აქ წარმოდგენილი გახლავთ კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრები, ტაძრები. მათ შესახებ ინფორმაცია მოცემულია „ძეგლთა დაცვისა და აღწერილობის“ მეხუთე ტომში, რომელიც გამოიცა 1990 წელს. 

კასპის წმინდა თევდორეს ეკლესიის კომპლექსი – ეკლესია მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქ. კასპში. კომპლექსი შემავალი ნაგებობებია: ეკლესია, მინაშენი, გალავანი და ცილინდრული კოშკი. თრიღდება ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია

ეკლესია დარბაზულია (13,4 X 6,3 მ), ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით, ფასადებზე გამოყენებულია სხვადასხვა ზომის ყვითელი და მოყავისფრო თლილი ქვა. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს – დასავლეთიდან და სამხრეთიდან. დასავლეთის კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან – არქიტრავული. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ერთი თაღოვანი სარკმელია. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით. ორსაფეხურიან პილასტრებზე გადადის თაღი, რომელიც დასავლეთ კედელთან ვიწროვდება და ეყრდნობა კრონშტეინებს. დასავლეთით და სამხრეთით თითო დიდი სარკმელია. სამხრეთის სარკმელი თაღოვანია, დასავლეთისა სწორკუთხა. ინტერიერი შელესილია. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელი აგურითაა ამოყვანილი. აგურისაა ეკლესიის გვიანდელი ლავგარდანიც. სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ კუთხესთან, ქვაზე ამოკვეთილია მცირე ჯვარი. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით. ეკლესია მოქმედია, ტაძარი მოიხატა გია მაისაშვილის მიერ, დამშვენდა მისი კედლები მრგლოვანი დამწერლობით.

მინაშენი

ეკლესიას ორი მინაშენი აქვს: ჩრდილოეთისა და სამხრეთისა, რომელიც ზედ ეკლესიის კედელზეა მიშენებული. სამხრეთ მინაშენში შესასვლელი დასავლეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია. მინაშენი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც ჩრდილოეთ კედლის ორ თაღს ეყრდნობა.

გალავანი

ეკლესიას ჩრდილოეთიდან გალავანი აქვს მიშენებული. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით (შემორჩენილია კედლის სიგრძის 17,55 მ, სიმაღლის დაახლოებით 5,3 მ). გალავანი დაზიანებულია: შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ კედლის ნაწილი და ჩრდილოეთ კედლის ქვედა ნაწილი, მონგრეულია ქონგურები. მოგვიანებით ჩრდილოეთ კედლის გადარჩენილ ქვედა ნაწილზე სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები დაუშენებით, გალავნის კედელში გაუჭრიათ კარი (ამჟამად ამოქოლილია) და ფართო სარკმლები. გალავანში ორრიგად დატანებულია რვა წყვილი სათოფური. ქვედა რიგის სათოფურები დიდი ზომისაა.

კოშკი

გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ცილინდრული კოშკი დგას (დიამეტრი 3,8 მ, კედლის სისქე 1 მ), ნაგებია რიყის ქვით. კოშკი დაზიანებულია: შეიმჩნევა სამი სართულის ნაშთი. ქვედა სართულები მიწითაა ამოვსებული. სამი სათოფურიდან ერთი ჩამოშლილია. კოშკში შესასვლელი არ ჩანს. კედელში დატანებულია სართულების დამაკავშირებელი კიბის საფეხურები. ფასადებზე ჩანს სართულშუა გადახურვის ხის ძელის ფრაგმენტები.

წყარო: 

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. 

კასპის მაცხოვრის ეკლესია – ეკლესია მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქ. კასპის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (7,93 X 5 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის მოყვითალო ფერის ნატეხი ქვით, გამოყენებულია რიყის ქვა და აგურიც. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. კარი შიგნიდან და გარედან სწორკუთხაა. ნახევარწრიულ აფსიდს წინ არდაბაგი აქვს. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ჩრდილოეთით თაღოვანი ნიშია, სამხრეთით – სწორკუთხა. საკურთხევლის კედელზე მოდგმულია სატრაპეზო ქვა. დარბაზის დასავლეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია. კამარა საბჯენ თაღს ეყრდნობა, თაღი – წყვილ პილასტრს. გრძივ კედლებს მთელ სიგრძეზე ერთსაფეხურიანი ჩამოსაჯდომი გასდევს.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ.

კასპის კვირაცხოვლის ეკლესია – ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, ქალაქ კასპში, ყაზბეგის ქუჩაზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (16,65 X 7,3 მ), ნაგებია სხვადასხვა ფორმისა და ზომის რუხი ფერის დამუშავებული ქვით, გამოყენებულია აგური, შირიმისა და რიყის ქვაც. შენობა ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია კამარა და საბჯენი თაღები, კედლების ზედა ნაწილი, სამხრეთ პილასტრების ქვედა ნაწილი, სამხრეთ კარის ხვრელი, სამხრეთ კედლის დასავლეთ სარკმლიდან გადარჩენილია მხოლოდ მარჯვენა წირთხლის ნაშთი. დასავლეთ შესასვლელი ამოშენებულია; ლავგარდანი აღარა აქვს. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევრად ოვალური ღრმა აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის სამხრეთით – ერთი პატარა ოთხკუთხა ნიში. კამარის საბჯენი თაღები უჩვეულო ფორმის (ზემოთ ოდნავ გამოწეულია კედლიდან, ქვემოთ მეტად) ორი წყვილ პილასტრს ეყრდნობა. სატრიუმფო თაღის იმპოსტების დონე დარბაზის ქუსლის დონეზე დაბალია. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში გაჭრილი ყოფილა თითო თაღოვანი სარკმელი.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. 

კასპის ღვთისმშობლის ეკლესია – ეკლესია მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქ. კასპში, ყაზბეგის ქუჩაზე, კვირაცხოვლის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით 150 მეტრზე. თარიღდება ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (7,85 X 4,97 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. თაღები ამოყვანილია აგურით. შენობა დაზიანებულია. შიგნიდან და გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი დასავლეთითაა. ნალისებრი აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, მის გვერდებზე — ნახევარწრიული ნიშები. დარბაზის კამარა ეყრდნობა საბჯენ თაღს. დარბაზის დასავლეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ.

ეკლესია შუბნიშანი – ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქალაქ კასპში, ყაზბეგის ქუჩაზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (6,5 X 5 მ), ნაგებია მოყვითალო ფერის უხეშად დამუშავებული ქვის დიდი კვადრებით, გამოყენებულია ნატეხი ქვა და აგურიც. ეკლესია დაზიანებულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. საკურთხევლის ქვედა ნაწილი სარკმლის ძირამდე სწორკუთხაა, შემდეგ – ნალისებრი. აფსიდი კონქითაა გადახურული, საკურთხეველში დგას სატრაპეზო ქვა, ჩრდილოეთით ორი ნიშია, სამხრეთით – ერთი. სატრიუმფო თაღი იმპოსტებს ეყრდნობა. დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში ერთი სარკმელია. დასავლეთ ფასადზე, კარის თავზე აგურის წყობით გამოყვანილია ჯვარი.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ.

თეთრახევის მამების მონასტრის ეკლესია – ეკლესია მდებარეობს საქართველოში,შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მთის ფერდობზე, კოწახურასა და საყდრიანის ხევის თავში. უწინ ამ ტერიტორიაზე მამათა მონასტრის მთელი კომპლექსი მდებარეობდა.

