გმირები

აქ წარმოდგენილი გახლავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლები კასპის მუნიციპალიტეტიდან.  

1991-1993 წლებში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლები

შარიფაშვილი ტარიელ ვალერიანის ძე

შარიფაშვილი ტარიელ ვალერიანის ძე – დაიბადა 1960 წლის 20 დეკემბერს სოფელ ზემო ხანდაკში. 1977 წელს დაამთავრა სოფელ ზემო ხანდაკის საშუალო სკოლა. 1979-1980 წლებში მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. დამთავრებული ჰქონდა თბილისის საფინანსო-ეკონომიკური ტექნიკუმი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. სწავლას განაგრძობდა თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

   1991 წლის 5 აპრილს ჩამოყალიბდა ეროვნული გვარდიის კასპის ასეული. ახალი ქვედანაყოფის მეთაურად დაინიშნა ტარიელ შარიფაშვილი. ამავე წლის 22 აგვისტოს, ასეულის ბატალიონად გადაკეთებასთან დაკავშირებით, ეროვნული გვარდიის სარდლის ბრძანებით დაინიშნა ბატალიონის მეთაურად.

  1992 წლის 7 იანვარს ტარიელ შარიფაშვილი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებით რწმუნებულად კასპის რაიონში.

  ამავე წლის 7 თებერვლიდან კი, რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით, დაეკისრა კასპის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება.

   1993 წლის მარტში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის რეგიონების მართვის სამსახურის კოლეგიის გადაწყვეტილებით, დაამტკიცეს კასპის რაიონის გამგეობის თავმჯდომარედ.

    1992 წლის 13 მაისს ბატალიონის პირად შემადგენლობასთან ერთად შევიდა სამაჩაბლოს ტერიტორიაზე.

    1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ბრძოლის დაწყების პირველივე დღეს, ჩაება საბრძოლო მოქმედებებში. აქტიურად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციის დაგეგმვაში. როგორც მეთაური და მებრძოლი, გამოირჩეოდა სიმამაცითა და განსაკუთრებული, გამორჩეული ბუნებრივი ალღოთი.

   თავდადებით იბრძოდა ქართული ჯარის შექმნისა და აღორძინებისათვის. სამაჩაბლოსა და აფხაზეთში უნარიანად სარდლობდა შენაერთებს. იყო რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილე. მთელი თავისი ენერგია და უნარი მოახმარა ეროვნული შეიარაღებული ძალების განვითარებას, კასპის რაიონში საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებასა და ცხოვრების ნორმალური რიტმის შენარჩუნებას, სახელმწიფო სტრუქტურებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების განმტკიცებას.

    მინიჭებული ჰქონდა სამხედრო წოდება „გვარდიის პოლკოვნიკი“.

   დაიღუპა 1993 წლის 25 სექტემბერს ქ. სოხუმში, სარკინიგზო სადგურის ტერიტორიის დაცვის დროს, უშუალოდ საბრძოლო მოქმედების ეპიცენტრში.

   დაიკრძალა 1993 წლის 2 ოქტომბერს მშობლიური სოფლის – ზემო ხანდაკის – სასაფლაოზე.

   კასპის რაიონის გამგეობის 1993 წლის 1 ოქტომბრის განკარგულებით დაკმაყოფილდა ზემო ხანდაკის სოფლის საკრებულოს 1993 წლის 29 სექტემბრის პირველი მოწვევის მეცხრე სესიის გადაწყვეტილება  და საშუალო სკოლას, სადაც ტარიელ შარიფაშვილი სწავლობდა ეწოდა გმირულად დაღუპული მეთაურის სახელი.

   ქ. კასპის საკრებულოს განკარგულებით, ქ. კასპში კალინინის ქუჩას ეწოდა ტარიელ შარიფაშვილის სახელი.

   ტარიელ შარიფაშვილის ხანმოკლე და ტრაგიკულ სიცოცხლეს, სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწეობას ეძღვნება ქართველი ჟურნალისტისა და მწერლის, ბატონ ლერი მუსხელაძის დოკუმენტური მოთხრობა „სამიზნეზე შემომჯდარი ბედისწერა“.

    საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის ბრძანებულებით დაჯილდოებულია (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. ჯილდო შარიფაშვილის ოჯახს 1993 წლის 17 დეკემბერს გადასცა საქართველოს თავდაცვის იმდროინდელმა მინისტრმა გია ყარყარაშვილმა.

   ჰყავს მეუღლე – ლია გოგიაშვილი და ქალიშვილი – თამარი.

აფციაური შმაგი ჯემალის ძე

აფციაური შმაგი ჯემალის ძე – დაიბადა 1974 (1975 წლის 1 იანვარს) წელს კასპის რაიონის სადგურ მეტეხის დასახლებაში. სწავლობდა მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. ყო ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის წევრი.

  დაიღუპა დასავლეთ საქართველოში 1992 წლის 20 მარტს. დაკრძალულია სოფელ მეტეხში. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით.

ბახტაძე ბადრი ბეჟანის ძე

ბახტაძე ბადრი ბეჟანის ძე – დაიბადა 1975 წლის 11 მაისს ქ. კასპში. 1991 წელს დაამთავრა ქ. კასპის სკოლა-ინტერნატი და სწავლა განაგრძო ქ. კასპის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. 1993 წლის მაისში შეუსრულდა თუ არა 18 წელი, გაიწვიეს ეროვნულ გვარდიაში. მსახურობდა გომბორის სადესანტო-მოიერიშე ბატალიონში.

   დაიღუპა 1993 წლის 17 ივნისს სოფელ აძიუჟბასთან (თუ აძიუბჟა – ერთ-ერთი შეტაკების დროს გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე) პირველივე ბრძოლის დროს.

  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს #55060 სამხედრო ნაწილიდან მის გამზრდელ ბიძა-ბიცოლამ – სულიკო და გიული ბახტაძეების ოჯახმა (მცხ. ქ. კასპში, რუსთაველის ქ. #41) მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ რიგითი ბახტაძე გმირულად დაიღუპა სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლაში.

   დაკრძალულია ქ. კასპში.

  სიკვდილის  შემდეგ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1993 წლის 1 ივლისის ბრძანებულებით დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით.

   ქ. კასპის მერიის 1995 წლის გადაწყვეტილებით ბადრი ბახტაძის სახელი ეწოდა ქუჩას, რომელზეც იგი ცხოვრობდა (ყოფილი არაგვის ქუჩა).

ბეინაშვილი გელა სიმონის ძე

ბეინაშვილი გელა სიმონის ძე – დაიბადა 1972 წლის 29 სექტემბერს, სოფელ ლამისყანაში. დამთავრებული ჰქონდა სამხატვრო სასწავლებელი. ირიცხებოდა სამხედრო პოლიციის დაცვის ბატალიონის წევრად.

   დაიღუპა 1993 წლის 9 მარტს სოფელ ლაბრასთან, (ერთ-ერთი შეტაკების დროს მტერმა ულმობლად დაახალა ტყვია – მკერდზე ჯვარი დააცხრილა.) ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად – მტრებმა მკერდზე ტყვიებით ჯვარი დააცხრილეს.

   დაკრძალეს 20 მარტს სოფელ ლამისყანის სასაფლაოზე.

