1931-1940

1931 წ.

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1931 წლის 24 იანვრის სხდომაზე (ოქმი N19, პუნქტი 4) მოისმინეს საკითხი რაიონში სპეციალური გაზეთის გამოშვების შესახებ. დაადგინეს: დაევალოს ამხ. საღარაძეს საკითხი შეათანხმოს ცეკასთან, რომ დაგვრთან ნება ჩვენი რაიონისათვის სპეციალური გაზეთის გამოშვებაზე. (შენიშვნა: თადეოზ საღარაძე – საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის პასუხისმგებელი მდივანი)

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 19, ფურც. 13.

   1931 წლის 25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებიდან 10 წლის თავზე, კასპში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ცემენტის ქარხანა.

   მიტინგის გახსნის წინ პარტრაიკომის მდივანმა ამხ. ელისაბედაშვილმა გაჭრა ლენტი და გაისმა ქარხნის საყვირთა გუგუნი; კარიერებში დაიწყო აფეთქება, რომელიც გაგრძელდა 5 წუთს. პირველად მიტინგზე გამოვიდა ამხ. ელისაბედაშვილი. შემდეგ ილაპარაკეს საქართველოს სმუს-ის წარმომადგენელმა ამხ. კალანდაძემ და ცემენტის ქარხნის დირექტორმა.

   მიტინგზე მოხდა დაჯილდოება. გარდამავალი წითელი დროშა გადასცეს საამშენებლო საამქროს, რომელიც ჩქარი ტემპით აწარმოებდა ქარხნის მშენებლობას.

   1931 წლის 25 მარტს გამართულ საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს სხდომაზე (ოქმი N33, პუნქტი 8) მოისმინეს საკითხი წითელი ჯვრისა და ნახევარი მთვარის ორგ. ბიუროს ჩამოყალიბების შესახებ. დაადგინეს: ჩამოყალიბებულ იქნას რაიაღმასკომთან წითელი ჯვრის და ნახევარი მთვარის ორგ. ბიურო შემდეგი ამხანაგების შემადგენლობით: ელიაშვილი, დიასამიძე, კალანდაძე, ბეგიაშვილი, გალდავა, ლაზარაშვილი.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 19, ფურც. 61.

   1931 წლის 12 მაისს გამართულ საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს სხდომაზე (ოქმი N38, პუნქტი 6) მოისმინეს საკითხი რადიოფიკაციის მშენებლობის გეგმის შესახებ კასპის რაიონში. დაადგინეს: წარმოდგენილი რადიოფიკაციის მშენებლობის გეგმა დამტკიცდეს. 1931 წლის პერიოდში მიზანშეწონილად ჩაითვალოს რადიოების მოწყობა შემდეგ სოფლებში: კავთისხევში, წითელქალაქში, ხანდაკში, ხოვლეში, დოესში, მეტეხში, გოგოთში, ნიაბში, ზემო ჩოჩეთში, სამთავისში და ქვემო ჭალაში.

 დაევალოს რაიაღმასკომის კომფრაქციას დასდოს ხელშეკრულება რადიოცენტრთან რადიოფიკაციის მოსაწყობად რაიონში.  

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 20, ფურც. 31.

    1931 წლის 13 ივლისს გამართულ საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს სხდომაზე (ოქმი N49, პუნქტი 6) მოისმინეს საკითხი მილიციის კასპში გადმოყვანის შესახებ. დაადგინეს: დაუშვებლად იქნას ცნობილი რაიმილიციის ამდენ ხანს წითელქალაქში დატოვება, დაევალოს რაიაღმასკომის თავმჯდომარე ამხ. ნ. ელიაშვილს ერთი დეკადის განმავლობაში გამონახოს სათანადო ბინა და რაიმილიცია დაუყონებლივ გადმოყვანილ იქნეს კასპში.

 ამავე სხდომაზე (პუნქტი N7) მოისმინეს საკითხი კასპის რაიონის საჭიროებისათვის საავადმყოფოს შენობის აგების შესახებ. დაადგინეს:

1. აუცილებელ საჭიროდ იქნას ცნობილი საავადმყოფოსათვის ბინის აგება კასპში.

2.დაევალოს რაიაღმასკომის კომფრაქციას დაამუშავოს საკითხი და თავის მხრივ დასვას სახკომსაბჭოში. აგრეთვე საკითხი დაისვას ს.კ.პ./ბ/ ცეკას წინაშე.

  ასევე მოისმინეს საკითხი (პუნქტი N10)  ხანძრის საწინააღმდეგო ბრძოლის სამეულის გამოყოფის შესახებ. დაადგინეს: ხანძრის საწინააღმდეგო ბრძოლის სამეულის გამოყოფა დაევალოს აღმასკომის კომფრაქციას.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 21, ფურც. 26-27.

  1931 წლის 28 ივლისს გამართულ საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს სხდომაზე (ოქმი N51, პუნქტი 3) მოისმინეს საკითხი მილიციისათვის და თანამშრომლებისათვის სათანადო ბინის შენობის გამონახვის შესახებ. დაადგინეს: დაევალოს აღმასკომის კომფრაქციას შეისწავლოს ყოფ. თავადის შენობის დანგრევის და იმ მასალით აღმასკომის და რაიმილიციის შეკეთების ეკონომიური და ტეხნიკური მიზანშეწონილობა. 

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 21, ფურც. 33.

  საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომში 1931 წლის 1 სექტემბერს შედგა თათბირი (ოქმი N11, პუნქტი 8), სადაც მოწონებულ იქნა სარაიონო მასშტაბით გაზეთის გამოშვება.

  წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 23, ფურც. 19.

   1931 წლის 22 სექტემბერს გამართულ საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს სხდომაზე (ოქმი N58, პუნქტი 4) მოისმინეს საკითხი უღმერთოთა რაისაბჭოს ჩამოყალიბების შესახებ. დაადგინეს: საკითხი გადატანილ იქნეს რაიაღმასკომის პრეზიდიუმზე განსახილველად.

  ამავე სხდომაზე მოისმინეს საკითხი (პუნქტი 5)  რემედასი“- რაისაბჭოს ჩამოყალიბების შესახებ. დაადგინეს: ჩამოყალიბებულ იქნეს „რემედასი“-ს რაისაბჭო შემდეგი შემადგენლობით: ძამაშვილი (თავმჯდომარე), მაჭავარიანი (პროფკავშირიდან), ბეგიაშვილი (კ.კ. რაიკომიდან), გალდავა (რაიკომის ქალთა სექტორი), ქართველიშვილი (ქარხნის მუშა), ჩიხვარია (სამომხმარებლო კოოპერაცია), ონოფრიშვილი (რაიაღმასკომიდან).

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 21, ფურც. 93.

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომში 1931 წლის 1 ოქტომბერს შედგა თათბირი (ოქმი N16, პუნქტი 1), სადაც მოისმინეს საკითხი კასპის რაიონში 10-დღიური ნაბეჭდი გაზეთის გამოშვების შესახებ. დაადგინეს:

 1/ გამოიყოს სარედაქციო კოლეგია ამხ. საღარაძის, ძამაშვილის, ხუხუას, ქარქაშაძის, გიგიტაშვილის, ბეგიაშვილის, ბერბერაშვილის, მაჭავარიანის და დიასამიძის შემადგენლობით. პასუხისმგებელ მდივნად დროებით გამოიყოს ამხ. დიასამიძე.