აღწერილობა

  ეკლესია დარბაზულია (11,2X6,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, კამარა და აფსიდის კონქი – აგურით. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. არ ჩანს ლავგარდნის კვალი, კამარა ჩაქცეულია, ფასადების ქვები ამოცვენილია. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია (შემორჩენილია აღმოსავლეთი წირთხლი, რომელი პილასტრის ფართო სიბრტყის გაგრძელებას წარმოადგენდა). ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო სარკმელია, რომელიც შიგნიდან სწორკუთხაა (ქვის ფილითაა გადახურული) და გარეთკენ ძლიერ ვიწროვდება. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა, ასევე ქვის ფილებით გადახურული ნიშია. უფრო მაღლა, აღმოსავლეთით, კედელში წაგრძელებული სამალავებია მოწყობილი. აფსიდის მხრების წინ ბემაა, ჩრდილოეთ მხარის ბემას შემორჩენილი აქვს მარტივი თაროსებრი კაპიტელი, რომელსაც გრძივი კედლების მიმდებარე თაღის ქუსლი ეყრდნობა. გრძივი კედლების შუა ნაწილში თითო ერთსაფეხურიანი პილასტრია, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღისა და კედლის მიმდებარე თაღების ქუსლები ეყრდნობოდა. დასავლეთი კედელი, რომელიც მთელ სიმაღლეზეა შემორჩნილი, სრულიად გლუვია. სამხრეთ კედელში სარკმლის კვალი ჩანს. დარბაზი გადახურული იყო ცილინდრული კამარით. ინტერიერი შელესილი ყოფილა (კვალი შემორჩენილია აფსიდის კონქში). უკეთაა შემორჩენილი დასავლეთი ფასადი. ფასადის შუა ადგილზე შეიმჩნევა კარის კვალი (ამოშენებულია). ამავე ფასადზე შემორჩენილი ფრონტონის ნაწილი შეკეთების დროს აგურით ამოუშენებიათ. ეკლესია გადახურული ყოფილა ბრტყელი და ღარიანი კრამიტით.

   ეკლესიას სამხრეთიდან მთელ სიგრძეზე ეკვრის მინაშენი. ეკლესიის დასავლეთ ნაწილში ორსართულიანი სამრეკლოა, რომლის პირველი სართული ეკლესიის კამაროვან კარიბჭე-გასასვლელს წარმოადგენს და სამხრეთით თაღითაა გახსნილი. იგი ეკლესიისგან განსხვავებული წყობითაა ნაგები (გამოყენებულია მცირე ზომის ქვები). კარიბჭე ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარით უკავშირდება ეკლესიას, ხოლო აღმოსავლეთი კარით – სწორკუთხა მინაშენს, რომლისგანაც კედლის წყობის რამდენიმე რიგიღაა შემორჩენილი. მეორე სართული, სამრეკლო, მთლიანად აგურისაა. შემორჩენილია სამი ბურჯის ფრაგმენტი. მათი განლაგების მიხედვით ჩანს, რომ სამრეკლოს ფანჩატური ოთხივე მხრიდან ღიობებით იყო გახსნილი.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. 

კასპის მთავარანგელოზის ეკლესია – ეკლესია მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქ. კასპის სამხრეთ-დასავლეთით სამ კილომეტრზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (10,7 X 5 მ), დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე, ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის რუხი ფერის ნატეხი ქვით, გამოყენებულია შირიმის ქვაც. სარკმლის საპირები მოცისფრო ქვისაა. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი შიგნიდან არქიტრავულია, გარედან – თაღოვანი. ნალისებრი აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ჩრდილოეთით ორი ნიშია, სამხრეთით – ერთი. კამარა ეყრდნობა ორსაფეხურიან პილასტრებზე დადგმულ საბჯენ თაღს. პილასტრები დასრულებულია სადა იმპოსტებით. პილასტრების პირველ საფეხურებს კედლის მიმდებარე დეკორატიული თაღები ეყრდნობა. სამხრეთ კედელში გაჭრილია ორი ფართო თაღოვანი სარკმელი. ეკლესია შიგნიდან მთლიანად შელესილია. შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის საპირე მორთულია წრეში ჩაწერილი ჯვრებით. სათაურის ჩუქურთმა დაზიანებულია. სარკმლის თავზე იყო რელიეფი, რომელიც ბათქაშითაა დაფარული. ეკლესიას თაროსებრი ლავგარდანი ჰქონია.

ეკლესიაზე სამხრეთიდან მიშენებულია ოთხსართულიანი კოშკი (9,9 X 3,35 მ), რომელიც უფრო მცირე ზომის ქვებითაა ნაგები, ვიდრე ეკლესია. კოშკის პირველი სართული ეკლესიის სამლოცველოს წარმოადგენს. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მეორე სართულის დონეზე. ნახევარწრიულ აფსიდში ორი თაღოვანი სარკმელია, აღმოსავლეთის სარკმელი ვიწროა, დასავლეთისა – უფრო ფართო. სართული გადახურულია საბჯენ თაღებზე დაყრდნობილი კამარით. კოშკის ზედა სართულები საცხოვრებელი და სათავდაცვო დანიშნულებისაა. მეორე და მესამე სართულის კედლებში სათოფურები, ფართო ოთხკუთხა სარკმლები და ორ-ორი ბუხარია. მეოთხე სართული, რომელიც გაერთიანებული იყო ეკლესიაზე დაშენებულ სათავსთან, წარმოადგენდა გახსნილ საბრძოლო ბანს.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. 

კლდემაღალას ციხე, არსენას ციხე — ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქ. კასპის ჩრდილოეთით 5 კილომეტრზე, მდინარე ლეხურის მარჯვენა მხარეს, მაღალ მთაზე. თარიღდება V-VI საუკუნეებით, გვიანდელი ფეოდალური ხანით.

კლდემაღალას ციხე მთელ ლეხურის ხეობას გადაჰყურებდა, კეტავდა ლეხურის ხეობით მომავალ ვიწრო გზას ჩრდილოეთით და სამხრეთით და იცავდა ციხე-ქალაქ კასპს მტრის შემოსევებისაგან. ციხის ძველი სახელწოდება დავიწყებულია. ახლა ხალხი მას არსენას ციხეს უწოდებს. „კლდემაღალას“ სახელით იგი აღარ იხსენიება ვახუშტისთანაც. „მას ზეით (იგულისხმება თეთრახევის მამების მონასტერი) არს ციხე, სათიდგან გამოიყვანეს ოვსთა გორგასლის დაი“. V ს. კასპის სპასპეტისათვის აღსაზრდელად მიუბარებიათ ვახტანგ გორგასალის და – მირანდუხტი, ოს ბაყათარს მირანდუხტი ამ ციხიდან გამოუყვანია. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ V ს. ეს ციხე უკვე არსებობდა.

კლდემაღალას ციხე ძლიერ დაზიანებულია. დანგრეულია ერთადერთი შემორჩენილი ნაგებობის ოთხსართულიანი კოშკის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლები, დასავლეთ კედლის დიდი ნაწილი და ნაწილობრივ სამხრეთ კედელიც. ჩანგრეულია ხის სართულშუა გადახურვა. პირველი სართულის ქვედა ნაწილი ამოვსებულია მიწით. კოშკი (კედლების სიგრ. – 7,6 მ, სიმ. – 11 მ, სისქე 2 მ) ნაგებია რუხი და მოყვითალო ნატეხი ქვით. გარე კუთხეები ოდნავ მომრგვალებულია. სართულშუა 2 ხის გადახურვების საყრდენად კედლის სისქის შემცირებით მიღებული საფეხური იყო გამოყენებული. შერჩენილია სქელი მორების ბუდეები. პირველი სართულის სამხრეთ კედელში ერთი მაღალი და ვიწრო სარკმელია. ამავე სართულზე სამკუთხედად გადახურული ნიშები ყოფილა (ერთი კარგადაა დაცული). სათოფურების კვალი მხოლოდ მეოთხე სართულზე შეიმჩნევა ეს სართული წყობით და მასალით განსხვავდება კოშკის ქვედა ნაწილისაგან. იგი მოგვიანებით უნდა იყოს დაშენებული.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. 

აღაიანის კოშკი – კოშკი მდებარეოს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის ცენტრში, თარიღდება XVIII საუკუნით. კოშკი ხუთსართულიანია, ცილინდრული (დიამეტრი 9,7 მ), ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდება.

