ქალაქი კასპი

  კასპი — ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. გაშენებულია მდინარე ლეხურის ნაპირებზე, იქ, სადაც მდინარე კვეთს კვერნაქის სერს და გამოდის ვაკეზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 560 მეტრზე, თბილისიდან 48 კილომეტრში. კასპში არის რკინიგზის სადგური. 2014 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობა 13 423 კაცს შეადგენს.

  ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. კასპში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ეკლესიები — კვირაცხოველი, ღვთისმშობელი და „შუბნიშანი“. ქალაქში დგას გიორგი სააკაძის ძეგლი 1971, (მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი, არქიტ. გ. ჯაფარიძე) და 1941—1945 დიდ სამამულო ომში, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი.

  კასპის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა და მატერიალური კულტურის ძეგლები მოწმობს, რომ აქ ადამიანი უწყვეტად ცხოვრობს ქვის ხანიდან დღემდე. თანამედროვე ქალაქი კასპი დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში. მემატიანე ლეონტი მროველი (XI ს.) ქალაქის დაარსებას მითური მცხეთოსის ძეს ეთნარქ უფლოსს მიაწერს. კასპი იხსენიება უძველეს ქართულ ქალაქებთან (სარკინე, ურბნისი, ოძრხე) ერთად. „მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვით ძვ. წ. I ს-ში მეფე არსუკმა „კასპი შეიპყრა და უფლისციხე განაგო“ კასპი იხსენიება ქართლის გაქრისტიანებასთან დაკავშირებითაც. კასპი განსაკუთრებით V საუკუნეში დაწინაურდა. ქალაქს დიდი სამხედრო-სტრატეგიული და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა, ჰყავდა საკუთარი სპასალარი და წარმოადგენდა გარკვეული სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის „კასპის სასპასალაროს“ ცენტრს. კასპში იზრდებოდა ვახტანგ გორგასალის და მირანდუხტი. VIII ს-ის 30-აინ წლებში არაბთა სარდალმა მურვან-ყრუმ ქალაქი ისე ააოხრა, რომ მასში საბოლოოდ ჩაკვდა საქალაქო ცხოვრება. „და იყო ქალაქი ყრუმდე, ხოლო აწ არს დაბა დიდი“ — აღნიშნავს ვახუშტი ბაგრატიონი, საქართველოს ერთიანი ფეოდალური სამეფოს არსებობის პერიოდში (XI-XV სს). XV საუკუნიდან ეკუთვნოდა მსხვილ ფეოდალურ საგვარეულოს — ამილახვრებს. ადმინისტრაციულად კი ქართლის საერისთავოს შემადგენლობაში იყო. სათავადოთა სისტემის წარმოქმნის შემდეგ (XV ს-ის II ნახევარში ქართლის მეფე სიმონ I-მა კასპი ბარძიმ ამილახვარს ჩამოართვა და სვეტიცხოველს შესწირა. XIX საუკუნეში კასპი სოფლის ტიპის დასახლებას წარმოადგენდა.

   1801-1917 წლებში სოფელი კასპი გორის მაზრაში შედიოდა. 1918-1929 წლებში კი – გორის მაზრის ქვემო ჭალის რაიონში. 1929 წლიდან ჩამოყალიბდა ცალკე რაიონად.

   საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1938 წლის 11 სექტემბრის ბრძანებულებით სოფელი კასპი დამტკიცდა საქალაქო ტიპის დასახლებულ ადგილად (დაბად)

   საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1959 წლის 24 ივნისის ბრძანებულებით კასპის რაიონის ცენტრი დაბა კასპი გარდაიქმნა რაიონული დაქვემდებარების ქალაქად.

   კასპში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შემორჩენილია რამდენიმე მცირე მასშტაბის ისტორიული ძეგლი. ძირითადად ბაზილიკური სტილის ეკლესიები, ასევე ქალაქის ჩრდილოეთ შესასვლელში არსებული ციხე კოშკი „კლდემაღალას ციხე“. ბაზილიკებიდან გამორჩეულია: „თეოდორე ტირონის“ ფეოდალური ხანის ტაძარი ასევე განვითარებული ფეოდალური ხანის კვირაცხოვლის ეკლესია. აღსანიშნავია ასევე ქალაქის მახლობლად არსებული ქრისტიანობამდელი ხანის კლდეში გამოკვეთილი აკლდამები. 1962-1963 წლებში ქ. კასპში მდინარე ლეხურის მარჯვენა ნაპირზე გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის (ძვ. წ. XIV—VIII სს.) სამაროვანი.