ბეინაშვილი მამუკა ვაჟას ძე

ბეინაშვილი მამუკა ვაჟას ძე – დაიბადა 1973 წლის 7 სექტემბერს, სოფელ ლამისყანაში.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ხარატად მუშაობდა თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში. 1992 წლის მაისში გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში. საბრძოლველად მოხალისედ წავიდა ქ. თბილისიდან. ირიცხებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის პოლკის პირად შემადგენლობაში. მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ კონფლიქტში. დაიღუპა ერთ-ერთი საბრძოლო მოქმედების დროს, 1992 წლის 1 სექტემბერს ეშერის მისადგომებთან.
  თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ერთ-ერთი ქუჩას მამუკა ბეინაშვილის სახელი მიენიჭა. სიკვდილის შემდეგ  დაჯილდოვდა  ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

   დაკრძალულია ქ. თბილისში.

ბროლაძე მამუკა თენგიზის ძე

ბროლაძე მამუკა თენგიზის ძე – დაიბადა 1972 წლის 22 თებერვალს სოფელ ახალქალაქში. მოხალისედ წავიდა ქ. თბილისიდან. იბრძოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის გვარდიული პოლკის პირად შემადგენლობაში – ორი კვირის მანძილზე.

   დაიღუპა 1992 წლის 13 აპრილს – საბრძოლო მანქანაში. დაკრძალულია სოფელ ახალქალაქის სასაფლაოზე.

გეთაშვილი მერაბ ლევანის ძე

გეთაშვილი მერაბ ლევანის ძე – დაიბადა 1970 წლის 3 სექტემბერს, კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში. იყო დუშეთის ბატალიონის წევრი. იბრძოდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში.

   ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

დეისაძე ვაჟა თეიმურაზის ძე

დეისაძე ვაჟა თეიმურაზის ძე – დაიბადა 1964 წლის 28 აგვისტოს, კასპის რაიონის სოფელ ქვემო გომში. იბრძოდა ცხელ წერტილებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკთა რიგებში.

   ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ედიშერაშვილი ზურაბ (გოგი) ნიკოლოზის ძე

ედიშერაშვილი ზურაბ (გოგი) ნიკოლოზის ძე – დაიბადა 1955 წლის 2 ნოემბერს კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში. დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა, შემდეგ თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმი.

  მუშაობდა კასპის რაიონის წყალთა მეურნეობის სისტემაში, სატუმბი სადგურის უფროსად. შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს „საქშავზღვათევზდაცვის“ სამმართველოს სახელმწიფო ინსპექტორად.

  1992 წლის 29 აგვისტოს წავიდა აფხაზეთში საბრძოლველად. დაიღუპა 1 სექტემბერს სოფელ ეშერაში. დაკრძალულია სოფელ ახალქალაქში.

  საქართველოს პრეზიდენტის 1995 წლის 18 დეკემბრის ბრძანებულებით დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ).

   დარჩა მეუღლე – მარინე ტუღუში და ორი ვაჟიშვილი.

თათარაშვილი გელა გიორგის ძე

თათარაშვილი გელა გიორგის ძე – დაიბადა 1974 წლის 17 ივლისს კასპის რაიონის სოფელ ოკამში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის N74 პროფტექნიკურ სასწავლებელში.

   გელა გაიწვიეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს I საარმიო კორპუსის მე-11 ბრიგადის 116-ე ბატალიონში – „თეთრი არწივი“. დაიღუპა ქ. სოხუმში 1993 წლის 27 სექტემბერს.

თათრიშვილი გოჩა გურამის ძე

თათრიშვილი გოჩა გურამის ძე – დაიბადა 1962 წლის 20 ოქტომბერს, ქ. კასპში. ცხოვრობდა გოგებაშვილის ქ. #2-ში. იყო ჟიული შარტავას დაცვის პირადი წევრი. დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში.

   2016 წლამდე ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. 2017 წელს გადმოასვენეს საქართველოში და დაკრძალეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

ირემაშვილი გელა იასონის ძე

ირემაშვილი გელა იასონის ძე – დაიბადა 1970 წლის 23 სექტემბერს, კასპის რაიონის სოფელ იდლეთში.

   იბრძოდა ნუგზარ მამულაშვილის 43-კაციან ქვეგანაყოფში, რომელიც 1993 წლის ივნისში, „სოხუმჰესის“ დაცვის დროს, მძიმე ტექნიკით აღჭურვილი 350 აფხაზი სეპარატისტის ალყაში მოექცა, 8 საათიანი ბრძოლის დროს დაიღუპა 15 ივნისს (6 ივლისს) 10 თანამებრძოლთან ერთად. (უფროსი ლეიტენანტი, რკინიგზის მე-8 სპეცდანიშნულების ოცეულის მეთაური გმირულად დაიღუპა სოხუმჰესის დაცვისას.)

 საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით, დაჯილდოვდა (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით.

   დაკრძალულია კასპის რაიონის სოფელ იდლეთში.

ირემაშვილი გიორგი ვალერიანის ძე

ირემაშვილი გიორგი ვალერიანის ძე – დაიბადა 1962 წლის 10 ნოემბერს ქ. თბილისში. სოფელ იდლეთიდან იყო. დაამთავრა კასპის მე-2 საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის მე-9 ტექნიკურ სასწავლებელში.

   გიორგი მსახურობდა რკინიგზის მე-8 სპეცდანიშნულების ქვეგანაყოფის შტაბის უფროსად.

   საქართველოში დატრიალებულმა ტრაგედიებმა სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულ ჭაბუკს ხელში იარაღი ააღებინა და არც გაუგდია ხელიდან ტყვიაგამოლეული ავტომატი, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე  ებრძოდა სოხუმჰესზე შემოჭრილ მტერს.

   ორი ობოლი დაუტოვა ოჯახს და დიდი სიმწარე.

   დაიღუპა 1993 წლის 6 ივლისს. კაპიტანი გიორგი ირემაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

   თბილისში ნაძალადევის რაიონში ჟღენტის ქუჩას ეწოდა გიორგი ირემაშვილის სახელი. დასაფლავებულია კასპის რაიონის სოფელ იდლეთში.

კალატოზიშვილი მორისი ალექსანდრეს ძე

კალატოზიშვილი მორისი ალექსანდრეს ძე – დაიბადა 1967 წელს (1963 წლის 30 აპრილს), სოფელ მეტეხში. მოხალისედ წავიდა საბრძოლველად ქ. თბილისიდან. ირიცხებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის პირად შემადგენლობაში.

   დაიღუპა 1992 წლის 28 მაისს. დაკრძალულია სოფელ მეტეხში.

კაპანაძე გიორგი ამირანის ძე

კაპანაძე გიორგი ამირანის ძე – დაიბადა 1972 წლის 3 ნოემბერს. ცხოვრობდა ქ. კასპში (ლესელიძის ქ. #9-ში). დაამთავრა ქ. კასპის მესამე საშუალო სკოლა, შემდეგ – ქ. კასპის #148 პროფტექნიკური სასწავლებელი.

   მუშაობდა კასპის ცემენტ-შიფერის კომბინატში ზეინკლად. იქიდან გაიწვიეს შინაგან ჯარში.

  დაიღუპა 1992 წლის 25 ოქტომბერს სოხუმში – საგუშაგოზე მიმავალი ჯარისკაცი გზაში მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ იმსხვერპლა. დაკრძალულია ქ. კასპში.