აღწერილობა

   კოშკი ნაგებია რიყის ქვით. კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია აგური. შენობა დაზიანებულია – ზემოთა ნაწილები ჩამონგრეულია. სწორკუთხა შესასვლელი პირველი სართულის სამხრეთ ნაწილშია. სართულშუა გადახურვა ხის ძელებზე ყოფილა გამართული. აღმოსავლეთ ნაწილში სარკმელია, რომლის ძირი შიგნიდან გარეთ მაღლდება. ამ სართულზე დასავლეთ და ჩრდილოეთ მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია თითო შეწყვილებული სათოფურით. მეორე სართული გადახურულია გუმბათოვანი კამარით, რომელიც ძირითადად აგურითაა ნაწყობი. კამარის აღმოსავლეთ ნაწილში მესამე სართულიდან დამაკავშირებელი მრგვალი ხვრელია (დიამეტრი 0,7 მ-მდე). სართულის ქვედა ნაწილში, ოთხ ფართო თაღოვან ნიშში თითო შეწყვილებული სათოფურია. სართულის აღმოსავლეთ ნაწილშიც ასეთივე ნიშია, რომელიც მოგვიანებით ამოუქოლიათ. კარი ჩრდილოეთ ნაწილშია. იგი შიგნიდან სწორკუთხაა, გარედან თაღოვანი და სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. კარის პირდაპირ ნახევარწრიული ბუხარია. გუმბათის ნახევარსფეროში საფეხუროვანი გადახურვით დასრულებული ორი სარკმელია. ორივე სარკმლის ძირი შიგნიდან გარეთ მაღლდება. მეორედან მესამე სართულზე ასასვლელი კიბე კედელშია დატანებული, შესასვლელთან ახლოს. კიბის უჯრედში ორი სათოფურია და ერთი სწორკუთხა სარკმელია. მესამე სართულის კედლებში ოთხი ფართო თაღოვანი ნიშია, რომელთა თაღები, კოშკის სხვა ნიშების თაღებისაგან განსხვავებით, რიყის ქვითაა ნაწყობი. ისინი შესაბამის წირთხლებს უშუალოდ კი არ ერწყმიან, არამედ რამდენადმე შეწეულია და თაღების ქუსლებთან ქმნიან პატარა საფეხურებს, რომლებსაც, როგორც ჩანს, ქარგილის გასამართად იყენებდნენ. ყოველ ნიშში თითო შეწყვილებული სათოფურია. კოშკის მესამე სართულის აღმოსავლეთ ნაწილში, სწორკუთხა შეღრმავებაში, ნახევარწრიული ბუხარია. ბუხრის პირდაპირ, ერთმანეთთან ახლოს, კიბის უჯრედებში გაჭრილია შესასვლელები, ხოლო მათ შორის, კედლის სისქეში, მოწყობილია საპირფარეშო (დანგრეულია). მეოთხე სართული ოდნავ შეისრული ღრმა თაღოვანი ნიშების სიმრავლით გამოირჩევა. სართულის ჩრდილოეთ ნაწილში პატარა ბუხარია, რომლის პირდაპირ ბაქანზე ასასვლელი კიბე იწყება. ბუხრის მომიჯნავე ნიშებში თითო ფართო სარკმელია, დანარჩენ ნიშებში – თითო სათოფური. სართულზე კიდევ ერთი სწორკუთხა სარკმელია, რომლის ძირი შიგნიდან გარეთ მაღლდება. კოშკის მეხუთე, ბანის სართული მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 0,4-0,5 მეტრს არ აღემატება. კოშკის ფასადზე მეორე სართულის შესასვლელის თავზე აგურის წყობით გამოსახულია შეღრმავებული ჯვარი.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. 

აღაიანის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელს აღაიანის ცენტრში.თარიღდება XIX საუკუნეებით.

აღწერილობა

   ეკლესია დარბაზულია (11,8 X 7,6 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებსა და კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია კვადრატული აგური. შიგნიდან და გარედან სწორკუთხა შეღრმავებაში ჩასმული თაღოვანი შესასვლელები დასავლეთით (ამოქოლილია) და სამხრეთითაა. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკიდან ორი საფეხურითაა ამაღლებული და დარბაზისაგან გამოყოფილია ხის კანკელით. დარბაზის თითქმის შუა ნაწილში ნახევარწრიული კამარის შეკიდული საბჯენი თაღია, რომლის მიმართ სიმეტრიულად, ქვემოთ, საფეხურით შეღრმავებული ორი თაღოვანი სათავსია. აღმოსავლეთ სათავსში შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკუთხა სარკმელია. ეკლესიის დასავლეთ კედელში, იატაკიდან სამი მეტრის სიმაღლეზე, ერთმანეთთან ახლოს სამი თაღოვანი ნიშია. შუა ნიშში, რომელიც დანარჩენებზე ფართოა, გაჭრილია კონქის ზედა სამალავში შესაძრომი ვიწრო ღიობი. ეკლესიის ფასადები შელესილია. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, აგურის წყობით გამოყვანილია შეღრმავებული ჯვარი. მის გვერდებზე თითო შეღრმავებული რომბია. კედლები დასრულებულია აგურის საფეხურიანი ლავგარდანით. მოგვიანებით ეკლესიისათვის დასავლეთ მხრიდან მიუშენებიათ აგურის კარიბჭე (3,8 X 2,8 მ), რომლის კუთხეებში მდგომ სწორკუთხა ბოძებს საბჯენი თაღები ეყრდნობოდა. კარიბჭეს კრამიტის ორფერდა სახურავი აქვს. კარიბჭეზე დაშენებულია პატარა სამრეკლო, რომლის ექვს ბოძზე დაყრდნობილი, თაღებით გახსნილი ფანჩატური გადახურულია აგურის ექვსწახნაგა პირამიდული სახურავით.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. 

თხოთის წმინდა ნინოს ეკლესია – ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლი მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის სამხრეთ-აღმოსავლეთით ორ კილომეტრზე, თხოთის მთაზე. თარიღდება VII-VIII საუკუნეებით.

      აღწერილობა

   ჯვარგუმბათოვანი ეკლესია IX-X სს. მიჯნაზე გადაუკეთებიათ დარბაზულად. პირვანდელი ეკლესიის შემორჩენილი კედლები (2-2,5 მ) ნაგებია კარგად გათლილი მოყვითალო-ოქროსფერი კვადრებით, წყობაში ნახმარია მომწვანო ტუფი, გვხვდება აგურიც. გადაკეთებისას ეკლესიისთვის გარედან ჯვრული გეგმა შეუნარჩუნებიათ, მხოლოდ გუმბათის ნაცვლად გადაუხურავთ ცილინდრული კამარით, რომელიც ხუთ საბჯენ თაღს ეყრდნობა. გეგმაში თითქმის უცვლელადაა დატოვებული აფსიდი და დასავლეთ მკლავი. თავდაპირველი ჯვრის ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავები შიგნიდან ამოშენებულია. გარედან აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებული ცენტრალური ნაწილი გადახურულია ორფერდა, ხოლო ჩრდილო და სამხრეთ შვერილები – ცალფერდა სახურავით. ეკლესიაში შესასვლელი (არქიტრავული გადახურვით) ჩრდილოეთ მკლავიდანაა, სამხრეთ მკლავში შესასვლელი გაუქმებულია. ამავე მკლავის დასავლეთ მხარეს მდებარე შესასვლელი გვიანდელია. ერთი სარკმელი ნახევარწრიულ აფსიდშია, მეორე – სამხრეთ კედელში. ჩრდილოეთ მკლავში ვიწრო და თაღოვანი დერეფანია. სამხრეთისაში კი ნიშია ჩამოსაჯდომი შვერილით.

   საკურთხეველში შემორჩენილია მოხატულობისა და წარწერის ფრაგმენტები. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე. მოხატულობის ნაშთი შემორჩენილია საკურთხევლის სარკმლის წირთხლებშიც და სატრიუმფო თაღის სამხრეთ კაპიტელთან. სტილისტური ნიშნებით მხატვრობა თარიღდება X საუკუნის დასასრულითა და XI საუკუნის პირველი მეოთხედით.

   გარედან ეკლესიის მასები მკაფიოდ გამოხატავენ ჯვარს. აღმოსავლეთ მკლავის ფასადზე სარკმელი თაღოვანი სათაურითაა შემკული, მის ზემოთ თავდაპირველი ეკლესიის ქვებიდან შედგენილია ჯვარი. სამხრეთის ფასადის სარკმელი მორთულია თაღოვანი რელიეფური სათაურით, ხოლო შესასვლელი რელიეფური კომპოზიციის ტიმპანით. ამ შესასვლელს XVI საუკუნეში აგურით ნაგები თაღოვანი მინაშენი – კონტრფორსი მიადგეს. სამხრეთ ფასადზე X-XI საუკუნეების სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა. დასავლეთ ფასადზეც მოგვიანებით მძლავრი კონტრფორსი მიუშენებიათ. აგურ]ს კბილანა ლავგარდანი გვიანდელია.

   წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. 