   2/ ნაბეჭდი გაზეთის გამოშვება პირველ რიგში განისაზღვროს დეკადურად /თვეში სამჯერ/.

   3/ თანხების გამონახვა და გაზეთისათვის სახელწოდების საკითხი დაამუშაოს რედ კოლეგიამ.

აღნიშნული თათბირის ოქმი დამტკიცდა საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1931 წლის 6 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი N59, პუნქტი 14).

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი).

  ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 22, ფურც. 5.

 ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 23, ფურც. 29.

   1931 წლის 6 ოქტომბერს გამართულ საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს სხდომაზე (ოქმი N59, პუნქტი 21) მოისმინეს საკითხი კასპის რაიონში პედაგოგიურ ტეხნიკუმის გახსნის შესახებ.

    დაადგინეს: 1/ იმის გამო, რომ რაიონს არ მოეპოვება არცერთი საშუალო სასწავლებელი, რითაც რაიონი განიცდის ადგილობრივ კულტურულ მუშაკების ნაკლებობას და განსაკუთრებით კი პედაგოგიურ კადრების უყოლობას, ამისათვის რაიკომის ბიურო აუცილებელ საჭიროებად სთვლის ერთი პედაგოგიური ტეხნიკუმის გახსნას 1931/32 სამოსწავლო წლის პერიოდში – რაიონში ადგილობრივ პედაგოგიური კადრების აღზრდის მიზნით საკ. კ. პ. /ბ/ ცეკას 1931 წლის 5 სექტემბრის დადგენილების საფუძველზედ.

2/ ყველა ზემო აღნიშნულის გამო კასპის რაიკომი სთხოვს საქართველოს განსახკომს დაგვიდასტუროს აღნიშნული დადგენილება.

3/ დაევალოს რაიაღმასკომის ფრაქციას 1932 წლის 1 იანვრამდე პედაგოგიური აპარატის შესანახათ და სხვა საჭირო ხარჯების შეიმუშაოს ხარჯთაღრიცხვა.

4/ ეთხოვოს განსახკომს უზრუნველყოს პედ ტეხნიკუმი სათანადო პედ პერსონალით.

5/ პედ ტეხნიკუმის გახსნა მიზანშეწონილად ჩაითვალოს სოფ. ქვემოჭალაში.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 22, ფურც. 7.

   1931 წლის 27 ოქტომბერს გამართულ საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს სხდომაზე (ოქმი N61, პუნქტი 3) მოისმინეს საკითხი რაიმილიციისათვის ორბინიან შენობის აგების შესახებ. დაადგინეს:

ა) აუცილებლად იქნეს ცნობილი რაიმილიციის საჭიროებისათვის ორ ბინიან შენობის აგება, რის გამოც დაევალოს რაიაღმასკომის ფრაქციას ამ მიზნისათვის 1000 მანეთის გადადება და უზრუნველყოს ბინის აგება საჭირო სააღმშენებლო მასალით.

ბ) რაიკოლმეურნკავშირის და რაი სას. სამ. კოოპერაციის გამგეობა მოთავსებული იქნენ მილიციისათვის წინასწარი გამოყოფილ ბინის შენობაში, ხოლო ზემო აღნიშნულის ბინები კი გამოყენებული იქნეს რაიაღმასკომის თანამშრომლებისათვის საცხოვრებლად.

   ამ საკითხის შესრულება ე. ი. მშენებლობის გატარებაზე პერსონალურად პასუხისმგებლობა დაეკისროს ამხ. მელაძეს, მხოლოდ რაიაღმასკომის მომუშავეების განთავისუფლებულ ბინებში საკითხზე ამხ. ელიაშვილს.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 22, ფურც. 34.

   1931 წლის 7 ნოემბერს, შაბათს გამოვიდა კასპის რაიონული გაზეთ „კომუნიზმისაკენ“-ის პირველი ნომერი. გაზეთი იყო ოთხგვერდიანი, ღირდა 5 კაპიკი, ტირაჟი 2000 ცალი.

   რედაქციას თავიდან საკუთარი სტამბა არ გააჩნდა, იგი იბეჭდებოდა გაზეთ „კომუნისტის“ სტამბაში. საერთო ხელმძღვანელობას ადრეულ წლებში  გაზეთ „მუშის“ სარედაქციო კოლეგია უწევდა.

   1931 წლის 5 დეკემბერს გამართულ საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს სხდომაზე (ოქმი N65, პუნქტი 2) მოისმინეს საკითხი ანტი საშობაო კამპანიის ჩატარების შესახებ. დამტკიცდა წარმოდგენილი ღონისძიებანი.

   ამავე სხდომაზე (პუნქტი 6), მიზანშეწონილად ჩაითვალა წითელქალაქში პედაგოგიურ ტეხნიკუმის გადმოტანა 1932 წლის 1 იანვრიდან.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 22, ფურც. 77-78.

    1931 წელს გაიხსნა ცემენტის ქარხნის საბავშვო ბაღი, რუსული საშუალო სკოლა.

    1931 წლის 31 დეკემბერს გამართულ საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს სხდომაზე (ოქმი N68, პუნქტი 10) მოისმინეს საკითხი კასპის რაიონში დინამოს განყოფილების გახსნის შესახებ.

   დაადგინეს: რადგანაც კასპის რაიონის მუშა მოსამსახურეების, კერძოთ კი ცემქარხანაში და რიგ კოლმეურნეობებში არის ჩამოყალიბებული ფიზკულტურისა და სამხედრო წრეები, რომლის მომარაგების საშუალება არა აქვს ადგილობრივ სამომხმარებლო კოოპერაციას, ამისათვის აღიძრას შუამდგომლობა საქ. სახ. პოლიტსამმართველოს წინაშე, რათა კასპში გაიხსნას დინამოს განყოფილება.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 22, ფურც. 125.

 

1933 .

   1933 წლის 27 თებერვალს გამართულ საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს სხდომაზე (ოქმი N38, პუნქტი 9) მოისმინეს საკითხი სოფ. კასპში ელშუქის გამოყვანის შესახებ.

   დაადგინეს: გამოიყოს კომისია ამხ. კეკელიძის, ტალსტოის და ლაღიძის შემადგენლობით, რომლებსაც დაევალოთ აღნიშნული საკითხის მოგვარება.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 35, ფურც. 72.

   1933 წლის 26 მაისს გამართულ საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს სხდომაზე (ოქმი N43, პუნქტი 5) მოისმინეს საკითხი რაიონის საავადმყოფოს მშენებლობის შესახებ.

   დაადგინეს: მიზანშეწონილათ ჩაითვალოს რაიონში 30-საწოლიანი სარაიონო საავადმყოფოს მშენებლობა, დაევალოს რაიაღმასკომის თავმჯდომარეს ამხ. კეკელიძეს გამონახოს სათანადო ორგანიზაციების მეშვეობით საჭირო თანხა საავადმყოფოს მშენებლობისათვის და მასვე დაეკისროს პერსონალური პასუხისმგებლობა, მშენებლობის დაწყება და დამთავრება.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 36, ფურც. 88.

