არქიტექტურული ძეგლები

კასპი - ეკლესია შუბნიშანი

 ეკლესია შუბნიშანი  – ეკლესია კასპში ყაზბეგის ქუჩაზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (6,5 X 5 მ), ნაგებია მოყვითალო ფერის უხეშად დამუშავებული ქვის დიდი კვადრებით, გამოყენებულია ნატეხი ქვა და აგურიც. ეკლესია ძალიან დაზიანებულია: კამარა მთლიანად ჩანგრეულია, შემორჩენილია კონქის ნაწილი, კედლები დაბზარულია, ლავგარდანი აღარ აქვს, დაზიანებულია დასავლეთის შესასვლელი, იატაკი დაფარულია მიწითა და ჩამონაშალი ქვით, ეკლესიის გარშემო მიწის დონე აწეულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. საკურთხევლის ქვედა ნაწილი სარკმლის ძირამდე სწორკუთხაა, შემდეგ – ნალისებრი. აფსიდი კონქითაა გადახურული, საკურთხეველში დგას სატრაპეზო ქვა, ჩრდილოეთით ორი ნიშია, სამხრეთით – ერთი. სატრიუმფო თაღი იმპოსტებს ეყრდნობა. დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში ერთი სარკმელია. დასავლეთ ფასადზე, კარის თავზე აგურის წყობით გამოყვანილია პატარა ჯვარი.

წყარო: „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა“. ტომი 5, გვ. 130, 1990 წ.

თეთრათხევის მამების მონასტრის ეკლესია

 თეთრახევის მამების მონასტრის  ეკლესია – ეკლესია დგას ქ. კასპის ჩრდილო-დასავლეთით 6-7 კილომეტრზე, მთის ფერდობზე, კოწახურასა და საყდრიანის ხევის თავში. ადრე აქ მამათა მონასტრის მთელი კომპლექსი ყოფილა. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ვახუშტი ბაგრატიონი მონასტრის შესახებ წერს: „კასპს ზეით, წლევის მთაში, არს მონასტერი მამებას, სტეფან წმინდისა, თათესაგან, ი~გ (13) მამათაგანის, ქმნული. დაფლულა წმინდა თათე მუნ. იტყვიან ამის ნაწილსა აღმოსვლვასა, ვითარცა წმინდის შიოსას, არამედ აწ დეკანოზის მიზეზით დაჩენებული; და აწ არს ხუცის ამარ.“

მამება აღწერილი აქვს პლატონ იოსელიანს. მისი სახელწოდება უნდა მომდინარეობდეს „მამებისაგან“: თათე ხომ 13 ასურელი მამათაგანი იყო.

ეკლესია დარბაზულია (11,2 X 6,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, კამარა და აფსიდის კონქი – აგურით. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია, ამოვსებულია ნანგრევებითა და მცენარეულობით, არ ჩანს საკურთხევლის ბაქანი და დარბაზის იატაკი, ლავგარდნის კვალი, კამარა ჩაქცეულია, ფასადების ქვები ამოცვენილია. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია (შემორჩენილია აღმოსავლეთ წირთხლი, რომელიც პილასტრის ფართო სიბრტყის გაგრძელებას წარმოადგენდა). ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო სარკმელია, რომელიც შიგნიდან სწორკუთხაა და გარეთკენ ძლიერ ვიწროვდება. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა, ასევე ქვის ფილებით გადახურული ნიშია. უფრო მაღლა, აღმოსავლეთით, კედელში წაგრძელებული სამალავებია მოწყობილი. აფსიდის მხრების წინ ბემაა. ჩრდილოეთ მხარის ბემას შემორჩენილი აქვს მარტივი, თაროსებრი კაპიტელი, რომელსაც გრძივი კედლების მიმდებარე თაღის ქუსლი ეყრდნობა. გრძივი კედლების შუა ნაწილში თითო ერთსაფეხურიანი პილასტრია, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღისა და კედლის მიმდებარე თაღების ქუსლები ეყრდნობოდა. დასავლეთ კედელი, რომელიც მთელ სიმაღლეზეა შემორჩენილი, სრულიად გლუვია. სამხრეთ კედელში სარკმლის კვალი ჩანს. დარბაზი გადახურული იყო ცილინდრული კამარით. ინტერიერი შელესილი ყოფილა. (კვალი შემორჩენილია აფსიდის კონქში). უკეთაა შემორჩენილი დასავლეთ ფასადი. ფასადის შუა ადგილზე შეიმჩნევა კარის კვალი (ამოშენებულია). ამავე ფასადზე შემორჩენილი ფრონტონის ნაწილი შეკეთების დროს აგურით ამოუშენებიათ. ეკლესია გადახურული ყოფილა ბრტყელი და ღარიანი კრამიტით. ეკლესიას სამხრეთიდან მთელ სიგრძეზე ეკვრის მინაშენი. ეკლესიის დასავლეთ ნაწილში ორსართულიანი სამრეკლოა, რომლის პირველი სართული ეკლესიის კამაროვან კარიბჭე-გასასვლელს წარმოადგენს და სამხრეთით თაღითაა გახსნილი. იგი ეკლესიისგან განსხვავებული წყობითაა ნაგები (გამოყენებულია მცირე ზომის ქვები). კარიბჭე ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარით უკავშირდება ეკლესიას, ხოლო აღმოსავლეთ კარით – სწორკუთხა მინაშენს, რომლისგანაც კედლის წყობის რამდენიმე რიგიღაა შემორჩენილი. მეორე სართული, სამრეკლო მთლიანად აგურისაა. შემორჩენილია სამი ბურჯის ფრაგმენტი. მათი განლაგების მიხედვით ჩანს, რომ სამრეკლოს ფანჩატური ოთხივე მხრიდან ღიობებით იყო გახსნილი.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 130-131, თბ., 1990 წელი.

კვირაცხოვლის ეკლესია

 კვირაცხოვლის ეკლესია – ეკლესია კასპში, ყაზბეგის ქუჩაზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (16,65 X 7,3 მ), ნაგებია სხვადასხვა ფორმისა და ზომის რუხი ფერის დამუშავებული ქვით, გამოყენებულია აგური, შირიმისა და რიყის ქვაც. შენობა ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია კამარა და საბჯენი თაღები, კედლების ზედა ნაწილი, სამხრეთ პილასტრების ქვედა ნაწილი, სამხრეთ კარის ხვრელი, სამხრეთ კედლის დასავლეთ სარკმლიდან გადარჩენილია მხოლოდ მარჯვენა წირთხლის ნაშთი. დასავლეთ შესასვლელი ამოშენებულია; ლავგარდანი აღარა აქვს. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევრად ოვალური ღრმა აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის სამხრეთით – ერთი პატარა ოთხკუთხა ნიში. კამარის საბჯენი თაღები უჩვეულო ფორმის (ზემოთ ოდნავ გამოწეულია კედლიდან, ქვემოთ მეტად) ორი წყვილ პილასტრს ეყრდნობა. სატრიუმფო თაღის იმპოსტების დონე დარბაზის ქუსლის დონეზე დაბალია. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში გაჭრილი ყოფილა თითო თაღოვანი სარკმელი.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 132, თბ., 1990 წ.

კლდემაღალას ციხე (არსენას ციხე)

 კლდემაღალას ციხეარსენას ციხე – ციხესიმაგრე ქ. კასპის ჩრდილოეთით 5 კილომეტრზე, მდინარე ლეხურის მარჯვენა მხარეს, მაღალ მთაზე. თარიღდება V-VI საუკუნეებით, გვიანდელი ფეოდალური ხანით.

კლდემაღალას ციხე მთელ ლეხურის ხეობას გადაჰყურებდა, კეტავდა ლეხურის ხეობით მომავალ ვიწრო გზას ჩრდილოეთით და სამხრეთით და იცავდა ციხე-ქალაქ კასპს მტრის შემოსევებისაგან. ციხის ძველი სახელწოდება დავიწყებულია. ახლა ხალხი მას არსენას ციხეს უწოდებს. „კლდემაღალას“ სახელით იგი აღარ იხსენიება ვახუშტისთანაც:

„მას ზეით (თეთრახევის მამების მონასტერი) არს ციხე, სათიდგან გამოიყვანეს ივსთა გორგასლის დაი“.

V საუკუნეში კასპის სპასპეტისათვის აღსაზრდელად მიუბარებიათ ვახტანგ გორგასლის და – მირანდუხტი. ოს ბაყათარს მირანდუხტი ამ ციხიდან გამოუყვანია. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ V საუკუნეში ეს ციხე უკვე არსებობდა.

კლდემაღალას ციხე ძლიერ დაზიანებულია. დანგრეულია ერთადერთი შემორჩენილი ნაგებობის ოთხსართულიანი კოშკის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლები, დასავლეთ კედლის დიდი ნაწილი და ნაწილობრივ სამხრეთ კედელიც. ჩანგრეულია ხის სართულშუა გადახურვა. პირველი სართულის ქვედა ნაწილი ამოვსებულია მიწით. კოშკი (კედლების სიგრძე – 7,6 მ, სიმაღლე – 11 მ, სისქე 2 მ) ნაგებია რუხი და მოყვითალო ნატეხი ქვით. გარე კუთხეები ოდნავ მომრგვალებულია. სართულშუა ხის გადახურვების საყრდენად კედლის სისქის შემცირებით მიღებული საფეხური იყო გამოყენებული. შერჩენილია სქელი მორების ბუდეები. პირველი სართულის სამხრეთ კედელში ერთი მაღალი და ვიწრო სარკმელია. ამავე სართულზე სამკუთხედად გადახურული ნიშები ყოფილა (ერთი კარგადაა დაცული). სათოფურების კვალი მხოლოდ მეოთხე სართულზე შეიმჩნევა. ეს სართული წყობით და მასალით განსხვავდება კოშკის ქვედა ნაწილისაგან. იგი მოგვიანებით უნდა იყოს დაშენებული.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 132, თბ., 1990 წ

ს. მაკალათია, ლეხურის ხეობა, თბ. 1964 წ.

მაცხოვრის ეკლესია

 მაცხოვრის ეკლესია – ეკლესია კასპის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7,93 X 5 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის მოყვითალო ფერის ნატეხი ქვით, გამოყენებულია რიყის ქვა და აგურიც. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. კარი შიგნიდან და გარედან სწორკუთხაა. ნახევარწრიულ აფსიდს წინ არდაბაგი აქვს. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ჩრდილოეთით თაღოვანი ნიშია, სამხრეთით – სწორკუთხა. საკურთხევლის კედელზე მოდგმულია სატრაპეზო ქვა. დარბაზის დასავლეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია. კამარა საბჯენ თაღს ეყრდნობა, თაღი – წყვილ პილასტრს გრძივ კედლებს მთელ სიგრძეზე ერთსაფეხურიანი ჩამოსაჯდომი გასდევს.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 133, თბ., 1990 წ

მთავარანგელოზის ეკლესია

 მთავარანგელოზის ეკლესია – ეკლესია კასპის სამხრეთ-დასავლეთით სამ კილომეტრზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (10,7 X 5 მ), დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე, ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის რუხი ფერის ნატეხი ქვით, გამოყენებულია შირიმის ქვაც. სარკმლის საპირები მოცისფრო ქვისაა. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი შიგნიდან არქიტრავულია, გარედან – თაღოვანი. ნალისებრი აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ჩრდილოეთით ორი ნიშია, სამხრეთით – ერთი. კამარა ეყრდნობა ორსაფეხურიან პილასტრებზე დადგმულ საბჯენ თაღს. პილასტრები დასრულებულია სადა იმპოსტებით. პილასტრების პირველ საფეხურებს კედლის მიმდებარე დეკორატიული თაღები ეყრდნობა. სამხრეთ კედელში გაჭრილია ორი ფართო თაღოვანი სარკმელი. ეკლესია შიგნიდან მთლიანად შელესილია. შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის საპირე მორთულია წრეში ჩაწერილი ჯვრებით. სათაურის ჩუქურთმა დაზიანებულია. სარკმლის თავზე იყო რელიეფი, რომელიც ბათქაშითაა დაფარული. ეკლესიას თაროსებრი ლავგარდანი ჰქონია.

ეკლესიაზე სამხრეთიდან მიშენებულია ოთხსართულიანი კოშკი (9,9 X 3,35 მ), რომელიც უფრო მცირე ზომის ქვებითაა ნაგები, ვიდრე ეკლესია. კოშკის პირველი სართული ეკლესიის სამლოცველოს წარმოადგენს. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მეორე სართულის დონეზე. ნახევარწრიულ აფსიდში ორი თაღოვანი სარკმელია, აღმოსავლეთის სარკმელი ვიწროა, დასავლეთისა – უფრო ფართო. სართული გადახურულია საბჯენ თაღებზე დაყრდნობი-ლი კამარით. კოშკის ზედა სართულები საცხოვრებელი და სათავდაცვო დანიშნულებისაა. მეორე და მესამე სართულის კედლებში სათოფურები, ფართო ოთხკუთხა სარკმლები და ორ-ორი ბუხარია. მეოთხე სართული, რომელიც გაერთიანებული იყო ეკლესიაზე დაშენებულ სათავსთან, წარმოადგენდა გახსნილ საბრძოლო ბანს.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 133, თბ., 1990 წ

ღვთისმშობლის ეკლესია

 ღვთისმშობლის ეკლესია – ეკლესია კასპში, ყაზბეგის ქუჩაზე, კვირაცხოვლის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით 150 მეტრზე. თარიღდება ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7,85 X 4,97 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. თაღები ამოყვანილია აგურით. შენობა დაზიანებულია. შიგნიდან და გარედან  არქიტრავით გადახურული შესასვლელი დასავლეთითაა. ნალისებრი აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, მის გვერდებზე – ნახევარწრიული ნიშები. დარბაზის კამარა ეყრდნობა საბჯენ თაღს. დარბაზის დასავლეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 135, თბ., 1990 წ

წმინდა თეოდორე ტირონის ეკლესიის კომპლექსი

 კასპის თეოდორე ტირონის ეკლესია – ეკლესიის კომპლექსი კასპში. შედგება ეკლესიის, მინაშენის, გალავნისა და ცილინდრული კოშკისაგან. კომპლექსი თრიღდება ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (13,4 X 6,3 მ), ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით, ფასადებზე გამოყენებულია სხვადასხვა ზომის ყვითელი და მოყავისფრო თლილი ქვა. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს – დასავლეთიდან და სამხრეთიდან. დასავლეთის კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან – არქიტრავული. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ერთი თაღოვანი სარკმელია. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით. ორსაფეხურიან პილასტრებზე გადადის თაღი, რომელიც დასავლეთ კედელთან ვიწროვდება და ეყრდნობა კრონშტეინებს. დასავლეთით და სამხრეთით თითო დიდი სარკმელია. სამხრეთის სარკმელი თაღოვანია, დასავლეთისა სწორკუთხა. ინტერიერი შელესილია. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელი აგურითაა ამოყვანილი. აგურისაა ეკლესიის გვიანდელი  ლავგარდანიც. სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ კუთხესთან, ქვაზე ამოკვეთილია მცირე ჯვარი. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით. ეკლესია მოქმედია, ტაძარი მოიხატა გია მაისაშვილის მიერ, დამშვენდა მისი კედლები მრგლოვანი დამწერლობით.

ეკლესიას ორი მინაშენი აქვს: ჩრდილოეთისა და სამხრეთისა, რომელიც ზედ ეკლესიის კედელზეა მიშენებული. სამხრეთ მინაშენში შესასვლელი დასავლეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია. მინაშენი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც ჩრდილოეთ კედლის ორ თაღს ეყრდნობა.

ეკლესიას ჩრდილოეთიდან გალავანი აქვს მიშენებული. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით (შემორჩენილია კედლის სიგრძის 17,55 მ, სიმაღლის დაახლოებით 5,3 მ). გალავანი დაზიანებულია: შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ კედლის ნაწილი და ჩრდილოეთ კედლის ქვედა ნაწილი, მონგრეულია ქონგურები. მოგვიანებით ჩრდილოეთ კედლის გადარჩენილ ქვედა ნაწილზე სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები დაუშენებით, გალავნის კედელში გაუჭრიათ კარი (ამჟამად ამოქოლილია) და ფართო სარკმლები. გალავანში ორრიგად დატანებულია რვა წყვილი სათოფური. ქვედა რიგის სათოფურები დიდი ზომისაა.

გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ცილინდრული კოშკი დგას (დიამეტრი 3,8 მ, კედლის სისქე 1 მ), ნაგებია რიყის ქვით. კოშკი დაზიანებულია: შეიმჩნევა სამი სართულის ნაშთი. ქვედა სართულები მიწითაა ამოვსებული. სამი სათოფურიდან ერთი ჩამოშლილია. კოშკში შესასვლელი არ ჩანს. კედელში დატანებულია სართულების დამაკავშირებელი კიბის საფეხურები. ფასადებზე ჩანს სართულშუა გადახურვის ხის ძელის ფრაგმენტები.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 135-136, თბ., 1990 წ

წმინდა გიორგის ეკლესია და ნიში

წმინდა გიორგის ეკლესია და ნიში. არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს კასპის ჩრდილო დასავლეთით ე. წ. „აბანოების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, შესასვლელი 26 მაისის (ყოფილი საბჭოს) ქუჩიდან. ამ ბექობიდან კარგად მოჩანს რკინიგზის ხაზი, კასპის დასავლეთი მხარე, სოფლები: მეტეხი, გომი და მდ. მტკვარი. წელიწადში ორჯერ – 6 მაისს და 23 ნოემბერს კასპელები აქ „გიორგობას“ აღნიშნავდნენ. ამ ტერიტორიაზე 2005 წელს აშენდა აწ გარდაცვლილი ზურაბ სოლომონაშვილის თაოსნობით წმინდა გიორგის ეკლესია, სადაც დღეს წირვა-ლოცვა აღევლინება. აქვეა 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული ზურაბ სოლომონაშვილისა და მისი მეუღლის საფლავები.

წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარი

წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარი – საკათედრო ტაძარი აშენებულია ყოფილ კასპის სარაიონო კულტურის სახლის (საზაფხულო თეატრის) ტერიტორიაზე და ნაფუძარზე. მისი პროექტირება და მშენებლობა განხორციელდა 2010-2012 წლებში. ტაძრის აშენება კასპის მოსახლეობის მოთხოვნით მოხდა.

ახალი საკათედრო ტაძარი, როგორც მისი განსაკუთრებული მნიშვნელობით ისე არქიტექტურული იერსახით გახდა ქალაქის გამორჩეული და მაღალმხატვრული ობიექტი. ტაძრის ცენტრალური ნაწილი დარბაზულია, სამხრეთის მინაშენი ეკვდერითა და კარიბჭით. ყოფილი საზაფხულო კლუბის შენობა გახდა  საკათედრო ტაძრის ნაწილი, სადაც შენარჩუნდა გადახურვის ხის სივრცითი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც ინტერიერის განსაკუთრებულ სახეს ქმნის.

ტაძრის მოცულობა, მასშტაბი, მისი ფუნქციონალური ნაწილების ერთიანობა, სიმაღლეების, ფრონტალური და ვერტიკალური რეგისტრების მონაცვლეობა ტაძარს ანიჭებს მხატვრულ მთლიანობასა და პლასტიკას.

ტაძრის მთლიანმა სიგრძემ შეადგინა 34,0 მეტრი, სიმაღლე – 12,0 მ. ტაძარი შიგნიდან და გარედან გაილესა და შეიმოსა თანამედროვე საფასადე ფაქტურით, იატაკი აღიჭურვა თანამედროვე გათბობის სისტემით და მოპირკეთდა გრანიტისა და მარმარილოს ბუნებრივი ქვით, საკურთხეველი, ამბიონი და კანკელი დასრულებულია პროექტის შესაბამისად.

ტაძრის საპროექტო დოკუმენტაცია მომზადებული იყო სამთავისისა და გორის ეპარქიის, ხუროთმოძღვრების, სახვითი ხელოვნებისა და რესტავრაციის სამსახურის მიერ. ხელმძღვანელი გ. სოსანიძე; არქიტექტორი ვ. ბაინდურაშვილი; კონსტრუქტორი გ. მაზმიშვილი.

სამშენებლო სამუშაოები აწარმოა შპს „აბა ჯგუფმა“ (ხელმძღვანელი თ. აბულაძე, გ. ბოჭორიშვილი) სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 2012 წლის დეკემბერში, საზეიმო წირვა-ლოცვა მეუფე ანდრიას კურთხევით აღევლინა 13 დეკემბერს, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის ხსენების დღეს.

ამ ტაძრის შესასვლელი კარებების დამზადებაში თავისი წვლილი შეიტანეს აწ განსვენებულმა ოსიკო (იოსებ) თავშავაძემ და ბატონმა უშანგი მოსიაშვილმა, ასევე მისი უანგარო შემწეობით ვახტანგ გორგასლის ტაძრიდან რამდენიმე მეტრში აშენდა იოანე ნათლისმცემლის ერთნავიანი ეკლესია და სამრეკლო, რომლის ზომებია 10X10 მ.

წყარო: „კასპის ისტორია“, ვაჟა ოთარაშვილი, 2015 წ. გვ. 121-123.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი

წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია – მდებარეობს კასპში ე. წ. ნატბეურას ტერიტორიაზე. აშენდა დიმიტრი მჭედლიშვილის თაოსნობით. მისი მშენებლობა დაიწყო 2003 წლის 5 აპრილს და დასრულდა 2013 წლის 20 ივნისს.

აღაიანი - კოშკი

აღაიანის კოშკი – დგას სოფელ აღაიანის ცენტრში, გელხაურების ეზოში. თარიღდება XVIII საუკუნით. კოშკი ხუთსართულიანია, ცილინდრული (დიამეტრი 9,7 მ), ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდება. ნაგებია რიყის ქვით. კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია აგური. შენობა დაზიანებულია – ზემოთა ნაწილები ჩამონგრეულია. სწორკუთხა შესასვლელი პირველი სართულის სამხრეთ ნაწილშია. სართულშუა გადახურვა ხის ძელებზე ყოფილა გამართული. აღმოსავლეთ ნაწილში სარკმელია, რომლის ძირი შიგნიდან გარეთ მაღლდება. ამ სართულზე დასავლეთ და ჩრდილოეთ მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია თითო შეწყვილებული სათოფურით. მეორე სართული გადახურულია გუმბათოვანი კამარით, რომელიც ძირითადად აგურითაა ნაწყობი. კამარის აღმოსავლეთ ნაწილში მესამე სართულიდან დამაკავშირებელი მრგვალი ხვრელია (დიამეტრი 0,7 მ-მდე). სართულის ქვედა ნაწილში, ოთხ ფართო თაღოვან ნიშში თითო შეწყვილებული სათოფურია. სართულის აღმოსავლეთ ნაწილშიც ასეთივე ნიშია, რომელიც მოგვიანებით ამოუქოლიათ. კარი ჩრდილოეთ ნაწილშია. იგი შიგნიდან სწორკუთხაა, გარედან თაღოვანი და სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. კარის პირდაპირ ნახევარწრიული ბუხარია. გუმბათის ნახევარსფეროში საფეხუროვანი გადახურვით დასრულებული ორი სარკმელია. ორივე სარკმლის ძირი შიგნიდან გარეთ მაღლდება. მეორედან მესამე სართულზე ასასვლელი კიბე კედელშია დატანებული, შესასვლელთან ახლოს. კიბის უჯრედში ორი სათოფურია და ერთი სწორკუთხა სარკმელია. მესამე სართულის კედლებში ოთხი ფართო თაღოვანი ნიშია, რომელთა თაღები, კოშკის სხვა ნიშების თაღებისაგან განსხვავებით, რიყის ქვითაა ნაწყობი. ისინი შესაბამის წირთხლებს უშუალოდ კი არ ერწყმიან, არამედ რამდენადმე შეწეულია და თაღების ქუსლებთან ქმნიან პატარა საფეხურებს, რომლებსაც, როგორც ჩანს, ქარგილის გასამართად იყენებდნენ. ყოველ ნიშში თითო შეწყვილებული სათოფურია. კოშკის მესამე სართულის აღმოსავლეთ ნაწილში, სწორკუთხა შეღრმავებაში, ნახევარწრიული ბუხარია. ბუხრის პირდაპირ, ერთმანეთთან ახლოს, კიბის უჯრედებში გაჭრილია შესასვლელები, ხოლო მათ შორის, კედლის სისქეში, მოწყობილია საპირფარეშო (დანგრეულია). მეოთხე სართული ოდნავ შეისრული ღრმა თაღოვანი ნიშების სიმრავლით გამოირჩევა. სართულის ჩრდილოეთ ნაწილში პატარა ბუხარია, რომლის პირდაპირ ბაქანზე ასასვლელი კიბე იწყება. ბუხრის მომიჯნავე ნიშებში თითო ფართო სარკმელია, დანარჩენ ნიშებში – თითო სათოფური. სართულზე კიდევ ერთი სწორკუთხა სარკმელია, რომლის ძირი შიგნიდან გარეთ მაღლდება. კოშკის მეხუთე, ბანის სართული მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 0,4-0,5 მეტრს არ აღემატება. კოშკის ფასადზე მეორე სართულის შესასვლელის თავზე აგურის წყობით გამოსახულია შეღრმავებული ჯვარი.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 137-138, თბ., 1990 წ.

ნინოწმინდის ეკლესია

აღაიანის ნინოწმინდის ეკლესია – დგას თხოთის მთაზე, სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით ორ კილომეტრზე. თარიღდება VII-VIII საუკუნეებით. ეკლესია იყო ჯვარგუმბათოვანი, რომელიც IX-X საუკუნეების მიჯნაზე გადაუკეთებიათ დარბაზულად. პირვანდელი ეკლესიის  შემორჩენილი გვერდები (2-2,5 მ) ნაგებია კარგად გათლილი მოყვითალო-ოქროსფერი კვადრებით, წყობაში ნახმარია მომწვანო ტუფი, გვხვდება აგურიც. გადაკეთებისას ეკლესიისათვის გარედან ჯვრული გეგმა შეუნარჩუნებიათ, მხოლოდ გუმბათის ნაცვლად გადაუხურავთ ცილინდრული კამარით, რომელიც ხუთ საბჯენ თაღს ეყრდნობა. გეგმაში თითქმის უცვლელადაა დატოვებული აფსიდი და დასავლეთ მკლავი. თავდაპირველი ჯვრის ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავები შიგნიდან ამოშენებულია. გარედან აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებული ცენტრალური ნაწილი გადახურულია ორფერდა, ხოლო ჩრდილო და სამხრეთ შვერილები – ცალფერდა სახურავით. ეკლესიაში შესასვლელი (არქიტრავული გადახურვით) ჩრდილოეთ მკლავიდანაა, სამხრეთ მკლავში შესასვლელი გაუქმებულია. ამავე მკლავის დასავლეთ მხარეს მდებარე შესასვლელი გვიანდელია. ერთი სარკმელი ნახევარწრიულ აფსიდშია, მეორე – სამხრეთ კედელში. ჩრდილოეთ მკლავში ვიწრო და თაღოვანი დერეფანია. სამხრეთისაში კი ნიშია ჩამოსაჯდომი შვერილით.

საკურთხეველში შემორჩენილია მოხატულობისა და წარწერის ფრაგმენტები. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე. მოხატულობის ნაშთი შემორჩენილია საკურთხევლის სარკმლის წირთხლებშიც და სატრიუმფო თაღის სამხრეთ კაპიტელთან. სტილისტური ნიშნებით მხატვრობა თარიღდება X საუკუნის დასასრულითა და XI საუკუნის პირველი მეოთხედით.

გარედან ეკლესიის მასები მკაფიოდ გამოხატავენ ჯვარს. აღმოსავლეთ მკლავის ფასადზე სარკმელი თაღოვანი სათაურითაა შემკული, მის ზემოთ თავდაპირველი ეკლესიის ქვებიდან შედგენილია ჯვარი. სამხრეთის ფასადის სარკმელი მორთულია თაღოვანი რელიეფური სათაურით, ხოლო შესასვლელი რელიეფური კომპოზიციის ტიმპანით. ამ შესასვლელს XVI საუკუნეში აგურით ნაგები თაღოვანი მინაშენი – კონტრფორსი მიადგეს. სამხრეთ ფასადზე X-XI საუკუნეების სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა. დასავლეთ ფასადზეც მოგვიანებით მძლავრი კონტრფორსი მიუშენებიათ. აგურის კბილანა ლავგარდანი გვიანდელია.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 138, თბ., 1990 წ.

წმინდა გიორგის ეკლესია

აღაიანის წმინდა გიორგის ეკლესია – დგას სოფელ აღაიანის ცენტრში. თარიღდება XIX საუკუნით. ეკლესია დარბაზულია (11,8 X 7,6 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებსა და კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია კვადრატული აგური. შიგნიდან და გარედან სწორკუთხა შეღრმავებაში ჩასმული თაღოვანი შესასვლელები დასავლეთით (ამოქოლილია) და სამხრეთითაა. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკიდან ორი საფეხურითაა ამაღლებული და დარბაზისაგან გამოყოფილია ხის კანკელით. დარბაზის თითქმის შუა ნაწილში ნახევარწრიული კამარის შეკიდული საბჯენი თაღია, რომლის მიმართ სიმეტრიულად, ქვემოთ, საფეხურით შეღრმავებული ორი თაღოვანი სათავსია. აღმოსავლეთ სათავსში შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკუთხა სარკმელია. ეკლესიის დასავლეთ კედელში, იატაკიდან სამი მეტრის სიმაღლეზე, ერთმანეთთან ახლოს სამი თაღოვანი ნიშია. შუა ნიშში, რომელიც დანარჩენებზე ფართოა, გაჭრილია კონქის ზედა სამალავში შესაძრომი ვიწრო ღიობი. ეკლესიის ფასადები შელესილია. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, აგურის წყობით გამოყვანილია შეღრმავებული ჯვარი. მის გვერდებზე თითო შეღრმავებული რომბია. კედლები დასრულებულია აგურის საფეხურიანი ლავგარდანით. მოგვიანებით ეკლესიისათვის დასავლეთ მხრიდან მიუშენებიათ აგურის კარიბჭე (3,8 X 2,8 მ), რომლის კუთხეებში მდგომ სწორკუთხა ბოძებს საბჯენი თაღები ეყრდნობოდა. კარიბჭეს კრამიტის ორფერდა სახურავი აქვს. კარიბჭეზე დაშენებულია პატარა სამრეკლო, რომლის ექვს ბოძზე დაყრდნობილი, თაღებით გახსნილი ფანჩატური გადახურულია აგურის ექვსწახნაგა პირამიდული სახურავით.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 140, თბ., 1990 წ.

ახალქალაქი - ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი

ახალქალაქის ღვთისმშობ-ლის ეკლესია  – მდებარეობს სოფელ ახალქალაქის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. კომპლექსში შედის: ეკლესია, სამრეკლო და ციხე-გალავანი.

ეკლესია

ეკლესია დარბაზულია (17,3 X 6,55 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია აგურიც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით, დარბაზის იატაკიდან 0,7 მ-ით ამაღლებული ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ოთხკუთხა სარკმელია. სარკმლის გვერდებზე თითო სწორკუთხა და თითო თაღოვანი ნიშია. აფსიდის ორივე მხარეს ვიწრო და ბნელი სათავსებია, რომლებსაც აღმოსავლეთით პატარა მრგვალი სარკმლები აქვს. სათავსები თაღოვანი გადასასვლელებით უკავშირდება საკურთხეველს. ჩრდილოეთ კედელში სანათლავი ნიშია. დარბაზის გრძივი კედლების ორ წყვილ მასიურ პილასტრს ეყრდნობა კამარის საბჯენი თაღები. აღმოსავლეთ ფასადის მხედრული წარწერის თანახმად ეკლესია თავდაპირველად ქართველთა სალოცავი ყოფილა. XIX საუკუნეში მისთვის დასავლეთიდან მიუშენებიათ სათავსი (8,7 X 8,8 X 6,15 მ) და სომხურ ეკლესიად გადაუკეთებიათ. ეკლესიას მიშენებულ სათავსთან აერთიანებს ძველი ეკლესიის დასავლეთ კედელში გაჭრილი დიდი თაღი. სათავსის მთელი დასავლეთ ნაწილი ეკავა ხის პატრონიკეს, რომლისგანაც მხოლოდ თაღოვანი კარია შემორჩენილი დასავლეთ კედელში. ფასადებზე კარ-სარკმელს თლილი ქვის საპირეები აქვს. მინაშენის სამხრეთ ფასადზე აგურის წყობით გამოყვანილია ორი დეკორატიული ჯვარი. ფასადები შელესილი ყოფილა (უკეთესად შემორჩენილია აღმოსავლეთ ფასადზე). ნაგებობას აგურის სამი რიგისაგან შედგენილი ლავგარდანი აქვს.