კობაური ვასილ ომარის ძე

კობაური ვასილ ომარის ძე – დაიბადა 1953 წლის 4 მარტს (მუზეუმის ინფორმაცია) კასპის რაიონის სოფელ ლამისყანის მკვიდრი. იბრძოდა რესპუბლიკის შინაგანი ჯარების რიგებში. უშუალოდ მონაწილეობდა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის  ჟიული შარტავას პირად დაცვაში.

   ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

ლაფერაშვილი კონსტანტინე (კახა) გიორგის ძე

ლაფერაშვილი კონსტანტინე (კახა) გიორგის ძე – დაიბადა 1967 („უკვდავებაში“ ასე წერია) წელს (1973 წლის 8 იანვარს) კასპის რაიონის სოფელ ბარნაბიანთკარში. შეიარაღებულ ძალებში გაიწვია ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სამხედრო კომისარიატმა (განყოფილებამ). ირიცხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარის შემადგენლობაში.   

   ბოლოს იბრძოდა ქ. გაგრაში. გაგრაში ბრძოლის შემდეგ ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

ლაცაბიძე გოგი ომარის ძე

ლაცაბიძე გოგი ომარის ძე – დაიბადა 1964 წლის 1 ნოემბერს კასპის რაიონის სოფელ კავთისხევში.

  1981 წელს დაამთავრა კომაროვის სახელობის სკოლა, შემდეგ ჩაირიცხა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე.

   1987 წელს მუშაობა დაიწყო გლდანის რაიონის რადიო-ქარხანაში ტექნოლოგად.

   1991 წელს ნაძალადევის რაიონის სამხედრო კომისარიატმა გაიწვია სავალდებულო სამხედრო სამსახურში და ჩაირიცხა მე-11 მმ ბრიგადაში. 

   ლეიტენანტი გოგი ლაცაბიძე დაინიშნა 110-ე სატანკო ბატალიონის ოცმეთაურად.

   1992 წლის ოქტომბრის ბოლოს ჩაება აფხაზეთის კონფლიქტში.

   მეთაურობდა ტანკს. საკუთარი ხელით მეორედ შეკეთებული ტანკით რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიცვა, მაგრამ 1992 წლის 27 დეკემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულასთან მტრის ნაღმზე აფეთქდა ეკიპაჟთან ერთად ქ. სოხუმის დაცვის დროს.

მამულაშვილი ოთარ კონსტანტინეს ძე

მამულაშვილი ოთარ კონსტანტინეს ძე – დაიბადა 1973 წლის 17 იანვარს კასპის რაიონის სოფელ სასირეთში. იყო ეროვნული გვარდიის პირველი გაწვევის ჯარისკაცი. იმსახურა 8 თვე. ირიცხებოდა „თეთრი არწივის“ შემადგენლობაში.

   დაიღუპა ქ. თბილისში – 1991 წლის 22 დეკემბერს. დაკრძალულია სოფელ სასირეთში.

მანჯიკაშვილი ზურაბ ვლადიმერის ძე

მანჯიკაშვილი ზურაბ ვლადიმერის ძე – დაიბადა 1972 წლის 30 აპრილს სოფელ ქვემო ჭალაში.

   დაიღუპა 1992 წლის 27 სექტემბერს სოფელ ტამიშთან. დაკრძალულია 9 ოქტომბერს მშობლიური სოფლის სასაფლაოზე.

   საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაჯილდოვდა (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით.

მარიდაშვილი ზაზა აკაკის ძე

მარიდაშვილი ზაზა აკაკის (ჯემალის) ძე – დაიბადა 1973 წლის 23 ივლისს, კასპის რაიონის სოფელ ქვემო გომში.

  1991 წლის დეკემბერში გაიწვიეს საქართველოს შინაგან ჯარში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად. (1991 წლის დეკემბერში გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. მსახურობდა რესპუბლიკის შინაგან ჯარებში).

   თანასოფლელებთან ერთად იბრძოდა სამაჩაბლოში, სადაც დაიჭრა 1992 წლის ზაფხულში.

  1992 წლის ნოემბრიდან მსახურობდა საქართველოს ეროვნული გვარდიის თბილისის 28-ე ბატალიონში. დეკემბრის დასაწყისში კი წავიდა აფხაზეთში ტერიტორიული მთლიანობისათვის დასაცავად.

   1992 წლის 10 დეკემბერს სოფელ ეშერაში ერთ-ერთი შეტაკების დროს ზაზა მარიდაშვილი გმირულად დაიღუპა.  

მდინარაძე ალექსანდრე ბახოს ძე

მდინარაძე ალექსანდრე (ალეკო) ბახოს ძე – დაიბადა 1972 წლის 21 თებერვალს ხარაგაულის რაიონის სოფელ კიცხში. 1991 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში (შინაგანი ჯარები). 1992 წელს გადაიყვანეს კასპის ბატალიონში. ჯერ სამაჩაბლოში იყო, შემდეგ კი აფხაზეთში.

   დაიღუპა 1993 წლის 23 სექტემბერს სოხუმის მისადგომებთან. 11 წელი სწავლობდა ქუთაისის სამუსიკო სკოლა-ინტერნატში. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 30 ივნისის ბრძანებულებით დაჯილდოებულია (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით.

მიქუტიშვილი ჯუმბერ ალექსანდრეს ძე

მიქუტიშვილი ჯუმბერ ალექსანდრეს ძე – დაიბადა 1947 წლის 18 აპრილს, კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში. იბრძოდა „ავაზას“ ერთ-ერთ ბატალიონში.

   დაიღუპა 1993 წლის 13 თებერვალს სოფელ ლაბრაში. დაკრძალულია სოფელ ხოვლეში.

მუხათგვერდელი მორისი შალვას ძე

მუხათგვერდელი მორისი შალვას ძე – დაიბადა 1972 წლის 26 მარტს, კასპის რაიონის სოფელ აღაიანში. დამთავრებული ჰქონდა თბილისის 120-ე პროფტექნიკური სასწავლებელი, ავტოზეინკლის სპეციალობით.

   1992 წლის 27 სექტემბერს სოფელ ტამიშთან გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. დაკრძალულია მშობლიური სოფლის სასაფლაოზე. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1995 წლის 18 დეკემბრის ბრძანებულებით დაჯილდოებულია (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით.

ნაცვლიშვილი ზურაბ გივის ძე

ნაცვლიშვილი ზურაბ გივის ძე – დაიბადა 1973 წლის 25 თებერვალს. კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები 20 წლის ვაჟკაცი 1993 წლის 18 აგვისტოს გმირულად დაეცა აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. თითქმის ორი თვის შემდეგ მოხერხდა მისი ცხედრის გადმოსვენება. ირიცხებოდა გომბორის სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის შემადგენლობაში. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს #55060 სამხედრო ნაწილიდან კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები გივი ნაცვლიშვილის ოჯახმა შეტყობინება მიიღო იმის შესახებ, რომ მათი შვილი გმირულად დაიღუპა მამულის დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში, აფხაზეთის რეგიონში.

ოთარაშვილი ბესიკ გიორგის ძე

ოთარაშვილი ბესიკ გიორგის ძე – დაიბადა 1969 წლის 22 თებერვალს კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში. პატარაობიდანვე ჭიდაობა იზიდავდა, ვარჯიშობდა, მონაწილეობდა შეჯიბრებებში, მწვრთნელები კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ… მაგრამ 1992 წლის 18 ივნისს სამაჩაბლოში მოხალისედ წასული 23 წლის ვაჟკაცი გმირული სიკვდილით დაეცა.