  1933 წლის 2 აგვისტოს გამართულ საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს სხდომაზე (ოქმი N47, პუნქტი 6, მუხლი 4) მოისმინეს საკითხი 1933/34 სამოსწავლო წლის სამზადისის შესახებ. დაადგინეს: გამოიყოს კომისია ამხ. ცინცაძის, გაბუნიას და სარიშვილის შემადგენლობით, რომლებსაც დაევალოს შეისწავლოს საკითხი წითელქალაქიდან კასპის საფაბრიკოსაქარხნო სკოლის შენობაში პედტეხნიკუმის გადმოტანის საკითხი და დასკვნა წარმოუდგინონ ბიუროს მორიგ სხდომას.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 37, ფურც. 55.

  1933 წლის 23 აგვისტოს გამართულ საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს სხდომაზე (ოქმი N48, პუნქტი 13) მოისმინეს საკითხი სოფელ კასპში ელშუქის გაყვანის შესახებ.

   დაადგინეს: მიუხედავად იმისა, რომ ყოველგვარი პირობები მზად არის კასპში ელ-შუქის გაყვანისათვის, ჯერ კიდევ მოუხერხებელი შეიქმნა შუქის გაყვანა.

   დაევალოს ამხ. ქებაძეს მოაწესრიგოს საკითხი კასპში ელშუქის გაყვანის შესახებ.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 37, ფურც. 81.

   კასპის N1 საშუალო სკოლის შენობაში გაიხსნა შვიდწლედი.

 

1934 .

    სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1934 წლის 1 თებერვლის N68 დადგენილებით  კასპის რაიონში დაარსებულ იქნა შემდეგი ახალი სასოფლო საბჭოები:

ა) გამოეყოს წითელქალაქის სასოფლო საბჭოს სოფლები: ზემო-ხანდაკი და ფაშიანი და დაარსდეს ახალი სასოფლო საბჭო, ცენტრით სოფ. ზემო-ხანდაკში;

ბ) გამოეყოს ქვემო-ჭალის სას. საბჭოს სოფლები: კოდის-წყარო, ზემო-რენი, ქვემო-რენი, სარიბარი, ქვემო-ნიგოზა, ზემო-ნიგოზა, ყარაფილა, ზადიანთკარი და ჩობალაური და დაარსდეს ახალი სასოფლო საბჭო, ცენტრით სოფ. კოდის-წყაროში;

გ) გამოეყოს მეტეხის სას. საბჭოს სოფლები: ქვემო-გომი და ნიაბი და დაარსდეს ახალი სასოფლო საბჭო, ცენტრით სოფ. ქვემო-გომში;

დ) გამოეყოს კავთის-ხევის სას. საბჭოს სოფლები: მირიანეული, მიქელ-წყარო, და ქებაანი და შეუერთდეს კასპის სასოფლო საბჭოს;

ე) გაუქმდეს თვალადის სასოფლო საბჭო და მის ნაცვლად დაარსდეს წინარეხის სასოფლო საბჭო, ცენტრით სოფ. წინარეხში, რომელშიაც შევიდეს შემდეგი სოფლები: წინარეხი, გუდალეთი, ვარჯაანი, თელათგორი, ლავრისხევი, გომისჯვარი, წიფორი, სანაობანი, საკურთხისი, ზვარიკოტმანი, ვერხვეულა, სამტრედო, შუბათი, პარტისი და ბოტისი. სოფ. თვალადი შეუერთდეს კავთისხევის სასოფლო საბჭოს;

ვ) გამოეყოს წითელქალაქის საბჭოს სოფლები: ახალციხე, ნოსტე და მთიულთ-უბანი და დაარსდეს ახალი სას. საბჭო, ცენტრით სოფ. ახალციხეში.

   წყარო: საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის მუშათა და გლეხთა მთავრობის კანონთა და განკარგულებათა კრებული. 1934 წლის 25 მაისი. N7. გვ.155-156.

  1934 წლის 9 ივნისს გამართულ საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს სხდომაზე (ოქმი N13 პუნქტი 5) მოისმინეს საკითხი კასპის წყალსადენის შესახებ.

   დაადგინეს: კასპის წყალსადენის მშენებლობის სახელმძღვანელოთ გამოიყოს კომისია შემდეგი ამხანაგების შემადგენლობით: კირვალიძე /კომისიის თავმჯდომარე/, წევრები: დეკანოსიძე, კალან-დაძე, ღვინიაშვილი, მერებაშვილი, დალაქიშვილი, ქებაძე, ნონიაშვილი /ქალი/, სარიშვილი და შალუტაშვილი. დაევალოს კომისიას გაანაწილოს ურთიერთ შორის სამუშაო და შეუდგნენ წყალსადენის მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყებას. 1935 წელს დასრულდა წყალსადენის სათავის მშენებლობა. (1935 წელს სამუშაოთა უფროსი იყო სანებლიძე).

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 40, ფურც 79.

   1934 წლის 25 ივლისს გამართულ საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს სხდომაზე (ოქმი N15, პუნქტი 1) მოისმინეს საკითხი სათესლე საკონტროლო ლაბორატორიის ორგანიზაციის შესახებ.

  მოსავლიანობის გადიდების უზრუნველსაყოფად და სათესლე მასალის ვარგისიანობის გამოკვლევის მიზნით ბიურომ დაადგინა:

    1934 წელს რაიონის ცენტრში მოეწყოს სათესლე საკონტროლო ლაბორატორია.

   ამავე სხდომაზე (პუნქტი 16) მოისმინეს საკითხი უნივერსალური მაღაზიის გახსნის შესახებ კასპში.

   დაადგინეს: გაიხსნას კასპში უნივერსალური მაღაზია.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 41, ფურც. 1, 9.

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1934 წლის 7 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი N17, პუნქტი 10) მოისმინეს საკითხი მდინარე ლეხურაზე ხიდის აგების შესახებ.

   დაადგინეს: ცემ-ქარხნის მუშა მოსამსახურეთა და მტს-ის სახელოსნოს მომსახურეობისათვის მიზანშეწონილად ჩაითვალოს მდინარე ლეხურაზე ხიდის აგება.

   დაევალოს რაიაღმასკომის საგზაო განყოფილებას შეარჩიოს ხიდის აგების ადგილმდებარეობა და ამის საფუძველზე შეადგინონ საგზატრანსთან ერთად საჭირო ხარჯთ-აღრიცხვა.

   ხარჯთ-აღრიცხვით გათვალისწინებული ხარჯები გაღებული იქმნეს ცემ-ქარხნის, მტს-ის და კასპის სასოფლო საბჭოსაგან, როგორც დაინტერესებული ორგანიზაციები ხიდის მშენებლობაში.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 41, ფურც. 19.

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1934 წლის 15 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი N18, პუნქტი 6) მოისმინეს საკითხი ქვემო ჭალაში საშუალო სკოლის გახსნის შესახებ.

   დაადგინეს: 1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს ქვემო ჭალის არა სრულ საშუალო სკოლასთან, საშუალო სკოლის დაარსება.

  1. დაევალოს რაიაღმასკომის საფინანსო განყოფილებას /ამხ. სარიშვილი/ გამონახოს თანხები აღნიშნული სკოლის საჭიროებისათვის 35 წლის 1-ლი იანვრამდე, ხოლო 1935 წლის ბიუჯეტში შეტანილი იქმნეს აღნიშნული სკოლის ხარჯები.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 41, ფურც. 43.