სამრეკლო

სამრეკლო (5,9 X 4,9 მ) ეკლესიაზე მიშენებულია ჩრდილო-დასავლეთიდან. იგი ორსართულიანია, ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. პირველ სართულზე მხოლოდ ეკლესიიდან შეიძლება მოხვედრა. ეს სართული გადაკეთებულია სამლოცველოდ (ამაღლებულ საკურთხევლის ცენტრში დგას მასიური სატრაპეზო ქვა). მას თავდაპირველად ორი კარი ჰქონია – დასავლეთით და ჩრდილოეთით. ორივე სარკმლებად არის გადაკეთებული. აღმოსავლეთით ერთი ვიწრო სარკმელია. ოთხივე კედელზე თითო დეკორატიული თაღია. ჩრდილოეთ კედელში მოზრდილი ნიშია. ორი ნიში სამხრეთ კედელშიც არის. სამრეკლო გადახურულია აფრებზე ოსტატურად ამოყვანილი აგურის გუმბათით. მეორე სართული რვამალიანი, თაღებით გახსნილი აგურის ფანჩატურია. ფასადის მხრიდან თაღებს ლილვი აქვს შემოვლებული. სამრეკლოს პირამიდული სახურავი აქვს. დასავლეთ ფასადზე შესასვლელის თლილი ქვის საპირეები მორთულია ფოთლოვანი ორნამენტით. ამავე ფასადზე, სარკმლის თავზე, ქართული მხედრული წარწერაა (არ იკითხება).

გალავანი

ეკლესიის დასავლეთით, ათიოდე მეტრზე, შემორჩენილია ნატეხი ქვითა და რიყის ქვით ნაგები, გეგმით უსწორო ოთხკუთხედის ფორმის ციხე-გალავანი, რომლის ყველა კუთხეში თითო ცილინდრული კიშკია. კოშკები ერთმანეთისაგან მხოლოდ ზომებით განსხვავდებიან. ყველაზე უკეთესად შემონახულია ჩრდილო-აღმოსავლეთის ოთხსართულიანი კოშკი (შიდა დიამეტრი 2,85 მეტრი, კედლის სისქე – 0,8 მეტრი). პირველი სართული სამეურნეო დანიშნულების სათავსია. შესასვლელი ეზოს მხრიდანაა. ამ შესასვლელით საბრძოლო ბილიკებზე შეიძლებოდა გასვლა. სართულებზე, კედლებში დატანებულია დიდ და მცირე ზომის სათოფურები. შესასვლელის პირდაპირ ბუხრებია. მეოთხე სართული საბრძოლო ბანია. შემორჩენილია ქონგურების ფრაგმენტები და ხის კოჭების ბუდეები.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 140-141, თბ., 1990 წ.

წმ. თევდორეს ეკლესია

ახალქალაქის წმინდა თევდორეს ეკლესია  – დგას სოფელ ახალქალაქის დასავლეთ ნაწილში. თარიღდება XIX საუკუნით. ეკლესია დარბაზულია (15,2 X 7,7 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, კონსტრუქციული ნაწილები ამოყვანილია თლილი კვადრებით. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს – დასავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო სარკმელია, რომლის ორივე მხარეს ნიშებია. დარბაზი გადახურულია ნახევაწრიული კამარით, რომელიც ერთსაფეხურიან პილასტრებზე ამოყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. ნაგებობის დასავლეთ ნაწილში ყოფილა ხის პატრონიკე (არ შემორჩენილა). გრძივ კედლებში გაჭრილია ორ-ორი ფართო თაღოვანი სარკმელი. ფასადებზე კარ-სარკმლების საპირეები და ნახევარწრიული თაღები თლილი ქვისაა და ამოწეულია კედლის საერთო სიბრტყიდან. მორთულობაში შეიმჩნევა კლასიცისტური ელემენტები. თლილი ქვით არის ამოყვანილი ეკლესიის კუთხეებიც, რაც ქმნის რუსტიკის იმიტაციას. ეკლესიის დასავლეთ კარს მიშენებული აქვს სამ მხარეს ნახევარწრიული თაღებით გახსნილი სვეტებიანი პორტიკი, რომლის რვაწახნაგა ქვის სვეტებს მარტივი პროფილის ბაზისები და კაპიტელები აქვს. პორტიკი გადახურულია პირამიდული კამარით. პორტიკის ზევით, ეკლესიის ფასადზე საგანგებოდ მორთული პორტალია, რომელიც პატრონიკეში გადის ( აქ ალბათ ხის კიბით ადიოდნენ). ნაგებობის განივი ფასადების ფრონტონები ძლიერ მახვილკუთხოვანია. ფრონტონების ძირში, მათი ქვედა დონის გასწვრივ, გრძივ ფასადებს გასდევს თლილი ქვის სარტყლები. მის ზევით დაშენებულია კიდევ ერთი საფეხური, რომელიც ბრტყელი პილასტრებითაა დანაწევრებული. ეკლესიას შემოვლებული აქვს თლილი ქვის, თაროსა და წრეთა რიგისაგან შემდგარი, ვიწრო ლავგარდანი. ორფერდა სახურავი გადახურულია კრამიტით.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 141-142, თბ., 1990 წ.

ახალშენი - წმინდა გიორგის ეკლესია

ახალშენის წმინდა გიორგის ეკლესია – დგას სოფელ ახალშენის აღმოსავლეთით, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (7,8 X 4,3 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარის დასავლეთ მონაკვეთი, კედლების ზედა ნაწილები; ეკლესია ერთი მეტრის სიმაღლეზე ნანგრევებითა და მიწითაა ამოვსებული. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, რომლის ორივე გვერდებზე თითო ოთხკუთხა ნიშია. სარკმლის ქვემოთ კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა. საკურთხევლის კონქი და თაღი პროფილირებულ კაპიტელებს ეყრდნობა, ხოლო დარბაზის შეისრული კამარა – საბჯენ თაღს. სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია. დარბაზი შელესილი და მოხატული ყოფილა.

პარმენ ზაქარაია

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ.142, თბ., 1990 წ.

ახალციხე - ახალციხის ეკლესია

ახალციხის ეკლესია – დგას ახალქალაქიდან მისასვლელი გზის პირას, მარცხენა მხარეს. ეკლესიის შესასვლელის მარცხენა წირთხლზე ამოკვეთილი მხედრული წარწერის თანახმად აგებულია 1886 წელს ახალციხელების მიერ. ეკლესია დარბაზულია (15,2 X 8,7 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის არასწორად გათლილი ქვიშაქვის ქვებით, გამოყენებულია აგურიც (პილასტრების კაპიტელები, მათი დამაკავშირებელი ზოლი და ოთხი ნიში). შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის ცენტრშია. ნახევარწრიულ (გარედან ხუთწახნაგა) საკმაოდ ღრმა აფსიდში სამი თაღოვანი სარკმელი და ორი ნიშია. დარბაზის გრძივი კედლები და ნალისებრი კამარა დანაწევრებულია ორი წყვილი პილასტრით და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღებით. კამარა ეყრდნობა აგრეთვე სატრიუმფო თაღის და დასავლეთ კედლის კუთხის პილასტრებსაც. პილასტრებს მრავალპროფილიანი კაპიტელები აქვს. გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში თითო თაღოვანი სარკმელია, ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშია. ამავე კედლის სამხრეთ ნაწილში სწორკუთხა ნიშია. ეკლესიის დასავლეთ ნაწილში მოწყობილია ხის პატრონიკე, რომელსაც ხის ვიწრო კიბე აქვს. ინტერიერი მთლიანად შელესილია. ფასადების ქვედა ნაწილში ორ და სამრიგად ნაწყობი აგურის სარტყლებია. ზედა, ორრიგიანი სარტყელი შენობას ირგვლივ შემოუყვება, ხოლო ქვედა, სამრიგიანი მხოლოდ დარბაზის კორპუსს. აგური გამოყენებულია ორსაფეხურიანი ლავგარდნის, შესასვლელისა და სარკმლის თაღების წყობაში, აგრეთვე შესასვლელის პორტალის დეკორატიულ სისტემაში; აგურის წყობითაა გამოყვანილი შეღრმავებული ჯვარი დასავლეთ ფასადის სარკმლის თავზეც. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 142, თბ., 1990 წ.

ზედაჯვრის ეკლესია

ზედაჯვრის ეკლესია – დგას სოფელ ახალციხის დასავლეთით 1,5 კილომეტრზე, პატარა ბორცვზე თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (19,5 X 5 მ), ნაგებია ქვიშაქვით, გამოყენებულია ტუფიც. გარედან და შიგნიდან  ტიმპანიანი   არქიტრავული შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ორი საფეხურით შემაღლებული ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის გვერდებზე – სწორკუთხა ნიშები. საკურთხევლის წინ იდგა წითელი ტუფით ნაწყობი ორნამენტიანი  კანკელი. აფსიდში დგას ქვიშაქვის სატრაპეზო ქვა, რომელზეც ჯვარია ამოკვეთილი. სატრიუმფო თაღი სწორკუთხა ქვის კაპიტელებს ეყრდნობა. გრძივი კედლები დანაწევრებულია პილასტრებით. დარბაზი გადახურულია ნატეხი ქვის ცილინდრული  კამარით. აფსიდში შემორჩენილია ეკლესიის თანადროული მოხატულობის ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტები. მოხატულობა მოწითალო-მოყავისფრო ხაზით ორ რეგისტრადაა დაყოფილი. კონქში გაირჩევა ტახტზე მჯდომარე მაცხოვრის ფეხები, ორი ექვსფრთედი და მარგალიტებით შემკული, ორი ერთმანეთზე შედგმული, დიდი ზომის ფეხსადგამი. ქვედა რეგისტრში, მედალიონებში წარმოდგენილია ოთხი მოციქულის წელზედა გამოსახულება. სარკმლის ჩრდილოეთ მხარეს გამოსახულ წმინდანს ხელში წიგნი უჭირავს. წმინდანთა ფიგურებს შორის დატოვებული თავისუფალი მონაკვეთები შევსებულია მცენარეული ორნამენტით. ქვემოთ გეომეტრიული ორნამენტის ზოლი გასდევს. მხატვრობის კოლორიტს ქმნის მოწითალო-ყავისფერი, ცისფერი, ნაცრისფერი, მწვანე და ყვითელი ფერები.

ეკლესიის სამხრეთ ფასადზე სარკმლებს ტუფის ქვის საპირეები აქვს. დასავლეთ ფასადზე, ოთხი მეტრის სიმაღლეზე ჩასმულია წარწერიანი ქვა. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის თაღი ერთ დიდ მწვანე ტუფის ქვაშია გამოკვეთილი და ზედ ჯვრის რელიეფია. ეკლესიას სამხრეთით  ჰქონი მინაშენიც.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 142, თბ., 1990 წ.

კვირაცხოვლის ეკლესია

ნასოფლარ ორბეთზე დგას რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები დარბაზული კვირაცხოვლის ეკლესია.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 143, თბ., 1990 წ.

ნამოსახლარი და ციხე

არქეოლოგიური, არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს შუა სოფელში, ამოზიდულ გორაზე, სამხრეთიდან ესაზღვრება ახალციხის ხევი, ჩრდილოეთიდან – წყარო.

ა) ნამოსახლარზე დადასტურდა ადრინდელი ბრინჯაოს, გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანის კულტურული ფენები.

ბ) ნამოსახლარზე დგას ციხე (38,4X23,3 მ), რომელიც თარიღდება XVIII საუკუნის შუა წლებით. ნაგებია ნატეხი  ქვით. ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე ოდნავ მორკალულია. შესასვლელი დასავლეთ კედელშია. გალავანში ჩართულია ხუთი ცილინდრული კოშკი: ჩრდილო-აღმოსავლეთ, ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ კუთხეებში, დასავლეთ კედლის შუა ნაწილში და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში.

ყველაზე დიდია დასავლეთის კოშკი, ყველაზე პატარა – სამხრეთ-დასავლეთისაა. არქიტექტურულ-კონსტრუქციული გადაწყვეტით კოშკები მსგავსია. სართულები ძირითადად საბრძოლო დანიშნულებისაა, მაგრამ, ჩანს, საცხოვრებლადაც იყენებდნენ. შესასვლელი ყველა კოშკს ეზოდან აქვს. სართულიანობის დადგენა ძნელია, რადგან ზედა ნაწილები ჩამონგრეულია. ბუხარი ყველა სართულზე კარის მოპირდაპირე კედელშია დატანებული. გალავნისა და კოშკების კედლებში ჩართულია ცალმაგი და ორმაგი სათოფურები. საბრძოლო ბილიკი ციხის მხოლოდ სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებს გასდევს.

ციხის ტერიტორიაზე, სასაფლაოზე, ზოგიერთ საფლავის ქვაზე შემორჩენილია გუთნეულის, ურმის, მწყემსის და სხვა გამოსახულებები (XIX ს.,  XX ს-ის დასაწყისი).

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 142-143, თბ., 1990 წ.

ნასოფლარი ზედაჯვარი - წმ. ჯვრის ეკლესიის ნანგრევები

არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლის დასავლეთით 1 კმ-ზე. ნასოფლარ ზედაჯვარზე გამოვლინდა გვიანდელი ფეოდალური ხანის თიხის ჭურჭლის (წითლად გამომწვარი უხეშკეციანი ქვევრის, დოქისა და სხვ.) ფრაგმენტები, აგრეთვე ნასახლართა რიყის ქვით ნაგები საძირკვლის ნაშთები და ნატეხი ქვით ნაგები დარბაზული წმ. ჯვრის ეკლესიის ნანგრევები. ეკლესიის საკურთხეველში სატრაპეზო ქვაზე გამოსახულია ჯვარი, რომლის ზედა და მარჯვენა მკლავს ირიბად გასდევს მხედრული წარწერა: „ქრისტე, შეიწყალე მიქელა“. აღმოსავლეთ სარკმელზე შემორჩენილი წარწერა არ იკითხება.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 143, თბ., 1990 წ.

ბარნაბიანთკარი - მთავარანგელოზის ეკლესია

ბარნაბიანთკარის მთავარანგელო-ზის ეკლესია – ეკლესია  სოფელ ბარნაბიანთკარში. დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, შემაღლებულ ადგილზე. თარიღდება XVII-XIX საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (11,2 X 7 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. თითქმის მთლიანად დანგრეულია: შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთ კედელი, სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი, ჩრდილოეთ კედლები 0,8 მეტრის სიმაღლეზე და აგურის კამაროვანი გადახურვის მცირე ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა, კარი დაზიანებულია, გადახურვის ფორმა გაურკვეველია. დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი განიერი პილასტრია, რომელთა შორის აღმოსავლეთ წყვილი საკურთხეველს გამოჰყოფს. სამხრეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთში ერთი სარკმელია. მისი თაღი ნაწყობია აგურით. მეორე სარკმელი დასავლეთ კედლის ცენტრშია. მას შირიმის თლილი ქვის თაღი აქვს. ეკლესიის სამხრეთ და დასავლეთ კედლებზე შემორჩენილია ორსაფეხურიანი თაროსებრი ლავგარდნის ფრაგმენტები.

ეკლესიაზე დასავლეთიდან მიშენებულია სამსართულიანი სამრეკლო (1,7 X 1,7 მ), რომელიც ნაგებია კარგად გათლილი ღვინისფერი ქვით. სამივე სართული ყველა მხარეს გახსნილია დაბალი თაღებით. პირველი და მეორე სართულის თაღები შენობის კუთხეებში მდგომ კვადრატულ ბოძებს ეყრდნობა, ხოლო მესამე სართულის თაღები მრგვალ სვეტებზეა გადაყვანილი. ყოველი ზედა სართული ქვედაზე ვიწროა და გადახურულია აგურით ნაწყობი ჯვრული კამარით. სამრეკლოს ქვის პირამიდული სახურავი აქვს. პირველი სართულის დასავლეთ ფასადზე, თაღის ზემოთ ამოკვეთილია პატარა ჯვარი.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 143, თბ., 1990 წ

წმინდა გიორგის ეკლესია

ბარნაბიანთკარის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია  სოფელ ბარნაბიანთკარში. დგას სოფლის ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. თარიღდება XVII-XIX საუკუნეებით. ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია შეუკეთებია, რის გამოც იგი ძალზე სახეშეცვლილია. ეკლესიას აქვს კამარა და ფანერის ბრტყელი ჭერი.