   იყო მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრი. დაკრძალულია სოფელ ქვემო ჭალის სასაფლაოზე.

პაპუაშვილი ვახტანგ ნიკოლოზის ძე

პაპუაშვილი ვახტანგ ნიკოლოზის ძე – დაიბადა 1973 წლის 19 სექტემბერს. საშუალო სკოლა დაამთავრა სოფელ იგოეთში. იბრძოდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში.

   1992 წლის 21 აგვისტოს სოფელ კელასურში გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. დაკრძალულია სოფელ იგოეთის სასაფლაოზე.

  საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1995 წლის 18 დეკემბრის ბრძანებულებით დაჯილდოებულია (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით.

ფეიქრიშვილი ალექსანდრე (ალბერტი) მურაზის ძე

ფეიქრიშვილი ალექსანდრე (ალბერტი) მურაზის ძე – დაიბადა 1954 წლის 1 ოქტომბერს სოფელ ზემო ხანდაკში. დაამთავრა სოფლის საშუალო სკოლა, თბილისის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.

   1992 წლის 22 აგვისტოდან მსახურობდა ეროვნული გვარდიის #17363 სამხედრო ნაწილში.

   დაიღუპა 1992 წლის 18 (თუ 23) სექტემბერს ქ. სოხუმში, საბრძოლო მანქანის აფეთქების მომენტში. დაკრძალულია სოფელ ზემო ხანდაკში.

  საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1995 წლის 18 დეკემბრის ბრძანებულებით დაჯილდოებულია (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით.

   დარჩა მეუღლე და ქალ-ვაჟი.

ქართველიშვილი ალბერტ (რომან) ნიკოლოზის ძე

ქართველიშვილი ალბერტ (რომან) ნიკოლოზის ძე – დაიბადა 1951 წლის 29 ნოემბერს კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში. დაიღუპა 1993 წლის 6 ივლისს.

ქსოვრელი სერგო დურმიშხანის ძე

ქსოვრელი სერგო დურმიშხანის ძე – დაიბადა 1959 წლის 13 მარტს. კაპიტანი.

   იბრძოდა ზურაბ მამულაშვილის 43-კაციან ქვეგანაყოფში, რომელიც 1993 წლის ივნისში, „სოხუმჰესის“ დაცვის დროს, მძიმე ტექნიკით აღჭურვილი 350 აფხაზი სეპარატისტის ალყაში მოექცა. 6 ივლისს, 8 საათიანი ბრძოლის დროს დაიღუპა 10 თანამებრძოლთან ერთად.

   საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის დაჯილდოვდა (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.

   ქ. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით მისი სახელი მიენიჭა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას.

   დაკრძალულია სოფელ იდლეთში.

შერმადინ შერმადინ თეიმურაზის ძე

შერმადინ შერმადინ თეიმურაზის ძე – დაიბადა 1975 წლის 1 იანვარს კასპის რაიონის სოფელ თეზში. დაიღუპა 1993 წლის 16 ივნისს. დაკრძალულია მშობლიური სოფლის სასაფლაოზე.

ცქვიტიშვილი ბადრი ალექსანდრეს ძე

ცქვიტიშვილი ბადრი ალექსანდრეს ძე – დაიბადა 1967 წლის 27 აგვისტოს. ცხოვრობდა ქ. კასპში (კოსტავას ქ. #32-ში). დაამთავრა ქ. კასპის #1 საშუალო სკოლა, შემდეგ თბილისის ფიზკულტურის ტექნიკუმი.

   იყო მოქმედი სპორტსმენი. მუშაობდა ფიზაღზრდის მასწავლებლად.

   დაიღუპა 1992 წლის 1 სექტემბერს ქ. გაგრაში გამთენიისას. დაკრძალულია ქ. კასპის სასაფლაოზე.

  საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1995 წლის 18 დეკემბრის ბრძანებულებით დაჯილდოებულია (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით.

ცუცუნაშვილი კობა იულონის ძე

ცუცუნაშვილი კობა იულონის ძე – დაიბადა 1960 წლის 9 ოქტომბერს, სოფელ ლამისყანაში. ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

ხაბალაშვილი მერაბ (ვალერიან) დიმიტრის ძე

ხაბალაშვილი მერაბ (ვალერიან) დიმიტრის ძე – დაიბადა 1956 წლის 28 მარტს. ცხოვრობდა ქ. კასპში (კოსტავას ქ. #11-ში). დაამთავრა ქ. კასპის #2 საშუალო სკოლა. იბრძოდა მაშველთა კორპუსის ქვემო ქართლის რუსთავის – რაზმის შემადგენლობაში.

   დაიღუპა 1993 წლის 9 ნოემბერს ქ. ზუგდიდში.

   საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით დაჯილდოვდა (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით.

   დაკრძალულია ქ. რუსთავის ძმათა სასაფლაოზე.

   დარჩა მეუღლე და 2 ქალიშვილი.

ხეტეშვილი ივანე შალვას ძე

ხეტეშვილი ივანე შალვას ძე – დაიბადა 1961 წლის 11 თებერვალს კასპის რაიონის სოფელ თეზში, მოსამსახურის ოჯახში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ პირნათლად მოიხადა მხედრული ვალი. 1982 წელს დაოჯახდა. სამშობლოს ორ შვილს უზრდიდა. ერთი დღე უშრომელად არ უცხოვრია. როცა საქართველოში კონფლიქტი დაიწყო, ვანო ჩაირიცხა თავდაცვის სამინისტროს საგანგებო დანიშნულების ბატალიონში. 1992 წლის დასაწყისში იმყოფებოდა სამაჩაბლოში სამშვიდობო მისიით. ბატალიონი სოფელ ვანათში იდგა. შრომისმოყვარე ახალგაზრდამ აქაც გამონახა სამუშაო და სოფლის ეკლესიის რესტავრაცია დაიწყო, რითაც მოსახლეობის უდიდესი სიყვარული დაიმსახურა.

   1992 წლის სექტემბრის ბოლოს, გაგრის ტრაგედიის დროს, ტყვედ ჩაიგდეს აფხაზებმა და გუდაუთის საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. 41 დღის განმავლობაში არნახული ტანჯვა, წამება განიცადა, მაგრამ სეპარატისტების ანკესზე არ წამოეგო. ვაჟკაცურად იცავდა მხედრულ ღირსებას. ტყვეობიდან განთავისუფლებული ისევ სამაჩაბლოში დაბრუნდა.

  1993 წლის 16 სექტემბერს ბატალიონ „გორდას“ შემადგენლობაში, თავის მეგობრებთან ერთად, სოხუმში გაემგზავრა, სადაც უფროსი ლეიტენანტი ივანე ხეტეშვილი დაინიშნა ბატალიონის ჯავშანტრანსპორტიორების ასეულის მეთაურის მოადგილედ.

  23 სექტემბერს თანამებრძოლებთან ერთად ალყაში მოხვედრილი მეგობრების დასახმარებლად წასული უკან აღარ დაბრუნებულა. მშობლიური კუთხის ნაცვლად სოფელ მაჭარკის სასაფლაოზე განისვენებს.

