ჩვენს შესახებ

   საინფორმაციო ტექნოლოგია და ტელეკომუნიკაცია დღეს ფართოდაა გავრცელებული როგორც ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, ისე მოსახლეობაში, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს საზოგადოებაში ინფორმაციისა და ცოდნის გავრცელების საქმეში. საინფორმაციო ტექნოლოგიების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება საშუალებას იძლევა დაჩქარდეს ინფორმაციის სწრაფად მიღება, დამუშავება, გამოყენება, გაცვლა. ამის ყველაზე საუკეთესო საშუალებად დღესდღეობით ინტერნეტი ითვლება, რომლის მეშვეობითაც ყველა დაინტერესებულ პირს მისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება შეუძლია.

   ისტორია ერის სახეა. ყველას და ყველაფერს აქვს თავისი ისტორია. დიდი ისტორია გააჩნია კასპის მუნიციპალიტეტს, რომელიც ოც საუკუნეზე მეტს ითვლის. მატიანე „მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვით ძვ. წელთაღრიცხვის I საუკუნეში მეფე არსუკმა „კასპი შეიპყრა და უფლისციხე განაგო“. მატიანე კასპს ქართლის ოთხ უძველეს ქალაქთა რიცხვში მოიხსენიებს. მისი დაარსება მითიური მცხეთოსის ძეს ეთნარქ  უფლოსს მიეწერებაისტორიული წყაროების მიხედვით ქალაქის ტერიტორია ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში ყოფილა დასახლებული. კასპთან დაკავშირებულია საქართველოს ისტორიის მრავალი უმნიშვნელოვანესი მოვლენა. აქ დაიბადა და აღიზარდა მრავალი გამოჩენილი ადამიანი, ისტორიული პირი, საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, ხელოვანი, სპორტსმენი, რომლებმაც არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც გაითქვეს სახელი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს 300-მდე ისტორიული, არქეოლოგიური თუ არქიტექტურული ძეგლი. ამ მხრივ ის საქართველოში ერთ-ერთ უმდიდრეს რეგიონად ითვლება. ეს არის უდიდესი სამრეწველო პოტენციალისა და ბუნებრივი რესურსების მქონე მუნიციპალიტეტი.

    2008 წელს შეიქმნა საგანმანათლებლო პროექტი უფლოსის ქალაქი, რომლის მთავარი  მიზანია კასპის მუნიციპალიტეტის ისტორიული წარსულისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა და პოპულარიზაცია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. პროექტი შედგება 5 ძირითადი პუნქტისგან, რომელიც ითვალისწინებს:

  1. საქართველოს სხვადასხვა არქივებში, მუზეუმებსა თუ ბიბლიოთეკებში დაცული კასპის მუნიციპალიტეტის შესახებ არსებული ყველა სახის დოკუმენტის (ტექსტური, ვიდეო, ფოტო, აუდიო მასალა) მოძიებას, აღნუსხვასა და დიგიტალიზაციას, რომელიც დაკავშირებულია კასპის მუნიციპალიტეტთან და აქ მცხოვრებ ადამიანებთან.
  2. მოძიებული ინფორმაციების თემატურად და ქრონოლოგიურად დამუშავებას. შემდგომში კი სხვადასხვა სახის პროდუქტის (ტელეგადაცემები, წიგნები, ჟურნალები, ფოტოალბომები, ცნობარები, ელექტრონულ მონაცემთა ბაზები) შექმნას;
  3. მუნიციპალიტეტში მომხდარი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის აღბეჭდვა-ფიქსაციას;
  4. კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა დარგებში შეუსწავლელი, ნაკლებად ცნობილი და უცნობი მასალების შეგროვებისა და ფიქსაციის მიზნით ექსპედიციების მოწყობას;
  5. ინტერნეტ-სივრცეში სპეციალური ვებ-გვერდის შექმნასა და მუნიციპალიტეტის შესახებ არსებული ყველა იმ საჭირო ინფორმაციის განთავსებას, რომელიც ღირებული იქნება როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინტერნეტ მომხმარებლისთვის.

   სწორედ ამ მიზნით, 2016 წლის 29 ნოემბერს ინტერნეტ-სივრცეში დარეგისტრირდა ახალი ვებ-გვერდი www.kaspi.ge, რომელიც შეიქმნა საგანმანათლებლო პროექტის „უფლოსის ქალაქის“ ფარგლებში. ეს არის ვებ-არქივი, სადაც ერთ სივრცეში თავმოყრილია ყველა ტიპის დოკუმენტი კასპის შესახებ: ვიდეომასალები, აუდიო ჩანაწერები, ფოტოები, წიგნებისა და სტატიების ელექტრონული ვერსიები, ტექსტური ინფორმაციები. აღნიშნულ ვებ-სივრცეს კასპის ციფრული არქივი ეწოდა.      

    იმედი გვაქვს, პროექტის განვითარებაში აქტიურად ჩაერთვებიან და მონაწილეობას მიიღებენ როგორც სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები, ისე ფიზიკური პირები. ამისი მაგალითებიც უკვე გვაქვს.  ვებ-გვერდის შექმნის პირველ ეტაპზე ფინანსური დახმარება გაგვიწიეს ქ. კასპში დაბადებულმა და საბერძნეთში მცხოვრებმა და-ძმა მარინა, გივი და თამაზ კიტსიკიდისებმა. 2025 წელს კი მოხდა ვებ-გვერდის რესტრუქტურიზაცია. აღნიშნული პროცესის დაფინანსება კი უზრუნველყო კომპანია „ჰანიველ ცემენტმა“. დიდი მადლობა მათ გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. 

    პროექტის ავტორი და ვებ-გვერდის ადმინისტრატორი

    ვანო ჯახუა

ჩვენი პარტნიორები