ახალქალაქის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი – კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. კომპლექსში შედის: ეკლესია, სამრეკლო და ციხე-გალავანი.

აღწერილობა

ეკლესია

    ეკლესია დარბაზულია (17,3 X 6,55 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია აგურიც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით, დარბაზის იატაკიდან 0,7 მ-ით ამაღლებული ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ოთხკუთხა სარკმელია. სარკმლის გვერდებზე თითო სწორკუთხა და თითო თაღოვანი ნიშია. აფსიდის ორივე მხარეს ვიწრო და ბნელი სათავსებია, რომლებსაც აღმოსავლეთით პატარა მრგვალი სარკმლები აქვს. სათავსები თაღოვანი გადასასვლელებით უკავშირდება საკურთხეველს. ჩრდილოეთ კედელში სანათლავი ნიშია. დარბაზის გრძივი კედლების ორ წყვილ მასიურ პილასტრს ეყრდნობა კამარის საბჯენი თაღები. აღმოსავლეთ ფასადის მხედრული წარწერის თანახმად ეკლესია თავდაპირველად ქართველთა სალოცავი ყოფილა. XIX საუკუნეში მისთვის დასავლეთიდან მიუშენებიათ სათავსი (8,7 X 8,8 X 6,15 მ) და სომხურ ეკლესიად გადაუკეთებიათ. ეკლესიას მიშენებულ სათავსთან აერთიანებს ძველი ეკლესიის დასავლეთ კედელში გაჭრილი დიდი თაღი. სათავსის მთელი დასავლეთ ნაწილი ეკავა ხის პატრონიკეს, რომლისგანაც მხოლოდ თაღოვანი კარია შემორჩენილი დასავლეთ კედელში. ფასადებზე კარ-სარკმელს თლილი ქვის საპირეები აქვს. მინაშენის სამხრეთ ფასადზე აგურის წყობით გამოყვანილია ორი დეკორატიული ჯვარი. ფასადები შელესილი ყოფილა (უკეთესად შემორჩენილია აღმოსავლეთ ფასადზე). ნაგებობას აგურის სამი რიგისაგან შედგენილი ლავგარდანი აქვს.

სამრეკლო

    სამრეკლო (5,9 X 4,9 მ) ეკლესიაზე მიშენებულია ჩრდილო-დასავლეთიდან. იგი ორსართულიანია, ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. პირველ სართულზე მხოლოდ ეკლესიიდან შეიძლება მოხვედრა. ეს სართული გადაკეთებულია სამლოცველოდ (ამაღლებულ საკურთხევლის ცენტრში დგას მასიური სატრაპეზო ქვა). მას თავდაპირველად ორი კარი ჰქონია – დასავლეთით და ჩრდილოეთით. ორივე სარკმლებად არის გადაკეთებული. აღმოსავლეთით ერთი ვიწრო სარკმელია. ოთხივე კედელზე თითო დეკორატიული თაღია. ჩრდილოეთ კედელში მოზრდილი ნიშია. ორი ნიში სამხრეთ კედელშიც არის. სამრეკლო გადახურულია აფრებზე ოსტატურად ამოყვანილი აგურის გუმბათით. მეორე სართული რვამალიანი, თაღებით გახსნილი აგურის ფანჩატურია. ფასადის მხრიდან თაღებს ლილვი აქვს შემოვლებული. სამრეკლოს პირამიდული სახურავი აქვს. დასავლეთ ფასადზე შესასვლელის თლილი ქვის საპირეები მორთულია ფოთლოვანი ორნამენტით. ამავე ფასადზე, სარკმლის თავზე, ქართული მხედრული წარწერაა (არ იკითხება).

გალავანი

ეკლესიის დასავლეთით, ათიოდე მეტრზე, შემორჩენილია ნატეხი ქვითა და რიყის ქვით ნაგები, გეგმით უსწორო ოთხკუთხედის ფორმის ციხე-გალავანი, რომლის ყველა კუთხეში თითო ცილინდრული კოშკია. კოშკები ერთმანეთისაგან მხოლოდ ზომებით განსხვავდებიან. ყველაზე უკეთესად შემონახულია ჩრდილო-აღმოსავლეთის ოთხსართულიანი კოშკი (შიდა დიამეტრი 2,85 მეტრი, კედლის სისქე – 0,8 მეტრი). პირველი სართული სამეურნეო დანიშნულების სათავსია. შესასვლელი ეზოს მხრიდანაა. ამ შესასვლელით საბრძოლო ბილიკებზე შეიძლებოდა გასვლა. სართულებზე, კედლებში დატანებულია დიდ და მცირე ზომის სათოფურები. შესასვლელის პირდაპირ ბუხრებია. მეოთხე სართული საბრძოლო ბანია. შემორჩენილია ქონგურების ფრაგმენტები და ხის კოჭების ბუდეები.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. 

ახალქალაქის წმინდა თევდორეს ეკლესია (კასპი) – ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის დასავლეთ ნაწილში. თარიღდება XIX საუკუნით.

აღწერილობა

   ეკლესია დარბაზულია (15,2 X 7,7 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, კონსტრუქციული ნაწილები ამოყვანილია თლილი კვადრებით. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს – დასავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო სარკმელია, რომლის ორივე მხარეს ნიშებია. დარბაზი გადახურულია ნახევაწრიული კამარით, რომელიც ერთსაფეხურიან პილასტრებზე ამოყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. ნაგებობის დასავლეთ ნაწილში ყოფილა ხის პატრონიკე (არ შემორჩენილა). გრძივ კედლებში გაჭრილია ორ-ორი ფართო თაღოვანი სარკმელი. ფასადებზე კარ-სარკმლების საპირეები და ნახევარწრიული თაღები თლილი ქვისაა და ამოწეულია კედლის საერთო სიბრტყიდან. მორთულობაში შეიმჩნევა კლასიცისტური ელემენტები. თლილი ქვით არის ამოყვანილი ეკლესიის კუთხეებიც, რაც ქმნის რუსტიკის იმიტაციას. ეკლესიის დასავლეთ კარს მიშენებული აქვს სამ მხარეს ნახევარწრიული თაღებით გახსნილი სვეტებიანი პორტიკი, რომლის რვაწახნაგა ქვის სვეტებს მარტივი პროფილის ბაზისები და კაპიტელები აქვს. პორტიკი გადახურულია პირამიდული კამარით. პორტიკის ზევით, ეკლესიის ფასადზე საგანგებოდ მორთული პორტალია, რომელიც პატრონიკეში გადის (აქ ალბათ ხის კიბით ადიოდნენ). ნაგებობის განივი ფასადების ფრონტონები ძლიერ მახვილკუთხოვანია. ფრონტონების ძირში, მათი ქვედა დონის გასწვრივ, გრძივ ფასადებს გასდევს თლილი ქვის სარტყლები. მის ზევით დაშენებულია კიდევ ერთი საფეხური, რომელიც ბრტყელი პილასტრებითაა დანაწევრებული. ეკლესიას შემოვლებული აქვს თლილი ქვის, თაროსა და წრეთა რიგისაგან შემდგარი, ვიწრო ლავგარდანი. ორფერდა სახურავი გადახურულია კრამიტით.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. 

აქ ჩაჯდება ეკლესიის შესაბამისი ტექსტი ან ფოტო

ახალშენის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის აღმოსავლეთით, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

   ეკლესია დარბაზულია (7,8 X 4,3 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარის დასავლეთ მონაკვეთი, კედლების ზედა ნაწილები; ეკლესია ერთი მეტრის სიმაღლეზე ნანგრევებითა და მიწითაა ამოვსებული. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, რომლის ორივე გვერდებზე თითო ოთხკუთხა ნიშია. სარკმლის ქვემოთ კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა. საკურთხევლის კონქი და თაღი პროფილირებულ კაპიტელებს ეყრდნობა, ხოლო დარბაზის შეისრული კამარა – საბჯენ თაღს. სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია. დარბაზი შელესილი და მოხატული ყოფილა.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. 