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1934 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N19, პუნქტი 12) მოისმინეს საკითხი მთიულეთის სასოფლო საბჭოში შემავალ სოფ. ზირთის მცხოვრებთა სოფ. ნოსტის მახლობლად გადმოსახლების შესახებ.

 დაადგინეს: 1/ სოფელ ზირთის მცხოვრებლების ნოსტის მახლობლად გადმოსახლება მიზანშეწონილად ჩაითვალოს.

   2/ დაევალოს მიწგანს გამოარკვიოს მიწის რაოდენობა ერთაწმინდის და ნოსტის მახლობლად მდებარე ადგილებში და შედეგები წარმოუდგინოს რაიკომის ბიუროს.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 41, ფურც. 53.

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1934 წლის 1 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი N21, პუნქტი 13) მოისმინეს საკითხი ქვემოჭალაში სას. კოოპერატივის დაარსების შესახებ.

   დაადგინეს: 1/ რაიკომის წინა ბიუროს დადგენილების პრაქტიკულად განხორციელების მიზნით ქვემოჭალაში დაარსდეს სას. კოოპერატივი.

   2/ სას. კოოპერატივის გამგეობა განისაზღვროს 3 წევრის და 1 კანდიდატისაგან – აქედან ერთი აქტიური წევრით, სარევიზიო კომისია 3 წევრისა და 1 კანდიდატის შემადგენლობით.

   3/ ქვემო ჭალის სას. კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარეთ დამტკიცებული იქნეს ამხ. შაქრო პარკაძე.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 42, ფურც. 5.

   კასპის რაიაღმასკომის 1934 წლის 12 ოქტომბრის N150 ბრძანების შესაბამისად დაიწყო მეტეხის კერამიკული ქარხნის მშენებლობა.

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1934 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი N22, პუნქტი 22) მოისმინეს ბიუროს წევრების შეკითხვის წესით 5 ოქტომბერს გადაწყვეტილი საკითხი კასპის რაიონის მშრომელების სახსრებით ერთი სამოქალაქო თვითმფრინავის აგების შესახებ. დაადგინეს: რაიონში ერთი სამოქალაქო თვითმფრინავის აგების საკითხის გატარება მიზანშეწონილად ჩაითვალოს.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 42, ფურც. 21, 39-40.

    1934 წელს საექსპლოატაციოდ გადაეცა კასპის წევის სადგური.

 

1935 .

 

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1935 წლის 21 იანვრის სხდომაზე (ოქმი N29, პუნქტი 22) მოისმინეს საკითხი მტს /განყ. სტამბის სარაიონო გაზეთის რედაქციაზე გადაცემის შესახებ.

   დაადგინეს: ს.კ.პ. /ბ/ ცეკას დადგენილების საფუძველზე დაევალოს ამხ. სილაგაძეს და ჯანჯალაშვილს ყოფ. მტს-ს პ/განყ. სტამბის გადაცემის გაფორმება მოახდინონ რაიკომზე.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 45, ფურც. 16.

   სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1935 წლის 20 თებერვლის N45 დადგენილებით  კასპის რაიონში დაარსებულ იქნა შემდეგი ახალი სასოფლო საბჭოები:

1) გამოეყოს წითელქალაქის სასოფლო საბჭოს სოფლები: ერთაწმინდა და ცხავერი, და დაარსდეს ერთაწმინდის სასოფლო საბჭო ცენტრით სოფელ ერთაწმინდაში;

2) გამოეყოს ლამისყანის სასოფლო საბჭოს სოფლები: ოკამი და თეზი, და დაარსდეს ახალი სასოფლო საბჭო ცენტრით სოფელ ოკამში.

   წყარო: საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის მუშათა და გლეხთა მთავრობის კანონთა და განკარგულებათა კრებული. 1935 წლის 10 აპრილი. N9. გვ.124.

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1935 წლის 26 თებერვლის სხდომაზე (ოქმი N33, პუნქტი 29) მოისმინეს საკითხი პროკურატურისა და სასამართლოსათვის ტრანსპორტის შეძენის შესახებ.

   დაადგინეს: დაევალოს რაიაღმასკომს შეუძინოს მიმდინარე კვარტალის პერიოდში სასამართლოს და პროკურატურისათვის ერთი ცხენი პრალიოტკით.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 45, ფურც 34.  

   2 მარტს კასპში ჩამოვიდა საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარი ამხ. შალვა მათიკაშვილი.

     საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1935 წლის 11 მაისის სხდომაზე (ოქმი N44, პუნქტი 14) მოისმინეს საკითხი ცემენტის ქარხნისათვის კლუბის აშენების შესახებ.

   დაადგინეს: 1. საკ. კპ. (ბ) ა/კ სამხარეო კომიტეტის 23 აპრილის 35 წ. დადგენილების პუნქტი „გ“ საფუძველზე ცემენტის ქარხნისათვის კლუბის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ, დაისვას საკითხი საქ. კპ /ბ/ ცეკას წინაშე, რომ ცემენტის ქარხანასთან არსებულ ტუფი, ხეტყე და სხვა სააღმშენებლო მასალის გამოსაყენებლად ნება დაგვრთონ კლუბის მშენებლობაზე დასახარჯავათ.

  1. მიენდოს ამხ. ამხ. კევლიშვილს და ქებაძეს ფულადი სახსრების გამონახვა ცენტრალურ ორგანოებიდან ცემენტის ქარხნის კლუბის მშენებლობაზე.

    ამავე  სხდომაზე (პუნქტი 19) მოისმინეს საკითხი ტელეფონის ქსელის შესახებ კასპში.

   დაადგინეს: 1/ ეთხოვოს საქ. კ.პ. /ბ/ ცეკას გორის კამუტატორი „ცბ“ სისტემისა, 100 ნომრიანი დაგვითმოს კასპის რაიონის საჭიროებისათვის.

  2/ გაეგზავნოს საქ. კ.პ. /ბ/ ცეკას მოხსენებითი ბარათი და აქტი კასპში არსებულ კამუტატორის უვარგისობის შესახებ.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 46, ფურც. 52-54.

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1935 წლის 23 მაისის სხდომაზე (ოქმი #46, პუნქტი 15) განიხილეს საკითხი თეძამის ტუფის ექსპლოატაციის შესახებ.

 დაადგინეს: 1) თეძამის ტუფის ექსპლოატაციის დასაწყებათ და მუშაობის ხელმძღვანელობისათვის, თეძამის ტუფის წარმოების დირექტორად დამტკიცდეს ვასო კვანტალიანი.

   2) დაევალოს რაიაღმასკომს, თეძამის ტუფის წარმოება, როგორც რაიაღმასკომის დამატებითი საწარმოო ერთეული გაუწიოს ყოველგვარი ხელმძღვანელობა აღნიშნულ საწარმოო ორგანიზაციი-სათვის.

წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 46, ფურც. 71.

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1935 წლის 16 ივნისის სხდომაზე (ოქმი N50, პუნქტი 28) მოისმინეს საკითხი ქვემო ხანდაკის და მირიანეულის კოლმეურნეობებში ელშუქის გაყვანის შესახებ. 

