დამტკიცებულია კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №35 დადგენილებით, 2009 წლის 29 დეკემბერს.
კასპის გერბის შესახებ
გერბში მთავარი „ფერების“ – მეწამულისა და ოქროს გამოყენებას ისტორიული საფუძველი გააჩნია და ეყრდნობა XVIII-XIX სს. ისტორიულ დოკუმენტებს. ძირითად წყაროს კი წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები. ლეგენდის თანახმად, კასპში გაიარა საქართველოს განმანათლებელმა წმინდა ნინომ, ამიტომ გერბის ფარში ოქროთი მეწამულ ველზე დაფიქსირდა წმინდა ნინოს ჯვარი, რომელიც მოთავსდა სისწრაფის, ძალის, მამაცობისა და სიფხიზლის ემბლემის – ოქროს გრიფონის (გრიფის) ზემოთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტიანულ ხელოვნებაში გრიფონი იესო ქრისტეს ზეციურ და მიწიერ – ღვთიურ და ადამიანურ საწყისს განასახიერებს და კასპის გერბის ფარში დაფიქსირებული გრიფონის გამოსახულების საფუძვლად აღებულია სამთავისის ეკლესიის ბარელიეფი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სამკოშკიანი ქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, ნახევრად ღია კარიბჭით და ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი „კასპი“, მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს.
დროშის და გერბის ავტორია ოთარ ოთარაშვილი.