ეკლესია დარბაზულია (6,5 X 4,9 მ), შესასვლელი დასავლეთ კედელშია. სწორკუთხოვან საკურთხეველში ერთი სწორკუთხა სარკმელია. დარბაზის კედლები შელესილი და შეთეთრებულია. იატაკი კვადრატული აგურისაა. ფასადები შელესილია ცემენტის ხსნარით. ღარიანი კრამიტის ორფერდა სახურავი გამართულია ხის ნივნივებზე. ეკლესიის დასავლეთ ფერდობზე დაშენებული ყოფილა აგურის სამრეკლო, რომლის მხოლოდ ძირია შემორჩენილი.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 143, თბ., 1990 წ

გარიყულა - კოშკი

კოშკი დგას სოფლის დასავლეთით 3 კმ-ზე, მდ. თეძმის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება XVIII ს. შუა წლებით. ნაგებია ნატეხი ქვით. კოშკი ცილინდრულია (დიამ. 8 მ-მდე), ოთხსართულიანი. დაზიანებულია. შესასვლელი მეორე სართულზეა, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. პირველ სართულს ხის გადახურვა ჰქონია. კედლებში დატანებულია ნიშები და სათოფურები. მეორე სართული, დანარჩენებისაგან განსხვავებით, გადახურულია სფერული კამარით, რომლის ძირას ორი სარკმელია. ბუხარი სამხრეთითაა. მესამე სართულსაც ხის კოჭოვანი გადახურვა ჰქონია (ამჟამად ჩამონგრეულია). კედლებში ღრმა ნიშებია ორ-ორი სათოფურით. სათოფურებია ნიშების გარეთაც. ერთმანეთს კედელში დატანებული კიბით უკავშირდებოდა. მეოთხე სართული მაღალკედლებიანი საბრძოლო ბანი ყოფილა.

იქვე ახლოს მდგარა მეორე ანალოგიური კოშკი. შემორჩენილია ნანგრევები.

პარმენ ზაქარაია

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ. 5, თბ., 1990 წ. გვ. 145

ფავნისის წმ. გიორგის ეკლესია

ფავნისის წმინდა გიორგის ეკლესია – წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია  სოფელ გარიყულაში, ძველ სასაფლაოზე. თარიღდება IX-X საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (12,4 x 10,8 მ), ნაგებია ქვიშაქვითა და ნატეხი ქვით, გამოყენებულია ტუფიც.

ტაძარში კედლები შელესილია, გამოირჩევა მოხატულობის ორი ფენა. ქვედა ფენა ეკლესიის თანადროულია, ამ ფენიდან შემორჩენილია ფერადი ლაქები ჩრდილოეთი კედლის პირველ რეგისტრში და შარავანდედიანი ხელგაშლილი მამაკაცის ფიგურა სამხრეთ კედლის აღმ. მონაკვეთზე. მოხატულობის მეორე ფენა XII საუკუნის II ნახევარს მიეკუთვნება. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრება. შუა რეგისტრში თორმეტი მოციქულის წელზედა გამოსახულებაა. ქვემოთ კი ათი ეკლესიის მამისა და ორი დიაკვნის ფიგურებია. საკურთხევლის სარკმლის თავზე მედალიონში ჩასმული ჯვარია, ქვემოთ კი ხატი მანდილისაი. მოხატულობაში მრავლადაა საუფლო დღესასწაულები, წმ. გიორგის ცხოვრების ეპიზოდები და ქტიტორთა პორტრეტები. მხატვრობა წარმოდგენილია ოქროსფერი, ვარდისფერი, მკვეთრი ცისფერი, იისფერი, წითელი და მოწითალო-მოყავისფრო ფერებით.

აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის ორივე მხარეს წრეში ჩასმულია ორნამენტიანი ჯვრები. სარკმლის ზემოთ, ქვიშაქვის სწორკუთხა ფილაზე გამოსახულია წრე და გველი. ტაძარი გადახურულია კრამიტით. სამხრეთ ფასადზე, მთელ სიგრძეზე მიშენებულია დაბალი ეგვტერი, რომელიც ძლიერაა დაზიანებული. აქ შემორჩენილი მოხატულობის ნაშთები კი XVIII საუკუნის II ნახევარს მიეკუთვნება.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 146, თბ., 1990 წ.

გომისჯვარი - იოანე მახარებლის ეკლესია (იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია, წითელი ეკლესია)

 გომისჯვრის იოანე მახარებლის ეკლესია, იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიაწითელი ეკლესია – ეკლესია  სოფელ გომისჯვარში. დგას სოფლის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით.

ლევან ბატონიშვილის თარიღიანი წარწერით (დაცულია კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში) თანახმად, თარიღდება XVII საუკუნის ბოლო ათეული წლებით. ეკლესია დარბაზულია (9,1 X 5,7 მ). ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში და ფასადებზე, დეკორატიული ელემენტების წყობაში, გამოყენებულია აგური.

ეკლესიის შიდა სივრცე თავისებურადაა გადაწყვეტილი: სწორკუთხოვან საკურთხეველში სხვადასხვა ზომის შეისრულთაღოვანი ნიშებია. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია ფართო მხრებით, რომლებსაც ეყრდნობა შეისრული ფორმის სატრიუმფო თაღი. შეისრული ფორმისაა კამარაც. საკურთხევლის სარკმელი ჩასმულია მაღალი შეისრულ შეღრმავებაში. დარბაზის გრძივ კედლებში თითო ფართო შეისრული შეღრმავებაა, რომლებშიც თითო სარკმელია გაჭრილი. ფასადების შემორჩენილი ნაწილების ქვის წყობა ირეგულარულია. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ აგურის წყობით გამოყვანილია მაღალი შეღრმავებული ჯვარი, რომლის გვერდებზე თითო შეისრული ნიშია. ორივე ნიშს შემოვლებული აქვს კედლებზე ნალესობით გამოყვანილი სადა მოჩარჩოება. ნიშები, ისე როგორც ჯვრის შეღრმავებული ნაწილი, მოწითალო ფერის საღებავითაა შეფერილი.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 148, თბ., 1990 წ.

კოშკი

არქიტექტურული ძეგლი დგას ნასოფლარის სასაფლაოზე. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით, თარხნიშვილებს ეკუთვნოდა. სტილისტური ნიშნებით განეკუთვნება XVII საუკუნეს. კოშკი დაზიანებულია: პირველი სართული სანახევროდ მიწითაა ამოვსებული, სართულ-შუა გადახურვა და სახურავი ჩანგრეულია, აივნები აღარა აქვს (დარჩენილია აივნების კოჭების ბუდეები), მეოთხე სართულის აივანზე გასასვლელი კარი ამოშენებულია. შვიდსართულიანი კვადრატული კოშკი (7,15X7,15 მ; სიმ. 16,6 მ, კედლის სისქე 1,5 მ) ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია ნატეხი ქვაც. კოშკი ზემოთ თვალსაჩინოდ ვიწროვდება. შესასვლელი დასავლეთითაა, 3,5 მ. სიმაღლეზე, მეორე სართულის დონეზე. ამ სართულის ოთხივე კედელში ორ-ორი სათოფურია, ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთ კედლებში ნიშებიცაა, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთისაში – ბუხარი. სულ ზემოთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს თითო ნისკარტისებრი სალოდეა. სართულები ერთმანეთს ხვრელობებით და მისადგმელი კიბეებით უკავშირდებოდა.

გ. მარსაგიშვილი

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 148-149, თბ., 1990 წ.

წმინდა გიორგის ეკლესია

გომისჯვრის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია   სოფელ გომისჯვარში. დგას სოფლის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით, სასაფლაოზე. თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით.

ეკლესია დაზიანებულია: დაბზარულია შენობის გვერდის კედლები და კონქი, ჩანგრეულია შეკიდული საბჯენი თაღები, ფასადებზე ბევრგან ჩამოცვენილია საპირე ქვები, მონგრეულია ლავგარდანი.

ეკლესია დარბაზულია (8,7 X 5,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია კარგად გათლილი შირიმის ქვები, ხოლო ფასადების მოსართავად და შესასვლელის წირთხლებისა და ნიშების თაღების წყობაში – კვადრატული აგური. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. შემორჩენილი ნაწილების მიხედვით, მას თაღოვანი გადახურვა ჰქონია. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე შეისრულთაღიანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო შეისრული ნიშია. თითო სარკმელია სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. ნახევარწრიული კამარის შუა მონაკვეთში და დასავლეთ კედელთან შეკიდული საბჯენი თაღებია, რომლებიც შირიმის მთლიანი ქვის იმპოსტებს ეყრდნობა. ფასადებს გასდევს ოთხი რიგი აგურისაგან შემდგარი ორი ფართო ჰორიზონტალური ზოლი. ჩრდილოეთ ფასადზე შემორჩენილია ქვიშაქვის ლავგარდნის ორი ქვა, რომლის პროფილს თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე შეადგენს.

თ. დვალი

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 149, თბ., 1990 წ.

გოსტიბე - კაბერის მცირე ეკლესია

კაბერის მცირე ეკლესია – დგას სოფელ გოსტიბესაკენ მიმავალ გზასა და  მდინარე  გოსტიბესწყალს შორის, ფერდობზე, გზიდან ასი მეტრის მანძილზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. შენობა დაზიანებულია: ჩანგრეულია  კამარა  და  კონქის  ნაწილი, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლის ზედა ნაწილები, დარბაზი ამოვსებულია ნანგრევებით. ეკლესია დარბაზულია (5,3 X 3,1 მ), ნაგებია დიდი თლილი ქვებით. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. გადახურვა სატრიუმფო თაღს და კედლებს ეყრდნობა.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 150, თბ., 1990 წ.

წმინდა გიორგის ეკლესია

კაბერის ნასოფლარი და წმინდა გიორგის ეკლესია – არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს  სოფელ გოსტიბედან 1 კმ-ზე. ნასოფლარ  კაბერის  ტერიტორიაზე, გზის პირას. მიეკუთვნება ფეოდალურ ხანას.

ნასოფლარზე იპოვება განვითარებული ფეოდალური ხანისთვის დამახასიათებელი კერამიკის ფრაგმენტები. შემორჩენილია ამავე ხანის ნასახლარები და წმინდა გიორგის ეკლესია.

ეკლესია დგას ძველ სასაფლაოზე, გზიდან 20-30 მეტრზე. ასომთავრული სამშენებლო წარწერის თანახმად ეკლესია აგებულია 1014-1027 წლებში. შენობა დაზიანებულია: კამარა ჩანგრეულია, გადარჩენილია მხოლოდ კონქი და დასავლეთ კედელი, ლავგარდანი აღარ აქვს. ეკლესია დარბაზულია (12,7 X 11,9 მ), ნაგებია არათანაბარი ზომის უხეში რუხი ფერის ქვით; ინტერიერის კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია კარგად დამუშავებული კვადრები, ხოლო კედლები ამოყვანილია წვრილი ქვით და შელესილია. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ოდნავ შემაღლებული ნალისებრი აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, გვერდებზე – სწორკუთხა ნიშები. კამარა ეყრდნობოდა ქვემოთკენ მომრგვალებულ კონსოლებზე შეკიდულ საბჯენ თაღებს. გადარჩენილი სატრიუმფო და დასავლეთ კედლის თაღები ოდნავ შეისრული ფორმისაა. სამხრეთ კედელში გაჭრილია ორი სარკმელი. დარბაზის ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში სარკოფაგია. ეკლესიის კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.

აღმოსავლეთ ფასადის კედელს განსაკუთრებულ მხატვრულ ელფერს ანიჭებს მოსაპირკეთებელი ქვების წყობა. აქ სარკმლის სათაურზე გამოსახულია სამი რელიეფური ჯვარი. დასავლეთ ფასადის ცენტრში ჩადგმულია ღია ყვითელი ფერის ოთხკუთხა ქვა, რომელსაც შემოვლებული აქვს ამობურცული განიერი ლილვი. ქვაზე შვიდსტიქონიანი ასომთავრული სამშენებლო წარწერაა, რომელშიც გარდა ეკლესიის აშენების თარიღისა და აღმშენებლის ასად სანივაჯის ძისა ნახსენები არიან გიორგი მეფე და მელქისედეკ კათალიკოსი, სოფრონ ბედიელი მთავარეპისკოპოსი. წარწერიანი ქვის გასწვრივ, ვიწრო სწორკუთხა ყვითელ ქვაზე ამოკვეთილია შეღრმავებული ჯვარი. ასეთივე ჯვარია ფასადის ქვედა ნაწილის მარჯვენა კუთხეში, მოზრდილ ქვაზე. ლავგარდანი შედგენილი იყო ირიბად ჩაკვეთილი სიბრტყისა და ვიწრო თაროსაგან.

ეკლესიას ორი მინაშენი აქვს: ჩრდილოეთით – სამკვეთლო, სამხრეთით – ეგვტერი. სამკვეთლო ეკლესიას უკავშირდება სამხრეთ კედელში გაჭრილი კარით. ოდნავ შემაღლებულ ნალისებრ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ნიშია. სარკმელს ვიწრო თავსართი აქვს. სამკვეთლოში იატაკი აყრილია და საფლავის ქვები ჩანს. ეგვტერი ეკლესიის სამხრეთ კედლის მთელ სიგრძეზე მოგვიანებით მიუშენებიათ. მას აღარ აქვს კამარა და კედლების ნაწილი. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია, ეკლესიის კარის პირდაპირ. აფსიდი ნახევაწრიულია. ეგვტერის კამარის ქუსლს ქმნის ეკლესიის სამხრეთ კედლის გასწვრივ აგებული ქვიშაქვის დაბალი ხუთმალიანი თაღედი.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 150, თბ., 1990 წ.

კოშკი

არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის განაპირას, აღმოსავლეთით, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. კოშკი (8,3X9,1 მ) ოთხსართულიანია, კუთხეები მომრგვალებული აქვს. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. დაზიანებულია: გადახურვა მთლიანად ჩანგრეულია, პირველი სართული მიწითაა ამოვსებული. შესასვლელი მეორე სართულზე, დასავლეთ კედელშია. პირველი სართული ყრუა. მესამე, საცხოვრებელი სართულის აღმოსავლეთ კედელში ბუხარია, ჩრდილოეთისაში – ორი სათოფური, ხოლო სამხრეთ და დასავლეთ კედლებში – პატარა სწორკუთხა სარკმელები. მეოთხე სართულზე, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში, ორ-ორი შეწყვილებული სარკმელია. სართულშუა გადახურვები ხისა ყოფილა. სართულები ერთმანეთს ხვრელობებით უკავშირდებოდა.

კ. გიორგობიანი, თ. დვალი.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 150, თბ., 1990 წ.

სალომიის ლომისის საყდარი

 სალომიის ლომისის საყდარი – დგას სოფელ გოსტიბეს სამხრეთ-დასავლეთით, ნამოსახლარ გორაზე, სალომიასწყლის მარჯვენა მხარეს. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ძლიერ დაზიანებულია, გადარჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადი საკურთხევლით. ეკლესიის მახლობლად არის ნასოფლარი, რომელზედაც შემორჩენილია ბაზალტის ზეთსახდელები – გელაზები. გადმოცემით აქ ლომისობა იმართებოდა.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 151, თბ., 1990 წ.

წმინდა სამების ეკლესია

გოსტიბეს წმინდა სამების ეკლესია – დგას ნასოფლარ გოსტიბეს სასაფლაოზე. სამშენებლო წარწერის მიხედვით თარიღდება X-XI საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (11,5 X 5,9 მ), ნაგებია დიდი ზომის ტლანქად დამუშავებული მომწვანო-მოყვითალო ქვის კვადრებით. დაზიანებულია: ჩანგრეულია კამაროვანი გადახურვა, ფასადებზე მოსაპირკეთებელი ქვები ბევრ ადგილას ამოვარდნილია, ლავგარდნის მხოლოდ ფრაგმენტია შემორჩენილი, დარღვეულია იატაკის დონე, დარბაზი ერთი მეტრის სიმაღლეზე ამოვსებულია ნანგრევებით.

ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ჩრდილოეთ კედელში, საკურთხეველთან ახლოს გაჭრილი კარი ამოქოლილია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე ორსაფეხურიანი პილასტრებია, რომლის პირველ საფეხურს კედლის დეკორატიული თაღები ეყრდნობა. მეორე საფეხურს ეყრდნობა კამარის საბჯენი თაღი. იმპოსტებს აქაც და სატრიუმფო თაღთანაც თაროს ფორმა აქვთ, წაკვეთილი ქვედა ნაწილით. კედლები შელესილი ყოფილა. შელესილობის ქვეშ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებზე, ქვაზე წითელი საღებავით დახატული ჯვრები ჩანს. პილასტრებზე ამოკვეთილია წრეში მოქცეული სწორმკლავა ჯვარი.

აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელს რელიეფური, ზემოთ გრეხილბოლოებიანი თავსართი აქვს. თავსართზე გამოსახულია პატარა ჯვარი. სარკმლის გარშემო კიდევ ოთხი ჯვარია, ხოლო მეხუთე მოთავსებულია მათგან მოშორებით, სარკმლის ზემოთ. ყველა ჯვარი, თაღის ჯვრისაგან განსხვავებით, ჩაღრმავებულ ფონზეა ამოკვეთილი. ზოგიერთი ჯვრის ბოლოები დამთავრებულია ღილაკებით, სამ ჯვარს შემოვლებული აქვს წრე. ფასადის შუა ნაწილში ერთრიგად ამოკვეთილია ექვსი ერთმანეთის მსგავსი ჯვარი. მეშვიდე ასეთივე ჯვარი მოთავსებულია ქვედა რიგში. ამ ფასადის ფრონტონში გამოსახულია წაგრძელებული ფორმის, მაღალი რელიეფით ამოკვეთილი კიდევ ერთი ჯვარი, რომელიც აღმოსავლეთ კედლის სარკმლის თავსართის ჯვართან ერთად თავდაპირველი მშენებლობის ხანას მიეკუთვნება, დანარჩენები კი გვიანდელია. დასავლეთ ფასადის ჩრდილოეთ კუთხეში ერთ-ერთ ჯვარზე ოთხსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა.

ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მიწაზე დევს მონოლითი (0,62 X 0,72 მ), რომელზეც გამოსახულია წრეში ჩასმული ჯვარი, ისეთივე, როგორიც აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზეა. მის ზედა არეზე შემორჩენილია ნაწილობრივ დაზიანებული ოთხსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია მშენებელი „დავით გალატოზი“.

მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთიდან მიუშენებიათ სწორკუთხა სათავსი, რომლისაგანაც მხოლოდ კონტურია შემორჩენილი.

კ. გიორგობიანი, მ. ჭელიძე.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 151, თბ., 1990 წ.

გრაკალი - ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი დგას რკინიგზის სადგურთან, სასაფლაოზე, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (3,6X3 მ), ნაგებია რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია გადახურვა, კედლები შემორჩენილია 1,7 მ სიმაღლეზე. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. დაზიანების გამო, გადახურვის ფორმა გაურკვეველია. აფსიდის ღერძზე ვიწრო სწორკუთხა სარკმელია, ხოლო სამხრეთ კედელში – პატარა სწორკუთხა ნიში.

თ. დვალი

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 151-152, თბ., 1990 წ.

ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი დგას რკინიგზის სადგურთან ახლოს, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (4,6X3,3 მ), ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით. დაზიანებულია: დასავლეთ კედელი მთლიანად დანგრეულია. შესასვლელის კვალი არა ჩანს. კუთხეებში ოდნავ მომრგვალებული სწორკუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია ერთადერთი სარკმელი, მის გვერდის კედლებში სამი სწორკუთხა ნიშია. საკურთხევლის კედლები უშუალოდ უერთდება დარბაზის გრძივ, სრულიად გლუვ, კედლებს. დარბაზი გადახურული ყოფილა ნახევარწრიული კამარით.

ეკლესიის ჩრდილოეთით აქვს მინაშენი. ამ პატარა სათავსის დასავლეთ ნაწილი დანგრეულია, აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია ვიწრო სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის მარცხნივ, აფსიდის ჩრდილოეთ კედლის ქვემო ნაწილში მოთავსებულია ქვიშაქვის ფილა, რომელზეც გამოსახულია ჩარჩოში ჩასმული რელიეფური ჯვარი. ჩარჩოზე შეიმჩნევა წარწერის კვალი. მინაშენი გადახურული ყოფილა დამრეცი კამარით, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამონგრეულია.

თ. დვალი

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 152, თბ., 1990 წ.

გუდალეთი - გუდალეთის ტაძრის კომპლექსი

 გუდალეთის ტაძარი – XIII-XVIII საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი  სოფელ გუდალეთში. მდებარეობს მდინარე გუდალურასმაღალი ხევის პირას. კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ტაძარი და კოშკებიანი ციხე-გალავანი.

ტაძარი

ღვთისმშობლის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. აგებულია XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე, ნაშენია თლილი ქვით, გამოყენებულია რიყის ქვა და აგურიც. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: გუმბათი და კამარებიჩაქცეულია, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლები 1-2 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი; დანგრეულია მეორე სართული (სადიაკვნისა და სამკვეთლოსთავზე), არ შემორჩენილა გუმბათქვეშა ბოძები და თაღები; ეკლესიის დასავლეთ კარიბჭის სამხრეთ კედელი მთლიანად დანგრეულია. შედარებით უკეთესად არის შემონახული აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადები.

ტაძარს სამი შესასვლელი აქვს – დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე შესასვლელი თაღოვანია. აღმოსავლეთით ღრმა ბემიანი აფსიდი ნახევარწრიულია. მის ორივე მხარეს თითო აფსიდიანი სათავსი, სამკვეთლო და სადიაკვნეა. მათ თავზე არსებული სათავსები ინტერიერს სწორკუთხა გასასვლელით უკავშირდებოდა. აქედან საკურთხევლის კონქის თავზე გამართულ სამალავშიც შეიძლებოდა მოხვედრა. აფსიდის სარკმლის ქვეშ სწორკუთხა, ხოლო მის ორივე მხარეს თითო ნახევარწრიული ნიშია. თითო სარკმელი ყოფილა აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში. მცირე ზომის თითო მრგვალი სარკმელი აქვს სამკვეთლოს, სადიაკვანესა და მათ თავზე მოთავსებულ სათავსებს. გუმბათი ეყრდნობოდა აფსიდის კედლებსა და დასავლეთით ორ თავისუფლად მდგომ ბოძს. აღმოსავლეთ ფასადის კუთხეებთან პატარა, მრგვალი, საგანგებოდ მოჩარჩოებული სარკმლების ორი რიგია, ამ ფასადს მარტივპროფილიანი, სადა ლავგარდანი აქვს. დასავლეთ ფასადზე, განიერი თაღოვანი შესასვლელის ზემოთ სარკმელი ჩუქურთმიან საპირეშია ჩასმული. ეკლესიის სამივე შესასვლელი თაღოვანი ლილვებით, ბურთულებითა და ფესტონებით ყოფილა მორთული.

გალავანი

ღვთისმშობლის ტაძარს შემოვლებული აქვს ხუთკუთხა გალავანი (28 X 30 მ), რომელიც აგებულია XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, ნაშენია რიყის ქვით. მოსწორებულ ადგილზე ნაგები ციხე-გალავნის ყოველ კუთხეში თითო ცილინდრული (ზემოთკენ შევიწროებული) კოშკი დგას. გალავანი ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია კედლების ზედა მონაკვეთები (განსაკუთრებით აღმოსავლეთ მხარეს), ჩამონგრეულია კოშკების ზედა ნაწილები, სართულშუა გადახურვები, თახჩები, სათოფურები და სარკმლები ბევრგან გაგანიერებული ან ჩამოშლილი.

კაციაანთ ეკლესია

 კაციაანთ ეკლესია – ეკლესია სოფელ გუდალეთის აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: გადახურვა, კონქის მნიშვნელოვანი ნაწილი და სამხრეთ-დასავლეთ კუთხე ჩამონგრეულია. აღმოსავლეთ ფასადს მთელ სიგრძეზე ბზარი გასდევს.

ეკლესია დარბაზულია (9,2 X 5,5 მ). ნაგებია ქვიშაქვის დიდი ზომის ლოდებით. შესასვლელი ორი აქვს – ჩრდილო-დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ერთი სარკმელი ნახევარწრიულ, არასწორი მოყვანილობის აფსიდშია, ორი (საკმაოდ მაღალი) – სამხრეთ კედელში, ერთი – ჩრდილოეთისაში. კამარა ეყრდნობა მარტივპროფილიან იმპოსტებზე დადგმულ სატრიუმფო საბჯენ და დასავლეთის კედელთან მდებარე თაღებს. სამხრეთით და ჩრდილოეთით ეკლესიაზე, მთელ სიგრძეზე, მიშენებულია ეგვტერები. ჩრდილოეთ მინაშენს ორი შესასვლელი ჰქონდა – ერთი ჩრდილოეთიდან, ეკლესიის შესასვლელის პირდაპირ, მეორე – დასავლეთიდან (ამოშენებულია). აღმოსავლეთ ფასადზე, მაღლა, მწვანე ტუფის ფილაზე გამოსახულია წრე, ხოლო დასავლეთ ფასადზე, ასევე მაღლა, მწვანე ტუფის ქვაზე – ჯვარი.

კვირაცხოვლის ეკლესია

 გუდალეთის კვირაცხოვლის ეკლესია – ეკლესია სოფელ გუდალეთის დასავლეთით, სერზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით, ნაგებია რიყის ქვით. სახურავი კირის ხსნარით და ფიქალის ქვითაა ნაწყობი.

ნასოფლარი ვარჯაანი და მთავარანგელოზის ეკლესია

წმინდა გიორგის ეკლესია

 გუდალეთის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია დგას სოფელ გუდალეთის დასავლეთით, თაგვიანთ უბანში. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (8,2 X 4,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია: გადახურვა და კედლის ზედა ნაწილი ჩამონგრეულია. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. შვერილი აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. მის გვერდებზე თითო ოთხკუთხა ნიშია. თითო თაღოვანი სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ მხარესაა. ყველა სარკმელი გარეთკენ ვიწროვდება. აფსიდის სარკმელში შემორჩენილია შელესილობა, რომელზეც მოხატულობის კვალი ჩანს.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 154, თბ., 1990 წ.

წმინდა ესტატეს ეკლესია

 გუდალეთის წმინდა ესტატეს ეკლესია – ეკლესია დგას სოფელ გუდალეთის აღმოსავლეთით, ტყის პირას. თარიღდება X საუკუნით. ეკლესია დარბაზულია (9 X 5,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვის კვადრებით. დაზიანებულია: ჭერი ჩაქცეულია, აღმოსავლეთ ფასადი შუა ადგილზე გარღვეულია. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. კარი სქელი მუხის მერქნისაა. ეკლესიას ადრე შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთის სარკმელი ამოშენებულია. ეკლესია გადახურული ყოფილა ღარიანი კრამიტით.

ეკლესიას სამხრეთით და ჩრდილოეთით ორი მინაშენი ჰქონია. სამხრეთ მინაშენის მხოლოდ ერთი კედელია შემორჩენილი, ჩრდილოეთისა ნახევრად დანგრეულია. გალავნის მხოლოდ საძირკველია გადარჩენილი.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 154-155, თბ., 1990 წ.

წმინდა მარიამის ეკლესია

გუდალეთის წმინდა მარიამის ეკლესია – ეკლესია დგას სოფელ გუდალეთში, ხოკერაანთ უბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია, მცირე ზომისა. ნაგებია რიყის ქვით, შემორჩენილია ნანგრევები. შესასვლელი სამხრეთ კედელშია. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს ნიშებია.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 155, თბ., 1990 წ.

წმინდა მარინეს საყდარი

 გუდალეთის წმინდა მარინეს საყდარი – დგას  სოფელ გუდალეთის განაპირას, ხოკერაანთ უბანში. თარიღდება ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია ( 11,5 X 6,4 მ), ნაგებია უხეშად გათლილი საშუალო და მოზრდილი ქვებით. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: ჩაქცეულია კამარა და კონქი, ჩამონგრეულია კედლების ზედა ნაწილი, აღმოსავლეთ ფასადი გაბზარულია: ეკლესია ქვა-ღორღითაა ამოვსებული. სოფლის მოსახლეობას სამხრეთ კედელთან, მისგან 1,5 მ დაშორებით, ჩამოშლილი ქვებისგან მშრალი წყობით კედელი აუგია. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. იგი ორივე მხრიდან სწორკუთხაა და გადახურულია  არქიტრავით. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, მის ორივე მხარეს – ღრმა სწორკუთხა ნიშები. აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მცირე მხრებით; მისი იატაკი ერთი საფეხურით ამაღლებულია.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 155, თბ., 1990 წ.

ჭოტისუბნის წმ. გიორგის ეკლესია

 ჭოტისუბნის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია სოფელ გუდალეთის სამხრეთით 6 კილომეტრზე, ბორცვზე. თარიღდება X საუკუნით. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია დიდი ზომის ქვის ბრტყელი ფილებით. ძლიერ დაზიანებულია: მთლიანადაა ჩანგრეული სახურავი და კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი; მხოლოდ აღმოსავლეთ კედელს აქვს შემორჩენილი პერანგის ნაწილი და ერთი პატარა სარკმელი. ეკლესია ამოვსებულია მიწითა და ნანგრევებით. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარის არქიტრავზე ხუთსტრიქონიანი წარწერაა, რომელიც ძნელად იკითხება. მასში მოხსენიებულია ეკლესიის მშენებელი ვინმე გაბრიელ გალატოზი. წარწერის ორივე მხარეს გამოსახულია ჯვრები, რომელთა მხრები და თავი წყვილბოლოიანია და სტილიზებული ფრთების გამოსახულებითაა დასრულებული. მეორე, შედარებით მცირე ზომის დაზიანებულწარწერიანი ქვა დარბაზის ჩრდილოეთ კედელშია ჩატანებული.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 155, თბ., 1990 წ.

დოესი - წეროაანთ წმ. გიორგის საყდარი

 დოესის წეროაანთ წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია სოფელ დოესის სამხრეთ-დასავლეთით 2,5 კილომეტრზე, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. საყდრის აღმოსავლეთით უცხოვრიათ წერუაშვილებს (აქედან მომდინარეობს საყდრის სახელწოდება), ხოლო დასავლეთით ყოფილა დასახლება აგარა, საიდანაც ბატონს ხალხი ახლანდელ დაბა აგარაში (ქარელის მუნიციპალიტეტი) გაუსახლებია.

ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: გაურკვეველია გეგმა, შემორჩენილია საძირკვლის კვალი და აღმოსავლეთ კედლის ნაწილი (სიგრძე 4,1 მ). ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. გადმოცემით საყდარს შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია, გადახურული ყოფილა კრამიტით. საყდრის ჩრდილოეთით აღმოჩნდა თიხის მილები.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 155, თბ., 1990 წ.

ეზატი - ნათლისმცემლის ეკლესია

ეზატის ნათლისმცემლის ეკლესია — ეკლესია დგას სოფელ ეზატის ჩივაანთ უბანში, ამაღლებულ ადგილზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (12,2 X 4,85 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. გაირჩევა ორი სამშენებლო ფენა. XIX საუკუნის დასაწყისში ნაგებობა შეუკეთებიათ – შემოუვლიათ ოთხი რიგისაგან შედგენილი ლავგარდანი და დასავლეთიდან მოზრდილი სათავსი მიუშენებიათ. ეკლესიის სამხრეთ კედელში არსებული შესასვლელი ამოუქოლავთ და მინაშენის სამხრეთ კედელში ნახევარწრიული თაღით დასრულებული მაღალი და ფართო კარი გაუჭრიათ. ეკლესიის ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმელი ამოშენებულია. ორივე ნაგებობა ერთიანი ნახევარწრიული კამარითაა გადახურული. მინაშენს ჩრდილოეთით ორი სარკმელი აქვს, დასავლეთით და სამხრეთით – თითო. ინტერიერში შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. მინაშენის დასავლეთ ფასადზე, ცენტრში აგურის წყობაში გამოყვანილია დიდი ჯვარი (დეფორმირებულია). ამავე ფასადის ფრონტონის კუთხეზე დგას აგურის ოთხბოძიანი სამრეკლო. ეკლესიის ორფერდა სახურავზე კრამიტი დაზიანებულია.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 155-156, თბ., 1990 წ.