   დაადგინეს: 1/ იმის გამო, რომ  ქვ. ხანდაკის სას. სამ. არტელთან საჭიროა სალეწი მანქანების დადგმა-მუშაობა, აგრეთვე სოფ. ქვ. ხანდაკის მახლობლად /0.5 კილომეტრი/ სოფ. მირიანეული აწარმოებს მდ. მტკვრიდან წყლის ამოქაჩვას ნათესების მოსარწყავად და სოფ. ქვ. ხანდაკის  /200 კომლის რაოდენობით/ მაცხოვრებლები მოითხოვენ ელექტრო ენერგიის გაყვანას, ამიტომ ეთხოვოს საქ. კ.პ. /ბ/ ცეკას სას. სამ. განყოფილებას და მიწსახკომს დაამტკიცონ ქვ. ხანდაკში სალეწი მანქანის და მოსახლეობისათვის ელ-შუქის გაყვანის საკითხი.

   2/ სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებულ თანხების ზევით, საჭირო გასაწევი ხარჯები გაღებული იქნეს რაიონიდან.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 46, ფურც. 101.

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1935 წლის 7 ივლისის სხდომაზე (ოქმი N53, პუნქტი 18) მოისმინეს საკითხი შაველაშვილის წიგნის „ქართლის ტრამალების“ შესახებ. 

   დაადგინეს: 1/კასპის პარტრაიკომთან მოწვეულ თათბირის მიერ შემოტანილი წინადადება შაველაშვილის წიგნის „ქართლის ტრამალები“-ს, როგორც იდეოლოგიურათ მიუღებელი შინაარსის მატარებლის აკრძალვის შესახებ დამტკიცდეს.

  2/ დაევალოს რაი ლიტს კულტპროპგანყოფილებასთან ერთად მოახდინოს აღნიშნულ წიგნების შეგროვება მთელს რაიონში და გადაგზავნოს საქ. მთავარ ლიტის განკარგულებაში.

  3/ შალვა შაველაშვილის საქმე, როგორც კომკავშირის წევრის გადაეცეს კ.კ. რაიკომს, მასზედ სათანადო სასჯელის დასადებათ.

 4/ წინადადება მიეცეს განათლების განყოფილებას შალვა შაველაშვილი მოხსნას მასწავლებლობიდან.

  წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 47, ფურც. 8-9.

   1935 წლის 28 ივლისს საქართველოს ალკკ კასპის რაიკომის ინიციატივით ცემქარხნის კლუბში მოწვეული იქნა ქალთა პირველი სარაიონო კონფერენცია.

   საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის ბიუროს 1935 წლის 8 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი N59, პუნქტი 13) მოისმინეს საკითხი კავთისხევის ხიდის აშენების შესახებ. მდინარე მტკვარზე ხიდის მშენებლობის  წარმოდგენილი ორი ვარიანტიდან მიღებულ იქნა დადგენილება სადგურ ხანდაკთან აშენებულიყო ხიდი, თუმცა აღნიშნული დადგენილება შეიცვალა საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის ბიუროს 1935 წლის 15 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N62) და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სადგურ კავთისხევთან ხიდის აშენების შესახებ. ხიდის მშენებლობა კი 1936 წლის მარტში დაიწყო.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი),

ფონდი 14, აღწერა 9, საქმე 12, ფურც. 201-202;

ფონდი 14, აღწერა 9, საქმე 16, ფურც. 18.

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1935 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N71, პუნქტი 10) მოისმინეს საკითხი სოფელ ხოვლეში საშუალო სკოლის გახსნის შესახებ. 

   დაადგინეს: 1/ რადგანაც სოფ. ხოვლეში არსებობს ყველა პირობები 1935/36 სამოსწავლო წელში საშუალო სკოლის გასახსნელად, წინადადება მიეცეს კასპის რაი განათლების განყოფილებას გახსნას საშუალო სკოლა სოფელ ხოვლეში 1935 წლის სექტემბრიდან.

   2/ ეთხოვოს საქ. კ.პ. /ბ/ ცეკას კულტპროპგანყოფილებას და საქ. განსახკომს დაადასტუროს ეს დადგენილება და შეიტანონ იგი 1935-1936 წწ. ბიუჯეტში საჭირო ხარჯების გასაწევათ.

   ამავე სხდომაზე მოისმინეს საკითხი (პუნქტი 11) კასპში სარაიონო კლუბის აგების შესახებ.

   დაადგინეს: 1/ ცემენტის ქარხნის მუშათა კლუბის აშენების გეგმის მაგივრათ მიზანშეწონილათ ჩაითვალოს სარაიონო კლუბის აშენება რაიონის ცენტრში – 500 კაცის ადგილით და ასეთი აგებული იქნეს კასპის რაიაღმასკომის და ცემქარხნის სახსრებით.

   2/ დაევალოს რაიაღმასკომის ცემენტის ქარხნის დირექციასთან ერთად სარაიონო კლუბის მშენებლობისათვის საჭირო ადგილის გამონახვა და თავიანთი მოსაზრებანი ამ საკითხზე წარმოუდგინონ რაიკომის ბიუროს განსახილველად. 

      წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე, 47, ფურც. 48.

   15 სექტემბრიდან კასპის N1 საშუალო სკოლა იხსენიება ქართულ საშუალო სკოლად.

    საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1935 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N76, პუნქტი 1) მოისმინეს საკითხი ხოვლეში სასოფლო მაღაზიის ორგანიზაციის შესახებ. 

   დაადგინეს, საქართველოს კ.პ /ბ/ ცეკას დადგენილების თანახმად სოფელ ხოვლეში გახსნილი იქნეს 1935 წლის 1-ლი ოქტომბრიდან სასოფლო უნივერსალური მაღაზია.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 47, ფურც. 112.

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1935 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი N81, პუნქტი 16) მოისმინეს საკითხი ლეხურის ხიდის მშენებლობის შესახებ. 

   დაადგინეს, 1/ მდ. ლეხურაზე ხიდის აგების საკითხი /რგვალჭალასთან/ მიზანშეწონილათ იქნეს ცნობილი.

2/ მდ. ლეხურის ხიდის მშენებლობის უფროსად დამტკიცდეს ინჟ. . კოტეტიშვილი.

3/ დაევალოს საგზაო განყოფილებას /ინჟ. კოტეტიშვილს/ შეადგინოს ხიდის მშენებლობის გეგმა და ხარჯთაღრიცხვა ისე, რომ ხიდის მშენებლობა პრაქტიკულად დაწყებული იქნეს ა/წ 1-ლ ნოემბრიდან.

4/ დაევალოს ქვ. ჭალის, ლამისყანის და ოკმის სას. საბჭოებს უზრუნველყონ მდ. ლეხურაზე ხიდის მშენებლობისათვის საჭირო მუშა-ხელის მიწოდება ყოველდღიურათ მშენებლობის უფროსის ამხ. კოტეტიშვილის მოთხოვნითი გეგმით.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 48, ფურც. 49-50.

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1935 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი N84, პუნქტი 6) მოისმინეს საკითხი მდ. ლეხურაზედ ხიდის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ. 

   დაადგინეს, 1. ლეხურის ხიდის მშენებლობის უფროსად დაინიშნოს ლეო სანებლიძე, ხოლო ტეხნიკურ ხელმძღვანელად ხიდის მშენებლობაზე ინჟ. კოტეტიშვილი.