ახალციხის ეკლესია (კასპი) – ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხეში, ახალქალაქიდან მისასვლელი გზის პირას, მარცხენა მხარეს. ეკლესიის შესასვლელის მარცხენა წირთხლზე ამოკვეთილი მხედრული წარწერის თანახმად აგებულია 1886 წელს ახალციხელების მიერ.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (15,2 X 8,7 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის არასწორად გათლილი ქვიშაქვის ქვებით, გამოყენებულია აგურიც (პილასტრების კაპიტელები, მათი დამაკავშირებელი ზოლი და ოთხი ნიში). შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის ცენტრშია. ნახევარწრიულ (გარედან ხუთწახნაგა) საკმაოდ ღრმა აფსიდში სამი თაღოვანი სარკმელი და ორი ნიშია. დარბაზის გრძივი კედლები და ნალისებრი კამარა დანაწევრებულია ორი წყვილი პილასტრით და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღებით. კამარა ეყრდნობა აგრეთვე სატრიუმფო თაღის და დასავლეთ კედლის კუთხის პილასტრებსაც. პილასტრებს მრავალპროფილიანი კაპიტელები აქვს. გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში თითო თაღოვანი სარკმელია, ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშია. ამავე კედლის სამხრეთ ნაწილში სწორკუთხა ნიშია. ეკლესიის დასავლეთ ნაწილში მოწყობილია ხის პატრონიკე, რომელსაც ხის ვიწრო კიბე აქვს. ინტერიერი მთლიანად შელესილია. ფასადების ქვედა ნაწილში ორ და სამრიგად ნაწყობი აგურის სარტყლებია. ზედა, ორრიგიანი სარტყელი შენობას ირგვლივ შემოუყვება, ხოლო ქვედა, სამრიგიანი მხოლოდ დარბაზის კორპუსს. აგური გამოყენებულია ორსაფეხურიანი ლავგარდნის, შესასვლელისა და სარკმლის თაღების წყობაში, აგრეთვე შესასვლელის პორტალის დეკორატიულ სისტემაში; აგურის წყობითაა გამოყვანილი შეღრმავებული ჯვარი დასავლეთ ფასადის სარკმლის თავზეც. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. 

ახალციხის ზედაჯვრის ეკლესია – ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის დასავლეთით 1,5 კილომეტრზე, პატარა ბორცვზე თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (19,5 X 5 მ), ნაგებია ქვიშაქვით, გამოყენებულია ტუფიც. გარედან და შიგნიდან ტიმპანიანი არქიტრავული შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ორი საფეხურით შემაღლებული ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის გვერდებზე – სწორკუთხა ნიშები. საკურთხევლის წინ იდგა წითელი ტუფით ნაწყობი ორნამენტიანი კანკელი. აფსიდში დგას ქვიშაქვის სატრაპეზო ქვა, რომელზეც ჯვარია ამოკვეთილი. სატრიუმფო თაღი სწორკუთხა ქვის კაპიტელებს ეყრდნობა. გრძივი კედლები დანაწევრებულია პილასტრებით. დარბაზი გადახურულია ნატეხი ქვის ცილინდრული კამარით. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე სარკმლებს ტუფის ქვის საპირეები აქვს. დასავლეთ ფასადზე, ოთხი მეტრის სიმაღლეზე ჩასმულია წარწერიანი ქვა. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის თაღი ერთ დიდ მწვანე ტუფის ქვაშია გამოკვეთილი და ზედ ჯვრის რელიეფია გამოსახული. ეკლესიას სამხრეთით მინაშენიც ჰქონია.

აფსიდში შემორჩენილია ეკლესიის თანადროული მოხატულობის დაზიანებული ფრაგმენტები. მოხატულობა მოწითალო-მოყავისფრო ხაზით ორ რეგისტრადაა დაყოფილი. კონქში გაირჩევა ტახტზე მჯდომარე მაცხოვრის ფეხები, ორი ექვსფრდედი და მარგალიტებით შემკული, ორი ერთმანეთზე შედგმული, დიდი ზომის ფეხსადგომი. ქვედა რეგისტრში, მედალიონებში წარმოდგენილია ოთხი მოციქულის წელზედა გამოსახულება. სარკმლის ჩრდილოეთ მხარეს გამოსახულ წმინდანს ხელში წიგნი უჭირავს. წმინდანთა ფიგურებს შორის დატოვებული თავისუფალი მონაკვეთები შევსებულია მცენარეული ორნამენტით. ქვემოთ გეომეტრიული ორნამენტის ზოლი გასდევს. მხატვრობის კოლორიტს ქმნის მოწითალო-ყავისფერი, ნაცრისფერი, მწვანე და ყვითელი ფერები.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. 

ბარნაბიანთკარის მთავარანგელოზის ეკლესია – ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარში სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, შემაღლებულ ადგილზე. თარიღდება XVII-XIX საუკუნეებით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (11,2 X 7 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. თითქმის მთლიანად დანგრეულია: შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთ კედელი, სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი, ჩრდილოეთ კედლები 0,8 მეტრის სიმაღლეზე და აგურის კამაროვანი გადახურვის მცირე ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა, კარი დაზიანებულია, გადახურვის ფორმა გაურკვეველია. დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი განიერი პილასტრია, რომელთა შორის აღმოსავლეთ წყვილი საკურთხეველს გამოჰყოფს. სამხრეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთში ერთი სარკმელია. მისი თაღი ნაწყობია აგურით. მეორე სარკმელი დასავლეთ კედლის ცენტრშია. მას შირიმის თლილი ქვის თაღი აქვს. ეკლესიის სამხრეთ და დასავლეთ კედლებზე შემორჩენილია ორსაფეხურიანი თაროსებრი ლავგარდნის ფრაგმენტები.

ეკლესიაზე დასავლეთიდან მიშენებულია სამსართულიანი სამრეკლო (1,7 X 1,7 მ), რომელიც ნაგებია კარგად გათლილი ღვინისფერი ქვით. სამივე სართული ყველა მხარეს გახსნილია დაბალი თაღებით. პირველი და მეორე სართულის თაღები შენობის კუთხეებში მდგომ კვადრატულ ბოძებს ეყრდნობა, ხოლო მესამე სართულის თაღები მრგვალ სვეტებზეა გადაყვანილი. ყოველი ზედა სართული ქვედაზე ვიწროა და გადახურულია აგურით ნაწყობი ჯვრული კამარით. სამრეკლოს ქვის პირამიდული სახურავი აქვს. პირველი სართულის დასავლეთ ფასადზე, თაღის ზემოთ ამოკვეთილია პატარა ჯვარი.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. 

ბარნაბიანთკარის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარში, სოფლის ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. თარიღდება XVII-XIX საუკუნეებით. ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია შეუკეთებია, რის გამოც იგი ძალზე სახეშეცვლილია. ეკლესიას აქვს კამარა და ფანერის ბრტყელი ჭერი.

ეკლესია დარბაზულია (6,5 X 4,9 მ), შესასვლელი დასავლეთ კედელშია. სწორკუთხოვან საკურთხეველში ერთი სწორკუთხა სარკმელია. დარბაზის კედლები შელესილი და შეთეთრებულია. იატაკი კვადრატული აგურისაა. ფასადები შელესილია ცემენტის ხსნარით. ღარიანი კრამიტის ორფერდა სახურავი გამართულია ხის ნივნივებზე. ეკლესიის დასავლეთ ფერდობზე დაშენებული ყოფილა აგურის სამრეკლო, რომლის მხოლოდ ძირია შემორჩენილი.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. 

გარიყულას კოშკი – კოშკი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულას დასავლეთით სამ კილომეტრზე, მდინარე თეძმის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება XVIII საუკუნის შუა ხანებით.

აღწერილობა

კოშკი ნაგებია ნატეხი ქვით, ცილინდრულია (დიამეტრი 8 მეტრამდე), ოთხსართულიანი. დაზიანებულია. შესასვლელი მეორე სართულზეა, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. პირველ სართულს ხის გადახურვა ჰქონია. კედლებში დატანებულია ნიშები და სათოფურები. მეორე სართული, დანარჩენებისაგან განსხვავებით, გადახურულია სფერული კამარით, რომლის ძირას ორი სარკმელია. ბუხარი სამხრეთითაა. მესამე სართულსაც ხის კოჭოვანი გადახურვა ჰქონია (ამჟამად ჩამონგრეულია). კედლებში ღრმა ნიშებია ორ-ორი სათოფურით. სათოფურებია ნიშების გარეთაც. სართულები ერთმანეთს კედელში დატანებული კიბით უკავშირდებოდა. მეოთხე სართული მაღალკედლებიანი საბრძოლო ბანი ყოფილა. იქვე ახლოს მდგარა მეორე ანალოგიური კოშკი. შემორჩენილია მხოლოდ ნანგრევები.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. 

