შარაფ რაშიდოვი კასპში. 1981 წლის 20 მაისი.
1981 წლის მაისში ფართოდ აღინიშნა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისა და საქართველოს კომპარტიის შექმნის მე-60 წლისთავი. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ესტუმრნენ საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი და მოკავშირე რესპუბლიკათა კომპარტიების ცენტრალური კომიტეტების პირველი მდივნები, ასევე სხვა ოფიციალური პირები.
20 მაისს, კასპის რაიონს სტუმრობდა უზბეკეთის დელეგაცია, ამავე რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, ორგზის სოციალისტური შრომის გმირის შარაფ რაშიდის ძე რაშიდოვის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ქარხანა „ტაშკენტსოფლმანქანის“ ხარატი, სკკპ 26-ე ყრილობის დელეგატი ი. სტეპანენკო და ხიდებისმშენებლი ტრესტის მმართველი ნ. ადეიშვილი. სტუმრებს თან ახლდნენ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რესპუბლიკის საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ქართველიშვილი და საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრი ოთარ ლოლაშვილი.
პირველი შეხვედრა შედგა მცხეთისა და კასპის რაიონების საზღვარზე, სოფელ აღაიანთან. ქსნის საბჭოთა მეურნეობის მშრომელები, აღაიანის საშუალო სკოლის პიონერ-მოსწავლეები, რაიონის ხელმძღვანელი მუშაკები გულითადად მიეგებნენ უზბეკეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებს.
შემდეგ სტუმრები და მასპინძლები გაემართნენ სოფელ სამთავისისაკენ. ამ სოფლის ცენტრში აღმართული სამთავისის ტაძარი და მის ეზოში მოზეიმე ხალხი გულთბილად შეხვდა სტუმრებს. მონასტრის გალავნის შიგნით მწვანეზე ახალქალაქელებს, ლამისყანელებსა და სამთავისელებს ერთიერთმანეთზე უკეთესი წნული სახლები ჩაედგათ. შიგნით სუფრები გაეშალათ და ჭაშნიკად ღვინოს სთავაზობდნენ სტუმრებს. ეკლესიის ეზოში კი ნამდვილი ზეიმობა იყო. იქით ჭიდაობა გაემართათ და ფალავნები ერთმანეთს ერკინებოდნენ. აქეთ ხალხის წრეში ახალგაზრდა წყვილი ცეკვავდა. ტაძრის გუმბათქვეშ მღეროდა კასპის სარაიონო კულტურის სახლთან არსებული სიმღერის აკადემიური გუნდი (ხელმძღვანელი გივი ბახტაძე). ძეგლის მონახულების შემდეგ სტუმრები ქვემო ჭალაში გაემგზავრნენ, სადაც მათ მასპინძლობას უწევდა კოლმეურნეობის თავმჯდომარე ალფეზ ბუდაღაშვილი.
განსაკუთრებული მზადება და საზეიმო განწყობილება იგრძნობოდა კასპში. სააკაძის მოედანზე შეკრებილიყო დიდი და პატარა. შ. რაშიდოვმა და მისმა თანმხლებმა პირებმა დაათვალიერეს გიორგი სააკაძის ძეგლი, შეხვდნენ რაიონის პარტიულ-სამეურნეო აქტივს. შემდეგ სტუმრები და მასპინძლები გაემართნენ ცემენტ-შიფერის კომბინატის კულტურის სახლის წინ აღმართული ტრიბუნისაკენ.
გაიმართა მეგობრობის მიტინგი, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს კომპარტიის კასპის რაიკომის პირველმა მდივანმა ვაჟა კვალიაშვილმა. სიტყვებით გამოვიდნენ ოკმის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის მექანიზატორი, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, სკკპ 26-ე ყრილობის დელეგატი ნათელა ბუთხუზი, კასპის მეორე საშუალო სკოლის მასწავლებელი ანტონინა მოსკალენკო, ცემენტ-შიფერის კომბინატის მექანიკოსი მიხეილ კორბი, მოსწავლე გურამ ალიბეგაშვილი.
შემდეგ სიტყვა წარმოთქვა სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატმა, უზბეკეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა შარაფ რაშიდოვმა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ მან კასპის რაიონის პარტიულ ორგანიზაციას საჩუქრად გადასცა ლარნაკი ვ. ი. ლენინის გამოსახულებით.
საზეიმო მიტინგის დასრულების შემდეგ სტუმრები გაემართნენ ოკამის ღვინის ქარხნის დასათვალიერებლად.
ღონისძიების ამსახველი ფოტოების მოწოდებისთვის მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქალბატონ ნელი ბუდაღაშვილს.

