 

  განაშენიანება

   

   XX საუკუნის დასაწყისამდე კასპი დაბის ტიპის დასახლებას წარმოადგენდა. 1931 წელს კასპში ცემენტის ქარხანა აშენდა, რამაც საფუძველი დაუდო ქალაქის განვითარებას. შემდეგი 70 წლის მანძილზე კასპი რამდენჯერმე გაიზარდა. ქალაქი იყოფა რამდენიმე სხვადასხვა დროს განაშენიანებულ უბნებად: ძველი კასპი, ქეჩარუხის დასახლება, ვარჯაანის დასახლება, წერტი, ქარწისი, მაცხოვრის უბანი, გერების უბანი, ინდუსტრიული ნაწილი იგივე ქარხნის უბანი და შედარებით გვიან განაშენიანებული: მიკრორაიონების დასახლება (მასივი). კასპს ორ: აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ჰყოფს მდინარე ლეხურა. ქალაქში ძირითად საბჭოთა სტილის განაშენიანებაა. ძველი უბნები სტიქიურად, მჭიდროდ არის გაშენებული: აქ ვიწრო, ასიმეტრიული ქუჩებია. მოგვიანებით განაშენიანებულ უბნებში გვხვდება ფართო, გამზირის ტიპის ქუჩები. 80-იან წლებში აშენდა დავით აღმაშენებლის სანაპირო, რის შედეგადაც ქალაქზე გამავალმა მოძრაობამ მ. კოსტავას ქუჩიდან სანაპიროს მიმართულებით გადაინაცვლა. 70-იან წლებში აშენდა ქალაქის ცენტრალური — გ. სააკაძის მოედანი, 1970 წელს კი ამავე მოედანზე აღიმართა გიორგი სააკაძის მონუმენტი. რაიონის ადმინისტრაციული შენობები ძირითადად განთავსებულია ქალაქის მთავარ მ. კოსტავას ქუჩაზე. კასპში ყველაზე მაღლივი შენობა 8-სართულიანია. ქალაქის სამრეწველო ნაწილი ძირითადად რკინიგზის შემოგარენშია განთავსებული. 2012 წლის 13 დეკემბერს კასპში ეკურთხა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარი, რომელიც მოცულობით უდიდესია შიდა ქართლის რეგიონში არსებულ ტაძრებს შორის, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი უდიდესი ბაზილიკაა.

 

  განათლება და კულტურა

 

 ქალაქში არის კულტურის სხვადასხვა ობიექტები, მათ შორის: ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კასპის კულტურის სახლი, კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მუსიკალური სკოლა. ქალაქის ცენტრში განთავსებულია შემდეგი მონუმენტები: გიორგი სააკაძის ძეგლი, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი, გ. მაზნიაშვილის, ო. კელაპტრიშვილისა და მ. კოსტავას ბიუსტები. ქალაქში არსებობს კულტურისა და დასვენების რამდენიმე სკვერი.

კასპში არის ხუთი საჯარო სკოლა. ასევე მოქმედებს კერძო სკოლა-გიმნაზია. საბჭოთა პერიოდში კასპში არსებობდა ინდუსტრიული და პროფესიული ტექნიკუმები, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის ფილიალი.

 

  ტრანსპორტი

 

   კასპის სიახლოვეს გადის საქართველოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ავტომაგისტრალი: ს1, რომელსაც ემთხვევა ევროპის ავტომაგისტრალი E60. გარდა ამისა კასპში არის რკინიგზის სადგური, რომელიც ამიერკავკასიის ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. უშუალოდ ქალაქის ტერიტორიაზე გაივლის შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის გზები შ61 და შ63. კასპის ავტოსადგურიდან სრულდება რეისები თბილისის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში. ქალაქში არსებობს შიდა საქალაქო სამარშრუტო ხაზები.

 

   ეკონომიკა

 

   კასპი საქართველოში საშენ მასალათა წარმოების ცენტრია. აქ არსებული ცემენტის წარმოება ერთ-ერთი უდიდესია ამიერკავკასიაში და ძირითადია საქართველოში. ამჟამად ქალაქში მოქმედებს, ცემენტის, სპირტის, საკონსერვო, საკონდიტრო ქარხნები. ბლოკის, გაჯის, პლასტმასეულობის საამქროები და წისქვილკომბინატი. კასპში წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებში.

   კასპის ეკონომიკურ პოტენციალს ზრდის ასევე ის ფაქტი, რომ ქალაქის ტერიტორიაზე გადის ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალი. ასევე ქალაქის მახლობლადაა ქვეყნის მთავარი საავტომობილო გზა ს1. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კასპი მოხერხებულად უკავშირდება სხვა ეკონომიკურ ცენტრებს. ქალაქში მსხვილ საწარმოებთან ერთად არსებობს მსუბუქი მრეწველობის ობიექტები.