი).

ნასოფლარის მახლობლად გათხარეს მეჭურჭლეთა ცალკე უბანი. გამოვლინდა ქრონოლოგიურად ერთმანეთის მომდევნო 3 სახელოსნო, რომლებშიც ერთმანეთისაგან განსხვავებული კონსტრუქციის, მაგრამ გენეტიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული ქურები იყო მოწყობილი. სახელოსნოში შედიოდა ჭურჭლის საწვავი ქურა, სამუშაო მაგიდა, თიხის შესანახი ორმო, წყლის შესანახი დერგები და ხელოსნის საცხოვრებელი სახლი. სახელოსნო უბნის ტერიტორიის გამოყოფა დასახლების ძირითადი ნაწილისაგან იმაზე მიუთიტებს, რომ ძვ. წ. I ათასწლეულის ნახევარში ქართლის ბარში მიწათმოქმედებისაგან ხელოსნობის გამოყოფის პროცესი ღრმად იყო წასული.

ხოვლეგორის სამხრეთით 0,5 კმ-ზე გათხარეს ძვ. წ. VII–V საუკუნეების სამაროვანის ნაწილი. მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ ორმოებში მოკუნტულად მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. სამარხები ჯგუფურად იყო განლაგებული და ქრონოლოგიურ-ტიპობრივი ნაირსახეობის მიხედვით ჩანს ხოვლეგორის ყოფაში მომხდარი დიფერენციაცია.

სხვადასხვა ჰორიზონტის არქეოლოგიური მასალა არსებითად თითოეულის შემდგომი განვითარებაა და მიუთითებს ხოვლეგორის მოსახლეობის როგორც კულტურულ, ისე ეთნიკურ ერთიანობასა და თანამიმდევრობაზე. ხოვლეგორის არქეოლოგიური კულტურა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის კულტურულ არეში შედის და ბევრი ნიშნით მომიჯნავე მხარეების ლოკალურ კულტურულ წრეებს (ქვემო ქართლი, თრიალეთი, შიდა ქართლი, სამთავრო) ენათესავება.

ლიტერატურა:

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 494.
  • მუსხელიშვილი დ., ხოვლეს ნამოსახლარის არქეოლოგიური მასალა, თბ., 1978
  • „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 257.

ხოვლის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, მდინარე ხეხმელას მარცხენა სანაპიროზე, წყალსაქაჩი ქვესადგურის დასავლეთით, 50 მეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასახლარზე ზედაპირულად იპოვება კერამიკული მასალა: წითელზედაპირიანი ჯამის შავზედაპირიანი, პირგადაშლილი და მუცელგამობერილი თიხის ჭურჭლის ნატეხები. თიხის ჭურჭლის ყელს შუაში რელიეფური წიბო მიუყვება, მუცლის ირგვლივ ღარული წრეებია. წრეებს შორის ჩასმულია ფრჩხილისებრი ირიბული ორნამენტი. მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

წყარო: ცქიტიშვილი გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ.  გვ. 222.