ფავნისის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია მდებარეობს საქართველოში,შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ გარიყულას მაღალ ბორცვზე, გარეუბნის ძველ სასაფლაოზე. თარიღდება IX-X საუკუნეებით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (12,4 x 10,8 მ), ნაგებია ქვიშაქვითა და ნატეხი ქვით, გამოყენებულია ტუფიც. შესასვლელი სამხრეთ კედელშია. აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, გვერდებზე ორი სწორკუთხა ნიში. საკურთხეველში შემორჩენილია კანკელის ფრაგმენტი. სამხრეთ კედელში ორი სარკმელია. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია პილასტრებით, რომლებზეც ეყრდნობა საბჯენი თაღები. პილასტრებს მარტივი პროფილის თაროსებრი კაპიტელები აქვთ.

ტაძარში კედლები შელესილია, გამოირჩევა მოხატულობის ორი ფენა. ქვედა ფენა ეკლესიის თანადროულია, ამ ფენიდან შემორჩენილია ფერადი ლაქები ჩრდილოეთი კედლის პირველ რეგისტრში და შარავანდედიანი ხელგაშლილი მამაკაცის ფიგურა სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე. მოხატულობის მეორე ფენა XII საუკუნის II ნახევარს მიეკუთვნება. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრება. შუა რეგისტრში თორმეტი მოციქულის წელზედა გამოსახულებაა. ქვემოთ – ათი ეკლესიის მამისა და ორი დიაკვნის ფიგურა, საკურთხევლის სარკმლის თავზე მედალიონში ჩასმული ჯვარია გამოსახული, ქვემოთ – ხატი მანდილისაი, დარბაზის მოხატულობაც სამ რეგისტრად არის დაყოფილი: ერთი კამარაშია, ორი – კედლებზე. სახარების ციკლიდან, ძირითადად ზედა ორ რეგისტრში, შემორჩენილია: ჩრდილოეთ კედელზე – ხარება, ესაია, იერუსალიმს შესვლა, დასავლეთ კედელზე – მირქმა, დედანი მაცხოვრის საფლავთან, ჯოჯოხეთის წარტყვევნა. ამ ციკლის უკანასკნელი სცენა – ღვთისმშობლის მიძინება წარმოდგენილია ქვედა რეგისტრში, სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე. ეკლესიის მფარველის, წმინდა გიორგის ცხოვრების ამსახველი ხუთივე სცენა მოხატულობის ქვედა რეგისტრშია: სამხრეთ კედლის დასავლეთ მხარეს – წმინდისა გიორგის ურმის თვალს შესვლა და წმინდისა გიორგისი ფოცხით ხვეტა, აქვეა სარკინოზის სასწაული, დასავლეთ კედელზე – ყრმის ტყვეობიდან დახსნის სასწაული. ამ კედლის ჩრდილოეთით დარჩენილ ვიწრო მონაკვეთზე გამოსახულია მეომრები წმინდა დემეტრე და წმინდა თევდორე. შემდეგი სცენა ლასია ქალაქის მოქცევა. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში – საკურთხეველთან; ამავე კედლის დასავლეთ მონაკვეთზე, შესასვლელი კარის პირდაპირ, საერო პირთა პორტრეტებია, კარის ლუნეტში წმინდა ივლიტას და წმინდა კვირიკეს წელზედა გამოსახულებებია. აფსიდისა და ეკლესიის კედლების მოხატულობის ქვემოთ, იატაკიდან 1,5 მ სიმაღლეზე, ფართო ორნამენტული ზოლია.

ფავნისის ეკლესიის მოხატულობას არ ახასიათებს მკაცრი არქიტექტონიკური აგება: რამდენადმე შესუსტებულია რეგისტრის ხაზის მაორგანიზებელი მნიშვნელობა, მას ჰკვეთენ ფიგურები, იგრძნობა სცენათა შერწყმის ტენდენცია, მხატვრობისათვის დამახასიათებელია ფორმათა მოქნილი ნახატი და დახვეწილი ფერადოვანი გამა (ოქროსფერი ოქრა, ვარდისფერი, მკვეთრი ცისფერი, იისფერი, წითელი, მოწითალო-ყავისფერი).

აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ორივე მხარეს, წრეში ჩასმულია ორნამენტიანი ჯვრები. სარკმლის ზემოთ, ფრონტონის სიბრტყეში მოთავსებულ დიდი ზომის ქვიშაქვის სწორკუთხა ფილაზე გამოსახულია წრე და გველი. ფასადებზე კარ-სარკმლის საპირედ ქვიშაქვის გათლილი ქვებია გამოყენებული. ფასადების ლავგარდანი შედგენილია თაროსა და ლილვისაგან. ეკლესია გადახურულია კრამიტის ორფერდა სახურავით. ჩრდილოეთ კედელზე გასამაგრებლად ქვის საკმაოდ განიერი კედელია მიშენებული. სამხრეთ ფასადზე, მთელ სიგრძეზე მიშენებულია დაბალი, ცილინდრული კამარით გადახურული ეგვტერი (ძლიერ დაზიანებულია), რომელსაც ერთი სარკმელი ჰქონდა. აქ შემორჩენილი მოხატულობის ნაშთები მიეკუთვნება XIII ს-ის II ნახევარს.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. 

გომისჯვრის იოანე მახარებლის ეკლესია, იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია, წითელი ეკლესია – ეკლესია მდებარეობს შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გომისჯვარში, სოფლის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით. ლევან ბატონიშვილის თარიღიანი წარწერის (დაცულია კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში) თანახმად, თარიღდება XVII საუკუნის ბოლო ათეული წლებით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (9,1 X 5,7 მ). ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში და ფასადებზე, დეკორატიული ელემენტების წყობაში, გამოყენებულია აგური.

ეკლესიის შიდა სივრცე თავისებურადაა გადაწყვეტილი: სწორკუთხოვან საკურთხეველში სხვადასხვა ზომის შეისრულთაღოვანი ნიშებია. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია ფართო მხრებით, რომლებსაც ეყრდნობა შეისრული ფორმის სატრიუმფო თაღი. შეისრული ფორმისაა კამარაც. საკურთხევლის სარკმელი ჩასმულია მაღალი შეისრულ შეღრმავებაში. დარბაზის გრძივ კედლებში თითო ფართო შეისრული შეღრმავებაა, რომლებშიც თითო სარკმელია გაჭრილი. ფასადების შემორჩენილი ნაწილების ქვის წყობა ირეგულარულია. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ აგურის წყობით გამოყვანილია მაღალი შეღრმავებული ჯვარი, რომლის გვერდებზე თითო შეისრული ნიშია. ორივე ნიშს შემოვლებული აქვს კედლებზე ნალესობით გამოყვანილი სადა მოჩარჩოება. ნიშები, ისე როგორც ჯვრის შეღრმავებული ნაწილი, მოწითალო ფერის საღებავითაა შეფერილი.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. 

გომისჯვრის კოშკი – კოშკი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გომისჯვარში, სოფლის განაპირას, სამხრეთ დასავლეთით, ნასოფლარის სასაფლაოზე. ადგილი მოსახლეობის გადმოცემით, თარხნიშვილებს ეკუთვნოდათ. სტილისტური ნიშნებით განეკუთვნება XVII საუკუნეს.

აღწერილობა

კოშკი დაზიანებულია: პირველი სართული სანახევროდ მიწითაა ამოვსებული, სართულშუა გადახურვა და სახურავი ჩანგრეულია, აივნები აღარ აქვს (დარჩენილია აივნების კოჭების ბუდეები), მეოთხე სართულის აივანზე გასასვლელი კარი ამოშენებულია. შვიდსართულიანი კვადრატული კოშკი (7,15 X 7,15 მ; სიმაღლე 16,6 მ, კედლის სისქე 1,5 მ) ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია ნატეხი ქვაც. კოშკი ზემოთ თვალსაჩინოდ ვიწროვდება. შესასვლელი დასავლეთითაა, 3,5 მეტრის სიმაღლეზე, მეორე სართულის დონეზე. ამ სართულის ოთხივე კედელში ორ-ორი სათოფურია, ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ დასავლეთ კედლებში ნიშებიცაა, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთისაში – ბუხარი. სულ ზემოთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს თითო ნისკარტისებრი სალოდეა. სართულები ერთმანეთს ხვრელობებით და მისადგმელი კიბეებით უკავშირდებოდა.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. 