ერთაწმინდა - ნასოფლარი გარგარი და ეკლესია

გარგარის წმ. გიორგის ეკლესია

 გარგარის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია დგას ნასოფლარ გარგარის სასაფლაოზე, სოფელ ერთაწმინდიდან 1,5 კმ-ზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (4,1 X 6,25 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია კედლების ზედა ნაწილი და ცილინდრული კამაროვანი გადახურვა. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში თაღოვანი სარკმელია. ერთი სწორკუთხა სარკმელი დარბაზის სამხრეთ კედლის ზედა ნაწილშია. ინტერიერში შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთიდან მიუშენებიათ სათავსი, რომლის მხოლოდ კონტურია შემორჩენილი.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 156, თბ., 1990 წ.

ერთაწმინდის ტაძრის კომპლექსი (წმ. ესტატეს ტაძრის კომპლექსი)

ნასოფლარის ტერიტორიაზე არსებული ქვით ნაგები დარბაზული ეკლესიის ნანგრევები

ცუცუბნის წმ. თევდორეს ეკლესია

 ცუცუბნის წმინდა თევდორეს ეკლესია – ეკლესია დგას სოფელ ერთაწმინდიდან 1,5-2 კმ-ზე. ცხირეთისკენ მიმავალ გზაზე, ე. წ. ცუცუბანში. ადგილობრივ მცხოვრებთა გადმოცემით ამ ადგილს ადრე ხუცუბანს უწოდებდნენ. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ნაგებობა დაზიანებულია: ჩამონგრეულია კედლების ზემოთა ნაწილები, დაკარგულია ლავგარდნის ყველა ქვა. ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხე გარეთ გადაწოლილია, კედლები 1 მეტრის სიმაღლეზე მიწითაა დაფარული.

ეკლესია დარბაზულია (8,2 X 4,5 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფერის ქვებით. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. იგი დიდი ზომის (2,15 X 0,95 მ) რუხი ფერის არქიტრავითაა გადახურული. ნახევარწრიულ აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია. ინტერიერში შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. საკურთხეველში მოხატულობის კვალი ჩანს.

ფასადების კედლები ნაწყობია რუხი ფერის ფილაქვით. ჰორიზონტალური რიგები ყველგან დაცულია. კუთხეები საგანგებოდ არის გამოყვანილი მომწვანო ფირუზისფერი კვადრებით. ასეთივე ფერის ქვები გამოყენებულია აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონზე.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 156, თბ., 1990 წ.

ზემო რენე - ეკლესია

 ზემო რენეს ეკლესია – ეკლესია დგას სოფელ სოფელ ზემო რენეს სამხრეთით, 1,5 კილომეტრზე, სასაფლაოზე. თარიღდება ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (სიგანე 4,4 მ), ნაგებია ზედაპირმოსწორებული ქვიშაქვით. ძალიან დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილი, ხოლო დასავლეთ ნაწილის გეგმის კონტური არ გაირჩევა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია შიგნიდან თაღოვანი და გარედან სწორკუთხა სარკმელი. მის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 158, თბ., 1990 წ.

ზემო ჩოჩეთი - თოიძეანთ კოშკი

 თოიძეანთ კოშკი – კოშკი დგას სოფელ ზემო ჩოჩეთის თოიძეანთ უბანში. თარიღდება XIV-XV საუკუნეებით. დაზიანებულია, ზედა ნაწილი ჩამონგრეულია, არ შემორჩენილა სართულშუა გადახურვები. კოშკი (8,2 X 7,4 მ) საბრძოლოა. მისი კედლები ზემოთკენ ვიწროვდება, წიბოები მომრგვალებულია, ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი მეორე სართულის დასავლეთ კედელშია. შესასვლელის პირდაპირ ბუხარია. სართულები ერთმანეთს სართულშუა გადახურვაში დატანებული ხვრელებით უკავშირდებოდა. შემორჩენილია სართულშუა გადახურვის ხის კოჭები. მესამე სართულის ოთხივე კედელში ორ-ორი წყვილი სათოფურია.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 158, თბ., 1990 წ.

მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია

 ზემო ჩოჩეთის მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია – ეკლესია დგას სოფელ ზემო ჩოჩეთის ოკაანთ უბანში. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (17,4 X 11,7 მ), ნაგებია აგურით. აქვს ორი შესასვლელი – დასავლეთით და სამხრეთით. აფსიდის ღერძზე ვიწრო სარკმელია, გვერდებზე – პატარა ბრტყელი ნიშები. თითო განიერი სარკმელი ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებშია, ერთი ვიწრო სარკმელი – დასავლეთ კედელში. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი მასიური პილასტრია, რომლებზეც გადადის კამარის საბჯენი თაღი. წყვილი პილასტრითა და მათზე გადაყვანილი საბჯენი თაღებით ორად იყოფა დარბაზის დასავლეთ კედელი, აქ ყოფილა ხის პატრონიკე, საიდანაც ფანჩატურში ადიოდნენ. მოგვიანებით ფანჩატური გაუუქმებიათ და ეკლესია გადაუკეთებიათ. ეკლესია შიგნიდან შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიას ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ორსართულიანი სამრეკლო აქვს მიშენებული. სამრეკლოს პირველი სართული გეგმით სწორკუთხაა, კედლები შეისრული თაღებითაა დასრულებული, კუთხეებში აფრებია. აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელი ყოფილა, დასავლეთისაში – ორი. მეორე სართული რვაწახნაგა ფანჩატურია, რომელსაც წახნაგებში შეისრული თაღით დასრულებული ღიობები აქვს. სამრეკლო გადახურულია აგურის გუმბათითა და კრამიტის პირამიდული სახურავით.

ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე და სამრეკლოს დასავლეთ კედელში ჩასმულ ქვიშაქვის ქვებზე შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული წარწერები.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 158-159, თბ., 1990 წ.

ოსეფაანთ კოშკი

 ოსეფაანთ კოშკი – კოშკი დგას სოფელ ზემო ჩოჩეთის ოსეფაანთ უბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. კოშკი გეგმით სწორკუთხაა (8,3 X 7,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია ორი სართული და მესამე სართულის ქვედა ნაწილი. კოშკს აღმოსავლეთიდან მიშენებული აქვს საცხოვრებელი სახლი, სამხრეთიდან – საპირფარეშო. კოშკში შესასვლელი სამხრეთით, მეორე სართულის დასავლეთ კუთხეშია. კარს გარედან ტიმპანიანი არქიტრავი აქვს, ხოლო შიგნიდან თაღოვანია. ეს სართული გადახურულია ცილინდრული კამარით. ორი სარკმელია კამარის სამხრეთ ნაწილში, ერთი – აღმოსავლეთ კედელში. ოთხივე კედელში ექვსი თაღოვანი ნიშია. პირველი სართული მეორეს დასავლეთ კედელში დატანებული კიბით უკავშირდებოდა. მეორე სართულს ხის კოჭებზე მოწყობილი გადახურვა ჰქონია. ამ სართულზე კედლის სისქის შესამცირებლად დიდი ზომის ნიშებია დატანებული. ნიშების უმეტესობა თაღოვანია და თითოეული სამ-სამი სათოფურითაა აღჭურვილი. ჩრდილოეთ კედელში ბუხარია. მეორე სართული მესამეს სამხრეთ კედელში დატანებული კიბით უკავშირდებოდა.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ.159, თბ., 1990 წ.

წმ. გიორგის ეკლესია

წმ. სამების ეკლესია

ზემო ხანდაკი - კალობანის ეკლესია

 კალობანის ეკლესია – ეკლესია  სოფელ ზემო ხანდაკის სამხრეთ-აღმოსავლეთით ორ კილომეტრზე, მთის ბორცვზე. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (8,2 X 7,4 მ), ნაგებია ტუფით, ქვიშაქვითა და აგურით. ეკლესია დაზიანებულია, მთლიანად შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადი, რომელსაც ნათლად ეტყობა გადაკეთების კვალი. სატრიუმფო თაღთან შემორჩენილია ცილინდრული კამარის ფრაგმენტები. შეკეთების დროინდელია ფრონტონს შუა ნაწილში აგურის წყობით გამოყვანილი თანაბარმკლავებიანი ჯვარი. ფასადებს აგურის თაროსებრი ლავგარდანი შემოუყვება. XIX საუკუნეში ეკლესიისათვის ჩრდილოეთიდან მიუშენებიათ პატარა სათავსი, რომელშიც შესვლა ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარით შეიძლება.

სამების ეკლესია

 ზემო ხანდაკის სამების ეკლესია – ეკლესია  სოფელ ზემო ხანდაკიდან 2-3 კილომეტრზე, მოშიშვლებულ ბორცვზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (8,15 X 5,75 მ), ნაგებია ნატეხი რიყის ქვითა და ქვაფიქალით. გარედან არქიტრავული, შიგნიდან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთითაა. არაღრმა აფსიდის ღერძზე გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. მის ორივე მხარეს მცირე ნიშებია. სარკმლის ქვეშ მთლიანი ქვის სატრაპეზო დგას. ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშია. დარბაზის ცილინდრული კამარის ქუსლები გრძივ კედლებს ეყრდნობა. აღმოსავლეთის ფასადი საკმაოდ განიერია და მეტისმეტად მაღალი ფრონტონი აქვს.

წმინდა გიორგის ეკლესია

 ზემო ხანდაკის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია სოფელ ზემო ხანდაკის ცენტრში. თარიღდება XIX საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (15,7 X 7,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით, კუთხეები ნაწყობია თლილი ქვით. დასავლეთით შესასვლელია, რომელსაც შიგნით და გარეთ აგურით ნაწყობი დამრეცი თაღი აქვს. აფსიდის ღერძზე ფართო, მაღალი თაღოვანი სარკმელია, მის გვერდებზე – ორი სწორკუთხა ნიში. აფსიდი მცირე მხრებითაა გამოყოფილი დარბაზისაგან. კარის თავზე ერთი ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია. ორი ასეთივე სარკმელი ჩრდილოეთ კედელშია. ამავე კედლის შუა ნაწილში ერთი მარტივი პილასტრია.

წმინდა თევდორეს ეკლესია

 ზემო ხანდაკის წმინდა თევდორეს ეკლესია – ეკლესია სოფელ ზემო ხანდაკიდან ერთ კილომეტრზე, სოფელ ხოვლისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, მთის ფერდობზე. თარიღდება XIV-XVI საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (13 X 7 მ), ნაგებია შაბიამნისფერი თლილი ტუფითა და ქვიშაქვის დიდი კვადრებით. ეკლესიას არქიტრავით გადახურული ორი შესასვლელი აქვს – სამხრეთით და დასავლეთით. აფსიდში ერთი სარკმელია. საკურთხევლის წინ შემორჩენილია ქვის კანკელის ნაშთი. დარბაზის ცილინდრული კამარა პილასტრებზე დადგმულ, ტუფის კარგად დამუშავებული დიდი ქვებით ნაწყობ თაღებს ეყრდნობა. სამხრეთ კედელში, საკმაოდ მაღლა გაჭრილია ორი სარკმელი.

ინტერიერში შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის მოხატულობის ფრაგმენტები. კონქში გაირჩევა ტახტზე მჯდომი ქრისტე და ორი მთავარანგელოზი.

ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ქვიშაქვის სათაურზე გამოსახულია ჯვარი და არშია. მარტივპროფილიანი ლავგარდნის ფრაგმენტები შემორჩენილია სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადზე. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, გადახურული ყოფილა კრამიტით. მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთიდან კარიბჭე, ეგვტერი და პატარა სათავსი მიუშენებიათ, დასავლეთიდან კი მთელ სიგრძეზე – ვიწრო სათავსი (შემორჩენილია ნანგრევები).

თეზი - კვირაცხოვლის ეკლესია

 თეზის კვირაცხოვლის ეკლესია – ეკლესია დგას სოფელ თეზის განაპირას, ჩრდილოეთით, სასაფლაოზე, შემაღლებულ ადგილზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (5,5 X 4,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა, რომე-ლიც არქიტრავით ყოფილა გადახურული. ოდნავ შებრტყელებული ნახევარწრიუ-ლი აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, მის გვერდებზე – თითო ნიში. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია სატრაპეზო ქვა.

ფასადების კედლები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით. ეკლესია გადახურული იყო ბრტყელი კრამიტით, რომლის ანაბეჭდები შემორჩენილია გადახურვის დუღაბზე.

წმინდა გიორგის ეკლესია

 თეზის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია დგას სოფელ თეზის ცენტრში. თარიღდება XIX საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (7,6 X 4,1 მ), ნაგებია რიყის ქვით, კონსტრუქციის ნაწილებში (კამარა, საყრდენი თაღი, კონქი) გამოყენებულია აგური. 1978 წელს სოფლის მოსახლეობას ეკლესია თავისი სახსრებით შეუკეთებია, განუახლებია ეკლესიის და გალავნის კედლები. ეკლესია მოხატული ყოფილა. ამჟამად ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია.

აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონის წვერზე დგას გუმბათიანი ეკლესიის მოდელი. კედლები დასრულებულია აგურის საფეხურებიანი ლავგარდნით. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, გადახურული ყოფილა ღარიანი კრამიტით.

თელათგორი - წმინდა გიორგის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ თელათგორის ცენტრში, შემაღლებულ ადგილზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. შეკეთებულია 1982 წელს. ეკლესია დარბაზულია (7,25 X 4,8 მ), ნაგებია უხეშად გათლილი საშუალო ზომის ქვიშაქვის კვადრებით, წყობაში გამოყენებულია დიდი ქვებიც. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მცირე მხრებით. საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურით ამაღლებულია. აფსიდის ღერძზე შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი სარკმელია. ეკლესიისათვის მოგვიანებით შემოუვლიათ თაროსებრი ლავგარდანი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით.

ეკლესიას დასავლეთიდან მიშენებული აქვს სწორკუთხა ეკლესია (5,5 X 4,8 მ). იგი წმინდა თევდორეს სახელს ატარებს. ეს ეკლესიაც ნაგებია ქვიშაქვით, მხოლოდ უფრო მცირე ზომის ქვებით, ვიდრე ეკლესია. მინაშენი ეკლესიას უკავშირდება ეკლესიის დასავლეთ კედელში გაჭრილი განიერი სწორკუთხა ღიობით. მინაშენიც ღარიანი კრამიტითაა გადახურული.

გ. კალმახელიძე

 წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, . 5, გვ. 162-163, თბ., 1990 წელი.

თვალადი - კავთის ღვთისმშობლის ეკლესია

კავთის წმ. გიორგის ეკლესია

მეფეთსადგომის ეკლესია

სამების ეკლესია

წმინდა გიორგის ეკლესია

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

იგოეთი - ფუნაგისის წმ. გიორგის ეკლესია

 ფუნაგისის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია დგას სოფელ იგოეთის სამხრეთ-დასავლეთით, ფერდობზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (7,1 X 4,8 მ), ნაგებია უხეშად დაკუთხული და პირგათლილი მოზრდილი ლოდებით. წყობაში ურევია რიყის ქვა და აგური. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა და კედლების ზედა ნაწილები. შესასვლელი სამხრეთიდანაა. გარედან კარის ზედა ნაწილი ჩამონგრეულია, შიგნიდან კარს 2,15 მეტრი სიგრძის არქიტრავის გათლილი ქვა ადევს. ნახევარწრიული აფსიდის კონქი გაბრტყელებულია. მას მარტივ კონსოლებზე დაყრდნობილი ასეთივე ფორმის სატრიუმფო თაღი აქვს. ნახევარწრიული კამარით გადახურული დარბაზი შელესილი და მოხატული ყოფილა (გაირჩევა ფერადი ლაქები).

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, . 5, გვ. 164, თბ., 1990 .