  1. ხიდის მშენებლობის საჭიროებისათვის წყალსადენის მშენებლობიდან გამოიყოს ხუთი ათასი მანეთი (5.000).
  2. დაევალოს მშენებლობის უფროსს ამხ. სანებლიძეს, წარმართოს ხიდის მშენებლობა იმ გვარად, რომ მოკლე ხანში ამოყვანილ იქნეს ხიდის ბურჯები.
  3. დაევალოს ლამისყანის (ამხ. ჭანკვეტაძე) და ქვემო ჭალის სას. საბჭოს (ამხ. მერებაშვილს) თავმჯდომარეებს უზრუნველყონ საჭირო მუშახელის გამოყვანა ხიდზე სამუშაოდ მშენებლობის ხელმძღვანელთა მოთხოვნით.
  4. მდ. ლეხურაზე ხიდის მშენებლობის პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისროს რაიაღმასკომის თავმჯდომარეს ამხ. ვ. შონიას.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 48, ფურც. 71.

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1935 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი N88, პუნქტი 3) მოისმინეს საკითხი ტრაქტორისტების საკავშირო შეკრებაზედ კასპის რაიონიდან დელეგატის გაგზავნის შესახებ. 

   დაადგინეს, საკავშირო ტრაქტორისტთა თათბირზედ კასპის რაიონიდან გაიგზავნოს კასპის სატრაქტორო სადგურის ტრაქტორისტი, კ.კ. წევრი ამხ. ივანე ხოკერაშვილი.

   ამავე სხდომაზე მოისმინეს საკითხი (პუნქტი 4) კასპის სახანძრო რაზმისათვის ბინის გამოძებნის შესახებ.

   დაადგინეს, დაევალოს ამხ. ამხ. შონიას, კირვალიძეს და ფსიტიძეს შეამოწმონ მტს-ს ყოფილი სახელოსნოს შენობა და ადგილი, თუ რამდენათ შესაძლოა აღნიშნული შენობის დანგრევა და მასალის სახანძრო რაზმზე გადაცემა და აგრეთვე გამონახონ ცხენების მოსათავსებელი თავლა, რის შესახებ დასკვნა წამოადგინონ რაიკომში ა/წ 14 დეკემბერს.

     წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 48, ფურც. 80.

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1935 წლის 30 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი N90, პუნქტი 9) მოისმინეს საკითხი აზნეფტორგი“ ნავთის პროდუქტების კასპის საწყობის შესახებ. 

   დაადგინეს, 1/ ვინაიდან „აზნეფტორგი“-ს ნავთის პროდუქტების კასპის საწყობს არ აქვს რკ. გზის ცალკე ჩიხი და ნებას არ აძლევს ელექტროფიკაციის სამმართველო ნავთის პროდუქტების ჩამოსხმისას, ამიტომ აზნეფტორგმა დაუდოს ხელშეკრულება რკ. გზის სამმართველოს კასპში ჩიხის გაყვანის შესახებ და ჩიხთან ახლოს მოაწყოს საწყობი.

   2/ რკ. გზის ჩიხის გაკეთებამდე ნავთის პროდუქტების საწყობი დროებით გადატანილი იქნეს მეტეხში იმ ანგარიშით, რომ კასპში დარჩეს მარაგის ჭურჭელი 40 ტონის რაოდენობით.

   3/ დაევალოს „აზნეფტორგი“-ს გორის ბაზის დირექციას ამხ. გულარდავას მოაწესრიგოს ნავთის პროდუქტების საწყობის საქმე იმ გვარად, რომ ხელი არ შეეშალოს გაზაფხულის თესვას, ავტომანქანების მოძრაობას და მიაწოდოს კოოპერაციას მოსახლეობისათვის საწყობიდან სამომხმარებლო ნავთი.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 48, ფურც. 86.

1936 .

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1936 წლის 30 მარტის სხდომაზე (ოქმი N97, პუნქტი 9) მოისმინეს საკითხი ფიზკულტურის მუშაობის შესახებ.

  დაადგინეს: 1/ ფიზკულტურის მუშაობის გამოცოცხლებისათვის გამოიყოს სარაიონო ფიზკულტურის საბჭო შემდეგი ამხანაგების შემადგენლობით: კევლიშვილი /თავმჯდომარე/, ბეგიაშვილი, ბაბილოძე, კუკუტარია, შონია, ქებაძე და გაბუნია.

   2/ ფიზკულტურის სასპორტო მოედანი მოეწყოს ქეჩარუხზე.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 53, ფურც. 40.

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1936 წლის 8 აპრილის სხდომაზე (ოქმი N98, პუნქტი 11) მოისმინეს საკითხი მოზარდთა ახალგაზრდობის თეატრის შექმნის შესახებ.

   აზრი გამოთქვეს ამხანაგებმა: გაბუნიამ და კევლიშვილმა. დაადგინეს: დაევალოს განათლების განყოფილებას გამონახოს სათანადო თანხები თეატრის შექმნისათვის.

   თეატრის ორგანიზაციაში ჩაბმული იქნეს ცემენტის ქარხანა, ვინაიდან აღნიშნული თეატრი გაუწევს მომსახურეობას ცემენტის ქარხანასაც.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 53, ფურც. 49.

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1936 წლის 15 ივლისის სხდომაზე (ოქმი N109, პუნქტი 12) მოისმინეს საკითხი ფოსტის განყოფილების გახსნის შესახებ ქვ. ჭალაში.

   დაადგინეს: ფოსტის განყოფილება გაიხსნეს ქვ. ჭალაში, ფოსტის გამგეთ დამტკიცდეს ამხ. შალვა სოზიაშვილი.

   ამავე სხდომაზე მოისმინეს საკითხი (პუნქტი 13) ქვ. ჭალის სრული საშუალო სკოლის შესახებ.

   დაადგინეს, ქვ. ჭალის სრული საშუალო სკოლის ბინების სივიწროვის გამო გადაეცეს ქვ. ჭალის საავადმყოფოს შენობა, ქვ. ჭალის საავადმყოფოს კი გადაეცეს 4-წლედის შენობა.

   დაევალოს რაიაღმასკომს ამ დადგენილების განხორციელება.

წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 54, ფურც. 19.

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1936 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი N121, პუნქტი 13) მოისმინეს საკითხი საქ. კ.პ./ბ/ ცეკას დადგენილება ტროცკისტულკონტრევოლუციონურ ლიტერატურის შესახებ.

 დაადგინეს, ინსტრუქცია კონტრევოლუციონურ-ტროცკისტული ლიტერატურის კომუნისტებიდან შეგროვების შესახებ დამუშავდეს ყველა პირ. პარტორგანიზაციების დახურულ კრებებზედ.

   ყველა პარტწევრებიდან პარტორგებმა შეაგროვონ სიაში ნაჩვენები კონტრევოლუციონური ლიტერატურა და წარმოადგინონ რაიკომში, ხოლო რაიკომიდან ჩაბარდეს შინსახკომის კასპის განყოფილებას სათანადო სიით.

წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 55, ფურც. 4-5.

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1936 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი N2, პუნქტი 13) მოისმინეს საკითხი ოსოავიაქიმის ხაზით პლანერი უს-4-ის შეძენის შესახებ.