  ივანე ხეტეშვილი სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

   ფრონტელი მეგობრის დღიურიდან: „ვანოს ათეული კოლხიდიდან უკან იხევდა. მათ 6 „მხედრიონელი“ შეუერთდათ, მოულოდნელად ჩვენი ბიჭები მოწინააღმდეგეს გადააწყდნენ. ბიჭები ფრთხილობდნენ – კარგად დავაკვირდეთ, ჩვენები არ იყვნენო. ვანომ მწვანე ლენტი შეამჩნია ფორმაზე და ტყვიამფრქვევიდან ცეცხლი გახსნა. სეპარატისტები რიცხობრივად ჭარბობდნენ, მაგრამ ელვისებურმა იერიშმა ისე დააბნიათ, რომ ჩაწვნენ და თავი აღარ აუწევიათ. მებრძოლმა ლევან ქართველიშვილმა (სამწუხაროდ, ისიც დაიღუპა) მითხრა: „ვანოს რომ არ ეყოჩაღა, ყველას ჩაგვხოცავდნენ“.

   1993 წლის 23 სექტემბერი – კოლხიდაში ციტრუსების პლანტაციაში ვართ. სანგრები გათხრილია, მაგრამ მხოლოდ მწოლიარეს თუ დაფარავს. ვანო ახოვანი ვაჟკაცია, ვერანაირად ვერ თავსდება. მთელი ღამე ვახო გოგსაძესთან ერთად თხარეს სანგარი, მაგრამ ვანო მაინც ვერ გაიმართა. ღამე იწვიმა კიდეც. დილით ატყდა ორმხრივი სროლა, მოწინააღმდეგე ვანოზე განსაკუთრებულად ნადირობდა, იგი ტყვიას-ტყვიაზე უგზავნიდა სეპარატისტებს. მოწინააღმდეგე ხევიდან ეპარებოდა ვანოს. მან შეამჩნია და ხელყუმბარა ესროლა, რის შემდეგაც ვანოს კარგა ხანს არ გაუსვრია. ვიფიქრე, ბიჭები დაიჭირეს და ყვირილი დავიწყე. ვანომ ტალახში ამოთხვრილი თავი ამოსწია: – რა გაღრიალებს, განზრახ გავჩუმდი, ისინი ახლოს რომ მოვიტყუო და შენ მიფრთხობო. აი ასეთი გულადი იყო ჩვენი ვანო“.

  „ოთხი განუყრელი მეგობარი: მამუკა კობალაძე, ლევან ქართველიშვილი, ივანე ხეტეშვილი დ გონერ პავლიაშვილი 23 სექტემბერს ალყაშემორტყმული თანამებრძოლების გამოსახსნელად წავიდნენ და აღარ დაბრუნებულან… დიდხანს ეძებდნენ თანამებრძოლები… მეორე დღეს მაჭარის სასაფლაოზე შემთხვევით წააწყდნენ, როცა უცხო ადამიანები მიწას აბარებდნენ.

   წიგნი „უკვდავება“. გონერ პავლიაშვილი, გვ. 350

ხეჩიკაშვილი კობა მურაზის ძე

ხეჩიკაშვილი კობა მურაზის ძე – დაიბადა 1973 წლის 21 აგვისტოს კასპის რაიონის სოფელ დოესში. 1981 წელს დაამთავრა დოესის საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო თბილისის პროფ. ტექნიკურ სასწავლებელში ძრავის შემკეთებლის სპეციალობით. 1992 წლის 11 ივნისს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. კობა ხეჩიკაშვილი იყო რიგითი. იბრძოდა ცხინვალში, იბრძოდა აფხაზეთში, გუმისმთაზე, კოდორთან.დაიღუპა სოხუმში 1993 წელს რკინიგზის სადგურთან ბრძოლების დროს. ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. 2018 წელს მისი ნეშტი მოძიებული და გადმოსვენებულ იქნა. აფხაზეთიდან გადმოსვენებული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის დაკრძალვა 2018 წლის 26 აპრილს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე მოხდა.

ხოკრიშვილი ნიკოლოზ ოთარის ძე

ხოკრიშვილი ნიკოლოზ ოთარის ძე – დაიბადა 1961 წლის 14 მარტს. 1978 წელს დაამთავრა ქ. კასპის #2 საშუალო სკოლა. 1979-1981 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში (მოსკოვში). მუშაობდა კასპის ცემენტ-შიფერის კომბინატში. 1992 წლის 15 აგვისტოდან 1993 წლის 22 სექტემბრამდე ირიცხებოდა ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის რიგით ჯარისკაცად.

  1993 წლის 18 სექტემბერს თანამებრძოლებთან ერთად გააგზავნეს ქ. სოხუმში, სადაც დაიღუპა შემხვედრ ბრძოლაში ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად 1993 წლის 22 სექტემბერს. (ქ. სოხუმში ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს 1993 წლის 18 სექტემბერს მძიმედ დაჭრილი 22 სექტემბერს გარდაიცვალა).

   დაკრძალულია კასპის რაიონის სოფელ ლამისყანის სასაფლაოზე. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 1 ივლისის (თუ 30 ივნისის) ბრძანებულებით დაჯილდოვდა (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით.

   ქ. კასპის საკრებულოს გადაწყვეტილებით პუშკინის ქუჩას, რომელზეც ის ცხოვრობდა, ეწოდა ნიკოლოზ ხოკრიშვილის სახელი.

ჯაბაური დავით გიორგის ძე

ჯაბაური დავით გიორგის ძე – დაიბადა 1969 წლის 24 ივლისს. დაამთავრა ქ. კასპის #2 საშუალო სკოლის 8 კლასი, შემდეგ ქ. კასპის ინდუსტრიული ტექნიკუმი.

   1993 წლის დასაწყისში, როგორც რეზერვისტი გაიწვიეს შეიარაღებულ ძალებში.

   1993 წლის 1 მარტს დაიღუპა სოფელ ლაბრაში. დაკრძალულია ქ. კასპში.

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლები

ბალხამიშვილი ალბერტ უშანგის ძე

ბალხამიშვილი ალბერტ უშანგის ძე – დაიბადა 1958 წლის 15 სექტემბერს ვაზიანის დასახლებაში. სამხედრო-საჰაერო ძალები, მაიორი, დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისთვის“