ღვთისმშობლის ეკლესია

 იგოეთის ღვთისმშობლის ეკლესია – ეკლესია დგას სოფელ იგოეთის სამხრეთ-დასავლეთით, გორაკზე, სასაფლაოსთან.  თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (5,85 X 4 მ), ნაგებია უხეშად დაკუთხული და პირგათლილი მოზრდილი ლოდებით, წყობაში გამოყენებულია რიყის ქვაც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. მცირე სიღრმის ნალისებრი აფსიდის ღერძზე ვიწრო სწორკუთხა სარკმელია, მის ორივე მხარეს — თითო სწორკუთხა ნიში. კონქი ნაგებია რიყის ქვით. სატრიუმფო თაღი რიყის ქვისავე კონსოლებს ეყრდნობა. (ა) ინტერიერი შელესილი და მოხატული ყოფილა (შემორჩენილია ფერადი ლაქები). შეკეთების დროს სატრიუმფო თაღი კრამიტით ამოუყვანიათ (შემორჩენილია მისი სამხრეთ ნაწილი).

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, . 5, გვ. 164, თბ., 1990 .

წითელი საყდარი

იგოეთის წითელი საყდარი – ეკლესია დგას სოფელ იგოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, თბილისი-გორის გზის პირას, ქ. კასპის გადასახვევიდან 150 მეტრზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. 1983 წელს ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო გაერთიანებამ (რესტავრაციის ავტორი ნ. ზაზუნიშვილი) – გადაიხურა ეკლესია და სამხრეთ მინაშენი. ეკლესია დარბაზულია (10 X 6,15 მ), ნაგებია ძირითადად მუქი წითელი ფერის აგურით (აქედან მომდინარეობს ძეგლის სახელწოდება), წყობაში ჩართულია ნატეხი და რიყის ქვებიც. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო სარკმელია, მის ორივე მხარეს – თითო ღრმა თაღოვანი ნიში. ორი სარკმელი სამხრეთ კედელშია, ერთი – დასავლეთისაში, კარის თავზე. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია ორსაფეხურიანი მასიური პილასტრებით, რომლებსაც ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. პილასტრებს თაროსებრი კაპიტელები აქვს. ჩრდილოეთ ფასადის ზედა ნაწილში, აგურის წყობაში ჩართულია თლილი კვადრების მწკრივი.

ეკლესიის სამხრეთ მინაშენისაგან მხოლოდ კონტურებია შემორჩენილი. მას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, . 5, გვ. 164-165, თბ., 1990 წელი.

იდლეთი - ნათლისმცემლის ეკლესია

კვირაცხოვლის ეკლესია

მიქელ-გაბრიელის ეკლესია

იკვი - წმინდა გიორგის ეკლესია

კავთისხევი - კატაულას წმ. გიორგის ეკლესია

ლომისის ეკლესია

ძლევის ქედის წმ. გიორგის ეკლესია

წმინდა გიორგის ეკლესია

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

კაპრაშიანი - საქრისის ეკლესია

კოდისწყარო - წმინდა თევდორეს ეკლესია

ლავრისხევი - ლავრა

არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ ლავრისხევის სამხრეთით, 1-1,5 კილომეტრზე, ტყიან ხეობაში. თარიღდება X საუკუნის პირველი ნახევრით. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი თავისუფალი ჯვრის ტიპის ნაგებობაა (9,5 X 9 მ), ნაგებია საშუალო ზომის მოყავისფრო-მოყვითალო ნატეხი ქვიშაქვით, გამოყენებულია ბაზალტი და ტუფიც. XIX საუკუნეში ეკლესია შიგნიდან და გარედან შელესეს და მოხატეს, დააგეს ხის იატაკი, დადგეს კანკელი და გადახურეს თუნუქით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს – ჩრდილოეთ მკლავის ჩრდილოეთ კედელში და დასავლეთ მკლავის სამხრეთ კედელში. აღმოსავლეთ მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით. დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა. რვაწახნაგა გუმბათი ოდნავ წაგრძელებულ მართკუთხედს ემყარება. გუმბათი გადახურულია შეკრული კამარით. მკლავების გრძივ კედლებში ამოყვანილია თაღები, რომლებსაც კონსტუქციული და დეკორატიული მნიშვნელობაც აქვთ. ეკლესიაში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.

ნ. ანდღულაძე

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, . 5, გვ. 173-174, თბ., 1990 .

ლამისყანა - წმინდა გიორგის ეკლესია

ღვთისმშობლის ეკლესია

მეტეხი - ამაღლების ეკლესია

კვირაცხოვლის ეკლესია

მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი

ნიაბი - წმინდა გიორგის ეკლესია

ნიგოზა - ნამოსახლარი - ეკლესიის ნანგრევები

ნოსტე - ნასოფლარი გველდესი და ნათლისმცემლის ეკლესია

 ნოსტეს ნათლისმცემლის ეკლესია – ეკლესია სოფელ ნოსტეში. მდებარეობს სოფლის  სამხრეთით სამ კილომეტრზე, ნასოფლარ გველდესის ტერიტორიაზე. თარიღდება IX-X საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (7 X 5 მ). ნაგებია ნატეხი ქვითა და ღია ფერის ტუფის კვადრებით. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მხრებით. აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის ქვემოთ კედელთან სატრაპეზო ქვა დგას. საკურთხეველში, სამხრეთით ორი მეტრის სიმაღლეზე, მცირე ნიშია. აქ წითელი საღებავით გამოსახულია ჯვარი. საკურთხევლის წინ მდგარა ხის კანკელი, რომლისაგანაც მცირე ნიშია შემორჩენილი. სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია. გრძივი კედლების წყვილ პილასტრზე გადაყვანილია კამარის საბჯენი თაღი. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის კვალი.

აღმოსავლეთ ფასადზე წყობაში ჩატანებულია თეძმის მწვანე ტუფის ქვა, რომელზედაც ქვედა ნაწილში ამოკვეთილია ორნამენტით მორთული სამი ჯვარი. შუა ჯვარი გვერდითებზე დიდია. ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადზე შემორჩენილია ორ-ორი მოზრდილი ფილაქვისგან შედგენილი ლავგარდანი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.

ნასოფლარი მუხაური და წმ. გიორგის ეკლესია

 ნოსტეს წმინდა გიორგის მცირე ეკლესია – ეკლესია სოფელ ნოსტეში. მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით ერთ კილომეტრზე, ნასოფლარ მუხაურზე, შემაღლებულ ადგილას. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (7,7 X 5,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი  სამხრეთიდანაა.  აფსიდის ღერძზე სარკმელია, მის გვერდებზე – ორი ნიში. თითო სარკმელია სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებში სარკმლები შიგნიდან შეისრულია, გარედან – სწორკუთხა.

ნასოფლარი მღებრისუბანი. აქ იდგა ღებისუბნის ეკლესია

ნასოფლარი ოძისი და წმ. გიორგის ეკლესია

 ნოსტეს წმინდა გიორგის დიდი ეკლესია – ეკლესია სოფელ ნოსტეს სამხრეთით, ნასოფლარ ოძისზე. ლეკების შემოსევების დროს მოსახლეობა აქედან აყრილა და გადასახლებულა ქსნის ხეობაში. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.

ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა (11,4 X 8,2 მ), ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვებით. ისრული თაღებით გადახურული შესასვლელები სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების დასავლეთ მონაკვეთშია. შუა ნავში, აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ (გარედან შვერილი ხუთგვერდა) აფსიდში ერთი განიერი სარკმელი და სამი მაღალი და განიერი ნიშია, რომლებიც გადახურულია სამკბილა „ტალღოვანი“ თაღით. საკურთხეველში დგას სატრაპეზო ქვა. შუა ნავს კიდევ ორი სარკმელი აქვს სამხრეთით. თითო სარკმელია გვერდის აღმოსავლეთ ბოლოებში. შუა ნავი გვერდის ნავებზე ორჯერ უფრო განიერია და მათგან გამოყოფილია სამ-სამი ისრული თაღით.

სააკაძეთა ნასახლარი. აქვეა სამების და ღვთისმშობლის ეკლესიები

წმ. სტეფანეს ეკლესია

 ნოსტეს წმინდა სტეფანეს ეკლესია – ეკლესია სოფელ ნოსტეში. მდებარეობს სოფლის  ჩრდილოეთით, ერთ კილომეტრზე. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (6,6 X 5,1 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. არქიტრავით გადახურული შესასვლელი დასავლეთითაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია. გვერდებზე ორი სწორკუთხა ნიში. კონქი და კამარა შეისრულია. იატაკი ფილებითაა მოგებული. ინტერიერში შემორჩენილია შელესილობის კვალი.

ოკამი - ღვთისმშობლის ეკლესია

 ოკამის ღვთისმშობლის ეკლესია – ეკლესია დგას სოფელ ოკმის განაპირას, ჩრდილოეთით, თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (12 X 7,6 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, კონსტრუქციის ნაწილებში (კამარა, კონქი, საბჯენი თაღები, კარ-სარკმლის წირთხლები, ლავგარდანი)  და ფასადების დეკორატიულ ელემენტებში გამოყენებულია აგური. ეკლესიას ორი თაღოვანი შესასვლელი აქვს-სამხრეთით და  დასავლეთით (ამოქოლილია). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, გვერდებზე – თითო თაღოვანი ნიში. დარბაზის გრძივ კედლებში ორ-ორი სარკმელია. გრძივი კედლების ორ წყვილ მარტივ პილასტრს ოდნავ შეისრული საბჯენი თაღები ეყრდნობა. შეისრულია კამარაც.

აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე სამ-სამი თაღოვანი შეღრმავებაა, მათ შორის შუა გვერდითებს აღემატება, მის ზედა ნაწილში აგურის წყობით შეღრმავებული ჯვარია გამოყვანილი. ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადებზე სწორკუთხა შეღრმავებებია. ეკლესიას კბილანა ლავგარდანი აქვს.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, . 5, გვ. 183, თბ., 1990 .

წმინდა გიორგის ეკლესია

 ოკამის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია  დგას სოფელ ოკმის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ძველ სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. შეკეთების დროს ეკლესია ერთიანი დადაბლებული სხმული კამარით გადაუხურავთ და მისთვის აგურის ლავგარდანი შემოუყოლებიათ. ეკლესია დარბაზულია (5,4 X 4,2 მ), ნაგებია რიყის ქვით. აგური გამოყენებულია განახლებულ ნაწილებში. ერთადერთი ვიწრო შესასვლელი სამხრეთ კედელშია. ნახევარწრიულ აფსიდში საკურთხეველი მოგვიანებით აგურის კანკელით გამოუყვიათ (ამჟამად აფსიდს კონქი არა აქვს). საკურთხევლის ბაქანი საფეხურითაა შემაღლებული. თითო სწორკუთხა სარკმელია საკურთხეველში და სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. დარბაზის კედლებს მთელ პერიმეტრზე დაახლოებით 0,5 მეტრის სიმაღლის საფეხური გასდევს. ეკლესიას სამხრეთით აქვს რიყის ქვით ნაგები მინაშენი, რომელიც ამჟამად ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია სამხრეთ კედელი და შეისრული კამარის სამხრეთ ნაწილი. ეკლესიის სახურავი ნაწყობია აგურით.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტომი. 5, გვ. 183, თბ., 1990 .

პანტიანი - წმინდა გიორგის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის აღმოსავლეთით, ერთ კილომეტრზე, პანტიანის ხევის მარჯვენა ფერდობზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (8 X 5,15 მ), ნაგებია რიყის ქვით. რიგებს შუა წყობაში ჩართულია ქვიშაქვის ნატეხი ქვებიც. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდი გადახურულია დადაბლებული კონქით, რომელიც დარბაზის მხარეს შემოფარგლულია კოლოფა თაღით. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის მრუდხაზოვან გადახურვას გარედან, ხვრელობთან პატარა „შუბლი“ აქვს. სარკმლის მარცხნივ პატარა ნიშია, რომელსაც ორსაფეხურიანი გადახურვა აქვს. სამხრეთ კედელში (შემორჩენილია მხოლოდ ქვედა ნაწილი) ერთი სარკმელია. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელს აქვს ქვიშაქვის მრგვალი არქიტრავი, რომელზეც გამოსახულია წრეში ჩასმული რელიეფური ჯვარი (ძლიერ დაზიანებულია).

თ. დვალი

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, . 5, გვ. 183-184, თბ., 1990 .

ჯვარპატიოსნის ეკლესია და სამრეკლო

ეკლესია მდებარეობს სოფელ პანტიანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ერთ კილომეტრზე. თარიღდება VIII-IX საუკუნეებით.

თავდაპირველად ეკლესია სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა. მოგვიანებით, XV-XVII საუკუნეებში გადააკეთეს. ეკლესია (12,8 X 12 მ) ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. იგი თავდაპირველად სვეტზე დაყრდნობილ ორთაღიან ღიობს წარმოადგენდა. ნავები ერთმანეთისგან გეგმით ჯვაროვანი სვეტების ორი წყვილითა და მათზე დაყრდნობილი თაღებით იყო გამოყოფილი. სამხრეთის ნავი აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი სარკმლიდან ნათდებოდა. შუა ნავი გვერდითებზე სიგანით ორჯერ მეტი იყო და აღმოსავლეთით ნალისებრი, გარედან შვერილი აფსიდით მთავრდება. აფსიდში გაჭრილი იყო ორი სარკმელი. სიგანით ნავზე ნაკლები აფსიდი მისგან ბრტყელი მხრებით იყო გამოყოფილი. ჩრდილოეთ ნავსაც აღმოსავლეთით ჰქონდა აფსიდი, რომლის ღერძზე გაჭრილი იყო ერთი სარკმელი. ნავები გადახურული იყო ცილინდრული კამარით. გადაკეთების შედეგად სამნავიანი ბაზილიკის სტრუქტურა მთლიანად დაირღვა; ამჟამად ორთაღიანი შესასვლელის ჩრდილოეთ ნაწილი მთლიანად ამოშენებულია, ხოლო მეორე ნაწილში არქიტრავით გადახურული სწორკუთხა კარია გაჭრილი. სამხრეთის ნავში ამოშენებულია სამი თაღით გახსნილი ღიობის ნაწილი. კედლის აღმოსავლეთ ნაწილში კი გაჭრილია შუა ნავთან დასაკავშირებელი საკმაოდ განიერი შეისრულთაღიანი გამოსასვლელი. მნიშვნელოვნად შეცვლილია შუა ნავი. აფსიდი ნავისგან საკმაოდ მასიური ქვის კანკელითაა გამოყოფილი. ჩრდილოეთ კედლის მთელ სიგრძეზე და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილზე 0,4 მეტრის სისქის კედელია მიშენებული. ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში დატოვებულია ვიწრო კარი ჩრდილოეთ ნავში გასასვლელად. სამხრეთის ნავი კარიბჭედ გამოიყენეს. ლილვითა და წრეთარგით შედგენილი ლავგარდნის ფრაგმენტი მხოლოდ აღმოსავლეთ ფასადზე, საკმაოდ მასიურ შვერილ აფსიდზეა შემორჩენილი. გადაკეთებისას ეკლესიას სამხრეთიდან მიაშენეს მცირე ზომის სწორკუთხა სათავსი.

ეკლესიის სამხრეთით დგას ორსართულიანი სამრეკლო (5,6 X 5,6 მ). თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით. ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. პირველი სართულის ოთხივე კედელში აგურის ნახევარწრიული თაღით დასრულებული ღიობებია. ეს სართული ცილინდრული კამარით იყო გადახურული. გუმბათოვანი მეორე სართული გეგმით რვაკუთხედია. მის წახნაგებში თითო შეისრულთაღიანი მაღალი სარკმელია.

 წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, . 5, გვ. 184, თბ., 1990 წელი.

