საინფორმაციო ტექნოლოგია და ტელეკომუნიკაცია დღეს ფართოდაა გავრცელებული როგორც ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, ისე მოსახლეობაში, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს საზოგადოებაში ინფორმაციისა და ცოდნის გავრცელების საქმეში. საინფორმაციო ტექნოლოგიების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება საშუალებას იძლევა დაჩქარდეს ინფორმაციის სწრაფად მიღება, დამუშავება, გამოყენება, გაცვლა. ამის ყველაზე საუკეთესო საშუალებად დღესდღეობით ინტერნეტი ითვლება, რომლის მეშვეობითაც ყველა დაინტერესებულ პირს მისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება შეუძლია.
ისტორია ერის სახეა. ყველას და ყველაფერს აქვს თავისი ისტორია. უდიდესი ისტორია გააჩნია კასპის მუნიციპალიტეტს, რომელიც ოც საუკუნეზე მეტს ითვლის. მატიანე „მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვით ძვ. წელთაღრიცხვის I საუკუნეში მეფე არსუკმა „კასპი შეიპყრა და უფლისციხე განაგო“. მატიანე კასპს ქართლის ოთხ უძველეს ქალაქთა რიცხვში მოიხსენიებს. მისი დაარსება მითიური მცხეთოსის ძეს ეთნარქ უფლოსს მიეწერება. ისტორიული წყაროების მიხედვით ქალაქის ტერიტორია ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში ყოფილა დასახლებული. კასპთან დაკავშირებულია საქართველოს ისტორიის მრავალი უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ამ რაიონში დაიბადა და აღიზარდა მრავალი გამოჩენილი ადამიანი, ისტორიული პირი, საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, ხელოვანი, სპორტსმენი, რომლებმაც არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც გაითქვეს სახელი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს 300-მდე ისტორიული, არქეოლოგიური თუ არქიტექტურული ძეგლი. ამ მხრივ ის საქართველოში ერთ-ერთ უმდიდრეს რაიონად ითვლება. ეს არის უდიდესი სამრეწველო პოტენციალისა და ბუნებრივი რესურსების მქონე მუნიციპალიტეტი.
2008 წელს შეიქმნა საგანმანათლებლო პროექტი „უფლოსის ქალაქი“, რომლის მთავარი მიზანია კასპის რაიონის ისტორიული წარსულისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა და პოპულარიზაცია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. პროექტი შედგება 6 ძირითადი პუნქტისგან, რომელიც ითვალისწინებს:
სწორედ ამ მიზნით, 2016 წლის 29 ნოემბერს ინტერნეტ-სივრცეში დარეგისტრირდა ახალი ვებ-გვერდი www.kaspi.ge, რომელიც შეიქმნა საგანმანათლებლო პროექტის „უფლოსის ქალაქის“ ფარგლებში. ეს არის ვებ-არქივი, სადაც ერთ სივრცეში თავმოყრილია ყველა სახის ინფორმაცია კასპის შესახებ: ვიდეო, აუდიო, ფოტო დოკუმენტები, ელექტრონული წიგნები, ტექსტური ინფორმაციები, წყაროები. აღნიშნულ ვებ-სივრცეს „კასპის ციფრული არქივი“ ეწოდა.
ვებ-გვერდი საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს მაქსიმალურად სწრაფად მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ყველა თემის ირგვლივ, რითაც ხელი შეეწყობა განათლებული და კარგად ინფორმირებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ასევე ფართო პროპაგანდა გაეწევა ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
იმედი გვაქვს, რომ პროექტში აქტიურად ჩაერთვებიან და მონაწილეობას მიიღებენ როგორც სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები, ისე ფიზიკური პირები.
ვებ-გვერდის ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა ვუთხრა კასპის მკვიდრთ, ამჟამად საბერძნეთში მცხოვრებ და-ძმებს, მარინა, გივი და თამაზ კიტსიკიდებს.
პროექტის ავტორი და ვებ-გვერდის ადმინისტრატორი
ვანო ჯახუა