 8 აგვისტოს მარნეულის აეროპორტის დაბომბვისას დაიღუპა მაიორი ბალხამიშვილი, პროფესიონალი მფრინავი, რომელმაც ცხოვრების 25 წელი სამოქალაქო ავიაციაში გაატარა, ბოლო 8 წელი კი – სამხედრო ავიაციაში. ალბერტ ბალხამიშვილი, ეკიპაჟის წევრებთან ერთად, კოპიტნარში გაფრენის ბრძანებას ელოდა, როცა მტერმა მარნეულს დაარტყა. უშანგი ბალხამიშვილი, შვილი: „1958 წლის 15 სექტემბერს დაიბადა, ვაზიანის დასახლებაში. ოჯახში მეორე შვილი იყო. სულ სამი ძმანი იყვნენ. ბავშვობიდან სპორტით იყო დაკავებული. სკოლის შემდეგ, მოსკოვში წავიდა სასწავლებლად და საფრენოსნო დაამთავრა. შემდეგ დაამთავრა კიევის სამოქალაქო ავიაციის ინსტიტუტი. ხუთი წელი ისწავლა და უკან დაბრუნდა. მფრინავი იყო. სავალდებულო ჯარიც რუსეთში გაიარა. დედა სოფელ აღაიანში ცხოვრობდა, მამაჩემის მამიდაც ამ სოფელში ცხოვრობს. ერთმანეთი იმ სოფელში გაიცნეს და გაცნობიდან 6 თვეში იქორწინეს. პირველი შვილი მე გავჩნდი. ძალიან ბედნიერი ყოფილა. უნდოდა, რომ მფრინავი გამოვსულიყავი. ჩემი ძმა წელიწად- ნახევრის შემდეგ დაიბადა. მოსკოვიდან რომ ჩამოვიდა, სამოქალაქო ავიაციაში დაიწყო მუშაობა. 25 წელი იმუშავა… ამის შემდეგ გადავიდა ბოლნისში სამხედრო მფრინავად. „იაკ 40“-ზე იჯდა… 7-8 წელი იმუშავა… დედამ და მამამ ერთად 28 წელი იცხოვრეს. მე და ჩემი ძმა დასაოჯახებლები ვართ და სულ იმას გვეუბნებოდა, მალე დაინიშნეთ, შვილიშვილები მინდაო… ბოლოს სახლიდან 5 აგვისტოს გავიდა. თითქმის ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე ველაპარაკებოდით. ბოლოს დაღუპვამდე 2 საათით ადრე დარეკა. გვამშვიდებდა, ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ნერვიულობთო… მე და ჩემს ძმასაც გვინდოდა ომში რეზერვისტებად წასვლა… ბოლნისში მსახურობდა, მაგრამ ბოლნისიდან თვითმფრინავი დავალებით მარნეულში გაფრინდა… იქიდან კოპიტნარში აპირებდნენ გადაფრენას. კოპიტნარში მათ გაფრენამდე დაიბომბა მარნეულის აეროპორტი… 8 აგვისტოს დაიღუპა… თვითმფრინავის გვერდით იდგა ეკიპაჟი. სულ სამნი იყვნენ… იმ დღესვე გავიგეთ. ბიძაჩემმა შეგვატყობინა… იმ ღამესვე ჩამოვასვენეთ. მასთან ერთად ეკიპაჟის სამი წევრი იყო. ერთი გადარჩა, სამი დაიღუპა. 12 აგვისტოს დავკრძალეთ კასპის რაიონში, სოფელ ბოჟამში… ახლა ორი ძმა, თავდაცვის სამინისტროს დახმარებით, ავიაციაში ვმუშაობთ… ჩემს ძმას გადაწყვეტილი აქვს, მფრინავი გამოვიდეს. სადაც მამაჩემი მუშაობდა, ჩემი ძმა იქ მსახურობს. მე მახათას მთაზე ვარ… მთელი ჩვენი საგვარეულო, ასე ვთქვათ, ავიაციასთან არის დაკავშირებული… აფხაზეთის ომის დროსაც მამაჩემი სამოქალაქო თვითმფრინავზე იჯდა და ხალხი გადმოჰყავდა…“

 

წყარო: https://august2008.org/ka/hero/personal/2076

ბეჟუაშვილი იოსებ მიხეილის ძე

ბეჟუაშვილი იოსებ  მიხეილის ძე — დაიბადა 1987 წელს. კაპრალი, IV ქვეითი ბრიგადა. დაჯილდოებულია „ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით“.

 

   მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ოპტიმისტი, რადგან ჭეშმარიტი ქართველი ყოველთვის იყო, არის და იქნება, ბუნებით ოპტიმისტი. ქართველს რომ მომავლის იმედი არ ჰქონოდა, აქამდე ვერ მოვიდოდა. ნათქვამია, აღმართს დაღმართი მოსდევსო და პირიქით. რეალურად ასეცაა, საქართველო მრავალგზის აყვავდა და მრავალჯერ დაინგრა. დღესაც დანგრეულიდან იწყებს შენებას საქართველო, ანუ შეუდგა აღმასვლას. იმედი მაქვს, საქართველო სულ მალე იქნება მსოფლიოს თვალი, თავისი კულტურით, სილამაზითა და სიძლიერით. საქართველოს აღმასვლასა და გაძლიერებას სჭირდება თითოეული ჩვენგანის დაუღალავი შრომა და გვერდში დგომა. სამშობლოს ტკივილი თითოეული ჩვენგანის ტკივილი უნდა იყოს. მისი სიხარული – ჩვენი სიხარული. ამას, რაც მალე შეიგნებს და გაითავისებს თითოეული ქართველი, მით მალე მიაღწევს ქართველი ხალხი და საქართველო იმ დასახულ მიზანს, რასაც სიძლიერე და მსოფლიოს მხრიდან მხარდაჭერა და პატივისცემა ჰქვია“, – ეს სტრიქონები, რომელიმე მწერლის ან პოლიტიკური ლიდერის გამოსვლიდან ამონარიდი არ გეგონოთ. ის იმ 20 წლის ჭაბუკს ეკუთვნის, რომელმაც სიტყვა საქმედ აქცია და საკუთარი სიცოცხლე ზვარაკად შესწირა სამშობლოს – სოსო ბეჟუაშვილი გმირულად დაეცა ცხინვალში, 8 აგვისტოს. მის მშობლებს 2 ვაჟი ჰყავდათ და ორივე ომში იბრძოდა. ორივე მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა, სოსო – 42-ე ბატალიონში, მასზე 2 წლით უმცროსი გიორგი – 43-ე ბატალიონში. სოსო დაიღუპა. გიორგი ომიდან დაბრუნდა. დედამ არ იცოდა შვილის სიკვდილის ამბავი. საავადმყოფოებში დაეძებდა დაჭრილებში. არც გიორგის უთხრეს ბრძოლის ველზე ძმის დაღუპვის ამბავი. სოფელმა კი უკვე იცოდა, რომ სოსო ამქვეყნად აღარ იყო. მაგრამ ვერავინ ბედავდა, ეს ამბავი დედისთვის ეთქვა. ომიდან დაბრუნებულ ძმას უთხრა თავისმა მეთაურმა. შემდეგ და ძმას მოუწია ძმის სიკვდილის ამბის მაცნედ დედასთან მისვლა… სოსო ბეჟუაშვილი კასპის რაიონში, სოფელ აღაიანში დაიბადა და გაიზარდა. ლილი ბეჟუაშვილი, დედა: „ყოველთვის მაკვირვებდა თავისი ქცევებით. ძალიან წყნარი, ძალიან კეთილი, ბეჯითი და ზრდილობიანი იყო. გამოირჩეოდა თანატოლებში. ძალიან მოწადინებული იყო, ესწავლა. მასწავლებლები კმაყოფილები იყვნენ. სკოლა ისე დაამთავრა, ერთხელ საყვედური არ უთქვამთ ჩემთვის პედაგოგებს. მთლად ფრიადებზე არა, მაგრამ კარგად სწავლობდა, საშუალოდ. ძალიან შრომისმოყვარე ბავშვი იყო, თავიდანვე გვერდში მედგა, როგორც მე ვშრომობდი, ისიც ისე შრომობდა. რომ ხედავდა, ოჯახს უჭირდა და შემოსავალი არ გვქონდა, რაც შეეძლო, ყველაფერს აკეთებდა. ვერც გაიგებდი, რა სწყინდა, არასოდეს იმჩნევდა. იმდენად მორიდებული ბავშვი იყო, ლაპარაკის დროს, თვალებშიც ვერ გიყურებდა. უწყინარი ბიჭი იყო. თევზაობა უყვარდა. შეეძლო, მთელი დღე მდინარეზე გაეტარებინა. ჩვენს სოფელში წმინდა ნინოს ეკლესიაა და ძალიან უყვარდა იქ ასვლა, ღმერთი სწამდა…“ სოსო მეცხრე კლასში იყო, პირველი და უკანასკნელი სიყვარული რომ ეწვია… დედა: „ჩვენთან, სოფელში გაიცნო გოგონა. ის გოგონა გორის რაიონიდანაა. მისი და არის გათხოვილი ჩვენს სოფელში. სექტემბერში ერაყში მიდიოდნენ და იქიდან რომ დაბრუნდებოდა, უნდა დაოჯახებულიყო. მაგრამ არ დასცალდა… სიყვარულისას გულჩახვეული არ გამხდარა, პირიქით, ლაღად, მთელი გატაცებით უყვარდა. მანამდე შინ ჯდომა და წიგნების კითხვა ერჩია ხოლმე და მერე, შეყვარებულმა დაიწყო გარეთ სიარული. გორშიც ხვდებოდა იმ გოგონას, თბილისშიც. სკოლა რომ დაამთავრა, უნდოდა, სწავლა გაეგრძელებინა. თავდაცვის აკადემიაში უნდოდა ჩაბარება, მაგრამ, ბედად, იმ წელს მიღება არ იყო. სხვაგან საბუთების შეტანის დროც აღარ დარჩა. ღვინის ქარხანაში ვმუშაობ და იქ წავიყვანე სამუშაოდ. სხვათა შორის, ძალიან ემადლიერებოდა დირექცია. შრომისმოყვარე და დაუზარელი იყო. საქმეს რომ დაიწყებდა, არასოდეს უღალატებდა, თავს დადებდა და მაინც გააკეთებდა. ძალიან დიდი სიყვარული დაიმსახურა. რომ ჩაიხედა ღვინის ტექნოლოგიაში, მეორე წელს ეროვნულ გამოცდებზე რომ გავიდა, ეს პროფესია ჰქონდა არჩეული. გავიდა გამოცდებზე, მაგრამ ქულები არ ეყო, დარჩა გარეთ. სავალდებულოში გამოიძახეს. წავიდა. ვეუბნებოდი, სავალდებულოს რომ მოიხდი, ვეცდები, ყველანაირად ხელი შეგიწყო, მოგამზადო და ჩაგაბარებინო-მეთქი. მაგრამ მერე გადაწყვიტა, რომ კონტრაქტით დარჩენილიყო ჯარში. მე პირადად არ მინდოდა, მაგრამ თვითონ იყო ოპტიმისტი, სამშობლო უყვარდა თავდავიწყებით. სამშობლოს ვის გავატან, სოხუმამდე ვივლიო, იცოდა თქმა. 6 თვე ცხინვალში იყვნენ სამშვიდობო მისიით. მაისში გამოვიდნენ. როტაცია შეეხოთ. თან გაცივდა, ოპერაცია გაიკეთა. არც გამაგებინა, ისე. ცოტა ხანს სახლში იყო. ივლისში ისევ დაბრუნდა ნაწილში. გიორგიც წავიდა ჯარში. გაიწვიეს, მაგრამ პატიმრების ყარაულობა არ მინდა, ნამდვილ ჯარში მინდაო და კონტრაქტით წავიდა. სოსო სოფელში იყო ჩამოსული. 4 აგვისტოს წავიდა ნაწილში და მას მერე აღარც მინახავს, 167 ვეღარც დავეკონტაქტე. გიორგი შინ იყო. 7 აგვისტოს გამოიძახეს და წავიდა. გიორგისთან ვახერხებდი ხოლმე დაკონტაქტებას. სოსოს 8 აგვისტოს, დილით, დაურეკია თავის შეყვარებულთან, კარგად ვარო. 10-11 საათზე ხდება უკვე ეს უბედურება. ყველა სხვადასხვანაირად ყვება. ზოგი ამბობს, ბენზინის ცისტერნა აფეთქდაო, ზოგი ამბობს, ბენზინგასამართი სადგური იყოო. პირველი დაბომბვა რომ დაიწყო, მაშინ დაიღუპა. დეენემით დადგინდა, რომ სოსო ნოემბერში გადმოსვენებულ ბიჭებს შორის იყო. 3 იანვარს მოგვივიდა დეენემის პასუხი. გადავასვენეთ სოფელში…“ ასე ჩაქრა ერთი ალალი ბიჭის სიცოცხლე მტერთან ომში…

