კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი სტუმრად ოკმის ღვინის ქარხანაში. 1982 წ. 

  1982 წლის 31 ოქტომბერს სპეციალური რეისით რიგიდან თბილისში ჩამოვიდა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი სპიროს კიპრიანუ, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და საბჭოთა მთავრობის მოწვევით. მასთან ერთად ჩამოვიდნენ სსრ კავშირის ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში ს. ტ. ასტავინი, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გამგის მოადგილე ვ. ი. ანდრეევი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეხუთე ევროპის განყოფილების გამგის მოადგილე ბ. ი. მინაკოვი, აგრეთვე კვიპროსის რესპუბლიკის ელჩი სსრ კავშირში ა. ანგელიდისი, რომლებიც თან ახლდნენ მას სსრ კავშირში მოგზაურობის დროს. სპიროს კიპრიანუს თან ახლდა მეუღლეც.

  სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისის ღირსშესანიშნაობები, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, პიონერთა და მოსწავლეთა სასახლე. პრეზიდენტმა გვირგვინით შეამკო თბილისის გამარჯვების პარკში უცნობი ჯარისკაცია საფლავი.   

   2 ნოემბერს სტუმრები იმყოფებოდნენ მცხეთაში, მოინახულეს სვეტიცხოველი. შემდეგ ეწვივნენ ოკმის ღვინის ქარხანას, სადაც მათ მასპინძლობას უწევდა ქარხნის დირექტორი თენგიზ კეკელიძე. საპატიო სტუმრებს თან ახლდნენ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პავლე გილაშვილი, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი ქართველიშვილი, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ჩერქეზია. სტუმრებთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს კპ კასპის რაიკომის პირველი მდივანი ვაჟა კვალიაშვილი, სახალხო დეპუტატთა კასპის რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ვალერიან ეპიტაშვილი, საქართველოს კპ კასპის რაიკომის სამრეწველო-სატრანსპორტო განყოფილების გამგე თამაზ სადუნიშვილი.

   სტუმრები იმავე დღეს გაემგზავრნენ სამშობლოში.  

   ფოტოების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდი ქალბატონ ქეთევან კეკელიძეს