რკონის კომპლექსი - ღვთისმშობლის ეკლესია და ნათლისმცემლის ეკლესია

რკონის ციხის კომპლექსი. აქვეა ეკლესია

სამოჭალოს წმ. გიორგის ეკლესია

სვიმეონ მესვეტის სავანე

საკორინთლო - ნანაანთ წმ. ნიკოლოზის ეკლესია

ქარის საყდარი

არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, მაღალი მთის ფერდობზე. თარიღდება XVIII საუკუნით. ეკლესია დარბაზულია (7,3 X 4,95 მ), ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია თლილი ქვაც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნალისებრ აფსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია, გვერდებზე – მცირე ზომის სწორკუთხა ნიშები. აფსიდის სარკმლის ქვეშ სატრაპეზო ქვა დგას. დარბაზი გადახურულია რიყის ქვით ნაგები ცილინდრული კამარით. კამარის თლილი ქვის საბჯენი თაღი გრძივი კედლების შეკიდულ პილასტრებს ეყრდნობა. ეკლესიას სამხრეთით მინაშენი (3,8 X 4,9 მ) აქვს. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით და სამხრეთით თითო სარკმელია. მინაშენიც ცილინდრული კამარითაა გადახურული. კამარა სამხრეთით კედელს ეყრდნობა, ჩრდილოეთით – სვეტზე გადასულ ორ თაღს.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, . 5, გვ. 191, თბ., 1990 წელი.

სამთავისის ტაძრის კომპლექსი

სასირეთი - კოშკი

წმინდა გიორგის ეკლესია

 სასირეთის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია სოფელ სასირეთში. მდებარეობს სოფლის ცენტრში ძველ სასაფლაოზე. თარიღდება XIX საუკუნის მეორე ნახევრით.

ეკლესია დარბაზულია (14,5 X 8,5 მ), ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია აგურიც. ეკლესიას ორი თაღოვანი შესასვლელი აქვს – სამხრეთით და დასავლეთით. ეკლესიის თანადროული, ხის კონსტრუქციების საკურთხევლის ბაქანი წინწამოწეული არდაბაგით ერთი საფეხურით შემაღლებულია. აფსიდის ღერძზე ფართო თაღოვანი სარკმელია. ჩრდილოეთით, აფსიდის მხართან, სხვადასხვა ზომის ორი სწორკუთხა ნიშია. თითო ფართო თაღოვანი სარკმელია ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში, ორი – სამხრეთისაში. ეკლესია გადახურულია ხის ცილინდრული კამარით, რომელიც უშუალოდ კედლებს ეყრდნობა. დასავლეთ კედელთან, მთელ სიგანეზე, მოწყობილია ხის პატრონიკე, რომლის კიბე სანხრეთ-დასავლეთ კუთხეშია. ინტერიერი შელესილია და შეღებილია ცისფრად. ეკლესიაში დაკრძალულია შერვაშიძეების რამდენიმე თაობა.

საქადაგიანო - წმ. დემეტრეს ეკლესია

საქადაგიანოს წმინდა დემეტრეს ეკლესია – არქიტექტურული, ისტორიული, მონუმენტური ხელოვნების ძეგლი. დგას სოფლის განაპირას, მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე, ქსნის ციხის პირდაპირ, ფერდობზე. ასომთ. სამშენებლო წარწერის თანახმად ეკლესია 1498 წელს აუგიათ მონაზონ დამიანეს და მის შვილებს – ამბაალავერდელ (ალავერდის ეპისკოპოსის საპატიო წოდება) კვირიკეს, დიონისესა და თევდორეს.

 ეკლესია დარბაზულია (8,5X5,5 მ), ნაგებია თლილი ქვიშაქვის მოზრდილი უსწორმასწორო ლოდებით. შესასვლელი ორი აქვს – სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან – თაღოვანი. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია. დარბაზის გრძივი კედლები და შეისრული კამარა მარტივი ფორმის პილასტრებით და მათზე დაყრდნობილი შეისრული საბჯენი თაღით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. ჩრდილო-დასავლეთ და  სამხრეთ კედლებში თითო სარკმელია. ინტერიერი საკმაოდ მაღალი და ხალვათია. კედლები შელესილი და მოხატულია.

   აფსიდში (ა) მოხატულობა დაყოფილია სამ რეგისტრად. გამოსახულებები მთლიანად ავსებენ აფსიდის არეს. ქვედა რეგისტრის წმინდანთა გამოსახულებები იატაკის დონემდე აღწევს. კონქში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, რომელსაც თაყვანს სცემს ორი მთავარანგელოზი. მეორე რეგისტრში თორმეტი მოციქულია. თითოეული სწორკუთხა ჩარჩოშია მოქცეული. ქვემოთ გამოსა-ხული არიან ეკლესიის მამები. წმინდანთა გამოსახულებებს თაღნარი აქვს შემოვლებული. სატრაპეზო ქვის თავზე გაირჩევა მაცხოვრის შარავანდი. ქვემოთ, ქვის ორივე მხარეს დატოვებული მცირე მონაკვეთები შემკულია პრიმიტიული გეომეტრიული ორნამენტით (ტეხილი ხაზებით). საკურთხევლის სარკმლის წირთხლებზე გამოსახულია ორი წმინდანი. სამხრეთ მხარეს მოთავსებული წმინდანის (წმ. დავითი) შარავანდზე ასომთავრული წარწერაა. დარბაზის მოხატულობა უფრო მეტადაა დაზიანებული. კამარის აღმ. ნაწილში გაირჩევა მაცხოვარი და საყდარნი. ქვემოთ, ჩრდილოეთ კედლის ამავე მონაკვეთზე დარჩენილია ცხენზე მჯდომი მეომრის ფრაგმენტი. ფიგურებს თან ახლავს დაზიანებული ასომთავრული წარწერები.მოხატულობის შესრულების მანერა სქემატურია. წმინდანთა ტანსაცმელი დამუშავებულია უხეში შავი და თეთრი ხაზებით. სახეების მოყვითალო-ყავისფერი სარჩული დაფარულია სქელ ფენად დატანილ თეთრად გაღიაფერებით, რადგანაც მკვეთრად გამოიყოფა მუქი ჩრდილის ვიწრო ზოლი. მოხატულობის კოლორიტში გაბატონებულია მღვრიე, მუქი ფერები (მონაცისფრო-თეთრი, ყვითელი, ლურჯი, შავი, მონაცისფრო-ცისფერი).

   აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადები ზევითკენ საგრძნობლად შევიწროებულია. ამის გამო შენობა უფრო მაღალი და აზიდული ჩანს. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ზემოთ ჩასმულია ოთხკუთხა ქვა (0,65X0,45 მ) ხსენებული ასომთავრული წარწერით. ნაგებობას აქვს ერთადერთი სამკაული – მწვანედ მოჭიქული მოზრდილი რიყის ქვა.

    ეკლესიისთვის მოგვიანებით დასავლეთიდან მიუშენებიათ სათავსი (5,04X5,1 მ), რომელიც ნაგებია მცირე ზომის ქვებით, გამოყენებულია აგურიც. თავდაპირველად მინაშენი ოთხივე მხრიდან ოდნავ შეისრული ფართო თაღებით გახსნილი კარიბჭე ყოფილა; შემდეგში ჩრდილოეთით და დასავლეთით თაღები ამოუშენებიათ. კარიბჭე დასრულებულია შეისრული გუმბათით. კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა განხორციელებულია აგურის ტრომპებით. თაღებს ზემოთ კუთხოვანი ჩარჩოა, რაც თავისებურ დეკორატიულ მორთულობას წარმოადგენს. კარიბჭის აშენების დროს ეკლესია შეუკეთებიათ და მისთვის აგურის ლავგარდანი შემოუვლიათ.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 198-199, თბ., 1990 წ.

ფაშიანი - გულისყურის საყდარი

 გულისყურის საყდარი – ეკლესია დგას სოფელ ფაშიანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე  თეძმის მარცხენა ნაპირას, შემაღლებულ ბორცვზე. თარიღდება გვიანდელი  ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია. ამჟამად დანგრეულია. ნაწილობრივ გადარჩენილია აღმოსავლეთი; სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლები. სახურავი ჩაქცეულია.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 199, თბ., 1990 წ.

თელეთის საყდარი

 თელეთის საყდარი – ეკლესია დგას სოფელ ფაშიანში, შემაღლებულ ადგილზე. თარიღდება XIII საუკუნით. ეკლესია დარბაზულია (3,3 X 2,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. დაზიანებულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აფსიდის ღერძზე სარკმელია, გვერდებზე ნიშები. ეკლესია შიგნიდან შელესილია გაჯით. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5, გვ. 199, თბ., 1990 წ.

ქვათახევის ტაძრის კომპლექსი

ქვემო რენე - ნამოსახლარ გორაზე შემორჩენილი სამების ეკლესიის ნანგრევები

ქვემო ჭალა - ამილახვართა ციხე-დარბაზები

ეკლესია

კუდუხაანთ ციხე, კოშკი

ნასახლარი და კუდუხაანის კომპლექსი

სხვილოს (ცხვილოს) ციხე-დარბაზის კომპლექსი

ქედას წმ. თევდორეს ეკლესია

წმ. გიორგის საყდარი

ქვემო ხანდაკი - კოშკი

კოშკი

მთავარანგელოზის ეკლესია

ნასოფლარი და ეკლესია

ღვთისმშობლის ეკლესია

ჩაჩუბეთი - დებციხის ეკლესია

ზირთის წმ. გიორგის ეკლესია და საყდარი საქოლავი

თეკნელას წმ. გიორგის ეკლესია

ნასოფლარზე არსებული ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები

საბოლიის ეკლესია

ღვთისმშობლის ეკლესია

ცხავერი - კვირაცხოვლის ეკლესია

ცხავერის კვირაცხოვლის ეკლესია – ეკლესია სოფელ ცხავერში. მდებარეობს სოფლის  ჩრდილოეთით, 500 მეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (6,5 X 3,85 მ), ნაგებია ქვიშაქვით და ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. შემორჩენილია მხოლოდ ნახევარწრიული აფსიდის  ჩრდილოეთ მხარე ნიშით და კედლების ქვედა ნაწილი 1-1,5 მეტრის სიმაღლეზე.

ნასოფლარზე შემორჩენილი XIX ს. წმ. გიორგის დარბაზული ეკლესიის ნანგრევები.

ნასოფლარზე შემორჩენილი სამების დარბაზული ეკლესიის ნანგრევები.

ღვთისმშობლის ეკლესია.

 ცხავერის ღვთისმშობლის ეკლესია  – ეკლესია  სოფელ ცხავერში. მდებარეობს სოფლის  სამხრეთით ერთ კილომეტრზე, კაჩაანთ უბანში. თარიღდება ფეოდალურ ხანით.

ეკლესია დარბაზულია (8,8 X 4,9 მ), ნაგებია ნატეხი ქვით და ქვიშაქვით. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი გადახურულია ორი დიდი ქვისგან შემდგარი არქიტრავით, რომელზეც, შიგნით და გარეთ, ტიმპანია ამოკვეთილი. ნახევარწრიული  აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის გვერდებზე – თითო სწორკუთხა ნიში. სამხრეთ ფასადზე კარის ტიმპანი და კუთხეები მწვანე ტუფისაა.

წმ. გიორგის ეკლესია

 ცხავერის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია სოფელ ცხავერში. მდებარეობს სოფლის ცენტრში, სასაფლაოზე. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე ქვიშაქვის ფილაზე წარწერისა და ერთ-ერთ საფლავის ქვის წარწერის თანახმად, ეკლესია აგებულია 1898 წელს ვინმე თომა შალვას ძე ქარქუსაშვილის ხარჯებით. შეკეთებულია 1944 წელს.

ეკლესია დარბაზულია (7,45 X 3,8 მ), ნაგებია ქვიშაქვით, გამოყენებულია რიყისა და ნატეხი ქვაც. არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის მარცხნივ – სწორკუთხა ნიში. დარბაზის გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში ნატეხი ქვით გადახურული თითო სწორკუთხა სარკმელია. სატრიუმფო თაღი ტუფის მარტივ კაპიტელებს ეყრდნობა. გადახურვა კამაროვანია. ეკლესიის კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ფასადები სადაა. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით.

ცხირეთის ციხე

წინარეხი - ბოტისის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია ძუძუხატი

ელიას ეკლესია

თავკავთის კომპლექსი (წმინდა გიორგის ეკლესია)

მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი

საკურთხისის მაცხოვრის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის სამხრეთით 7-8 კილომეტრზე, ნასოფლარ საკურთხისის სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება IX-X საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (8,5 X 4,7 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. შესასვლელი ორია – სამხრეთ კედლის დასავლეთით და ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში. სამხრეთის კარი შიგნიდან თაღოვანია, გარედან – სწორკუთხა, ჩრდილოეთსა – შიგნიდან და გარედან სწორკუთხა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია. თითო სარკმელია სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიც. სამხრეთ ფასადზე შემორჩენილია თაროსებრი ლავგარდნის მხოლოდ ერთი ქვა. ეკლესიას სამხრეთით მთელ სიგრძეზე ჰქონია გვიანდელი მინაშენი (დანგრეულია).

თ. დვალი

 წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, . 5, გვ. 218, თბ., 1990 .

საკურთხისის წმინდა გიორგის ეკლესია

უმზეურა — არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლიდან 10 კმ-ზე, ნასოფლარ საკურთხისის სამხრეთით 300-400 მეტრზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია, კედლები მცირე სიმაღლეზეა შემორჩენილი. ეკლესია დარბაზულია (5,3 X 3,8 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის და ფორმის ქვიშაქვით. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია (შემორჩენილია წირთხლების ნაწილი). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო სწორკუთხა სარკმელი ყოფილა.

თ. დვალი

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, . 5, გვ. 218, თბ., 1990 .

ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი

ჩადრისთავის საყდარი

არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (7,5 X 5,35 მ), ნაგებია ქვიშაქვით, გამოყენებულია რიყის ქვაც. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელზე მიდგმულია მწვანე ტუფის კარგად გათლილი ქვებით ნაწყობი სატრაპეზო.

 კ. გიორგობიანი, თ. დვალი. 

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, . 5, გვ. 219, თბ., 1990 .

წმინდა თევდორეს ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის ჩრდილოეთით, ბორცვზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (6,75 X 4,3 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია ქვიშაქვის ლოდები, ფიქალი და აგურიც. არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. მის ქვემოთ კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა. საკურთხევლის კედელში დატანებულია ორი ნიში, რომელთაგან სამხრეთისა ორი ბრტყელი ქვით პირამიდულადაა გადახურული, ჩრდილოეთისა კი სწორკუთხაა. კედელში ერთი ვიწრო სწორკუთხა სარკმელია. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომლის საბჯენი თაღი მარტივ კონსოლებს ეყრდნობა. თაღი კონქს ერწყმის.

მ. მგალობლიშვილი.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, . 5, გვ. 219, თბ., 1990 .

წყრუთის საყდარი

არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის სამხრეთით 3-4 კილომეტრზე, ნასოფლარ წყრუთის მიდამოებში. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით (7,5 X 4,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან მხრებითაა გამოყოფილი. მის კედლებში ორი მოზრდილი ნიშია. საკურთხევლის სარკმლის კვალი არა ჩანს. ნიშებია ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებშიც. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით.

ნ. მარჯანიძე

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, . 5, გვ. 219, თბ., 1990 .

ჯვარპატიოსნის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის ჩრდილოეთით 3 კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (11,7 X 6,4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. კონსტრუქციული ნაწილები (პილასტრები, იმპოსტები და ლავგარდანი) შირიმის ქვისაა. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის გვერდებზე – თითო სწორკუთხა ნიში. სამხრეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია, დასავლეთისაში – ერთი. ყველა სარკმელი გარეთკენ ვიწროვდება. დარბაზის განივი კედლები კაპიტელებით დასრულებული წყვილი პილასტრით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. პილასტრებზე საბჯენი თაღი გადადის. აღმოსავლეთ სარკმელში შემორჩენილია შელესილობისა და მოხატულობის კვალი.

ეკლესიაზე სამხრეთიდან მთელ სიგრძეზე მიშენებულ ეგვტერს (11,7 X 5 მ), რომლისგანაც მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი, სამხრეთით შესასვლელი ჰქონია, ხოლო აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი.

ა. ნუცუბიძე

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, . 5, გვ. 219, თბ., 1990 .

წიფორი - ნასოფლარზე დგას წმ. გიორგის ეკლესია

ჭყოპიანი - დრისის ჯავახაანთ ციხის კომპლექსი

ხვითი - წმინდა გიორგის ეკლესია

ხოვლე - ისიდორიანთ საყდარი

 

კვართის წმ. გიორგის ეკლესია

კოშკი

კოშკი-სამრეკლო

წითელი საყდარი

წმინდა გიორგის საყდარი

წმინდა კვირიკეს ეკლესია