გომისჯვრის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გომისჯვარში, სოფლის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით, სასაფლაოზე. თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით.

აღწერილობა

ეკლესია დაზიანებულია: დაბზარულია შენობის გვერდის კედლები და კონქი, ჩანგრეულია შეკიდული საბჯენი თაღები, ფასადებზე ბევრგან ჩამოცვენილია საპირე ქვები, მონგრეულია ლავგარდანი. ეკლესია დარბაზულია (8,7 X 5,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია კარგად გათლილი შირიმის ქვები, ხოლო ფასადების მოსართავად და შესასვლელის წირთხლებისა და ნიშების თაღების წყობაში – კვადრატული აგური. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. შემორჩენილი ნაწილების მიხედვით, მას თაღოვანი გადახურვა ჰქონია. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე შეისრულთაღიანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო შეისრული ნიშია. თითო სარკმელია სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. ნახევარწრიული კამარის შუა მონაკვეთში და დასავლეთ კედელთან შეკიდული საბჯენი თაღებია, რომლებიც შირიმის მთლიანი ქვის იმპოსტებს ეყრდნობა. ფასადებს გასდევს ოთხი რიგი აგურისაგან შემდგარი ორი ფართო ჰორიზონტალური ზოლი. ჩრდილოეთ ფასადზე შემორჩენილია ქვიშაქვის ლავგარდნის ორი ქვა, რომლის პროფილს თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე შეადგენს.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. 

კაბერის მცირე ეკლესია – ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბესაკენ მიმავალ გზასა და მდინარე გოსტიბესწყალს შორის, ფერდობზე, გზიდან 100 მეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

შენობა ძალიან დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა და კონქის ნაწილი, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლის ზედა ნაწილები, დარბაზი ამოვსებულია ნანგრევებით. ეკლესია დარბაზულია (5,3 X 3,1 მ), ნაგებია დიდი თლილი ქვებით. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. გადახურვა სატრიუმფო თაღს და კედლებს ეყრდნობა.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. 

კაბერის წმინდა გიორგის ეკლესია – მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ–დასავლეთით დაახლოებით 30 კმ–ში მდებარე სოფელ გოსტიბედან 1 კმ-ში, გზიდან 20-30 მეტრში, ძველ სასაფლაოზე. ასომთავრეული სამშენებლო წარწერის თანახმად ეკლესია აგებულია 1014-27 წლებში ასად სანივაჯის ძის მიერ. 2013 წელს ძეგლს ჩაუტარდა რესტავრაცია.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (12,7X 11,9 მ), ნაგებია არათანაბარი ზომის უხეში რუხი ფერის ქვით; ინტერიერის კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია კარგად დამუშავებული კვადრები, ხოლო კედლები ამოყვანილია წვრილი ქვით და შელესილია. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ოდნავ შემაღლებული ნალისებრი აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, გვერდებზე – სწორკუთხა ნიშები. კამარა ეყრდნობოდა ქვემოთკენ მომრგვალებულ კონსოლებზე შეკიდულ საბჯენ თაღებს. სატრიუმფო და დასავლეთ კედლის თაღები ოდნავ შეისრული ფორმისაა. სამხრეთ კედელში გაჭრილია ორი სარკმელი. დარბაზის ჩრდილოეთ კედლის ნაწილში სარკოფაგია. ეკლესიის კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.

აღმოსავლეთი ფასადის კედელს განსაკუთრებულ მხატვრულ ელფერს ანიჭებს მოსაპირკეთებელი ქვების წყობა. აქ სარკმლის სათაურზე გამოსახულია სამი რელიეფური ჯვარი. დასავლეთ ფასადის ცენტრში ჩადგმულია ღია ყვითელი ფერის ოთკუთხა ქვა, რომელსაც შემოვლებული აქვს ამობურცული განიერი ლილვი. ქვაზე შვიდსტრიქონიანი ასომთავრული სამშენებლო წარწერაა, რომელშიც გარდა ეკლესიის აშენების თარიღისა და აღმშენებლის ასად სანივაჯის ძისა ნახსენები არიან გიორგი მეფე და მელქისედეკ კათოლიკოსი, სოფრონ ბედიელი მთავარეპისკოპოსი. წარწერიანი ქვის გასწრივ, ვიწრო სწორკუთხა ყვითელ ქვაზე ამოკვეთილია შეღრმავებული ჯვარი. ასეთივე ჯვარია ფასადის ქვედა ნაწილის მარჯვენა კუთხეში, მოზრდილ ქვაზე. ლავგარდანი შედგენილი იყო ირიბად ჩაკვეთილი სიბრტყისა და ვიწრო თაროსგან.

ეკლესიას ორი მინაშენი აქვს: ჩრდილოეთით – სამკვეთლო, სამხრეთით – ეგვტერი.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. 

გოსტიბეს კოშკი – კოშკი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეს განაპირას, აღმოსავლეთით, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

კოშკი (8,3 X 9,1 მ) ოთხსართულიანია, კუთხეები მომრგვალებული აქვს. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შენობა დაზიანებულია: გადახურვა მთლიანად ჩანგრეულია, პირველი სართული მიწითაა ამოვსებული. შესასვლელი მეორე სართულზე, დასავლეთ კედელშია. პირველი სართული ყრუა. მესამე, საცხოვრებელი სართულის აღმოსავლეთ კედელში ბუხარია, ჩრდილოეთისაში – ორი სათოფური, ხოლო სამხრეთ და დასავლეთ კედლებში – პატარა სწორკუთხა სარკმლები. მეოთხე სართულზე, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში, ორ-ორი შეწყვილებული სარკმელია. სართულშუა გადახურვები ხის ყოფილა. სართულები ერთმანეთს ხვრელობებით უკავშირდებოდა.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. 

სალომიის ლომისის საყდარი – ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეს სამხრეთ-დასავლეთით, ნამოსახლარ გორაზე, სალომიასწყლის მარჯვენა მხარეს. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია ძლიერ დაზიანებულია, გადარჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადი საკურთხევლით. ეკლესიის მახლობლად არის ნასოფლარი, რომელზედაც შემორჩენილია ბაზალტის ზეთსახდელები – გელაზები. გადმოცემით აქ ლომისობა იმართებოდა.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. 

გოსტიბეს წმინდა სამების ეკლესია – ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეს სასაფლაოზე. სამშენებლო წარწერის მიხედვით თარიღდება X-XI საუკუნეებით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (11,5 X 5,9 მ), ნაგებია დიდი ზომის ტლანქად დამუშავებული მომწვანო-მოყვითალო ქვის კვადრებით. დაზიანებულია: ჩანგრეულია კამაროვანი გადახურვა, ფასადებზე მოსაპირკეთებელი ქვები ბევრ ადგილას ამოვარდნილია, ლავგარდნის მხოლოდ ფრაგმენტია შემორჩენილი, დარღვეულია იატაკის დონე, დარბაზი ერთი მეტრის სიმაღლეზე ამოვსებულია ნანგრევებით.

ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ჩრდილოეთ კედელში, საკურთხეველთან ახლოს გაჭრილი კარი ამოქოლილია. ნახევაწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე ორსაფეხურიანი პილასტრებია, რომლის პირველ საფეხურს კედლის დეკორატიული თაღები ეყრდნობა. მეორე საფეხურს ეყრდნობა კამარის საბჯენი თაღი. იმპოსტებს აქაც და სატრიუმფო თაღთანაც თაროს ფორმა აქვთ, წაკვეთილი ქვედა ნაწილით. კედლები შელესილი ყოფილა. შელესილობის ქვეშ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებზე, ქვაზე წითელი საღებავით დახატული ჯვრები ჩანს. პილასტრებზე ამოკვეთილია წრეში მოქცეული სწორმკლავა ჯვარი.

აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელს რელიეფური, ზემოთ გრეხილბოლოებიანი თავსართი აქვს. თავსართზე გამოსახულია პატარა ჯვარი. სარკმლის გარშემო კიდევ ოთხი ჯვარია, ხოლო მეხუთე მოთავსებულია მათგან მოშორებით, სარკმლის ზემოთ. ყველა ჯვარი, თაღის ჯვრისაგან განსხვავებით, ჩაღრმავებულ ფონზეა ამოკვეთილი. ზოგიერთი ჯვრის ბოლოები დამთავრებულია ღილაკებით, სამ ჯვარს შემოვლებული აქვს წრე. ფასადის შუა ნაწილში ერთრიგად ამოკვეთილია ექვსი ერთმანეთის მსგავსი ჯვარი. მეშვიდე ასეთივე ჯვარი მოთავსებულია ქვედა რიგში. ამ ფასადის ფრონტონში გამოსახულია წაგრძელებული ფორმის, მაღალი რელიეფით ამოკვეთილი კიდევ ერთი ჯვარი, რომელიც აღმოსავლეთ კედლის სარკმლის თავსართის ჯვართან ერთად თავდაპირველი მშენებლობის ხანას მიეკუთვნება, დანარჩენები კი გვიანდელია. დასავლეთ ფასადის ჩრდილოეთ კუთხეში ერთ-ერთ ჯვარზე ოთხსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა.

ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მიწაზე დევს მონოლითი (0,62 X 0,72 მ), რომელზეც გამოსახულია წრეში ჩასმული ჯვარი, ისეთივე, როგორიც აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზეა. მის ზედა არეზე შემორჩენილია ნაწილობრივ დაზიანებული ოთხსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია მშენებელი „დავით გალატოზი“.

მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთიდან მიუშენებიათ სწორკუთხა სათავსი, რომლისაგანაც მხოლოდ კონტურია შემორჩენილი.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. 

გრაკლის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკლის რკინიგზის სადგურთან, სასაფლაოზე, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (3,6X3 მეტრზე), ნაგებია რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია გადახურვა, კედლები შემორჩენილია 1,7 მეტრ სიმაღლეზე. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. დაზიანების გამო, გადახურვის ფორმა გაურკვეველია. აფსიდის ღერძზე ვიწრო სწორკუთხა სარკმელია, ხოლო სამხრეთ კედელში — პატარა სწორკუთხა ნიში.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 151-152.

გრაკლის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკლის რკინიგზის სადგურთან ახლოს, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (4,6X3,3 მეტრზე), ნაგებია დიიდ ზომის ნატეხი ქვებით. დაზიანებულია: დასავლეთ კედელი მთლიანად დანგრეულია. შესასვლელი კვალი არ ჩანს. კუთხეებში ოდნავ მომრგვალებული სწორკუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია ერთადერთი სარკმელი, მის გვერდის კედლებში სამი სწორკუთხა ნიშია. საკურთევლის კედლები უშუალოდ უერთდება დარბაზის გრძივ, სრულიად გლუვ, კედლებს. დარბაზი გადახურული ყოფილა ნახევარწრიული კამარით.

ეკლესიას ჩრდილოეთით აქვს მინაშენი. ამ პატარა სათავსოს დასავლეთ ნაწილი დანგრეულია, აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია ვიწრო სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის მარცხნივ, აფსიდის ჩრდილო კედლის ქვემო ნაწილში მოთავსებულია ქვიშაქვის ფილა, რომელზეც გამოსახულია ჩარჩოში ჩასმული რელიეფური ჯვარი. ჩარჩოზე შეიმჩნევა წარწერის კვალი. მინაშენი გადახურული ყოფილა დამრეცი კამარით, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამონგრეულია.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V. 1990 წ. გვ. 152.

გრაკლის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკალში. ეკლესია დარბაზულია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა შუაში საკმაოდ დიდი ზომის სარკმლით, აფსიდის სამხრეთით და ჩრდილოეთით თითო პატარა ნიშია, აფსიდის იატაკი დარბაზის იატაკზე ერთი მეტრით მაღალია, შემოსასვლელი კარები სამხრეთიდანაა. ამავე ფასადზე ერთი სარკმელია, დასავლეთი კედლის შუაში ერთი სარკმელია, ხოლო ჩრდილოეთით ორი. ეკლესიის კონქი და კამარა ჩამონგრეულია, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე შემორჩენილია თაღების ფრაგმენტები, ინტერიერი გაჯით არის გალესილი.

ტაძარი ნაგებია აგურით, რიყის და ნატეხი ქვით, რომლებიც ფასადზე გარკვეული შინაარსით, ჰორიზონტალურადაა განლაგებული; აღმოსავლეთი კედელი გვიან არის დაშენებული კონქის ქუსლიდან და ამოყვანილია რუსული აგურით. ქართული აგურითაა გამოყვანილი სარკმლები და სამსაფეხურა კარნიზი, ხოლო ნაგებობის კუთხეებში დიდი ზომის ქვებია გამოყენებული; თუმცა ფასადის მთავარ შემკულობას აღმოსავლეთ და დასავლეთ არქიტრავზე აგურით გამოყვანილი გოლგოთის ჯვრები წარმოადგენს. აღმოსავლეთ ფასადზე ორი მცირე ზომის თაღჩებია.

ტაძარზე არსებული ლაპიდარული წარწერის მიხედვით ეკლესია აგებულია 1858 წელს.

ეკლესია დიდი ზომისაა, გეგმით სწორკუთხა. ტაძარში შესასვლელი ოთხკუთხა კარი ჩრდილო-დასავლეთითაა გაჭრილი. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებზე თითო-თითო, ხოლო გრძივ კედლებზე ორ-ორი სარკმელია, მათგან ერთი — ჩრდილო-დასავლეთისა ამჟამად ამოშენებულია. ინტერიერი გაჯით არის შელესილი, თუმცა ადგილ-ადგილ ჩამოშლილი ბათქაშის ქვეშ იკითხება იგივე ხასიათის კედლის წყობა, როგორიც გვხვდება ფასადზე. კამარა ებჯინებოდა ორ წყვილ შეკიდულ თაღს. დარბაზი, ასევე, გრძივ კედლებზე არსებული სადაზედაპირიანი ნახევარპილასტრებითაა გაყოფილი. ინტერიერის კელდებში სხვადასხვა ზომის თაღჩებია შეჭრილი.

ჩრდილო-აღმოსავლეთით, სარკმლის ქვეშ, ამბიონთან, საგანგებოდ გაჭრილი დიდი ნალისებური თაღჩაა — ბათქაშით დაფარული კედლის გამო ამჟამად გაურკვეველია, ეს თაღჩა თავდაპირველია თუ გვიანდელი. თუმცა ნათლად იკითხება, რომ მოგვიანოდაა ამაღლებული კანკელი და კიბეები ამბიონის ორივე მხარეს, ნატეხი ქვით ამოყვანილი. თავის მხრივ, ამბიონზეც ბეტონის დაბალი ზღუდეა ამოშენებული _ როგორც ჩანს, საკურთხეველს გვიან პერიოდში რეზერვუარად, სამეურნეო დანიშნულებით იყენებდნენ. ამაღლებულ საკურთხეველში ბეტონის იატაკის კვალი შეინიშნება. საკურთხევლის კონქი დარბაზისგან საფეხურითაა გამოყოფილი. კონქში, სარკმლის ორივე მხარეს მცირე ზომის სამკუთხა ნიშებია. საკურთხეველში წითელი საღებავის კვალი აღინიშნება. დასავლეთ ნაწილში პატრონიკე იყო მოწყობილი — დასავლეთი კედლის ბათქაშზე მეორე სართულის იატაკის კვალია; ღარებია კედლის ორივე მხარეს იატაკის საბჯენი ძელებისთვის. 1990 წელს პატრონიკე შედარებით უკეთ იყო შემორჩენილი, იატაკი, გადახურვა და კიბეები ხით იყო გაკეთებული.

გრაკლის წმინდა თევდორეს ეკლესია – მე-16-18 სს.-ის ეკლესია მდებარეობს გრაკლის რკინიგზის სადგურის ჩრდილოეთით 700 მ, სასაფლაოზე.
რიყის ქვით ნაგები ეკლესია დარბაზულია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა შუაში სარკმლით, აფსიდის ჩრდილოეთით ორი პატარა ნიშია, სამრეთით პატარა სარკმელია, სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლები ყრუა. დასავლეთიდან შესასვლელი ღიობია. გადახურვა კამაროვანია. ეკლესიას აქვს ჩრდილოეთით მინაშენი, რომელსაც გადახურვა აღარ აქვს.