 

წყარო: https://august2008.org/ka/hero/personal/42

თიგიშვილი გელა ვაჟას ძე

თიგიშვილი გელა ვაჟას ძე – დაიბადა 1972 წლის 25 მაისს კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროში. უფროსი სერჟანტი, IV ქვეითი ბრიგადა. ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

  გელა თიგიშვილი ცხინვალთან, რუსეთის საავიაციო იერიშის დროს დაიღუპა. მოწინავე პოზიციაზე მდგარა თანამებრძოლებთან ერთად. არავინ იცის, სნაიპერმა იმსხვერპლა თუ ჭურვმა. ბიჭებმა ის უკანასკნელად ბრძოლის ველზე გარდაცვლილი ნახეს, მაგრამ ცხელი წერტილიდან ვერ გამოიყვანეს. ოჯახმა ის უნახავად დაიტირა. ბოლო საუბარი მეუღლესთან 7 აგვისტოს ჰქონდა. ირმა ჯაფარიძე, მეუღლე: „6 აგვისტო რომ თენდებოდა, გამოიძახეს და მას შემდეგ აღარ მინახავს. სახლიდან გასვლის წინ და შემოსვლისას ერთმანეთს ვკოცნიდით ხოლმე. იმ ღამესაც კოცნით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. სახლიდან რომ გავიდა, ისე მშვიდად დამეძინა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა, უბედურება დაგვმართოდა. რომ დავრეკე, მითხრა, გორში ვარო და ცხინვალთან ყოფილა. ეგ რომ ნამდვილად გორში ყოფილიყო, დღეს ცოცხალი იქნებოდა. ბევრი ამბობს, მკვდარი ვნახეთ გელაო, მაგრამ გარდაცვლილი ვერავინ იპოვა. გადმოცემითა და ვერსიებით ვიცი, რომ სამხედრო პიკაპში მასთან ერთად კიდევ ოთხი სამხედრო იჯდა… ვინც მას ახლდა, ყველა ცოცხალია. საჰაერო დაბომბვა რომ დაიწყო, დაიფანტნენ. სნაიპერმა მოკლა თუ დაიბომბა, არაფერი არ არის ცნობილი. 7 აგვისტოს ველაპარაკე ბოლოს და მას შემდეგ აღარანაირი კავშირი არ მქონია. სულით მებრძოლი ადამიანი იყო ჩემი ქმარი და ზუსტად ვიცი, არაფერზე უკან არ დაიხევდა. წოდებით უმცროსი სერჟანტი იყო. ვაზიანის მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა. ჯერ უზრუნველყოფის ბატალიონში დაიწყო მუშაობა, მერე კავშირგაბმულობაში გადავიდა. ძალიან უყვარდა თავისი საქმე. სულით პატრიოტი იყო“. გელა თიგიშვილი 1972 წლის 25 მაისს სოფელ კოდისწყაროში დაიბადა. 14 წლის რომ იყო, თბილისში წამოვიდა სოფლიდან. ფიზკულტურულზე სწავლობდა. სავალდებულო სამსახურში უკრაინაში გაიწვიეს. წელიწადი და 6 თვე თბილისში იმსახურა. აფხაზეთის ომშიც იბრძოდა. კოსოვოც მოიარა. ირმა ჯაფარიძე, მეუღლე: „ცოლად რომ გავყევი, აფხაზეთი უკვე მოვლილი ჰქონდა და სამხედრო პოლიციაში მუშაობდა. ერთად 15 წელი ვიცხოვრეთ. ორი შვილი გვყავს – ბიჭები. უფროსი 16 წლის არის. პატარა – 11-ის. ჯარი მისი მოწოდება იყო. მებრძოლი სულის ადამიანი იყო. კონტრაქტის დასრულებამდე ორი წელი ჰქონდა დარჩენილი და ამბობდა, გავაგრძელებ კიდეცო. 36 წლის დაიღუპა. ისე უცბად მოხდა ყველაფერი, რომ ახლაც სიზმარში მგონია თავი“. გელას ბევრი ოცნება დარჩა აუხდენელი. შვილებისთვის მომავლის აწყობას გეგმავდაო, – იხსენებს მეუღლე. გელამ შვილებს ვაჟკაცის სახელი დაუტოვა, სამშობლოს კი უსაფლავო გმირად ჩაბარდა სამუდამო ტყვეობაში.