   საპლანერო მუშაობის გაშლის მიზნით რაიკომის ბიურომ დაადგინა:

1) შეიძინოს პლანერი უს-4 ერთი ცალი კასპის ცემქარხანამ, ერთი კასპის დაწესებულება-ორგანიზაციებმა და კასპის რაიაღმასკომმა შეიტანოს ბიუჯეტში ორი პლანერის შეძენა. სულ ოთხი პლანერი.

2) საპლანერო მუშაობის გაშლისა, დაწესებულება-ორგანიზაციებზე პლანერ. შეძენისათვის თანხების განაწილებისა, ანგარის /გარაჟის/ და აეროდრომისათვის ადგილის შესარჩევათ გამოიყოს კომისია შემადგენლობით: ფსიტიძე, კუკუტარია, ბოლქვაძე.

წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 57, ფურც. 37.

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1936 წლის 30 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი N6, პუნქტი 5) მოისმინეს საკითხი განათლების განყოფილებისათვის მსუბუქი ავტომანქანის შეძენის შესახებ.

   დაადგინეს: ნება დაერთოს განათლების განყოფილებას, სკოლების ადმინისტრატიული საოპერაციო ხარჯებიდან, რომლებიც დღემდე არ არის გამოყენებული შეიძინოს განათლების განყოფილებისათვის მსუბუქი ავტო-მანქანა.

წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 57, ფურც. 64.

    1936 წელს დაარსდა კასპის რაიონული სახელმწიფო არქივი.

    ამავე წელს, კასპის ცემენტის ქარხნის ბაზაზე შეიქმნა პირველი საფეხბურთო გუნდი.

 

 1937 .

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1937 წლის 7 იანვრის სხდომაზე (ოქმი N8, პუნქტი 17) მოისმინეს საკითხი კასპის რაიონში საპლანერო კლუბის მშენებლობის შესახებ.

   რაიკომის ბიუროს 1937 წლის 22 თებერვლის სხდომის (ოქმი N18) დადგენილებით, საპლანერო მშენებლობის კომისიის თავმჯდომარედ გამოიყო ამხ. ბიქტორ შონია.

    საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1938 წლის 20 ივლისის სხდომაზე (ოქმი N7, პუნქტი 24) მიღებულ იქნა დადგენილება თავდაცვა/ავიაქიმის ცენტრალური საბჭოს 1938 წლის 29 მარტის N070 დადგენილების შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებდა მთელ რიგ საპლანერო კლუბების რეორგანიზაციას საამისო სახსრების უქონლობის გამო. დადგენილების თანახმად გაუქმდა კასპის საპლანერო კლუბის შტატი.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი).

   ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 62, ფურც. 27-29.

  ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 76, ფურც. 38.

   სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1937 წლის 1 თებერვლის N148 დადგენილებით  კასპის რაიონში დაარსებულ იქნა შემდეგი ახალი სასოფლო საბჭოები:

1) გამოეყოს კავთისხევის სასოფლო საბჭოს სოფელი ქვემო ხანდაკი და რკინის გზის სადგური კავთისხევი, ხოლო კასპის სასოფლო საბჭოს სოფელი მირიანეული და დაარსდეს ახალი სასოფლო საბჭო ცენტრით სოფელ ქვემო ხანდაკში – ქვემო ხანდაკის სასოფლო საბჭოს სახელწოდებით.

2) გამოეყოს კოდის წყაროს სასოფლო საბჭოს სოფლები: ნიგოზა, ქვემო რენე, ზემო რენე და ჩობალაური და დაარსდეს ახალი სასოფლო საბჭო ცენტრით სოფელ ნიგოზაში – ნიგოზის სასოფლო საბჭოს სახელწოდებით.

3) გამოეყოს ქვემო-ჭალის სასოფლო საბჭოს სოფლები: იგოეთი, სამთავისი, რგვალი ჭალა, ბოჟამი, თაგოეთი (სავარაუდოდ უნდა იყოს თოგოიანი – ავტ. შენიშვნა) და გამდლის წყარო და დაარსდეს ახალი სასოფლო საბჭო ცენტრით სოფელ იგოეთში – იგოეთის სასოფლო საბჭოს სახელწოდებით.

წყარო: საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მუშათა და გლეხთა მთავრობის კანონთა და განკარგულებათა კრებული. 1937 წლის 31 მარტი. N4. გვ. 54.

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1937 წლის 5 თებერვლის სხდომაზე (ოქმი N15, პუნქტი 9) მოისმინეს საკითხი გაზეთ „კომუნისტი“-ს საკუთარ კორესპონდენტის გამოყოფის შესახებ კასპის რაიონში.

   დაადგინეს: ეთხოვოს გაზეთ „კომუნისტი“-ს რედაქციას ამხ. მუშიშვილს გაზეთ „კომუნისტის“ საკუთარ კორესპონდენტათ კასპის რაიონში დაამტკიცოს ამხ. მიხეილ ივანეს ძე წიქორია, კ. კ. წევრი 1928 წლიდან, სახ. უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტის კურსდამთავრებული, სარედაქციო მუშაობის ორნახევარი წლის სტაჟის მქონე.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 62, ფურც. 68.

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1937 წლის 22 თებერვლის სხდომაზე (ოქმი N18, პუნქტი 2) მოისმინეს საკითხი კასპის ლიმონათის ქარხნის შესახებ.

   დაადგინეს: 1) ნაცვლად არსებული – რაიაღმასკომის ადგილობრივი მრეწველობის ლიმონათის ქარხნისა და ცემენტის ქარხნის ლიმონათის ქარხნისა, რაიონში – ს. კასპში „ქეჩარუხზე“ მოეწყოს ერთი ლიმონათის ქარხანა, რომელსაც უხელმძღვანელოს რაიკავშირმა.

   2) დაევალოს ამხ. ალ. ქებაძეს ლიმონათის ქარხანას აღმოუჩინოს სათანადო ბინა „ქეჩარუხზე“.

   3) რაიაღმასკომის ადგილობრივი მრეწველობის და ცემქარხნის ლიმონათის ქარხნების არსებული ყველა მოწყობილობები გადაეცეს /მიეყიდოს/ ბალანსით რაიკავშირს.

   4) ქარხნის გახსნის ვადად დაწესდეს ა/წ. 5 მარტი.

   ამავე სხდომაზე მოისმინეს საკითხი (პუნქტი 4) მოისმინეს საკითხი კასპის სასტუმროს შესახებ.

   დაადგინეს: წინადადება მიეცეს ამხ. ი. გენებაშვილს გაუშვას ექსპლოატაციაში სასტუმრო ა/წ. 2 მარტისათვის. მისი მშენებლობა 1935 წელს დაიწყო.

წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი).

ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 42, ფურც. 85-86, 1935 წ.

ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 62, ფურც. 103-104, 1937 წ.

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1937 წლის 3 მარტის სხდომაზე (ოქმი N20, პუნქტი 2) მოისმინეს საკითხი რაიონში ტელეფონების ქსელის გაფართოვების  შესახებ.