 

წყარო: august2008.org/ka/hero/personal/1018 

კოშაძე კახა აკაკის ძე

კოშაძე კახა აკაკის ძე – დაიბადა 1986 წლის 4 მარტს  ქ. თბილისში. კაპრალი, სენაკის II ქვეითი ბრიგადის სამხარეო-საინჟინრო ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა მტერთან უთანასწორო ბრძოლაში 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ. განისვენებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

  აგვისტოს 11, შინდისი, ბოლო ბრძოლა კახა კოშაძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მტერთან შეტაკებისას დაიღუპა. დღის პირველი საათისთვის ბრძოლა უკვე დასრულებული იყო, კახას სიცოცხლეც დასრულდა და მისი სახელი მარადისობამ მიისაკუთრა. სამშობლოსთვის დაღუპული გმირი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განისვენებს. მის ოჯახს კი დღემდე უჭირს იმის დაჯერება, რომ კახა მათთან აღარ არის. „მე თვითონ ჩამოვალო“, – ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, მერე კავშირი შეწყდა. ზვიად კოშაძე, ძმა: „სად ხარ-მეთქი, კარგად ვარ, ჩემზე აღარ ინერვიულოთ, მერე მე თვითონ ჩამოვალო. ეს დამამახსოვრდა. თავისი ნომრიდან დარეკა. უკან რომ გადავრეკე, უკვე გათიშული იყო“. ოჯახს ამ ფრაზამ: „არ ინერვიულოთ, მე თვითონ ჩამოვალო“, იმედი მისცა, რომ კახა შინდისიდან გამოსვლის შემდეგ ტყვედ ჩავარდა, თუმცა დეენემის ანალიზმა სხვა შედეგი აჩვენა. მამა: „როგორც გვითხრეს, შინდისის სადგურიდან აიყვანეს მიცვალებული. ჯარისკაცი, რომელიც კახასთან ერთად იყო მანქანაზე, ამბობს, ჯერ კახა გადახტა, მერე მე და გავიქეცით, მას მერე აღარ გვინახავსო“. კოშაძეების ოჯახი ტრაგედიას ვერ ეგუება. მამა რომ იტყვის, „კახა მეგობრული ბიჭი იყოო“, დედას ელდა ეცემა: „იყო და არის! რომ იტყვის ხოლმე, იყოო, გულზე მხვდება…“ აკაკი კოშაძემ და მზია ვარსიმაშვილმა 3 ბიჭი გაზარდეს. თამაზი სულ 11 თვით უფროსია კახაზე. კახა 22 წლის იყო. „ორი აკვანი გვედგა, ერთი რომ მორჩებოდა ტირილს, მეორე იწყებდა. ხან ერთმანეთს აჰყვებოდნენ…“, – იხსენებს დედა. გავიდა დრო და პატარა ცრემლისმღვრელი ბიჭები დაიზარდნენ და ომში წავიდნენ სამშობლოსთვის სისხლის დასაღვრელად. უმცროსს, 17 წლის ზვიადსაც უნდოდა ომში წასვლა. მაგრამ ასაკი არ უწყობდა ხელს. დედა: „კახა გამორჩეული იყო ძმებში, დაუზარელი. რაც არ უნდა მეთქვა, ყველაფერს აკეთებდა. თუ რამეს ვეტყოდი, ისეთს, მისთვის მიუღებელს, წყნარად, ხმის აუწევლად მიხსნიდა: ასე სჯობსო, იქით მაჯერებდა. სკოლიდან წელგამართული და ამაყი ვბრუნდებოდი, საშუალო მოსწავლე იყო, მაგრამ ყველა მასწავლებელი მადლობას მიხდიდა, ასეთი კარგი და ზრდილობიანი შვილი გყავსო… ბიჭები არსად არ მიდიოდნენ, აქ იყვნენ ხოლმე, ეზოში, მაგრამ საღამოს რომ შეაგვიანდებოდათ, სინათლე არ იყო ხოლმე და სანთლით ვეძებდი… მეზობლები მეუბნებიან, ერთი უწმაწური სიტყვა არ გაგვიგია შენი შვილებისგანო. ვერ ვიჯერებ, ჩემი შვილი მე ცოცხალი მგონია. ჩემს ტვინში ვერ გავატარე ეს აზრი, უბრალოდ, გააზრებაც არ შემიძლია, რომ ჩემი შვილი აღარაა. კარს გავაღებ, თუ ფანჯარაში ვიყურები, ასე მგონია, წუთი წუთზე უნდა გამოჩნდეს და სახლში შემოვიდეს. რატომღაც ასეთი გრძნობა მაქვს და არ ვიცი, საიდან მოდის ეს გრძნობა“. კახას რკინის კაცის წოდება ჰქონდა, ასი კაციდან ორმა აიღო ეს წოდება. დედა: „ძალიან მშრომელი იყო, ყველას ეხმარებოდა, ერთხელ კლასის რემონტი გააკეთა, შეღება, მერხები დააჭედა. რემონტი რომ დამთავრდა, აცეტონი მთხოვა, მივეცი, ეს არ მეყოფაო, მერე „ბრიტვები“ მთხოვა, დავეჭვდი, მივედი სკოლაში, რას ვხედავ. შევედი კლასში, კახა დგას და თეთრად შეღებილ დაფას აცეტონით წმენდს, დამრიგებელი ზის და ტირის: ყველაფერი კახამ გააკეთა, ბოლოს დაფაც თეთრად გადაღებაო. კახა დგას გაბუსული, საღებავი დამრჩა და რაღაც ხომ უნდა შემეღება, ხომ არ გავაფუჭებდიო…“ კახა კოშაძემ სკოლის დამთავრების შემდეგ, სტომატოლოგიურზე ჩააბარა. მერე ჯარში გაიწვიეს. დედა: „ჯარი სულ 3 თვის მოვლილი ჰქონდა და ისევ ჯარში წავიდა კონტრაქტით. უფროსი ბიჭიც სენაკში მსახურობდა, კარგი პირობები იყო, სისუფთავე, კარგი კვება, ვიფიქრე, ერთად წავლენ, წამოვლენ, რას ვიფიქრებდი… გუშინდელ დღესავით მახსოვს, ერთად როგორ გავიდნენ… სიცილით გადიოდა… ღიმილით წავიდა ბავშვი ჯარში…“ ოჯახს დეენემის პასუხი 11 ოქტომბერს მიუვიდა. მისი საფლავის ნომერიც 11-ია.

 

წყარო: https://august2008.org/ka/hero/personal/21