   დაადგინეს: გაყვანილი იქნეს ტელეფონის ხაზი შემდეგ სასოფლო საბჭოებში: 1. გოსტიბეს, 2. წინარეხის, 3. აღაიანის, 4. ოკამის, 5. ლამისყანის, 6. კოდისწყაროს, 7. ნიგოზის, 8. იგოეთის, 9. ზემო ხანდაკის, 10. ქვემო ხანდაკის, 11. დოესის, 12. ხოვლის და 13. ყარაღაჯის.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 62, ფურც. 143-144.

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1937 წლის 14 ივნისის სხდომაზე (ოქმი N11, პუნქტი 5) მოისმინეს საკითხი კასპის მთავარი ქუჩის ასფალტირების შესახებ.

   დაადგინეს: დაასფალტებული იქნეს კასპის მთავარი ქუჩა მტს-იდან ფოსტაზე გავლით რაიაღმასკომის საცხოვრებელ სახლამდე, ხელმძღვანელობა დაეკისროს ამხ. ს. გრიგოლიას.

   მუშაობა დაწყებული იქნეს ა/წ. 26 ივნისიდან.

   ამ სამუშაოს შესრულებისათვის მობილიზებული იქნეს მტს-ის, ცემქარხნის, რაიკავშირის და წყალთა რაიონის საბარგო მანქანები.

  დაევალოს საგზაო განყოფილებას შეადგინოს სამუშაო გეგმარი და ხარჯთაღრიცხვა განაწილებით.

   საჭირო რაოდენობის ცემენტით უზრუნველყოფა /40-50 ტ./ დაევალოს ამხ. ვ. გოგუას.

   სამუშაოს ხარისხის პასუხისმგებლობა დაეკისროს ამხ. გოგუას.

   წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 63, ფურც. 100.

   სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მიერ 1937 წლის 30 ივლისს მიღებულ იქნა საიდუმლო ოპერატიული ბრძანება N00447. ამ ბრძანების საფუძველზე 1937 წლის აგვისტოდან 1938 წლის ნოემბრამდე ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე განხორციელდა მასობრივი რეპრესიები. ამ პერიოდში კასპის რაიონიდან დაახლოებით 190-მდე ადამიანი იქნა რეპრესირებული.

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1937 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი N40, პუნქტი 8) მოისმინეს საკითხი მებრძოლ უღმერთოთა რაი ორგ-ბიუროს ჩამოყალიბების შესახებ. ოქტომბერშივე გაიმართა მებრძოლ უღმერთოთა კავშირის კასპის პირველი სარაიონო კონფერენცია, სადაც აირჩიეს „მუკ“-ის სარაიონო საბჭო და სარევიზიო კომისია.

    წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 65, ფურც. 169, 177, 177ა.

1938 .

 

   საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის ბიუროს 1938 წლის 14 იანვრის სხდომაზე (ოქმი N51, პუნქტი 40) მოისმინეს საკითხი საქ. სახკომსაბჭოში მდ. ლეხურაზე ხიდის მშენებლობის დაწყების მდგომარეობაზე გასაგზავნ წერილის ტექსტის დამტკიცების შესახებ.

   დაადგინეს: დამტკიცებულ იქნეს მდ. ლეხურაზე ხიდის მშენებლობის დაწყების მდგომარეობის შესახებ გასაგზავნი წერილი საქ. სახ.კომსაბჭოში.

  ამავე სხდომაზე მოისმინეს საკითხი (პუნქტი 41) საქ. შინსახკომის კასპის განყოფილების შენობის აგების შესახებ.

   ბიურო აღნიშნავს, რომ რაიონის შინსახკომის განყოფილების შენობა საფრთხე მდგომარეობაშია, რომლის დანგრევა ყოველდღიურათ მოსალოდნელია, რაც გამოიწვევს შენობის დანგრევას და კატასტროფის მოხდენას.

   ეთხოვოს საქ. კ.პ./ბ/ ცეკას დაავალდებულოს სათანადო ორგანიზაციები, რათა გაითვალისწინონ სათანადო სახსრების გამოყოფა შინსახკომის ბინის მშენებლობისათვის პირველ კვარტალში.

    წყარო: შსს არქივი (ყოფილი პარტიული არქივი). ფონდი 62, აღწერა 1, საქმე 72, ფურც. 19-20.

     17 თებერვალს დასრულდა სიონ-დოესის გვირაბის ჭრა.

   კასპის ქართულმა (დღევანდელი პირველი) საშუალო სკოლამ პირველი კურსდამთავრებულები გამოუშვა.

    ივლისიდან, ლოტბარ მიხეილ კავსაძის ხელმძღვანელობით, კასპში შეიქმნა დიდი სახალხო მომღერალთა გუნდი.

  საქართველოს სსრ სოციალური უზრუნველყოფის სახალხო კომისრის გიორგი ელისაბედაშვილის ინიციატივით დაარსდა ახალქალაქის გონებანაკლული და ფიზიკური ნაკლის მქონე ბავშვთა სახლ-ინტერნატი.

   საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1938 წლის 11 სექტემბრის ბრძანებულებით სოფელი კასპი დამტკიცდა საქალაქო ტიპის დასახლებულ ადგილად (დაბად). საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატს დაევალა გაეტარებინა მიწათმოწყობა და დაეწესებინა საზღვრები კასპის საქალაქო ტიპის დასახლებულ ადგილისა.

   წყარო: გაზეთი „კომუნისტი“ 1938 წლის 17 სექტემბერი, შაბათი  N214 (5315). გვ. 1

   „6 ნოემბერს გაიხსნა რკინა-ბეტონის ახალი საგზატკეცილო ხიდი მდ. მტკვარზე სადგურ კავთისხევიდან. ეს ამბავი ახლომახლო სოფლების მცხოვრებთა ნამდვილ ზეიმად გადაიქცა. ეს თავისი სიხარული და კმაყოფილება კავთისხევის მშრომელებმა გამოსთქვეს საზეიმო მიტინგზე, რომელიც ხიდის გახსნის გამო მოეწყო. მისასალმებელი სიტყვები წარმოსთქვეს კასპის რაიონის პარტიული, კომკავშირული და საბჭოთა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

   ხიდის მშენებლობის საუკეთესო სტახანოველები დაჯილდოებულ იქნენ ფულადი და ნივთიერი საჩუქრებით. კერძოდ, წარჩინებული სტახანოველი ამხ. ს. ქსოვრელი წარდგენილ იქნა დასაჯილდოებლად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სიგელზე.

   ხიდის გახსნას დაესწრო საქართველოს კპ (ბ) კასპის რაიკომის მდივანი ამხ. ა. კეზერაშვილი“.

   წყარო: გაზ. „კომუნისტი“. 12 ნოემბერი. შაბათი. 1938 წ. N259 (5360). სტატიას თან ერთვის   თ. ფურცელაძის ფოტო.

   დეკემბერში კასპში გაიხსნა ორსართულიანი ახალი საავადმყოფო, რომელიც შედგებოდა 46 ოთახისაგან, 52 საწოლით.

1939 .

   1939 წელს სრულიად საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაში მონაწილეობა მიიღო კასპის რაიონის 8 კოლმეურნეობამ.

1940 .

 კასპის რაისაბჭოს აღმასკომის 1940 წლის 11 იანვრის N2 ბრძანების შესაბამისად მეტეხის კერამიკული წარმოების კრამიტის ქარხანა შევიდა ექსპლოატაციაში.